მუშტი-კრივი პარლამენტში

მუშტი-კრივი პარლამენტში

გასულ კვირას პარლამენტში ერთმანეთს ფიზიკურად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი და "ნაციონალი" გიორგი ბარამიძე დაუპირისპირდნენ.

პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ ძალიან აკვირვებს "ნაციონალების" მოთხოვნა, პარლამენტმა დაგმოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. ჯაჭვლიანის შეფასებით, ძალიან ცუდია ის, რაც ხდება უკრაინაში, თუმცა უპირველესად, "ნაციონალებმა" უნდა დაგმონ 7 ნოემბერი და 26 მაისი.

ჯაჭვლიანმა აფრასიძეების ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაცია გაიხსენა: "ეს ის ბარამიძეა, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ აღიარა, როგორ დაესხა თავს აფრასიძეების ოჯახს 1500 ჯარისკაცით და 12 ვერტმფრენით, ბავშვებს თვალწინ მოუკლა ბიძა და ბაბუა, შებილწეს საფლავები, გაატყავეს ადამიანები, მთელ საქართველოს ამცნეს, რომ კალაძის ძმა და გატაცებული ადამიანების საფლავები აღმოაჩინეს. მათ სურდათ, შეეძულებინათ სვანეთი საქართველოსთვის.

სპეცოპერაცია ასე გაამართლეს, სვანეთი დავაშინეთ და დავაჩმორეთო. თქვენ თქვენი თავი და ოჯახები დააჩმორეთ და არა  - სვანეთი. მოვუწოდებ შს მინისტრს, ხშირად ჩაატაროს რეიდები დამნაშავე "ნაციონალების" დასაცავად, სადმე არ გადაგეყარონ თქვენ მიერ ნამუსახდილი ადამიანები და არ იხმარონ თქვენი სიმბოლო -– ცოცხი და "დუბინკა". ბარამიძე თავად ამბობს, დამკითხეთო. მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოიძიონ ყველა დეტალი. მე კარგად ვიცნობ ჩემს კუთხეს და მინდა მივმართო ბარამიძეს, ნუ ბლატაობ, შე ჩმორო".

ამ განცხადებამ ბარამიძე გააღიზიანა და სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. "ნაციონალებმა" მომხდარს დაგეგმილი პროვოკაცია უწოდეს და პარლამენტის სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადეს.