"როცა დღევანდელი ჩვენი იუსტიციის მინისტრი ჩემი სტუდენტი იყო, გაცილებით მეტი ლოგიკური დასაბუთების უნარი გააჩნდა. ძალიან კარგი სტუდენტი იყო. ახლა კი ეტყობა, სკამმა იმოქმედა. ჯერ ამბობს, არაფერი მოხდა, ჩვენ გავიმარჯვეთო, მერე იძახის - უნდა გავასაჩივროთო. მოგებულ პროცესს ვინ ასაჩივრებს?! ასეთი რამ მსოფლიო იურისპრუდენციაში არ არსებობს, რომ ადამიანი, რომელიც პროცესით კმაყოფილია, ასაჩივრებდეს. ეს ცოტა უხერხულ სიტუაციას ქმნის. აქამდე ყველა იძახდა - მერაბიშვილის სადღაც ღამით თავზე ჩამოცმული გაყვანა გამოსაძიებელი არააო, დღეს კი ყველა ამბობს, რომ ეს აუცილებელია და გააკეთებენ. ეს ყველაფერი, ცოტა არ იყოს, უკვე უხერხულია. ხელისუფლების წარმომადგენლების არგუმენტები ნაკლებად დამაჯერებელია. გაუთავებელი მინიშნებები იმაზე, რომ ადრე ყველაფერი უარესად იყო, დამღლელია. დღევანდელზე ვილაპარაკოთ. ასე რომ, სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საჩუქრად ნამდვილად არ აღიქმება, მით უმეტეს წინასაარჩევნოდ", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით, რატომ არ დადიან ქართველი პოლიტიკოსები კინოში, ქუჩაში, ბაზარში.../"თუ რამე სასწაული არ მოხდა, რაც ხალხს დარაზმავს, "ოცნებას" უმრავლესობა ისედაც გარანტირებული აქვს, რადგან ასეთი კანონმდებლობა გვაქვს"
"რაც შეეხება მერაბიშვილის საქმეს და მისი წინამორბედი მაღალჩინოსნების ინტერპოლის სიიდან ამოღებას, ეს შემთხვევა არც პირველი იყო და ალბათ არც უკანასკნელი იქნება. შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, საერთაშორისო არენაზე საქართველო თითქმის ყველა პროცესს აგებს. რითია ეს გამოწვეული? ჩვენი იურისტების არაკვალიფიციურობით, თუ საქმეების არასასურველი ხარისხით? სამწუხარო ისაა, რომ საერთაშორისო სასამართლოებში ყველაფერი ინახება და არასოდეს წაიშლება. ეს საქართველოსათვის ნამდვილად ცუდია. მით უმეტეს, ჩვენი ხელისუფლება გვარწმუნებს - ვიზალიბერალიზაციისათვისაც, ევროკავშირში გასაწევრიანებლად და ნატო-ში მისაღებადაც ყველა პირობა შევასრულეთო. თითქოს ყველაფრისთვის მზად ვართ და ამ დროს ასეთი "იაღლიშები" მოგვდის. რაც შეეხება კვირიკაშვილის ვიზიტს გერმანიაში, ესეც არაა ნორმალური, რომ ვიზიტები ასე უცებ და სპონტანურად გახშირდა. როცა წინასაარჩევნო კამპანიაა და ისეთი სიტუაცია ტრიალებს, რომ დედა შვილს არ აიყვანს ხელში, პრემიერი მოგზაურობს. თუ ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროში ფიქრობენ, რომ ევროპელებს თავიანთ გადაწყვეტილებას გადაათქმევინებენ და არჩევნებამდე ვიზალიბერალიზაციას გამოსტყუებენ, კარგად ყოფილა მათი საქმე", - აღნიშნავს რესპონდენტი.
"მოტივაციას ვერ ვხედავ. ევროპა დღეს თავის პრობლემებში თავად იხრჩობა. კი, ბატონო, მერკელმა მიიღო კვირიკაშვილი, ესაუბრა, მაგრამ ეფექტი რა იქნება? ზოგადი არ მაინტერესებს. პოლიტიკაში ყველაფერი კონკრეტული შედეგით განისაზღვრება. უნდა გვითხრან, თუ რა რეალობა იყო წასვლის წინ და რა ჩამოიტანა. ახლა კი ამას ვერ ვხედავ. თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლება მიხვდა, რომ ევროპაში მეტი მუშაობაა საჭირო. ამ დროს კი ჩვენი დიპლომატიური კორპუსი კატასტროფულ მდგომარეობაშია. ეს, პირველ რიგში, საკადრო პოლიტიკითა და არაშესატყვისი ინტელექტუალური დონითაა გამოწვეული. პრემიერს ახლა დიპლომატის ფუნქციის შეთავსება უხდება. რასაც კვირიკაშვილი აკეთებს, ელჩების საქმეა. პრემიერის ვიზიტი კი შედეგზე უნდა იყოს გათვლილი და არა - მხოლოდ საუბარზე. ასეთი საუბრებისთვის ელჩებს ვუხდით ხელფასს, თანაც - საკმაოდ დიდ ხელფასს. მის ვიზიტს არაფერი მოუტანია და ვერც მოიტანდა, რადგან ეს ვიზიტი სათანადოდ მომზადებული და გააზრებული არ იყო. პრემიერის ვიზიტს რამდენიმეთვიანი მოსამზადებელი სამუშაო სჭირდება. იქ რომ ჩადის, ხელშეკრულებებს უნდა დებდეს. თუნდაც მეორე და მესამეხარისხოვანს. რაღაცაზე ხელს უნდა აწერდნენ. უბრალოდ საუბრისათვის წასვლა ახლა, როცა ქვეყნის შიგნით ასეთი სიტუაციაა, უადგილოა. თუნდაც ის განვიხილოთ, როგორი მინისტრთა კაბინეტი აქვს აქ. დამოუკიდებელ მუშაობას არავინაა მიჩვეული. არც ერთი მინისტრი სურდოს მიქსტურას არ დალევს ისე, თუ პრემიერთან ან ივანიშვილთან შეთანხმებული არაა. დამოუკიდებელ რეჟიმში გადაწყვეტილებების მიღებას არ არიან მიჩვეული და ამიტომაცაა ასეთი ქაოსი და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, რომელთაც ჩვენი ხელისუფლება დემოკრატიის ნიმუშად წარმოგვიდგენს", - აცხადებს პოლიტოლოგი.
"რაც შეეხება "ვაშინგტონ პოსტის" სტატიას საქართველო-ნატოს ურთიერთობასა და მაპ-ის მინიჭებისათან დაკავშირებით, არავითარი საფუძველი არ არსებობს რომ პოზიტიური მოლოდინი გვქონდეს. "ვაშინგტონ პოსტმა" ათასი რაღაც შეიძლება დაწეროს, მაგრამ კონსენსუსს რაც შეეხება, არ მგონია, რამე ისეთი მოხდეს, რომ პარიზმა, ლონდონმა, ბერლინმა და რომმა ამას ვეტო არ დაადონ. ეს გამორიცხულია. მაკკეინსა და ამერიკელებზე რომ იყოს დამოკიდებული, დიდი ხანია, ნატო-ში ვიქნებოდით, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არაა. რომელია ჩვენთან პროდესავლური პარტია? ჩემთვის პროდასავლურობა პარტიის ლიდერების განცხადებებით არ შემოიფარგლება. ამას პროდასავლური ფასეულობები და ღირებულებები განსაზღვრავს. როცა სასამართლოს მიმართ კითხვებია, იქ პროდასავლურობაზე საუბარი ზედმეტია. როცა სტრასბურგის დადგენილების გასამართლებად პატარა ბიჭი - კობახიძე გამოჰყავთ და მას ალაპარაკებენ, არც ესაა პროდასავლური კურსი. როდესაც ქალაქი ნაგავშია ჩაფლული და მერი შენობაში უკანა კარიდან იპარება, ქუჩაში ვერ გაუვლია, ესეც არაა ჩემთვის პროდასავლურობა. მინისტრებთან და დეპუტატებთან შეხვედრებსა ხალხს საგანგებოდ რომ არჩევენ, რათა "ხორკლიანი" კითხვები არავინ დაუსვას - არც ესაა პროდასავლურობა. ორი დღის წინ ინგლისში ახალგაზრდა პარლამენტარი ქალი მოკლეს, მაგრამ არავის გასჩენია სურვილი, თანამდებობის პირებისათვის დაცვა მოეთხოვა. ადრეც ყოფილა ასეთი შემთხვევები, მაგრამ წესი არ შეუცვლიათ - დაცვა არავისთვის მიუჩენიათ. პოლიტიკოსი თავის ხალხს არ უნდა ემალებოდეს. იგი ჩვეულებრივ უნდა დადიოდეს კინოში, ქუჩაში, ბაზარში. რომელიმე პოლიტიკოსი ბაზარში გინახავთ? როცა 24 წლის ბიჭს, მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცის ნათესავია, პროფესორზე 15-ჯერ მაღალი ხელფასი აქვს, ეს ევროპისაკენ სვლა არაა. ამიტომ, ამ ტერმინს ცოტა ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, პროდასავლურობა მარტო ნატო-ში შესვლის სურვილი არ არის", - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.
"რასაკვირველია, არჩევნებზე იმოქმედებს იმოქმედებს ის იმედგაცრუება, რაც ხალხში ნატო-სა და ევროკავშირთან დაკავშირებით გაჩნდა. რაც უფრო ახლოა ხელისუფლება ხალხთან, მისთვის მით უკეთესია. დღეს ქუჩაში პოლიტიკოსს ვერ დაინახავ. რომელი მინისტრი წარმოგიდგენიათ, საღამოს რუსთაველზე რომ სეირონებდეს? ეს რომელს მოუვა აზრად? კომუნისტების დროსაც კი არ იმალებოდნენ. მაგალითად, მახსოვს, რომ ქალაქის მერი, რომელსაც მაშინ აღმასკომის მდივანი ერქვა, ქუჩაში ხშირად დადიოდა, მშენებლობებს ათვალიერებდა ხოლმე, ხალხსაც ესაუბრებოდა. არ იმალებოდნენ. ნარმანიასთან მისვლა კი ნებისმიერი თბილისელისათვის უდიდესი სირთულეა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა, ზოგიერთი საარჩევნო ოლქი "კონსერვატორების" მაჟორიტარობის კანდიდატის სასარგებლოდ დათმოს , რა თქმა უნდა, ასე იქნებოდა, რადგან სხვანაირად ძიძიგურს არჩევის 0%-იანი შანსი აქვს. სასათბურე პირობები თუ არ შეუქმნეს, "კონსერვატორები" ვის გაიყვანენ? გასული 4 წლის განმავლობაში მათი ინიციატივა მარტო ერთი მახსოვს - სამსახურში ჩოხებით ვიაროთო. მთელი მათი იდეები ეგ იყო. ზოგიერთი დამრგვალებული ჩინოვნიკის ჩოხაში წარმოდგენა ნამდვილად არაა სასიამოვნო... "ოცნებას" თავისი სატელიტი ჯგუფები, პარტიები სჭირდება. თუმცა, ჩემი აზრით, თუ რამე სასწაული არ მოხდა, რაც ხალხს დარაზმავს, "ოცნებას" უმრავლესობა ისედაც გარანტირებული აქვს, რადგან ასეთი კანონმდებლობა გვაქვს. სანამ მაჟორიტარები იარსებებენ, მმართველ პარტიას გამარჯვება ყოველთვის გარანტირებული აქვს. ვფიქრობ ივანიშვილი პარლამენტში 95 დეპუტატს შეიყვანს. 75 მაჟორიტარია და 20-ს სიით ვერ გაიყვანენ? ნამდვილად შევლენ მაგ რაოდენობით. მაგიტომაც იყვნენ, მაჟორიტარების გულისთვის ლამის რელსებზე რომ დაწვნენ. ზოია კოსმოდემიანსკაიას არ უბრძოლია ამდენი კომკავშირის დასაცავად, როგორც ამათ მაჟორიტარების დასაცავად იბრძოლეს", - დასძენს რესპონდენტი.
interpressnews.ge