რა ბედი ელის 60 000 ლარს, რომელიც ყოფილმა პატრიოტთა ალიანსელმა პარტიას წასვლის წინ ჩაურიცხა
წინასაარჩევნო ინტრიგები გრძელდება - ამჯერად პატრიოტთა ალიანსის კარზე, რომლის რიგები ცნობილმა ფეხბურთელმა და თბილისის საკრებულოში ,,პატრიოტების'' სიით შესულმა მანუჩარ მაჩაიძემ დატოვა. მისი თქმით, პარტიის დატოვების მიზეზი ნიკოლოზ რამიშვილის ,,პატრიოტთა ალიანსში'' გაწევრიანება გახდა. რამიშვილი კი ,,რუსთავი 2''-ის ერთ-ერთი ტელესახის, დიანა ჯოჯუას ქმარია და მაჩაიძის პროტესტიც ამან გამოიწვია.
მაჩაიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პატრიოტთა ალიანსის პოლიტსაბჭომ მხარი დაუჭირა პარტიულ სიაში რამიშვილის შეყვანას, რაც მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მაჩაიძისთვის პატრიოტთა ალიანსისა და კახა კუკავას ,,თავისუფალი საქართველოს'' დაბლოკებაც მიუღებელი ყოფილა. მას არც საკრებულოში ყოფნა ნდომებია დიდხანს და პარლამენტში გადანაცვლებას აპირებდა, რაშიც ხელი ისევ პატრიოტთა ალიანსელებმა შეუშალეს და ჯამში, ყველაფერი პარტიიდან მისი სკანდალით წასვლით დაგვირგვინდა. ცხადია, მაჩაიძის განცხადება უპასუხოდ არც პატრიოტთა ალიანსის ლიდერშიპს დაუტოვებია. ირმა ინაშვილმა უკანასკნელი განმარტება, სათაურით ,,ამ თემაზე საუბარი დავასრულე'' სოციალურ ქსელში გაავრცელა, მანამდე კი განაცხადა, რომ მაჩაიძე პარტიიდან საპარლამენტო სიის ხუთეულში არჩასმის გამო წავიდა. ,,მანუჩარი თბილისის საკრებულოს წევრია. მას საკრებულოში კიდევ 1 წლის სამუშაო აქვს და ჩავთვალეთ, რომ საპარლამენტო სიაში ამჯერად არც მეხუთე ნომერი უნდა ყოფილიყო და საერთოდ არ უნდა მიეღო მონაწილეობა. მაჩაიძე გაბრაზდა და პარტია დატოვა. მისი საუბარი ,,მერაბიშვილის მეგობრებზე'', უბრალოდ, სამარცხვინო და აბსურდულია. ამასთან, ჯერ ჩვენი პარტიის საარჩევნო სია არ არსებობს.
არც ათეულია განსაზღვრული და არც ხუთეული'', - განაცხადა ირმა ინაშვილმა. ბოლო განმარტებაში კი უშიშროების სამსახურების იმ ცნობილ სქემაზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, არასასურველი ძალის გასანადგურებლად, მას ის უნდა დააბრალო, რასაც თავად ებრძვის. ინაშვილის თქმით, ამ კამპანიაში მოხერხებულად უნდა გამოიყენო ისეთი ფრაზები, როგორიცაა: ,,თქვენი მჯეროდა და აღარ მჯერა'', ,,თქვენგან ამას ვერ წარმოვიდგენდი'', ,,დღეიდან მხარს აღარ გიჭერთ'' და ა.შ. სინამდვილეში კი, ეს ხელოვნურად მომზადებული კამპანიაა, სადაც ბევრი გულწრფელი ადამიანიც უნდა ჩართო ან პოლიტიკურად არაგამჭრიახი. თუ ეს ,,ბევრი'' ვერ იპოვე, მაშინ მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალებიდან უნდა შექმნა სპეციალური ზონდერ-ჯგუფი და უწყვეტ რეჟიმში გაავრცელებინო სკეპტიკური მესიჯები, რომ სამიზნე მხარე თავს იმართლებდეს და იმართლებდესო, - აცხადებს ინაშვილი და დასძენს, რომ სწორედ ამიტომ აღარ აპირებს ამ ბრალდებაზე გამოხმაურებას.
თუმცა საზოგადოების სკეპტიკურ-პრაგმატული კითხვები დღეს ასეთია: რა ბედი ეწია იმ 60 000 ლარს, რომელიც რამდენიმე თვის წინ მაჩაიძემ პატრიოტთა ალიანსს გადაურიცხა, გააერთიანებს თუ არა ბრძოლის ფრონტს ,,პატრიოტების'' სიით საკრებულოში გასული ორი, დღეს უკვე დამოუკიდებელი დეპუტატი მანუჩარ მაჩაიძე და სოსო მანჯავიძე და რომელი პარტიიდან იყრის კენჭს საპარლამენტო არჩევნებზე ცნობილი ფეხბურთელი. ამ კითხვებით ,,ვერსიამ'' მანუჩარ მაჩაიძეს მიმართა, რომელიც ხაზგასმით აცხადებს, რომ ამ თემაზე უკვე ყველაფერი ნათქვამია და ჩვენთვის უკანასკნელ განმარტებას აკეთებს:
- ბატონო მანუჩარ, ყველას აინტერესებს, რა ბედი ეწევა იმ 60 000 ლარს, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩარიცხეთ პარტიაში?
- აბა, ჩემს ფულს უკან ხომ ვეღარ გამოვიტან და ვერ მოვთხოვ, არა? მე ხალხისგან ვითხოვ, მაპატიონ, რადგან შეცდომა დავუშვი. არ მეგონა, რომ პატიორტთა ალიანსი გარიგებაში იყო ისეთ ტელევიზიასთან, როგორიცაა ,,რუსთავი 2''. რა ვქნა, ეს შეცდომა დავუშვი და მაპატიონ!
- მაგრამ ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ნიკა რამიშვილი არც პარტიის წევრია და არც სიაში იქნება.
- არასდროს მითქვამს, რამიშვილი პარტიის წევრია-მეთქი. პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე, სადაც პირველად გააჟღერეს მისი სახელი და გვარი, ამან ჩემში გაკვირვება გამოიწვია, თორემ ამ კაცის ვინაობა მანამდე არც ვიცოდი. ორი დღის წინ დავადგინე, რა და როგორ არის. ის წარმოადგინეს პარტიული სიის კანდიდატად - სწორედ ეს გავაპროტესტე და ამიტომაც წამოვედი. ახლა, როცა უკვე ასეთი ამბავი მოხდა და მთელმა ქვეყანამ გაიგო, რაც ხდება, ამ კაცს სიაში რომ აღარ ჩასვამენ, ამას რად უნდა ლაპარაკი?
- თუმცა მთელი პარტია გაემიჯნა თქვენს განცხადებას. რატომ?
- იმიტომ, რომ პატრიოტთა ალიანსში ყველა ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის ახლო მეგობარია და ჩემი მომხრეები როგორ იქნებიან? პატრიოტთა ალიანსი იდეალური ნაკრები კი არ არის?! როგორი პატრიოტებიც არიან, ჩანს-კიდეც. როგორ შეიძლება, საქართველოს პატრიოტი და ამავდროულად, ,,რუსთავი 2''-ის მეგობარი და თანამოაზრეც იყო? ,,რუსთავი 2''-ის სახის, დიანა ჯოჯუას ქმარი რომაა ირმას მეგობარი, ეს ნორმალურია?
- მხოლოდ ესაა, რაც გაეჭვებთ, სხვა არგუმენტი არ გაქვთ, მით უმეტეს, თუკი ამბობთ, რომ რამიშვილის შესახებ არაფერი იცოდით?
- ამის შესახებ უკვე ვილაპარაკე.
- ახლა უკვე, მანჯავიძესთან ერთად, საკრებულოში ორი ყოფილი თანაპარტიელი ხართ. ერთობლივად ხომ არ აპირებთ არჩევნებში ბრძოლას?
- ვინაიდან არის გარკვეული ძალები, ვისაც პრინციპულად არ უნდა, პარლამენტში შევიდე, ანუ საკანონმდებლო ორგანოში სამშობლოს ერთგული და პატრიოტი ადამიანი მოხვდეს, ყველა ძალას ვიხმარ, რომ მოვხვდე პარლამენტში - ეს მე კი არ მჭირდება ან ჩემთვის ახალი რამაა, არამედ სჭირდება საქართველოს. ახლა ისეთი ხალხი უნდა მოვძებნო, ვინც ნაღდი ქართველი, სამშობლოს მოყვარულია და არა პოლიტიკური მოთამაშე და არაპატრიოტი.
- მაგალითად, თამაზ მეჭიაური?
- თამაზ მეჭიაურთან ერთად 1995-1999 წლებშიც ვიყავი პარლამენტში. ის ნამდვილად დადებითი პიროვნებაა, ქართველი კაცია და სამშობლო უყვარს, ამიტომ გამორიცხული არაფერია.