რეგიონებში

რეგიონებში "ოცნებას" მთლიანად ყოფილი "ნაციონალები" აკონტროლებენ

"ქართულ ოცნებას" ჯერ არცერთი მაჟორიტარი არ დაუსახელებია და, ამდენად, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, პროპორციულ თუ მაჟორიტარულ სიაში ე.წ. პორტირებული "ნაციონალები" აღმოჩნდებიან თუ არა, თუმცა გარკვეულია ის, რომ "ოცნების" სახელით წინასაარჩევნო აგიტაციას რეგიონებში უმეტესად ყოფილი "ნაციონალები" წარუძღვებიან. ამაზე საუბრობენ ოპოზიციაც და ამას "ოცნებაშიც" ადასტურებენ. საუბარია იმაზე, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნების" სიით ძალიან ბევრი "ნაციონალი" მოვიდა ხელისუფლებაში, მაჟორიტარული ოლქების მოგებაზე კი, როგორც წესი, სწორედ გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები არიან პასუხისმგებელი. ამიტომაც სწორედ "ოცნებაში" პორტირებულ მაღალჩინოსან "ნაციონალებს" მოუწევთ ყველაზე დიდი მონდომებით ჯაფა იმაზე, რომ ამომრჩევლები დაარწმუნონ "ქართული ოცნების" სიკარგეში და იქვე "ნაციონალებიც" და საკუთარი წარსულიც დაგმონ", - წერს გაზეთი "რეზონანსი"სტატიაში სათაურით რეგიონებში "ოცნებას" მთლიანად ყოფილი "ნაციონალები" აკონტროლებენ / "შესაძლოა ნახევარი მედროვე იყო ადრეც და ახლაც, მაგრამ მეორე ნახევარი ნამდვილად "ნაცმოძრაობის" ერთგული ადამიანია". 

"ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ამ პორტირებულმა "ნაციონალებმა" ძალიან ცუდი სამსახური გაუწიეს "ქართული ოცნების" რეიტინგს და წინასაარჩევნო აგიტაციაში მათი ისევ გააქტიურება მმართველ პარტიას კიდევ უფრო სავალალო შედეგს მოუტანს. 2012 წლის არჩევნებისას "ქართული ოცნების" გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ რეგიონებში "ნაციონალების" პორტირების უამრავი ფაქტი იყო, მაგრამ ის მხოლოდ გარდაბანზე ილაპარაკებს, რადგან ამ რაიონიდან უშუალო ინფორმაცია აქვს. მისი განცხადებით, პრობლემა ისაა, რომ "ქართულ ოცნებაში" ყურადღებას პორტირებულებს აქცევენ, იმათ კი, ვინც "ოცნებას" პირველივე დღიდანვე დაუდგა გვერდით და იბრძოდა, არჩევნების შემდეგ ყურადღება არავინ მიაქცია და აქტივისტების 50-60% ასეა იგნორირებული", - აღნიშნავს გამოცემა.

"თვითმმართველობის არჩევნების დროს ძირითადად პორტირებული ადამიანები მოხვდნენ ადგილობრივ საკანონმდებლო თუ ადმინისტრაციულ ორგანოებში. ამ პორტირებულებიდან შესაძლოა ნახევარი მედროვე იყო ადრეც და ახლაც, მაგრამ მეორე ნახევარი ნამდვილად "ნაციონალური მოძრაობის" ერთგული ადამიანია. ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ საბოტაჟის ფაქტორი სხვადასხვა სახელისუფლო თუ ადმინისტრაციულ რგოლებში ამ წლების განმავლობაში აშკარად იკვეთებოდა. მათ შორის გარდაბნის რაიონშიც. ამის გამო გარდაბანში დღემდე დაპირისპირებაა და დღემდე აქტუალურია კითხვა - შენ მაშინ სად იყავი? ამას იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ხმა მივაწვდინო იმ ადამიანებს, ვისაც სიტუაციის შეცვლა ხელეწიფებათ", - ამბობს არეშიძე. თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდის საკრებულოში "ქართული ოცნების" კვოტით გასული და შემდეგ "ოცნების" კრიტიკისთვის პარტიიდან გარიცხული კახა მიქაია აცხადებს, რომ სამეგრელოში და არა მარტო სამეგრელოში ადგილობრივი ხელისუფლება ყოფილი "ნაციონალებითაა" დაკომპლექტებული და ახლა საარჩევნო პროცესშიც სწორედ ეს ყოფილი "ნაციონალები" გამოდიან წინა პლანზე მოსახლეობასთან სააგიტაციოდ, რაც ამომრჩეველში დიდ უკმაყოფილებას და იმედგაცრუებას იწვევს" - განაგრძობს გამოცემა.

"მერიაში, საკრებულოში, ყველგან საკვანძო თანამდებობებზე, ასევე სოფლის გამგებლები, ყოფილი "ნაციონალები" არიან. ამ ყველაფრის გვირგვინი კი იყო ახლა, 22 მაისს შუალედურ არჩევნებში კორცხელში "ოცნების" მაჟორიტარად "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი წევრის, ამირან ლაგვილავას დასახელება. ამის შემდეგ შეიძლება კითხვა დაისვას, არჩევნებში ისევ წინა პლანზე იქნებიან თუ არა ეს პორტირებული "ნაციონალები"? სამეგრელოში "ქართულ ოცნებას" ამ პორტირებული ხალხით მთლიანად "ნაციონალური მოძრაობა" აკონტროლებს", - აცხადებს მიქაია. მისი თქმით, "ქართული ოცნების" ძველი წევრები ამ პროცესს ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა ყოფილმა "ნაციონალებმა" შეძლეს მათი ჩამოშორება, რის გამოც ზუგდიდში ძალიან დიდი უკმაყოფილებაა და კორცხელში ხელისუფლებამაც იმიტომ წააგო, რომ ""ნაციონალის" მაჟორიტარად დასახელების გამო შეურაცხყოფილმა ამომრჩეველმა პროტესტის ნიშნად ხმა ხელისუფლებას არ მისცა. ის მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ე.წ. კოაბიტაციამ და ამ პორტირებებმა "ქართული ოცნების" რეიტინგის კატასტროფული ვარდნა გამოიწვია, "ქართულ ოცნებას" კი სულ ტყუილად აქვს ამ პორტირებულების ერთგულების იმედი, რადგან ისინი ან მედროვეები არიან, ან ისევ "ნაციონალურ მოძრაობაზე" მუშაობენ და პირველივე შესაძლებლობისთანავე კვლავ "ნაციონალებს" დაუდგებიან ღიად გვერდით", - დასძენს გამოცემა.

"თავისუფალი დემოკრატებიდან" გორის საკრებულოს დეპუტატის თამარ თედლიაშვილის თქმით, პორტირებული "ნაციონალების" პრობლემა გორშიცაა და თვითმმარველობის არჩევნებზე, როდესაც თავადაც მმართველი კოალიციის წევრი იყო, ეს ამომრჩევლებში გარკვეულ დაბრკოლებებს უქმნიდათ. "გორის დღევანდელი მერი ზურაბ ჯირკველაშვილი ვანო მერაბიშვილის მიერ აშენებული გორის სასათბურე მეურნეობის დირექტორი იყო. რაიონის გამგებელი დავით ონიაშვილი კი წლების განმავლობაში, "ოცნების" გამარჯვებამდე საჯარო რეესტრის უფროსი იყო. ხალხში ისინი "ნაციონალებად" აღიქმებოდნენ. მაშინ კოალიციაში ერთად ვიყავით, შეხვედრებზე გასვლა ერთად გვიწევდა და ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო. მოსახლეობა თუ ოპონენტები შანსს არ უშვებდნენ ხელიდან, რომ მათთვის "ნაციონალობა" არ შეეხსენებინათ," - აღნიშნავს თედლიაშვილი. მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" გორში სწორედ იმის გამო, რომ მერისა და გამგებლის კანდიდატებად "ნაციონალებთან" ასოცირებული ადამიანები ჰყავდა წარდგენილი, გამარჯვება გაუჭირდა და ორივე შემთხვევაში მეორე ტური დასჭირდა", - წერს სტატიის ავტორი.

"გამარჯვების შემდეგ სოფლის გამგებლებშიც შეურიეს ყოფილი "ნაციონალები". ვინც 2012-ში გვებრძოდა, უბანს და საარჩევნო ბიულეტენებს რომ გვპარავდნენ და "ნაციონალების" საარჩევნო შტაბებში აქტიურობდნენ, ისინი 2014 წლამდე ნელ-ნელა შეფარულად გადმოცურდნენ აქეთ. ზოგს და ჰყავდა "ოცნებაში", ზოგს - სხვა ვინმე ოჯახის წევრი და შემოძვრნენ. ხალხმაც მიივიწყა ის დამოკიდებულება, რაც 2012 წელს იყო. სოფლის წარმომადგენლებში უფრო გვხვდებიან "ექსნაციონალები", ვიდრე ქალაქში. საარჩევნო მუშაობა არ დაწყებულა და ვის დანიშნავენ კოორდინატორებად, ჯერ თავად არ იციან. ძალიან არეულები არიან, ვერ მოაქუჩეს ხალხი", - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას თამარ თედლიაშვილი.

"ქართული ოცნების" წევრის კარლო კოპალიანის განცხადებით, ჯერ არც მაჟორიტარები არიან დასახელებულები და არც საარჩევნო შტაბებია ჩამოყალიბებული, მაგრამ თუ რომელიმე ყოფილ "ნაციონალს" დანაშაული არ ჩაუდენია, მათი აგიტატორებად გამოყენება მოხდება მიუხედავად იმისა, რომ თავად არც ერთ პორტირებულს გვერდით არ გაიკარებს. ამბობს, რომ მისთვის პრობლემა ის იქნება, თუ მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელებენ ყოფილ "ნაციონალს", ისე, როგორც ეს მოხდა თვითმმართველობის არჩევნებზე, როდესაც ბევრ რაიონში "ოცნების" სიით ყოფილი "ნაციონალები" მოვიდნენ კიდეც ადგილობრივ ხელისუფლებაში, რასაც დიდ შეცდომად და დანაშაულადაც კი მიიჩნევს - "ეს ჩვენი დანაშაული და ტრაგედიაა. მე ამის წინააღმდეგი ვიყავი და სულ წინააღმდეგი ვიქნები. სადაც მივწვდები და ანალოგიურ შემთხვევას გავიგებ, საქმის კურსში ჩავაყენებ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისს. თუკი მხედველობაში არ მიიღებენ, ყველას ვამხელ" - აცხადებს კოპალიანი. ის თვითმმართველობის არჩევნების პერიოდს იხსენებს. ამბობს, რომ მაშინ პარტიაში შემოტანილ სიაში 80% "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი იყო, ამის გამო მას ლამის ხელჩართული ომიც ჰქონდა, თუმცა, მაშინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას არ დაუჯერა და ამიტომაც მერებად და გამგებლებად ბევრგან "ნაციონალები" მოვიდნენ "ოცნების" სახელით", - დასძენს სტატიის ავტორი.

"ეს ადამიანები თავადაც ვერ მივლენ მოსახლეობასთან. ან როგორ უნდა მივიდნენ ხალხთან ყოფილი ხელისუფლების დროინდელი თანამდებობის პირები, ან რა უნდა უთხრან ამომრჩევლებს - წინა ხელისუფლების დროს მათ ვაქებდი და ახლა ამათ ვაქებო?! ასეთი ადამიანები ხალხთან ვერ მივლენ, იმიტომ, რომ შეიძლება "ქართული ოცნების" თავგადადებულმა მომხრეებმა მათ ცხვირი ამოუნაყონ. ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტია ასეთ ადამიანებს აგიტაციას არ გააკარებს. კორცხელის კანდიდატი პოსტ ფაქტუმ გავიგე და ეს ნონსენსი იყო", - ამბობს გამოცემასთან საუბრისას კარლო კოპალიანი.

interpressnews.ge