მწვრთნელის მისია

მწვრთნელის მისია

თუკი სანდრო ჯეჯელავას პერსონალური და პროფესიული კომპეტენციები გაინტერესებთ, მისი LinkedIn-ის პროფილი შეისწავლეთ. მშრალად, მაგრამ სრულყოფილად იქ მის ყველა საკვანძო წარმატებას ნახავთ .

მენეჯერი 20-წლიანი გამოცდილებით ფუნქციონალურ და საპროექტო მენეჯმენტში. წარმატებული გამოცდილება დიდ, კომპლექსურ, ქართულ და საერთაშორისო პროექტებში. განმანათლებელი 10-წლიანი გამოცდილებით აკადემიური სწავლებისა და პროფესიული ტრენინგების სფეროებში. არის სერტიფიცირებული საერთაშორისო პროექტის მენეჯერი და ქოუჩი. ღრმა ექსპერტული კომპეტენცია საბანკო საქმეში, საჯარო სექტორში, უმაღლესი განათლების სისტემაში, საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებსა და ბიზნეისის IT ინტეგრაციაში. მათემატიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში აქვს მაგისტრის ხარისხი. თავისუფლად ფლობს ინგლისურს და რუსულს“.

ამ მოკლე წარდგენას მოჰყვება გამოცდილების გრძელი და დეტალური ჩამონათვალი, სანდროს საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერები და 94 პერსონალური რეკომენდაცია, რომელსაც მას ძირითადად მაღალი რანგის მენეჯერები აძლევენ, მათ შორის – პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ამ ნაწილში გაიგებთ, რას ფიქრობენ სანდროს მოსწავლეები და კოლეგები ამ „შთამაგონებელ ლიდერზე, მასწავლებელსა და კარგ მეგობარზე“. 

ამ სიაში ჩემი რეკომენდაციაც რომ ყოფილიყო, ალბათ ასეთი იქნებოდა: 20 წელია, რაც სანდროს ვიცნობ და ყოველთვის მუცელი ხელით მიჭირავს, იმდენს ვიცინი მის ხუმრობებზე. ცხოვრებაზე ხელი ჩაქნეულიც რომ მქონდეს, მასთან 5-წუთიანი შეხვედრაც საკმარისია, რომ ცა ქუდად არ მიმაჩნდეს და დედამიწა ქალამნად, მათემატიკა და ფიზიკა რომ კარგად იცის, მაგაზე აღარც დავწვრილმანდები, თუმცა, თუკი მართლაც რამე მაკვირვებს მასში, ეს მისი ტრანსფორმაციის უნარია. სანდრო 20 წლის წინ, 15, 10, 5 წლის წინ და სანდრო ახლა სულ სხვადასხვანაირი ადამიანია.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება მასთან მუშაობამ და მეგობრობამ მოგცეთ, ესაა უნარი, გაიგოთ ვინ ხართ და შეცვალოთ თქვენი თავი.

ეს ინტერვიუც იმაზეა, თუ როგორ „წვრთნის“ სანდრო ჯეჯელავა საკუთარ თავს და ადამიანებს თავის გარშემო.  

სანდრო, როგორ ფიქრობ, ამ  მომენტში რა არის ყველაზე აუცილებელი შენთვის პერსონალური და პროფესიული წარმატებისთვის?

- მე რომ ოქროს თევზი შემხვდეს, ვეტყოდი: შემომიფარგლე თბილისიდან 1000-კილომეტრიანი რადიუსი და ისე გააკეთე, რომ ამ ტერიტორიაზე ყველა მიცნობდესეს პირველი; მეორეარ მოვკვდე კიდევ 30 წელი; და მესამეფუნდამენტური ცოდნა მჭირდება! აი, ამ სამს ვეტყოდი და დამთავრდებოდა ჩემი შრომა და დაიწყებოდა მოღვაწეობა.

- რატომ მაინცდამაინც 1000-კილომეტრიანი ცნობადობა, რაში გჭირდება?

- რომ დამიჯერონ. მე ხომ განმანათლებელი ვარ?! ჩემი ამოცანაა, სხვების ცხოვრება შევცვალო. სხვების ცხოვრება რომ შეცვალო, უნდა იყო ცოცხალი, მაგარ რამეებს ლაპარაკობდე და გიჯერებდნენ! ცნობადობა სანთლის მაღლა დადგმის მცდელობაა. ანთებულ სანთელს მაგიდის ქვეშ არავინ დგამს, სანთელი რაც შეიძლება მაღლა უნდა იყოსრომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გაუნათოს. მე რომ არავინ მიცნობდეს, დამიჯერებდა 10 კაცი, თუ ჩემს მეგობრებს, მეზობლებს და თანამშრომლებს დავუმატებთ – 100-ზე ავდივარ, მერე 1000-ზე და .. ახლა, ალბათ მიცნობს 10 ათასი ან 100 ათასი საქართველოში და მინდა 10 მილიონი. რატომაც არა?! აი, მომავალ წელს, მაგალითად, სტენფორდში ვაპირებ დოქტორანტურაში ჩაბარებას

- და რისი გაკეთება მოგიწევს სტენფორდში მოსახვედრად?

- ყველაფრის! იმდენად მაღალი კონკურსია, რომ ერთადერთი შანსია, თუ რომელიმე იქაური მაგარი პროფესორი იტყვის: ეს კაცი მე მინდა დოქტორანტად. ამიტომ ახლანეტვორკინგისამოცანას ვჭრი, ვფიქრობ, როგორ მივაგნო საჭირო ტიპებს, იმ  პროფესორებზე რომ გამიყვანენ, რომლებიც მე მაინტერესებს, რომ ჩავიდე და მოვხიბლო ეს ადამიანები.

- ამ ეტაპზეც მაინც გჭირდება სწავლის გაგრძელება?

- ბევრ ამოცანას, რომლის მიღწევაც მინდა, სჭირდება საერთაშორისო ავტორიტეტი. ჩემი ავტორიტეტი, ჯერჯერობით, მხოლოდ ქართულია. საერთაშორისო ავტორიტეტს 5 წელიწადში კავშირებით ვერ მოიპოვებ და, საერთო ჯამში, ეს 5 წელიწადიც არ გეხარჯება, თუ სტენფორდის  დოქტორანტი ხდები. რა წამსაც ეს მოხდება, იმ წამს შეიძლება დააკაკუნო, მაგალითად, არაბული კომპანიის კარზე. ეს ერთი; და მეორემიმაჩნია, რომ სიღრმისეული ცოდნა არა მაქვს, რაღაც წიგნები რომ წამიკითხავს, ეგ არ ითვლება. ორგანიზაციული ქცევა მაინტერესებს: მოტივაცია, ზრდა, გუნდურობა, კულტურა, კონკურენცია ანუ ფსიქოლოგიისა და ბიზნესის გადაკვეთა. კონკრეტულად სტენფორდი კი იმიტომ  მინდა, რომ  მგონია, აქაურობას თუ გინდა დაეხმარო, ინოვაციების და ტექნოლოგიების კუთხით,  „სილიკონის ველზეუნდა მოხვდე.

- საკმაოდ რთულად მისაღწევი მიზანი სრულიად რეალისტურად მიგაჩნია, რა არის ის, რაც თვითრწმენას გაძლევს

ეს არის ჩემი დანიშნულების ძალიან ცხადი გააზრება. მე რომ განმანათლებლობა მინდოდა, პროფესორობა და ლექტორობა რომ მინდოდა და სულაც არ მინდოდა ბიზნესი და დირექტორობაეს ვიცოდი, ოღონდ ცხოვრება აირია და ამ არეული ცხოვრების რიტმში გავუყევი სხვა გზას, ფულის დინებას, სტატუსის დინებას, ოჯახის შექმნის დინებას.

შეიძლება ითქვას, რომ 20 წელი სხვისი ცხოვრებით ვიცხოვრე, ვაკეთებდი იმას, რასაც ჩემგან მოელოდნენ და არა იმას, რაც მინდოდა. ჰოდა, აი, ამ იდეასთან დაბრუნების პროცესში ვარ. ახლა რომ ვიყო 28 წლის, ვიფიქრებდი, რომ ძალიან ბევრი დრო მაქვს ამის გასაკეთებლად, არადა, 5 წელიწადში რომ დავბრუნდები, 48 წლის ვიქნები და ახლა ვითვლი, რამდენი პროდუქტიული წელი დამრჩა კიდევ, მაინტერესებს, ჯანმრთელობას რომ არ ვუვლიდი, ამ პირობებში რას მოვასწრებ.

იცი, როგორ არის, 40-დან 50 წლამდე თუ არ მოკვდი, მერე გაქვს 80-პროცენტიანი შანსი, რომ 80- მიუკაკუნო. ახლა 50-მდე უნდა მივაღწიოეს არის ამოცანა... მაგრამ ფუნდამენტური დასაყრდენი, მაინც ღმერთის რწმენაა. ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდებაკარგიც და  ცუდიცდაკავშირებულია ღვთის ნებასთან, აი, ასე. პირდაპირ. მე რომ ღმერთის არ მჯეროდეს, ვერ ვხვდები, როგორ გავუმკლავდებოდი რთულ გამოწვევებს. თუ ისეთ რამეს აკეთებ, რაშიც ღმერთის ხელშეწყობა გაქვს, მაშინ საშიში აღარაფერიათუ ღმერთი შენკენაა, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, შენ წინააღმდეგ ვინ იქნება?!

- კონკრეტულად მართლმადიდებლობაა შენთვის ღირებული?

- იცი, ასე ვიტყოდი: სწორედაც რომ მართლმადიდებლობაა ღირებული, მაგრამ ეს შეიძლება მარკეტინგის შედეგი იყოს. შეიძლება, სხვა ბაზარს დაქვემდებარებული რომ ვყოფილიყავი, მაგალითად, მეცხოვრა იტალიაში, კათოლიკეც ვყოფილიყავი. იცი რა, სახარებაში ყოველ მეორე სტრიქონში წერიაშენს თავს მიხედე, შენს თავს უშველე! ჰოდა, რატომ უნდა გამოვიძიო, ვინ არის მართალი და ვინ არა? იყო დრო, უეკლესიო მორწმუნეც ვიყავი, ახლა მამა ლევანთან დავდივარ და ასე მირჩევნია, მაგრამ ისეც არ ვიყავი ცუდად: ღმერთის მჯეროდა, პატიოსნების, მოკლედ, ბევრი კარგი რამის მჯეროდა და მჯერა.

- ამბობ, რომ საერთაშორისო ავტორიტეტი და გავლენა გჭირდება. რისთვის, რა არის ამ ეტაპზე შენი მამოძრავებელი ამოცანები

პირველიდარწმუნებული ვარ, ისეთი დრო დადგა, როდესაც ქართველს ყველაზე მაღალი შესაძლებლობები აქვს მსოფლიო მასშტაბით. ძალის ეკონომიკა შემცირდა, ტვინის ეკონომიკა გაიზარდა, ნავთობი გაიაფდა, ტვინი გაძვირდა. ამიტომ მგონია, რომ ახლა ნიჭიერ ტიპებს საწვავი რომ ჩაუსხა, შესაძლებელი იქნება გლობალური სიკეთეები გავიდეს ამ ქვეყნიდან ჯართის ნაცვლად.

მეორეტექნოლოგიები, დღეს ისეთი რამეები ხდება შესაძლებელი, როგორიც წინათ წარმოუდგენელი იყო. მაგალითად, შეგვიძლია კომაროვის შაბათის სკოლა საერთაშორისო პროდუქტი გავხადოთ და არაბ ბავშვებს მათემატიკა ვასწავლოთ.

მესამემილენიალები, ანუ ახალი თაობა. ეს მილენიალები სასწაული ხალხია, ესენი არიან, ვინც ქმნიან ფეისბუკებს და ვირტუალურ რეალობებს. მოკლედ, ნამდვილი გენიოსები. ჩვენთან ეს არის ყველაზე მცირერიცხოვანი თაობა ბოლო 50 წელიწადში, 90-იანებში რომ აირია ქვეყანა, შობადობა შემცირდა და დემოგრაფიული ორმო გაჩნდა. 600 ათასი ადამიანი გვაკლია 5-25 წლის ასაკის შუალედში. და, თუკი ესენი არიან ჩვენი იმედი და ეს იმედი არის რაოდენობრივად ცოტა, მაშინ მათ ძალიან მაგარი ხელშეწყობა სჭირდებათ. მე, სხვა რამეებთან ერთად, ხელშეწყობაში ვგულისხმობ ეთნიკური ქართველების, ან თუნდაც არაქართველების, მოზიდვას შედარებით ღარიბი ქვეყნებიდან.

მოკლედ, დავით აღმაშენებელმა რაც გააკეთა, მსგავსი რამე გვაქვს გასაკეთებელიმაშინ მას მებრძოლები სჭირდებოდა, ახლა ჩვენ გვინდა ინტელექტუალური ლაშქარი. ისეთი ღრმა რწმენა მაქვს ამ ტიპების, რომ მგონია, მათ თუ გახსნაში დავეხმარებით, სასწაულებს ჩაიდენენ.

მეოთხესასაკოლო განათლება, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას  და მგონია, რომ თუ განათლების სისტემის ცვლილება არ მოხდა, დაიღუპებიან, გაუბედურდებიან ეს მილენიალები. უნდა შევქმნათ სასკოლო განათლების  ალტერნატივები.

მეხუთესოციალურ იდეაზე დაფუძნებული ბიზნესის პოპულარობის გაზრდა. ფეისბუკი, ამაზონი, სხვები, ვისაც უნდათ მსოფლიოს შეცვლა, ამბობენ: დღეს ფულის კეთება არ შეიძლება იყოს მთავარი მიზანი, თუ ჩვენ ხალხს უკეთეს ცხოვრებას მოვუტანთ, ფული გაკეთდება და მეც გულწრფელად მჯერა ამ იდეის. ამის პროდუქტია მართვის აკადემიაც.

დაბოლოს, ჩემი მეექვსე მამოძრავებელი იდეა. რაღაც პერიოდია, ვფიქრობ, რა კონკურენტული უპირატესობა აქვთ ქართველებს, რაღაც ხომ უნდა ჰქონდეთ განსხვავებული? ჰოდა, ჩემი აზრით, ქართველები განსაკუთრებული მეწარმეები, ანტრეპრენიორები არიან. როდესაც მტკიცებულებებს ვეძებ, ვხედავ, რომ ყველანი, ვინც საქართველოს გარეთ წარმატებულები გახდნენ, ანტრეპრენიორები იყვნენ. ანუ აუცილებელი პირობა მაქვსიმისათვის რომ ანტრეპრენიორი გახდეს, ქართველს  ძალიან მრავალფეროვან გარემოსთან უნდა ჰქონდეს შეხება. მის წინ რუსები, ამერიკელები და იაპონელები უნდა დადიოდნენ ბლომად. იმ დღეს ვფიქრობდი, 17 მაისის ცნობილ ფოტოზე ორი ტიპი რომ არის გამოსახული, ძალიან მრავალფეროვან გარემოში რომ ჩამასმევინა, მგონია, რომ ცოტასწაუგრუზინებდა“, ცოტა ხანში კი იტყოდა: „რა კაი პონტია კაცო, აქ შეიძლება მეც რაღაც სასარგებლო მოვაკვარახჭინო!“ და ტოლერანტი გახდებოდა, მაგრამ თავისიანებში რომ დამებრუნებინა, ისევ დაიბოღმებოდა.

- შენ განათლების სისტემის ალტერნატივებს ეძებ, რას გულისხმობს ამაში

ვფიქრობ, რომ სკოლის პარალელურად გვჭირდება რაც შეიძლება ბევრი სივრცე, სადაც ბავშვებს მივცემთ ინტერნეტს, ტექნოლოგიებს და მენტორებს. ეს ბავშვები ამ  სივრცეებში თვითონ ისწავლიან. შენ ეუბნები: გამარჯობა ბავშვებო, ჩვენ გვაქვს პრობლემავაკის პარკი ძალიან დანაგვიანებულია და უნდა გავასუფთაოთ. მოკვლევა, გეგმა და მერიისთვის წინადადების შეთავაზებამათი ამოცანა იქნება. ხვალ მოდიან იგივე ბავშვები და ვაძლევთ ახალ დავალებას: რიგებია რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ანუ დიდების პრობლემებია, აქვთ საშუალებები და გენიალური თავები აბიათ, ჰოდა, უნდა გადაჭრან! მგონია, რომ ასეთითვითსწავლისსივრცეები ჩვენს ბავშვებს მისცემს იმას, რასაც ვერ აძლევს განათლების სისტემა.

- თავად როგორ ზრდი შვილებს?

ასეთი რამე წავიკითხე, შვილები კი არ აღზარდოთ, თქვენი თავი აღზარდეთ და შვილები დაგემსგავსებიანო. ანუ ჩემი სტრატეგია თუ უსტრატეგიობა ისაა, რომ მე თვითონ მაქსიმალურად რეალიზებული მინდა გავხდე. შეიძლება ვცდები, მაგრამ ერთი, რასაც ჩემი შვილები ვერასდროს მეტყვიან, ესაა, რომ რამე დავაკელი შრომას, საქმეს, მისიას. და მეორე, მინდა გავათავისუფლო სტერეოტიპებისგან. მაგალითად, ჩემს უმცროს შვილს ვეუბნებითუ არ მოგინდება უმაღლესი განათლება, არ ისწავლო-მეთქი. ვუხსნი, რომ ოთხი წლის და ბევრი ფულის დახარჯვა იმაში, რაც ზუსტად არ იცის უნდა თუ არა, ცოტა საშიშად გამოიყურება.

შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ნაკლები კონკრეტული სტრატეგია ჩემს შვილებთან მიმართებით მაქვს. ძალიან მინდა, რომ იყვნენ ბედნიერები, ეს ბედნიერება კი იმაშია, რომ საკუთარ თავს მისცენ ბედნიერების უფლება. ჩვენი უფროსი შვილი 18 წლის რომ გახდა, ცალკე ცხოვრება მოინდომა და ჩვენც დავეხმარეთპატარა ბინა ვუყიდეთ. ყოველთვის ასე არ იყო, სამწუხაროდ. ჩემს პირველ შვილს ბევრი უვარგისი ჭკუის სწავლების მოსმენა მოუწია, რისიც ახლა ძალიან მრცხვენია, თუმცა რა ვქნა, მეტი ჭკუა არ მქონდა და ახლა ვცდილობ, ასე აღარ გავაკეთო.

- რაზეც არ უნდა ვლაპარაკობდეთ, ყველაფერს პოზიტიურ, ოპტიმისტურ ჭრილში ხედავ, მაინტერესებს, რისთვის გაკრიტიკებენ ყველაზე  მეტად, რაშიგაფუჭდი“, შენი სიტყვებით რომ ვთქვათ

- პირველი, მთავარი და მეგაშეცდომა ის იყო, რომ დაახლოებით ასე 30 წლის განმავლობაში მეგონა, რომ მე ვიყავი ჩემი წარმატების საფუძველი, რომყველაფერს ჩემით მივაღწიე“. მე ვიყავი ნიჭიერი, მე ვისწავლე სხვებზე კარგად, მე ვიყავი მებრძოლი და გამოვჯანმრთელდი 2 წლის ასაკშიეს   არის ტყუილი, ტრაგიკული, სამარცხვინო ამპარტავნება, რომელიც არ შეიძლებოდა ბევრ ადამიანს არ შეხებოდა. ვიღაცა მიზიარებდა თავის პრობლემას, მე კი ვეუბნებოდი: არა რა, შენა ხარ სუსტი, მაგას როგორ ვერ მიხვდი, ეგ როგორ ვერ გააკეთე, მეტი უნდა გესწავლა, მეტი უნდა გეშრომა, არადა სისულელეორი პროფესორი გყავდა სახლში და სამი აკადემიკოსი, მცხეთის 2 ნომერში დაიბადე, შევარდნაძის ბინიდან ორი სართულით ქვემოთ და სხვაზე მაგარი ხარ, არა?!

მეორე ასეთი გრძელვადიანი, სისტემური შეცდომა იყო, რომ მჯეროდა: ჯერ თავო და თავო! სოციალურ პასუხისმგებლობას ვაყენებდი პირადზე, ოჯახურზე უკან, ეს როგორ დამემართა, არ ვიცი, მაგრამ ასე იყო. რაღაც მომენტში კაპიტალისტზე მეტი კაპიტალისტი გავხდივინც ღარიბია, სამართლიანადაა ღარიბი, ვინც მდიდარიაიმიტომ, რომ დაიმსახურა. მოკლედ, მგონი ამის გამო ძალიან ბევრი შესაძლებლობა გავუშვი ხელიდან, შემეძლო ცოტა მომეკლო საკუთარი თავისთვის და სხვისთვის მიმეხედა, მატერიალურად, პროფესიულად.

კიდევ ერთიპოზიტიურობას, ოპტიმიზმს ერთი ნაბიჯი ჰყოფს ჯიუტობისგან  და ხანდახან მრცხვენია ხოლმე, რომ სათანადოდ არ ვუსმენ ხალხს, რომელიც მიხსნის, რა მეშლება. ამ მიმართულებით ვმუშაობ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დიდი პროგრესი მაქვს.

და ბოლოს, ჯანმრთელობის უგულებელყოფა, რაც რას მივაწეროუკულტურობას, დაუდევრობას, ახალგაზრდულ  სიშტერეს თუ რას, არ ვიცი.

- მართვის აკადემიის მთავარი ამოცანაა მენეჯერებისთვის იმ უნარების გადაცემა, რაც მათ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში  დაეხმარება. რაღაც თვალსაზრისით, ყველა ინდივიდუალური მენეჯერები ვართ, გადაწყვეტილებების მიმღები არსებები, ჰოდა, რაშია აქ  წარმატების საიდუმლო?

ძალიან ფუნდამენტური რამეა პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე. როგორც წესი, დამსახურებას სულ ჩვენზე ვიწერთ და რაც ფუჭდება, სხვისი ბრალია. მე თუ სამსახურში მიმიღეს, იმიტომ, რომ ჭკვიანი ვარ და თუ არ მიმიღეს, იმიტომ, რომ ჩაწყობითაა. თუკი მანქანაში შუშებზე ჩვენს დახატულ ნახატებს გავაკრავთ, მანქანას ხომ ვეღარ ვმართავთ?! მოკლედ, აქ მთავარია, რომ რეალობას შეხედო თვალებში. სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად ძნელი.

ასევე, ამბობენ, რომ როგორც თითოეულ ორგანიზაციას მართავს საბჭო, ხელმძღვანელების გუნდი, ასევე ჩვენს თავებში ცხოვრობენ სხვადასხვა ხმებიდედის, მამის, დავით აღმაშენებლის, ნაცარქექიასი და .. და როდესაც გადაწყვეტილებაა მისაღები, ყველა თავის მოსაზრებას გამოთქვამს. სანდრომ გადაწყვიტა ვარჯიში, ნაცარქექია ეუბნება: არ წახვიდე, გაცივდები, დღეს  წვიმს, მე შენზე ვზრუნავ. ამმაჯლაჯუნებმა“, რომლებიც იდეალურად გიცნობენ, უზუსტესად იციან, როდის რა უნდა გითხრან, რომ გაგაზარმაცონ, შეგაშინონ. თუ გინდა, რომ წარმატებული მენეჯერი გახდე, მაშინ გახდი ამ შინაგანი საბჭოს თავმჯდომარე. მოუსმინე ნაცარქექიას, მაგრამ გადაწყვეტილება შენ მიიღე.

რაც მთავარია, უნდა  იცოდე, სად მიდიხარ. შუქურასავით ვარსკვლავია საჭირო და თუ არ დაისახე მიზანი, მისია, დანიშნულება, მოწოდება, ვერ მიხვდები გზაჯვარედინებზე საით უნდა გაუხვიო, მარჯვნივ თუ მარცხნივ.

და ბოლოს, ამ ჯადოსნური რეცეპტის მეოთხე კომპონენტივინც არ უნდა იყო, უნდა გქონდეს ამოცანა, რომ ყოველდღე რაღაც ახალი შეიძინო, განვითარდე

- დარწმუნება შენი ერთ-ერთი სამუშაო ინსტრუმენტია, ჰოდა როგორ ხიბლავ ადამიანებს?

ასეთი უცნაური შემთხვევა მქონდა, საქმიან შეხვედრაზე დაახლოებით ერთ საათს ვესაუბრებოდი ადამიანს ისე, რომ ამ ხნის განმავლობაში ერთი სიტყვაც არ მითქვამს. გამარჯობა ვუთხარი და დაიწყო იმან ლაპარაკი, 60 წუთი ილაპარაკა, მე შიგადაშიგ  ვამბობდი: აჰა, ოჰო, მმმ, ააა, აჰა-აჰა, მერე იმ კაცმა საათზე დაიხედა და თქვა: ვაიმე, შემდეგი შეხვედრა დამეწყოო და გაუჩინარდა. უკანა გზაზე მანქანაში განცვიფრებული ვფიქრობდი, ნეტა ახლა რა მოხდება? იმავე დღეს დამირეკა ჩვენმა შუამავალმა და მითხრა, გადარეულია, გაგიჟებულია, ეს რა კაცი გამაცანიო, აუცილებლად უნდა ვითანამშრომლოთ მასთანო! მოკლედ, შენთან თუ ადამიანი კარგად გრძნობს თავს, .. მოხიბლულია.

ბავშვობაში გვეუბნებოდნენ, მთავარია გაგებაო და ეს აღმოჩნდა სიმართლე. ოღონდ ამას დღეს ჰქვია ემოციური ინტელექტი. როგორც დედამიწა დგას სამ ვეშაპზე, ისე დგას ემოციური ინტელექტიც სამ საყრდენზე.

პირველიიცოდე შენი თავი. ემოციურად ინტელექტულურმა ადამიანმა იცის რა სჭირს, რამ გააბრაზა, რატომ მოიწყინა, ერევა ამას და გარეთ არ გადმოანთხევს. ანუ მოხიბვლის პირველი ნაწილია არგანხიბვლის უნარი. მეორე კომპონენტიმიხვდე სხვა ადამიანში რა ხდება, რაში დაგეთანხმა, როდის მოიწყინა, იცოდე ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციით, რა სჭირს ამ ადამიანს. მესამე და მთავარი ემპათიაა, უნდა შეგეძლოს მიიღო და დაეთანხმო ადამიანს, თუნდაც შენდამი ნეგატიურ განწყობაში. ემოციური ინტელექტი ამ ბოლო დროს მართვის, ხალხის მოხიბვლის, დარწმუნების ცენტრალურ კომპონენტად განიხილება.

- დასაწყისში თქვი, რომ ძალიან ცხადად და მკაფიოდ ხედავ შენს მისიას, ბევრი ვალი გაქვს დასაბრუნებელი, რას გულისხმობდი ამაში?

- როგორც გითხარით, დაახლოებით ასე 30 წლამდე, თავაწეული დავდიოდი და გავიძახოდი, რომ ყველაფერს ჩემით მივაღწიე. მერე ვიღაც ჭკვიან ადამიანს მოვუსმინე, რომელიც ამბობდა, იცი რა, სანდრო, კი, შენითაც, შენი კონტრიბუციითაც, მაგრამ ეს მარტო შენ არ გაგიკეთებია! როგორც კი ეს გავიაზრე, უცებ ჩემში იმდენი ინვესტირებული ტალანტი ამოცვივდა, რომ გადავირიე. ხომ გგონია, რომ 2 კაცმა გაგზარდა, აღმოჩნდება, რომ 90- გაუზრდიხარ.

მოკლედ, მივხვდი, რომ ჩემი მეზობლის, თენგო ჩოლოყაშვილის ვალი მაქვს, რომელმაც პროფესია მაპოვნინა, აღმოჩნდა, რომ გრიშა წულაიას ვალი მაქვს, რომელმაც ინსპირაცია მომცა კომაროვში ჩამებარებინა, ვანო კვიტაშვილის და ლევან როინიშივლის ვალი მაქვს, რომლებიც ისეთი მაგრები იყვნენ ჩემს კლასში, რომ სხვა შესაძლებლობები დამანახეს, ექიმის, რომელმაც გადამარჩინა, დის, დედის და მამის ვალი ხომ მაქვს და მაქვს, რამდენიმე სუპერმენეჯერმა კარგი მმართველობის მაგალითი მაჩვენა, რამდენიმემაცცუდის. მოკლედ, ვინც კი გაიარა ჩემს გზაზე, ყველას ვალი მაქვს. ამ  ხალხმა იზრუნა, რომ ჩემგან რაღაცა გამოსულიყო. ჰოდა, როგორც კი ამას მივხვდი, გამიჩნდა მისიაცსაკუთარ თავს ვუთხარიმეც უნდა გამოვადგე ვიღაცას. ეს ვალების თეორია ერთი მხრივ რთული რამე კიამაგრამ ამავე დროს კარგი ამოსავალი წერტილიცაა.