თურქი ბიზნესმენი ომერ სარი, ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელზე დახმარებას რეჯებ ტაიპ ერდოღანს სთხოვს!

თურქი ბიზნესმენი ომერ სარი, ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელზე დახმარებას რეჯებ ტაიპ ერდოღანს სთხოვს!

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, საქართველოს ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემას უქმნის. ჩხარტიშვილს თურქი ბიზნესმენი, ომერ სარი უჩივის, რომელიც ფოთის პორტის ოპერატორ კომპანიებში _ `პრომეტკო ჯორჯიასა~ და `ჯეესკოში~, 5%-5%-იანი წილის მფლობელია. ომერ სარი, 2008-2009 წლებში, ამ კომპანიებიდან ჩხარტიშვილის მიერ გატანილი 3 მილიონი აშშ დოლარის დაბრუნებას ითხოვს. 2013 წელს, მან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და მთავარ პროკურატურას სარჩელებით მიმართა. თუმცა იმის გამო, რომ საქმის გამოძიება ჭიანურდება, `ვერსიის~ ექსკლუზიური ინფორმაციით, ომერ სარი აპირებს, დასახმარებლად თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მიმართოს, რათა ამ უკანასკნელმა რომელიმე ოფიციალურ ვიზიტზე, საქართველოს ხელისუფლებისგან გამოძიების დაჩქარება მოითხოვოს.

`ვერსიაში~ უკვე ვწერდით, რომ 2003 წელს, `პრომეტკო ჯორჯიამ~ და `ჯეესკომ~ იმ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვეს, რომელიც ფოთის პორტში, მე-3, მე-4 და მე-6 ტერმინალების მართვაზე გაიმართა. თურქი ბიზნესმენის, ომერ სარის ადვოკატი მამუკა კაკუშაძე აცხადებდა, რომ `ვარდების რევოლუციის~ შემდეგ, კომპანიის მენეჯმენტსა და პარტნიორებს, სახელისუფლებო წრეებთან დაკავშირებული პირები დაუკავშირდნენ და 50%-იანი წილის დათმობა მოსთხოვეს:

`კომპანიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ მართვას პარიტეტული პრინციპით გააგრძელებდნენ, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, ეს პრინციპი დაირღვა და მათი წილი 50%-დან, 66%-მდე გაიზარდა. კომპანიების დირექტორად კი საკუთარი წარმომადგენელი, ლევან ჯღარკავა დანიშნეს. ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ეს კომპანია ახალ კომპანიაზე, `სონატა ალიანს ჯორჯიაზე~ გადაფორმდა, რომელიც ივანე ჩხარტიშვილთანაა დაკავშირებული. ლევან ჯღარკავას საშუალებით, კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან და სალაროდან 3 მილიონი აშშ დოლარი გაიტანეს და ფიქტიურ კონტრაქტებზე გადარიცხეს. ლევან ჯღარკავამ, რომელიც ჩხარტიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი იყო, კორპორაციული ეთიკაც დაარღვია და კანონმდებლობაც, რადგან მან გაიტანა თანხა, რომელიც დღემდე არ დაუბრუნებია~.  

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, თურქმა ბიზნესმენმა სარჩელით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა. მართალია, სარჩელის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო, თუმცა დროში გაჭიანურდა. შესაბამისად, 2013 წელს, ომერ სარმა სარჩელი საქართველოს მთავარ პროკურატურაშიც შეიტანა. თურქი ბიზნესმენი იმედოვნებდა, რომ გამოძიება ამ საქმეზე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. პრესკონფერენციის შემდეგ, 2013 წელს, `ვერსიამ~ თურქ ბიზნესმენს რამდენიმე კითხვით მიმართა:

_ ბატონო ომერ, თქვენ უშუალოდ ვანო ჩხარტიშვილთან გქონდათ ურთიერთობა, თუ მხოლოდ მისი ნდობით აღჭურვილ პირთან, ლევან ჯღარკავასთან?

_ რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ მთავარი ბიზნესპარტნიორი ვანო ჩხარტიშვილი იყო. ლევან ჯღარკავა კი მისი ნდობით აღჭურვილი პირია, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის მითითებებს ასრულებდა. მხოლოდ ვანო ჩხარტიშვილის წარმომადგენელს, კონკრეტულად, რატი ღვამბერიას შევხვდი მათსავე ოფისში, რომელიც გერგეთის ქუჩაზე მდებარეობს. შეხვედრის დროს, იმ თანხის დაბრუნება მოვითხოვე, რომელიც ლევან ჯღარკავამ გაიტანა კომპანიიდან. სამაგიეროდ, შევთავაზე, რომ მათ ჩემი წილი გამოესყიდათ. ღვამბერიამ მითხრა, რომ ჯღარკავამ გაიტანა თანხა და თანხის დაბრუნებას დამპირდა, მაგრამ სამწუხაროდ, პირობა არ შეასრულა. ამიტომ მივმართავ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, რათა ობიექტური გამოძიება ჩაატარონ ამ საქმეზე და ჭეშმარიტება დაადგინონ.

_ თქვენ მხოლოდ შუამავალს შეხვდით და არა უშუალოდ ვანო ჩხარტიშვილს?

_ მხოლოდ ვანო ჩხარტიშვილის წარმომადგენელს, რატი ღვამბერიას შევხვდი.

_ როგორც წესი, შუამავლები ბიზნესმენების ნდობით აღჭურვილი პირები არიან, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ამ ნდობით ცუდად სარგებლობენ და როდესაც პრობლემა წარმოიშვა, ვანო ჩხარტიშვილს არ შეხვდით?

_ არა, მხოლოდ წარმომადგენლებთან მქონდა ურთიერთობა. მინდა დაგიზუსტოთ, რომ რატი ღვამბერია შუამავალი არ არის, ის ვანო ჩხარტიშვილის სრულუფლებიანი წარმომადგენელი და მისი ნდობით აღჭურვილი პირია, რომელიც `სონატა ალიანს ჯორჯიას~ მართავდა.

ამ ამბიდან სამი წლის შემდეგ კი ირკვევა, რომ საგამოძიებო მოქმედებების დაწყების მიუხედავად, საქმის სრულფასოვან გამოძიებას მთავარი პროკურატურა აჭიანურებს. `ვერსია~ თურქი ბიზნესმენის, ომერ სარის ადვოკატს, მამუკა კაკუშაძეს დაუკავშირდა:

- როგორც იცით, ამ საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია 2013 წელს გავმართეთ. ამის შემდეგ, ივანე ჩხარტიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად იყვნენ, ეს პრობლემა მოლაპარაკების გზით, სასამართლოს გარეშე მოგვარებულიყო. შესაბამისად, რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ, ჩხარტიშვილის ადვოკატებმა დავალიანება აღიარეს და წერილობითაც გადმოგვცეს დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ ომერ სარის მიმართ, დავალიანება აქვთ. თუმცა ამის იქით საქმე არ წასულა. ვფიქრობ, ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ ლონდონში, ივანე ჩხარტიშვილსა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის, სასამართლო პროცესი დასრულდა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს პროცესი ჩხარტიშვილმა წააგო და სავარაუდოდ, ბატონმა ვანომ ყოველგვარი ინტერესი დაკარგა, რათა ჩვენთვის 1 ლარი მაინც დაებრუნებინა.

- ბატონო მამუკა, საუბარია 3 მილიონი აშშ დოლარის დავალიანებაზე, რომელიც ლევან ჯღარკავამ `პრომეტკო ჯორჯიადან~ და `ჯეესკოდან~ გაიტანა?

- დიახ, მაგრამ 3 მილიონი აშშ დოლარი კურსის მიხედვით ითვლება, ამიტომ საუბარია 5 მილიონ ლარამდე დავალიანებაზე. ეს არის ამ კომპანიების კუთვნილი თანხა და არა უშუალოდ ომერ სარის, რომელიც `პრომეტკოსა~ და `ჯეესკოში~, 5%-5%-იან წილებს ფლობდა. ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს დავალიანება დააბრუნონ კომპანიებში, ან ჩვენი კუთვნილი თანხა მოგვცენ. ჩვენ საკუთარი თანხის დასაბრუნებლად ვიბრძვით, თუ ჩხარტიშვილს კომპანიების დავალიანების დაბრუნება არ სურს, ჩვენი კუთვნილი თანხა მაინც გადაგვიხადოს და ამ შემთხვევაში, პირადი ინტერესი გვამოძრავებს.

- პრესკონფერენციაზე, რომელიც სამი წლის წინ გამართეთ, ბრძანეთ, რომ ჩხარტიშვილის წარმომადგენლებმა გარკვეული გარიგება შემოგთავაზათ. კონკრეტულად, რას გთავაზობდნენ?

- ივანე ჩხარტიშვილის წარმომადგენლები სტამბოლში ჩავიდნენ და ომერ სარს გარკვეული გარიგება შესთავაზეს, ოღონდ არა ის თანხა, რასაც ჩვენ მათგან ვითხოვდით. მოკლედ, შეგვევაჭრნენ, მაგრამ ბატონმა ომერმა, რომელიც სრულ კოალიციაშია თავის ქართველ პარტნიორებთან, ამ გარიგებაზე უარი განაცხადა. ჯერ ერთი, თანხა ბევრად ნაკლები იყო და რაც მთავარია, ბატონი ომერი ქართველ პარტნიორებთან ერთად ითხოვს ამ დავალიანების დაბრუნებას. შესაბამისად, ამ გარიგებაზე უარი ვთქვით.

- როგორც ცნობილია, 200 000 ლარს გთავაზობდნენ, ხომ?

- დიახ, მაგრამ ეს ბევრად ნაკლებია იმაზე, რასაც ჩვენ ვითხოვთ. ბატონ ომერს პრინციპული პოზიცია აქვს, რადგან თუ ამ გარიგებაზე წავიდოდა, მისი ქართველი პარტნიორები თანხის დაბრუნების გარეშე დარჩებოდნენ.

- ამ დავალიანებას ლევან ჯღარკავაც აღიარებს?

- დიახ, სასამართლო პროცესზე აღიარა, მაგრამ იცით, როგორ ახსნა? უმრავლესობაში მყოფი პარტნიორის დავალებებს ვასრულებდი და მართალია, უმცირესობაში მყოფ პარტნიორებთან უსიამოვნება შემხვდა, მაინც ჩავთვალე, რომ ბიზნესს ასე სჭირდებოდაო. ეს იმდენად `კარგი~ განმარტება იყო, რომ მომავალში სახელმძღვანელოებშიც კი შევა, თუ როგორ შეიძლება კორპორატიული კომპანიის დირექტორმა მხოლოდ უმრავლესობის ინტერესები დაიცვას.

- ახლა რა სტადიაშია ომერ სარის სარჩელი მთავარ პროკურატურაში?

- სავარაუდოდ, ეს სარჩელი პროკურატურის რომელიმე თაროზეა შემოდებული. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ და ამ საქმით თურქეთის რესპუბლიკის ელჩიც დაინტერესდა, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართვაც კი გაუგზავნა, იქიდან მხოლოდ ასეთი პასუხი მიიღო _ მიმდინარეობს გამოძიება. იმის გამო, რომ პროკურატურაში ძიების პროცესი ჭიანურდება, ომერ სარი აპირებს, თურქეთის პრეზიდენტს მიმართოს, რათა რომელიმე ოფიციალური ვიზიტის დროს, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მის ქართველ კოლეგებს გამოძიების დაჩქარება მოსთხოვოს.