10 ივნისიდან კომპანიამ პროექტი „ანგარიში თბილისს" დაიწყო. პროექტის ფარგლებში, რეგულარულად, თვეში რამდენჯერმე, კომპანიის მენეჯმენტი თბილისის მაცხოვრებლებს საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშს ჩააბარებს. კომპანიის მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები GWP-ს გეგმების, პროექტების და ყველა იმ აქტუალური საკითხის შესახებ ისაუბრებენ, რომელიც შესაძლოა საზოგადოებას აინტერესებდეს.
პროექტი „ანგარიში თბილისს" დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებს კომპანიის კომუნიკაციების დირექტორმა, ეკა ბერიძემ წარუდგინა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოპერაციების დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა ვრცლად ისაუბრა კომპანიის სარეაბილიტაციო გეგმების შესახებ. კერძოდ, 2016 წელს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების ქსელის 100 კილომეტრზე მეტს განაახლებს. სარეაბილიტაციო პროექტები დაგეგმილია თბილისის ყველა უბანში, რაც მნიშვნელოვნად განავითარებს დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემას.
ქალაქის მთავარი დისპეჩერის, თემურ ჯანელიძის განცხადებით, კომპანია აქტიურად ახორციელებს ე.წ. ურდულების პროექტს, რომლის ფარგლებშიც კომპანია ქალაქის მასშტაბით 6 000 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებს. შედეგად, მინიმუმამდე შემცირდება ამა თუ იმ მიზეზით გამოწვეული წყალმომარაგების შეწყვეტის არეალი.
კომპანიის წარმომადგენლებმა ახალი კონცეფციის, ბიზნესცენტრების მოდელზეც ისაუბრეს, რომლის თანახმადაც თბილისი წყალმომარაგების ზონებად დაიყოფა და თითოეულ ზონაზე პასუხისმგებლობას კონკრეტული ბიზნესცენტრი აიღებს, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას უკეთ მართოს საკუთარი ინფრასტრუქტურა და რაციონალურად დაგეგმოს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პრესკონფერენციის დასასრულს ჟურნალისტებმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განახლებული სადისპეჩერო სამსახური და კომპანიის ცხელი ხაზი დაათვალიერეს.