"ევროსასამართლოს გადაწყვეტილება მინიმუმ დღევანდელი ხელისუფლების არაკომპეტენტურობასა და არასერიოზულობას, ხოლო მაქსიმუმ - ხელისუფლების შიგნით საბოტაჟს ნიშნავს. ვანო მერაბიშვილს ევროპელები, თუნდაც ირიბადაც რომ პოლიტპატიმრად გამოგიცხადებენ, ამას მოხერხება უნდა. ხოლო ამის გაკეთება ან უკიდურესი სიბრიყვით, ან კიდევ უბრალო საბოტაჟით შეიძლება. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რომ გამოდის და რას ლაპარაკობს, თავადაც არ იცის, ეს უბარლოდ, არაკომპეტენტურობისა და უტიფრობის ზეიმია. ვითომ არაფერი არ ხდება. ამ საკითხებზე პასუხისმგებელი ის არის. სიტყვების რახარუხის უკან ის უბედურება მაინც არ დაიმალება, რაც ამ შემთხვევაში მოხდა. ჩვენ ევროპული ვექტორი გვაქვს გამოცხადებული და მათ თავისი თამაშის წესები აქვთ", - აცხადებს ანალიტიკოსი და ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით"ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ხელისუფლების შიგნით საბოტაჟს ნიშნავს"/გია ხუხაშვილი თვლის, რომ ვანო მერაბიშვილის თემაზე არშემჩნევის პოლიტიკა დაუშვებელია.
"იმ თამაშის წესებზე უარის თქმა და მეორე ხელით ევროპაში ინტეგრაციის მოთხოვნა სრული აბსურდი გამოდის. ამიტომაც არშემჩნევის პოლიტიკას ვერ გავატარებთ, რადგანაც მას ცუდი შედეგები მოჰყვება. თუ სტრასბურგის სასამართლოს არ ვენდობით, მაშინ იმ ხალხს თავი დავანებოთ და ჩვენთვის ვიყოთ. რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებსა და ივანიშვილის განცახდებაზე, რომ, თუ სასამართლო გადაწყვეტილებას ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღებდა, მაშინ ის არსებული მენეჯმენტის შენარჩუნებას არჩევნებამდე საკუთარი ფინანსებით უზრუნველყოფდა, ეს განცახდება საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით შეიძლება დადებითად მივიღოთ. თუმცა, პრობლემა ის გახლავთ, რომ ეს პოლიტიკური თემაა. ივანიშვილი ამას კეთილი სურვილითაც რომ ამბობდეს, მაინც ცუდად ჩანს, რადგანაც ამით აჩვენა, რომ დაინტერესებული პირია. ჩნდება კითხვები, ფულით რისი დაზღვევა უნდა? სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიის? ჩემი აზრით, მისი ეს კეთილი სურვილი დასავლეთში ყველაზე რთულად იქნებოდა გაგებული. ამით ივანიშვილმა ძალიან სერიოზული პოლიტიკური შეცდომა დაუშვა. მან თავისი უცნაური ფინანსური გარანტიებით უფრო ბევრი კითხვები გააჩინა. პოლიტიკაში ასეთი ტიპის გარანტიების მიცემა არ შეიძლება", - აღნიშნავს რესპონდენტი.
"ივანიშვილის გააქტიურება გასაკვირი არ არის, რადგანაც, "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნოდ პრობლემები აქვს. პრინციპში, ობიექტურად აფასებს იმას, რომ მის გარეშე "ოცნებას" სხვა მაკონსოლიდირებელი ძალა არ ჰყავს. ბუნებრივია, გიორგი კვირიკაშვილი ამისთვის ვერ გამოდგება და არასერიოზული ფიგურაა. შეიძლება ძალიანაც არ უნდა, მაგრამ იმისთვის, რომ ყველა შესაძლო ძალის მობილიზაცია მოახდინოს, ამ პრობლემების თავის თავზე აღება მოუწევს და ეს აქტიურობაც ამას უკავშირდება. ვფირობ, ის ჟურნალისტებთან ასე ინტენსიურად ურთიერთობას არ აპირებდა, მაგრამ "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემული ინტერვიუს შემდეგ, რომელიც საკმაოდ უხარისხო და წარუმატებელი გამოვიდა, მან უკვე მედიასთან სისტემატური შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღო. პრინციპში, ამ ჰიპერაქტიურობის მიზეზი ასათიანთან წარუმატებელი ინტერვიუ გახდა. უბარლოდ, მას სხვა არჩევანი არ რჩება. ის იქნება თუ არა ამ პროცესში ღიად ჩართული, პასუხისმგებლობას საზოგადოება და ოპოზიცია მხოლოდ მას აკისრებს. მაშინაც კი, როდესაც ძალიან საეჭვოა, რომ ის ამ საქმეში მონაწილეობდა. ამიტომაც მის შენიღბვასა და დისტანცირებას აზრი ეკარგება. "ქართულ ოცნებას" შემოძახილი სჭირდება, რათა მათი სრული დემორალიზაცია არ დაიწყოს. პრინციპში, ის ცდილობს, რომ მათ შემოუძახოს და მობილიზაცია მოახდინოს. ივანიშვილს ამ ორი ტიპის ამოცანის შესრულება მოუწევს. არ მგონია, რომ მას ეს პროცესი დიდად სიამოვნებდეს, მაგრამ ის იქცევა ისე, როგორც მოვლენების ლოგიკა კარნახობს", - განაგრძობს გია ხუხაშვილი.
"ივანიშვილმა იცის, რომ კვირიკაშვილის მიმართ საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულება არ არსებობს და ამით ცდილობს, რომ მისი სახელის ექსპულატირება მოახდინოს. თუმცა ეს ყველაფერი ფასადია, რადგანაც შინაარსობრივად კვირიკაშვილს, როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. ვფიქრობ, რომ კვირკაშვილის პოლიტიკური ფიგურა უფრო მოგონილი თემაა, ვიდრე რეალური. გამომდინარე იქიდან, რომ მისი იმიჯი "ქართულ ოცნებაში" ნაკლებად დაზიანებულია, ბუნებრივია, მასზე აქცენტები კეთდება. ივანიშვილი ცდილობს, რომ მისი სახელი, როგორც დროშა და ბრენდი, ისე გამოიყენოს, რადგანაც მისი პოპულარიზება პოლიტიკური პროცესებისთვის ამ ეტაპზე მომგებიანია. 4 წლის განმავლობაში მთავრობა კოალიციური არ იყო? ამ ხელისუფლების ერთ-ერთი პრობლემა სწორედაც რომ მისი კოალიციური მართვაა. მას თუ ესმოდა, რომ კოალიციური მართავის პროცესში რაღაც პრობლემები ექმნებოდა, ეს განაცხადი ახლა ფაქტობრივად აღიარებას ნიშნავს. გამოდის, რომ ისინი ამ ხნის განმავლობაში ქვეყანას არაეფექტურად მართავდნენ", - დასძენს ექსპერტი.
interpressnews.ge