რამდენი მილიონი დაუჯდება ბიუჯეტსა და პარტიებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
8 ივნისს 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გაიხსნა. საქართველოში გაძვირებული ცხოვრების ფონზე, ექსპერტები საპარლამენტო არჩევნების გაზვირებასაც ვარაუდობენ და არ გამორიცხავენ, რომ ამ არჩევნებში შესაძლებელია, საკმაოდ დიდი ,,შავი ფულის'' მასა შემოვიდეს, რაც ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას კიდევ უფრო დააზარალებს და ამის შედეგეს 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში ხელშესახებად ვიგრძნობთ.
საქართველოში აქსიომადაა ქცეული მოსაზრება, რომ არჩევნებს იგებს ფული. თუმცა ცოტაა ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც დიდი ფულისა და პარტიული სტრუქტურების სტაბილურად შენახვის თავი აქვს. ამიტომაც, როგორც წესი, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ორიოდე თვით ადრე, ქვეყანაში დიდი ფული შემოდის...…აქვე უნდა გავითვალისწინოთ იმისც, რომ კვალიფიციური პარტიები სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც ფინანსდება და შემოწირულობებიც მრავლად აქვს. იმისათვის, რომ კითხვაზე - გაძვირდება თუ არა არჩევნები? - მიახლოებით მაინც ზუსტად ვუპასუხოთ, ცესკოსა და აუდიტის სამსახურის ოფიციალური მონაცემები ავიღეთ. ცესკოს ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება შემდეგნაირად განაწილდა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 1 853 685 ლარი; მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - 290 348 ლარი; ახალი მემარჯვენეები - 170 675 ლარი; ლეიბორისტული პარტია - 319 913 ლარი; პარტია თავისუფლება - 145 083 ლარი; საქართველოს რესპუბლიკური პარტია - 284 748 ლარი; საქართველოს კონსერვატიული პარტია - 284 748 ლარი; ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - 573 651 ლარი; ჩვენ თვითონ - 91 162 ლარი; ეროვნული ფორუმი - 14 435 ლარი; მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის - 14 435 ლარი; ქართული დასი - 84 202 ლარი; ხალხის პარტია - 16 835 ლარი. აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ვებგვერდზე 2008 წლის შემოწირულობებს ვერ მივაგენით, მაგრამ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს'' ანგარიშში ასახულია, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნაცმოძრაობამ 12 მილიონი ლარი დახარჯა. ეს თანხა 25-ჯერ მეტია ოპოზიციური პარტიების ყველაზე დიდი კოალიციის – ბლოკ „გაერთიანებული ოპოზიციის'' ხარჯებზე. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამ ბლოკმა მხოლოდ 480 000 ლარი დახარჯა.
რაც შეეხება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება პოლიტიკურ პარტიებზე ასე გადანაწილდა: ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო'' - 90 337 ლარი; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 1 967 074 ლარი; მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - 351 177 ლარი; ახალი მემარჯვენეები - 189 635 ლარი; ლეიბორისტული პარტია - 392 894 ლარი; პარტია თავისუფლება - 87 022 ლარი; საქართველოს რესპუბლიკური პარტია - 213 066 ლარი; საქართველოს კონსერვატიული პარტია - 245 278 ლარი; ჩვენ თვითონ - 287 745 ლარი; ხალხის პარტია - 228 737 ლარი; მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის - 6 617 ლარი; ეროვნული ფორუმი - 147 759 ლარი; ქართული დასი - 87 022 ლარი; ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - 679 769 ლარი; საქართველოს გზა - 187 036 ლარი; მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის - 228 737 ლარი; ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია - 276 145 ლარი; თავისუფალი დემოკრატები - 213 066 ლარი.
აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, პოლიტიკური პარტიების შემოწირულობამ ჯამში 32 252 335 ლარი შეადგინა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 21 214 868 ლარი; ააიპ ,,საქართველო არ იყიდება'' - 2 598 029 ლარი; ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო'' - 2 042 647 ლარი; ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა'' - 1 162 795 ლარი; ,,თავისუფალი საქართველო'' - 834 600 ლარი; ,,ეროვნული ფორუმი'' - 715 885 ლარი; ,,ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები'' - 653 689 ლარი; ,,განახლებული საქართველოსთვის'' - 539 404 ლარი; საქართველოს რესპუბლიკური პარტია - 511 674 ლარი; საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ქართული ოცნება'' - 503 634 ლარი; საქართველოს კონსერვატიული პარტია - 450 083 ლარი; ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს'' - 183 800 ლარი; ააიპ ,,მომავალი დღეს'' - 145 850 ლარი; ვლადიმერ ვახანიას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი - 132 700 ლარი; ,,ახალი მემარჯვენეები'' - 132 451 ლარი; ,,ქართული პარტია'' - 115 825 ლარი; საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 114 240 ლარი; ,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო'' - 71 398 ლარი; ააიპ ,,მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგა'' - 62 948 ლარი; ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - 39 325 ლარი; ,,ქართული დასი'' - 8 437 ლარი და ა.შ.
ორიოდე წლის წინ, საქართველოს პარლამენტმა ცესკო-ს მიერ შემუშავებული პარტიების დაფინანსების სპეციალური ფორმულა დაამტკიცა, რაზეც ,,ვერსიაში'' ვრცლად ვწერდით. პარტიების დაფინანსების ახლებური ფორმულა ,,ვერსიას'' ,,ახალი მემარჯვენეების'' თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ ასე განუმარტა: ,,კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტებისთვის, რომლებმაც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გარკვეული პროცენტული ბარიერი გადალახეს, შექმნილია კონკრეტული ფორმულა. მაგალითად, თუ საპარლამენტო არჩევნებისას პარტიამ 4%-იანი ბარიერი გადალახა, ბაზურ დაფინანსებას მიიღებს. 8%-მდე ბაზური დაფინანსება წელიწადში 60 000 ლარია, 8%-ზე ზევით - 600 000. ამ ცვლილებამდე, ბაზური დაფინანსება 8%-მდე - 150 000 ლარს, 8%-ზე ზევით - 300 000 ლარს შეადგენდა. ბაზური დაფინანსების გარდა, პოლიტიკური პარტია არჩევნებში მიღებულ ხმებზე მიბმულ დაფინანსებას იღებს. 200 000-მდე ხმის შემთხვევაში, 1 ხმა - 2 ლარით, 200 000 ხმაზე ზევით კი - 2 ლარს პლუს 1.50 ლარით ფინანსდება. საპარლამენტო არჩევნებზე დაფინანსების მესამე მდგენელი თითოეულ დეპუტატზე მიბმული თანხაა, რაც წელიწადში 500-600 ლარია, პარტიის დაფინანსების მეოთხე კომპონენტი ფრაქციაზე მიბმული თანხაა, ანუ პარტია, რომელსაც პარლამენტში ფრაქცია აქვს, წელიწადში დამატებით 200 000 ლარს იღებს. საბოლოოდ, ყველაფერი ეს იკრიბება და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას ერიცხება''. 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, პოლიტიკური პარტიების დასაფინანსებლად 12 785 000 ლარია გამოყოფილი. 2015 წელს, პარტიები ბიუჯეტიდან 12 785 000 ლარით, 2014 წელს კი - 14 248 900 ლარით დაფინანსდნენ.
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში არჩევნების ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის 34 371 400 ლარია გათვალისწინებული. ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ოფიციალური მონაცემები, რაც 2008 და 2012 წლების საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა, უხეშად დავაჯამეთ. ამას არადეკლრარირებული თანხებიც დავუმატეთ, რასაც პარტიები მაინც იღებენ, ამით საშუალო არითმეტიკული გამოვიყვანეთ და ის ციფრი განვსაზღვრეთ, რაც სავარაუდოდ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა დაგვიჯდეს. თუმცა ოფიციალურად უკვე ცნობილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე წელს, 34 მილიონ ლარზე ცოტა მეტი უნდა დაიხარჯოს. პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებისა და შემოწირულობების დაჯამებით გამოდის, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 16 623 920 ლარი, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 38 131 451 ლარი დახარჯულა. როგორც წესი, არჩევნებზე არადეკლარირებული ფულიც იხარჯება. მართალია, ეს ,,შავი ფული'' არ არის, მაგრამ ეს არის ფული, რომელიც არ აღირიცხება, ანუ სხვა წყაროებიდან მიღებული პოლიტიკური ფულია, რომლის გამოჩენის ინტერესი პარტიებს არ აქვთ. საარჩევნო ტექნოლოგიების სპეციალისტებმა აგვიხსნეს, რომ არადეკლარირებული თანხა დაახლოებით იმდენივეა, რაც არჩევნებზე ოფიციალურად იხარჯება. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, დაახლოებით, 33 247 840 ლარი, ხოლო 2012 წელს - დაახლოებით, 76 262 902 ლარი დახარჯულა.
საარჩევნო ტექნოლოგიების სპეციალისტებმა განგვიმარტეს, რომ ფინანსური ხარჯების თვალსაზრისით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები სპეციფიკური იქნება, რადგან წელს პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა საგრძნობლად მაღალია. ეს იმას ნიშნავს, რომ პირობითად, რისი მიღწევაც 2012 წელს პარტიებმა 76 მილიონ ლარად შეძლეს, წელს ეს ხარჯი გაორმაგდება. აქედან გამომდინარე, ჩვენი უხეში გათვლებით, სავსებით რეალურია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დასახარჯი თანხა 152 525 804 ლარამდე გაიზარდოს. გასული წლების მსგავსად, არადეკლარირებული ფული 2016 წლის არჩევნებზეც იქნება, ანუ გამოდის, რომ წელს, დაახლოებით, 305 051 608 ლარის დანახარჯი უნდა ვივარაუდოთ.