რაში ხარჯავენ ციხეში მერაბიშვილი და უგულავა ნაცმოძრაობისგან გადარიცხულ ყოველთვიურ 3-3 ათასს

რაში ხარჯავენ ციხეში მერაბიშვილი და უგულავა ნაცმოძრაობისგან გადარიცხულ ყოველთვიურ 3-3 ათასს

რატომ არ უხდის პარტია ჯამაგირს ბაჩო ახალაიას და როგორ არეგულირებს კანონი პატიმრების ფულად გზავნილებს

პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა, პარტიისგან ყოველთვიურად 3-3 ათას ლარზე მეტ ანაზღაურებას იღებენ. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის ყოველთვიური ხელფასი - 3 875 ლარია, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავას ხელფასი კი - 3 750 ლარი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე პოლიტიკური პარტიების, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 2016 წლის იანვარ-მარტის დეკლარაციებია ატვირთული. როგორც წესი, პარტიები ამგვარ დეკლარაციებს აუდიტის სამსახურს სამ თვეში ერთხელ წარუდგენენ. შესაბამისად, აპრილი-მაისი-ივნისის დეკლარაცია ამ სამსახურის ვებ-გვერდზე ივლისის დასაწყისში აიტვირთება.
აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-მარტში, საარჩევნო კამპანიის ფონდის ჩათვლით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სახელმწიფოსგან 757 544 ლარის შემოსავალი მიიღო, რასაც 30 097 ლარის ფულადი შემოწირულობა და სხვა შემოსავალიც ემატება. შემომწირველები ძირითადად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და ლიდერები არიან. 
2016 წლის იანვარ-მარტის დეკლარაციით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ხელფასებზე 342 125 ლარი დახარჯა - პარტიაში ხელფასი სულ 322-მა ადამიანმა აიღო, მათ შორის, რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელმა კობა ხაბაზმა - 2 000 ლარი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა ირაკლი ქავთარაძემ - 7 000 ლარი, საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ - 3 750 ლარი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა - 3 750 ლარი, პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავამ - 3 750 ლარი, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა მელიამ - 2 500 ლარი, პარტიის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა - 3 875 ლარი. 
ამავე დეკლარაციით ირკვევა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონული სამსახურის კოორდინატორების ხელფასი 1 500-დან 2 000 ლარამდე მერყეობს; მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები თვეში 1 000, დამლაგებელი კი 825 ლარს იღებს. პარტიაში მოწვეულ სპეციალისტთა ყოველთვიური ანაზღაურება 500-დან 2 500 ლარამდეა; ორგანიზაცია ,,ქალთა ფრთის'' გენდეროფიცრის ხელფასი - 2 000 ლარია. ამავე პარტიის საარჩევნო ოლქში წარმომადგენლის ანაზღაურება - 200 ლარი, საარჩევნო უბანზე წარმომადგენლის კი - 150 ლარი. 
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ აუდიტის სახელმწიფო სამსახურში წარდგენილი დეკლარაციით ირკვევა, რომ ხელფასს ყოფილ გუბერნატორებსაც უხდიან, რომლებიც დღეს ამ პარტიაში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებენ. მაგალითად, გიორგი ბოტკოველი, ოთარ სირაძე, ბადრი ბასიშვილი და თენგიზ გუნავა, ხელფასის სახით, 2-2 ათას ლარს იღებენ. 
საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულები და მსჯავრდებულები ფულად გზავნილებს ,,ლიბერთი ბანკის'' სპეციალური, პლასტიკური ბარათების საშუალებით იღებენ. თავის დროზე ანუ ხელისუფლებაში ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის ყოფნისას ამგვარი გადაწყვეტილება ერთადერთი მიზნით მიიღეს - ,,ლიბერთი ბანკს'' ოფისები და სერვის-ცენტრები საქართველოს მასშტაბით აქვს, პენსიონერები პენსიას მხოლოდ ამ ბანკში იღებენ და ამა თუ იმ რეგიონიდან პატიმრისთვის თანხის გადარიცხვა ,,ლიბერთის'' საშუალებით, ცხადია, ყველაზე მოსახერხებელია. 
კანონით დადგენილია, რომ პატიმრებისთვის განკუთვნილი პლასტიკური ბარათები ბანკომატებში არ გამოიყენება და ამ ბარათებით მხოლოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირები სარგებლობენ, რათა კვების, ჰიგიენისა თუ სხვა საჭირო პირადი ნივთები, ასევე, მედიკამენტები საპატიმროებში მდებარე მაღაზიებსა და აფთიაქებში შეიძინონ. პატიმრების სატელეფონო საუბრები, მათთვის ამანათებისა და ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის წესი ,,პატიმრის კოდექსის შესახებ'' საქართველოს კანონით რეგულირდება, რომლის მე-19 მუხლის მესამე ნაწილში წერია: „ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ამანათი და ფულადი გზავნილი ახლო ნათესავებს, ხოლო ადმინისტრაციის ნებართვით – სხვა პირებს. მიღებული ფულადი გზავნილი ბრალდებულს/ მსჯავრდებულს ნაღდი ფულის სახით არ გადაეცემა და იგი ირიცხება მის ან, მისივე თანხმობით, ახლო ნათესავის პირად ანგარიშზე“. 
იქიდან გამომდინარე, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და ამ პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავა პატიმრობაში იმყოფებიან, სახელფასო ანაზღაურებას სწორედ იმ პლასტიკური ბარათების საშუალებით იღებენ, რომლებიც სხვა პატიმრების მსგავსად, ,,ლიბერთი ბანკმა'' სპეციალურად მათთვის დაამზადა. ,,პატიმრის კოდექსის შესახებ'' საქართველოს კანონის თანახმად, უშუალოდ ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას გადასაწყვეტია, ხელფასის სახით მიღებულ 3 000 ლარზე მეტს თვითონ გამოიყენებენ თუ, მათივე თანხმობით, ამ თანხის ნაწილი ახლო ნათესავების პირად ანგარიშებზე ჩაირიცხება. 
,,ვერსიამ'' ,,ლიბერთი ბანკის'' ოპერატორის საშუალებით გაარკვია, რომ პატიმრობაში მყოფი პირისთვის თანხის ჩარიცხვა ლიმიტირებულია და 2 000 ლარითაა განსაზღვრული. პატიმარს თვეში მხოლოდ 500 ლარის გამოყენების უფლება აქვს, რაც ნიშნავს, რომ მართალია, ერთჯერადად პატიმარს 2 000 ლარი ჩაერიცხება (ამაზე მეტის გადარიცხვა არ შეიძლება), მაგრამ ეს თანხა უშუალოდ ამ პატიმარს 4 თვეზე გადაუნაწილდება. უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, პატიმრისთვის განკუთვნილ პლასტიკურ ბარათზე 2 000 ლარი იქნება დარიცხული, მაგრამ თვეში 500 ლარზე მეტს ვერ დახარჯავს. 
საინტერესოა, ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას პარტია ხელფასს ყოველთვიურად როდიდან უხდის? ,,ვერსია'' ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადმინისტრაციულ მდივანსა და პოლიტსაბჭოს წევრ ხათუნა გოგორიშვილს დაუკავშირდა: 
- ქალბატონო ხათუნა, ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას პარტია ხელფასს მათი დაპატიმრების შემდეგ უხდის? 
- თავდაპირველად, განგიმარტავთ: ხელისუფლებას იმდენად არ მოეწონა და ისე ანერვიულდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომ ამგვარ ინფორმაციას სწორედ მასთან დაახლოებული და ასოცირებული სააგენტოები ავრცელებენ... ეს ინფორმაცია პირდაპირ უკავშირდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან ეს ყურადღების სხვა ფაქტზე გადატანაა. რეალობა კი ასეთია: ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა პოლიტპატიმრები არიან! 
რაც შეეხება კითხვას, ვანო მერაბიშვილი იყო და ახლაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანია, გიგი უგულავა კი - პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ხელისუფლებას ნამდვილად ვერ გავაბედნიერებდით და ამიტომ გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია - ეს ადამიანები დღესაც პარტიულ თანამდებობებზე არიან და ხელფასს ახლაც ისევე იღებენ, როგორც დაჭერამდე. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობაში იმყოფებიან, ისინი ნამდვილად აგრძელებენ პარტიულ აქტივობას. რაც მთავარია, არავის საქმე არაა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიულ სტრუქტურაში ვინ რა თანამდებობაზეა და ხელფასი ვის რამდენი აქვს. ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავასთვის ხელფასის გადარიცხვა ჩვეულებრივი, კანონით დაშვებული ქმედებაა. სხვათა შორის, თუ აუდიტის სახელმწიფო სამსახურში ჩვენს მიერ წარდგენილ წინა დეკლარაციებსაც გადახედავთ, ნახავთ, რომ იგივე თანამდებობის პირები იგივე ოდენობის ხელფასს იღებდნენ. უბრალოდ, ხელისუფლებას ესY თემა ახლა გაახსენდა, რადგან ყურადღების გადატანა სწორედ ახლა სჭირდება. 2016 წლის იანვრიდან 6 თვე გავიდა, მაგრამ ხელისუფლებას ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ გახსენებია, მერაბიშვილი ან უგულავა რა ოდენობის ხელფასს იღებდა. 
- მერაბიშვილი და უგულავა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან და ბუნებრივია, პლასტიკური ბარათებით სხვა პატიმრების მსგავსად სარგებლობენ. ხელფასს სწორედ ამ პლასტიკურ ბარათებზე ურიცხავთ? 
- რა თქმა უნდა - საქართველოს კანონმდებლობა ხელფასის გაცემას სხვაგვარად არ იცნობს. შესაბამისად, ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას ხელფასი სწორედ მათ სახელზე გაცემულ პლასტიკურ ბარათებზე ერიცხებათ. 
- კანონით, პატიმრებისთვის თანხის ჩარიცხვის ზედა ზღვარი 2 000 ლარია, ოღონდ პატიმარი თვეში 500 ლარზე მეტს ვერ გამოიყენებს. ხელფასის იმ ოდენობას, რაც დეკლარაციაშია მითითებული, ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას ერთჯერადად ურიცხავთ თუ ჯერ 2 000 ლარს, შემდეგ კი - დარჩენილ თანხას? 
- არა, ჩვენს პარტიაში ხელფასი თვეში ერთხელ ირიცხება და შესაბამისად, მათაც თვეში ერთხელ ვურიცხავთ. რაც შეეხება თანხის გამოყენების ლიმიტს, ეს ალბათ, სასჯელაღსრულების დაწესებულების შიდა რეჟიმით რეგულირდება. ვანო მერაბიშვილი სამი, გიგი უგულავა კი ორი წელია, პატიმრობაში იმყოფება და თუ მათი კუთვნილი ხელფასი კანონსაწინააღმდეგოდ ირიცხებოდა, შესაბამის სამსახურებს ყურადღების გამახვილება აქამდეც შეეძლოთ, მაგრამ ამ მხრივ შეტყობინება არ მიგვიღია, ამიტომ ჩემი ინფორმაციით, მერაბიშვილისა და უგულავას ხელფასების გადარიცხვა სრულიად კანონიერია. 
- თქვენს მიერ წარდგენილ დეკლარაციაში ბაჩო ახალაიას ხელფასი არ ფიქსირდება... 
- იმიტომ, რომ ბაჩო ახალაია პარტიის წევრი არასდროს ყოფილა. აქ საუბარი პარტიის თანამდებობის პირების ანაზღაურებაზეა. სხვათა შორის, მეც ამ პარტიის მდივანი ვარ, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობაში ასეთი პრინციპი გვაქვს - პარტიის ის მდივნები, რომლებიც ამავდროულად პარლამენტის წევრებიც ვართ, პარტიიდან ხელფასს არ ვიღებთ. ბაჩო ახალაიას კი, გიმეორებთ, პარტიული თანამდებობა არასდროს ჰქონია. 
კიდევ ერთ დეტალს დავაზუსტებ: ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას დაკავებამდეც იგივე ხელფასი ჰქონდათ, რაც ახლა ერიცხებათ და ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა. 
- მერაბიშვილსა და უგულავას ხელფასის სრულ ოდენობას ურიცხავთ თუ თანხის ნაწილს მათი ოჯახის წევრები იღებენ? 
- ვერ გეტყვით, რადგან ამგვარ გადაწყვეტილებას ვანოც და გიგიც თვითონ იღებენ. ვერც იმას გეტყვით, რომ ეს ინფორმაცია მათთან გადაამოწმოთ, რადგან თქვენ კი არა, მათთან დაკავშირება მეც მიჭირს - ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ მივიღე უფლება, მერაბიშვილი მენახა, სამწუხაროდ, გიგი უგულავას ნახვის უფლებას არ მაძლევენ. 
- დეკლარაციით, ყველაზე მაღალი ხელფასი - 7 000 ლარი ირაკლი ქავთარაძეს აქვს. რატომ? 
- ვერ გეტყვით, ხელფასი ვის რამდენი აქვს, რადგან ამ თემით არასოდეს დავინტერესებულვარ. რაც შეეხება ირაკლი ქავთარაძეს, ის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსია. ძალიან დიდი ხანია ამ თანამდებობაზე მუშაობს და მაღალი კომპეტენციის პროფესიონალია. 
- მერაბიშვილ-უგულავას გარდა, პატიმრობაში თქვენი პარტიის კიდევ რომელი წევრი იმყოფება და ხელფასს ისინიც იღებენ? 
- აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ვებ-გვერდზე პარტიის ხელფასების სრული ნუსხაა გამოქვეყნებული. შესაბამისად, პარტიიდან ხელფასი მხოლოდ იმ ადამიანებს ერიცხებათ, რომლებიც ამ ჩამონათვალში არიან მითითებულნი. მათგან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მხოლოდ ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავაა...