ნაციონალურ მოძრაობას არავითარი რესურსი არ გააჩნია
7 ივნისს, „ტექნოპარკში“ ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ეროვნული მაუწყებლების ჟურნალისტებს შეხვდა. პრესკონფერენციაზე, ყველა სხვა საკითხთან ერთად, ისიც გაირკვა, რომ პარტიული შიდაკვლევებით „ოცნების“ რეიტინგი 30-დან 45%-მდე მერყეობს და „ქართული ოცნების“ ლიდერს იმედი აქვს, რომ პარტია პარლამენტში 90-95 დეპუტატს გაიყვანს. ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა და საზოგადოებისთვის საინტერესო არაერთ საკითხზე ისაუბრა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ,,ქართულმა ოცნებამ'' საქართველო დიქტატურიდან შემოაბრუნა. ივანიშვილის შეფასებით, 4 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ საოცრებები შეძლო, რითაც გაჩნდა პერსპექტივა, რომ საქართველო დემოკრატიული ღირებულების და ეკონომიკის თვალსაზრისით, უახლოეს პერიოდში განვითარებული ქვეყნების მსგავსი გახდება: ,,ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა მივიღეთ. კატასტროფისკენ მივდიოდით და საოცრება მოვახდინეთ მმართველობის 4 წელში. წარმატებულად გავართვით თავი ძალიან ბევრ პრობლემას. ქვეყანა შემოვაბრუნეთ, დიქტატურას გაფორმებაღა აკლდა და სახელმწიფო დემოკრატიის რელსებზე გადმოვიყვანეთ. რეალური პერსპექტივა გაჩნდა, რომ უახლოეს წლებში, გავხდეთ განვითარებული ქვეყნების მსგავსი სახელმწიფო, როგორც ეკონომიკურად, ისე დემოკრატიული ღირებულებების თვალსაზრისით''.
ივანიშვილის განმარტებით, ის დამოკიდებულება, რითაც წინა ხელისუფლება ეკონომიკაში ხელმძღვანელობდა, ქვეყანას ეკონომიკურ კოლაფსამდე მიიყვანდა: ,,გვიმტკიცებენ, რომ ხელისუფლება უნიათოა. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც აიტაცა ეს - თითქოს ახლა არაფერი კეთდება. როგორ არ კეთდება?! სულ სხვა ციფრებია. რაც მთავარია, სწორი დამოკიდებულებით ვვითარდებით''.
ივანიშვილის აზრით, ეკონომიკასთან მიმართებაში წინა ხელისუფლების დამოკიდებულება რომ შენარჩუნენულიყო, დღეს პენსიები ვერ დარიგდებოდა და ეკონომიკურ კოლაფსს მივიღებდით. ,,აბსოლუტურად სწორი მიმართულებით მიდის ქვეყანა. 3-4 წელიწადში ვერ გავაკეთებთ 15-20 წლის გასაკეთებელს'', - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
ბიძინა ივანიშვილი კორცხელში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ეს სამარცხვინო ფაქტი იყო და მომხდარზე პასუხისმგებლობა მთავრობას, მმართველ გუნდს ეკისრება, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ინციდენტი ნაციონალური მოძრაობის პროვოცირებული იყო: ,,კორცხელის ინციდენტი სამარცხვინო იყო. მმართველ გუნდსაც მოვუწოდებდი, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს. ქვების სროლით მოვიდა წინა ხელისუფლება და ვიცით, როგორ დამთავრდა. ძირითადი პასუხისმგებლობა მთავრობასა და მმართველ გუნდს ეკისრება, ეს უნდა გააცნობიერონ და მეტი მოთმინება გამოიჩინონ. ჯამში, ამან ძალიან დააზარალა ჩვენი სახელმწიფო. ეჭვი არ მეპარება, ეს პროვოკაცია კარგად დაგეგმილი იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ. ისიც შევამჩნიე, როგორ მოსწონდა ბოკერიას, რომ შედეგი მიიღო. ჩანს, ნაციონალურ მოძრაობას დიდი რესურსი არ გააჩნია, თორემ შემოინახავდა ძირითადი არჩევნებისთვის. აქვე ვუსვამ ხაზს, რომ ეს არ ამართლებს მმართველ გუნდს. იმედი მაქვს, ამ ყველაფრის ანალიზი მოხდება. დავინტერესდი და ნაციონალებს სხვა ადგილებშიც ჰქონდა მცდელობა, ხონში ჩაუყვანიათ ხალხი, თუმცა იქ ვერ მოახერხეს''.
ექსპრემიერი იმედოვნებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები სანიმუშოდ ჩატარდება და ნაციონალურ მოძრაობას არავითარი რესურსი არ გააჩნია, ქვეყანაში რევოლუცია მოახდინოს: ,,მოსახლეობას მინდა მოვუწოდო: ნაციონალურ მოძრაობას არავითარი რესურსი არ გააჩნია, რომ რევოლუციური სურათი დადოს საქართველოში. ნურავის გეშინიათ! ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს, არჩევნები ჩაატაროს ზომიერად და არ განმეორდეს მუშტი-კრივი''.
ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს, რომ ,,ოცნება'' პარლამენტში საშუალოდ 95 დეპუტატით შევა: ,,ჩემი პროგნოზით, ,,ქართულ ოცნებას'' კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება არ დასჭირდება. ვფიქრობ, საშუალოდ, 95 კაცით შევა პარლამენტში''.
ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილზეც ისაუბრა და მას თავისი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანიც კი უწოდა: ,,დღეს ქვეყანას საოცნებო პრემიერ-მინისტრი, საოცნებო ლიდერი ჰყავს კვირიკაშვილის სახით. მე სულ არ ვაკნინებ ღარიბაშვილს. ჩვენ დღევანდელზე ვსაუბრობთ. კვირიკაშვილს კარგი გუნდი ჰყავს და მინდა ეს საზოგადოებამ გააცნობიეროს. კაცი, რომელსაც წესიერების კომპლექსი აქვს, რომ არაფერი შეეშალოს. ასეთი კაცი მართავს დღეს მთავრობას. ეს კაცი ნებისმიერი ქვეყნისთვის სანატრელი პრემიერ-მინისტრი იქნებოდა''.
ივანიშვილმა არც კვირიკაშვილის წინამორბედი, ირაკლი ღარიბაშვილი დაივიწყა, რომელსაც მისი თქმით, კარგი რესურსი აქვს: ,,თუ მიაქციეთ ყურადღება, ყრილობაზე მოვიდა და მქუხარე ტაშით შეხვდნენ, ცოტა შემშურდა კიდეც''.
კითხვაზე, არის თუ არა დრო, ღარიბაშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში, ივანიშვილს ამგვარი პასუხი აქვს: ,,ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს, კრიზისული არაფერია დღეს ,,ქართულ ოცნებაში'', განსაკუთრებულიც არაფერი ხდება. მან მისცა საშუალება გუნდს და მე ამას ძალიან ვაფასებ, ის წავიდა თავის წარმატების ზენიტში და გააგრძელა ტრადიცია, რაც მე დავამკვიდრე. ის, რომ დღეს პოლიტიკაში გვყავს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც აქვს რესურსი, რომელიც უყვარს საზოგადოებას და რაღაც რომ მოხდეს, მას შეუძლია კიდევ ახალი ძალა ჩამოაყალიბოს, ან ძველს დაუდგეს მხარში, ძალიან დიდი ფუფუნებაა''.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იმ ეკონომიკის მსგავს ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, დემოკრატიული ღირებულებების დაცვა საკმაოდ მაღალ დონეზეა: ,,მსოფლიოში ვერ ნახავთ მსგავსს, რომ ადამიანის უფლებები ამ დონეზე იყოს დაცული. მსგავს მაგალითს ვერ ნახავთ, რომ ასეთ ღარიბ, ასეთ ეკონომიკის მსგავს ქვეყანაში, ამ დონეზე იყოს დაცული დემოკრატიული ღირებულებები''.
ივანიშვილის თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში, მედია მონოპოლიზებული იყო, რის გამოც მოსახლეობა რეალობას ვერ ხედავდა: ,,მიხეილ სააკაშვილი დავით აღმაშენებელს ედრებოდა. როგორი თავხედობაა. ამას ახერხებდა, რომ ვირტუალურ სამყაროს გვიხატავდნენ ყველა ტელევიზიიდან, იშვიათი გამონაკლისის გარდა''.
ექსპრემიერისა და ბიზნესმენის განცხადებით, ძნელია, ადამიანს, რომელსაც მცირეშემოსავლიანი სამსახური აქვს, დემოკრატიაზე ესაუბრო, მაგრამ ეს მთავრობის ბრალი არ არის. ივანიშვილის თქმით, ვისაც არ ბეზრდება, დღეს აკრიტიკებს, ლანძღავს მთავრობას და ასე შეიძლება ქვეყანა მოჯადოებულ წრეზე დაბრუნდეს: ,,მესმის, ძალიან ძნელია, გაჭირვებულ კაცს, რომლის სახლშიც მაცივარი ნახევრად ცარიელია, შემოსავალი ძალიან მწირი აქვს, დემოკრატიულ ღირებულებებზე ესაუბრო. ძნელი მისაღებია, რაღაც უფლებებზე ესაუბრო, როცა ელემენტარული, ოჯახის ღირსეულად რჩენის უფლება არ გააჩნია, მაგრამ ეს კვირიკაშვილს, ან მთავრობას რომ დავაბრალოთ, არ იქნება მართალი. დღეს, ვისაც არ მოეწყინება, ნებისმიერ ბრუნვაში აკრიტიკებენ და ლანძღავენ მთავრობას. მთავრობის ბევრი წევრი ხათრით არის იქ შერჩენილი და მხოლოდ იმ ენთუზიაზმით, რომ საკუთარ ქვეყანას დაეხმაროს. ასე შეიძლება მივანგრიოთ ეს ყველაფერი და მოჯადოებულ წრეზე დავბრუნდეთ''.
ივანიშვილის თქმით, ოპოზიციის ძირითადი როლია, ხელისუფლება არგუმენტირებულად აკრიტიკოს, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით.
ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ არ სურს, საზოგადოებას ჰქონდეს იმის განცდა, თითქოს ის ჟურნალისტებთან დაპირისპირებულია. აცხადებს, რომ კარგი პრაქტიკა აქვს და კარგი გამოცდილება მიიღო ,,რეალ ტივისგან'' და ,,რუსთავი 2''-სგან. მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზეც არაორდინალური ინტერვიუ ჰქონდა: ,,ვერ ვიზიარებ აზრს, რომ ჟურნალისტების მიჭირხვნით ვარ დაკავებული. ძალიან მიყვარს ჭეშმარიტების ძიება და ამით, ალბათ, არ განვსხვავდები სხვა ადამიანებისგან. სულაც არ მსიამოვნებს, თუ ჟურნალისტი გავანაწყენე, მაგრამ მგონია, რომ ეს ნორმალურია და არაა ზღვარგადასული''.
ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტიკაში თავისი შესაძლებლობების მოსინჯვაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ძიების პროცესში იყო, პოლიტიკიდან წასულს, როგორ გამოეყენებინა თავისი შესაძლებლობა და დახმარებოდა საზოგადოებას. ,,მალევე მათქმევინეს ამაზე უარი, ისეთი იყო რეაქცია, ჩემი ჟურნალისტობა არავის მოუნდა. ვფიქრობ, ძალიან კარგი პროფესიაა, ძალიან მომწონს, მე მშურს თქვენი'', - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ სექტემბერში აპირებს, გააკეთოს იმის მსგავსი გადაცემების სერია, რომელიც ჰქონდა 2030-ზე. ,,როგორ გამომივიდა მაშინ ანალიზი და როგორ გამომივა ახლა, თქვენი შესაფასებელია. ამის სურვილი გამაჩნია მხოლოდ ერთი მიზეზით - მგონია, რომ საზოგადოება ელოდება ჩემს აზრს'', - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ როგორც კი ეს განცდა გაუქრება, აღარ გამოჩნდება ეკრანებზე.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სჯობს, გადაჭარბებული იყოს ხელისუფლების კრიტიკა მედიის მხრიდან, ვიდრე - არ იყოს საკმარისი. მისი თქმით, გარკვეულ ტელევიზიებში ხელისუფლების კრიტიკა გადაჭარბებულად ისმის, თუმცა ეს აუცილებელიცაა: ,,GDS ყველაზე ზომიერი ტელევიზიაა. ვერავინ დაარქმევს GDS-ს, რომ ის ან ჩემს ან ხელისუფლების აგიტაციას ეწევა, ან იმ გუნდისას, რომელიც დავტოვე. აბსოლუტურად დაბალანსებულია. უფრო გადაჭარბებული არიან სხვა ტელევიზიები, თუმცა ასე სჯობს. პირიქით, სჯობს, გადაჭარბებული იყოს ხელისუფლების კრიტიკა, ვიდრე, არ იყოს საკმარისი. ზოგი ტელევიზია ამას აჭარბებს, მაგრამ ესეც ნორმალურია. საზოგადოებამ უნდა მოახერხოს, მას სწორი ანალიზით უპასუხოს. რაც კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის, ჟურნალისტს ყველაფრის უფლება უნდა ჰქონდეს''.
,,რუსთავი 2''-ის ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ ბიძინა ივანიშვილს ჰკითხა, რატომ ადანაშაულებს ,,რუსთავი 2''-ს სიცრუის ტირაჟირებაში. ივანიშვილი ჟურნალისტს მსგავსი სიის გამოქვეყნებას დაპირდა: ,,ეგ არის თქვენი ტელევიზია და თქვენი ბეჭედიც აქ მოიტანეთ, არ გჭირდებათ ჩემი კრიტიკა, თქვენვე უპასუხეთ კითხვებს. რითიც იყავით დაკავებული, აგიტაციით, თქვენ და თქვენი მეუღლე, მშვენივრად გადმოიტანეთ, ცდილობთ, აქაც გაავრცელოთ''.
ივანიშვილის თქმით, სასამართლო თავისუფალია და ,,რუსთავი 2''-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას დარბაზიდან უზრდელური გამონათქვამების გამო აძევებენ:,,თქვენი სურვილია, სასამართლო პროცესების გარჩევა დავიწყოთ, ამას შესაბამისი სპეციალობა სჭირდება. სასამართლოში თქვენი დირექტორი უხეშ სიტყვებს ხმარობს, უზრდელობს და ამიტომ გამოაძევეს დარბაზიდან. არ ვაპირებ სასამართლოს ქმედების შეფასებას, ის თავისუფალია''.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს სასამართლო მთლიანად ხელისუფლების ძალაუფლების ქვეშ იყო. ბიზნესმენი არ იზიარებს ბრალდებებს ხელისუფლების მიმართ, რომ ,,რუსთავი 2''-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში დღევანდელი ხელისუფლების ხელი ურევია. ექსპრემიერმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც დაინტერესდა, რას ფიქრობდა იმ მოსამართლეებზე, რომლებიც ტელეკომპანიის საქმეებს განიხილავდნენ და ზოგადად პროცესზე, რომელიც კვესიტაძის თქმით, არასამართლიანად მიმდინარეობს: ,,თქვენ გინდათ, სასამართლო დღეს ტელევიზიაში გადმოიტანოთ. აქ გაარჩიოთ, თქვენ და ნიკა გვარამიამ გაარჩიოთ, როგორია სასამართლო დღეს. კიდევ გეუბნებით, სასამართლოს ნუ აყენებთ შეურაცხყოფას. ჩვენი წარმატებული ნაბიჯი იყო ის, რომ სასამართლოს მივეცით თვითგადარჩენის, აღდგენისა და განვითარების საშუალება. ხელისუფლება არ ჩაერევა სასამართლოს უფლებებში. შესაბამისად, თქვენც შეეგუეთ ამას. კარგად იცით, რომ 9 წლის განმავლობაში, სასამართლო სათამაშოდ გქონდათ გადაქცეული და ხალხის დასასჯელად იყენებდით. თითით აჩვენებდით, ვისთვის რა უნდა ექნათ. მათ შორის, თქვენი მეუღლეც. არ შემოვალ იმ პოლემიკაში, სასამართლომ ვინ გამოაძევა და როგორ იყო. ტყუილად დახარჯავთ დროს ამის მცდელობაში''.
ივანიშვილისვე თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, სასამართლომ დაიწყო თვითგამორკვევა, მოსამართლეები ტელევიზიით გამოდიან, იცავენ უფლებებს და პოლემიკაში შემოდიან.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებას მისი სჯერა, რაც არჩევნებზე გამოჩნდება. ივანიშვილის თქმით, მას აქვს ვალდებულების განცდა მოსახლეობის მიმართ და სჯერა, რომ საზოგადოება მას მხარს უჭერს: ,,მგონია, მაქვს განსაკუთრებული როლი, რამეთუ ვგრძნობ, რომ საზოგადოებას აქვს ჩემი ნდობა. შეიძლება, ეს მცდარია და ამას დავინახავთ. მაქვს ვალდებულების განცდა, დავეხმარო, არჩევანი კი საზოგადოებაზეა, რამდენად მიიღებენ მას. ვალდებულების განცდა მაქვს, რომ ჩემი სჯერა საზოგადოებას და მე არ უნდა ვუღალატო მას. გავაკეთო ყველაფერი, დავეხმარო და ვაჩვენო ჩემებურად, არგუმენტირებულად, როგორ ვხედავ მოვლენებს. თუ ვნახე არჩევნებზე, რომ ჩემი აღარ სჯერათ, როგორც ვნახავ რომ ნახევარზე ნაკლებზე წამოვიდა პოზიცია და აღარ დაუჭირა საზოგადოებამ მხარი, გარწმუნებთ, რომ მოგენატრებით, ვეღარ მნახავთ ტელევიზიებში, დაგემშვიდობებით და დავბრუნდები იქ, სადაც ვიყავი''.