რას შეეწირა სანიკიძე

რას შეეწირა სანიკიძე

განათლების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. თამარ სანიკიძე, რომელიც თავის დროზე ამ თანამდებობაზე პრეზიდენტ მარგველაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა, თანამდებობიდან გადაყენებულია. პირველი, რითაც მან, როგორც მინისტრმა, საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, მაშინდელ პრემიერთან ბიძინა ივანიშვილთან საკადრო საკითხებზე გამართული პრინციპული კამათი იყო, ბოლო კი - თსუ-ში მომხდარი არეულობა. ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გუშინ შუადღისას გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა კვირიკაშვილმა პირადად წარუდგინა ჟურნალისტებს. პრეზენტაციას თავად სანიკიძეც ესწრებოდა. პრემიერს მისი გადაყენების მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა სანიკიძეს მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. "მან განათლების სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანი, რეფორმატორული ნაბიჯები გადადგა. განათლების სისტემის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების ხელმისაწვდომობის კუთხით. ამ მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგები დღეს ნამდვილად სახეზეა", - განაცხადა განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ქალბატონი თამარი მათი გუნდიდან შორს არ მიდის და უახლოეს პერიოდში იქნება საუბარი მის ახალ მანდატზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - წერს გაზეთი"რეზონანსი" სტატიაში, სათაურით, რას შეეწირა სანიკიძე.

"საპარლამენტო უმრავლესობაში უჭირთ იმის შესახებ საუბარი, თუ რა გახდა სანიკიძის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი, თუმცა, ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ინფორმაციით, განათლების მინისტრის თანამდებობიდან თამარ სანიკიძის გათავისუფლება მის საპარლამენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობას არ უკავშირდება. ამის საპირისპიროდ "რეზონანსთან" საუბრისას განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია ამ გადაწყვეტილებას წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს. "ვფიქრობ, ქალბატონი თამარი განსაკუთრებული გეგმებით არ გამოირჩეოდა და მისი შეცვლა საქმეს არ გააფუჭებს. თამარ სანიკიძის მინისტრობიდან გადაყენების მოტივი შეიძლება ის არის, რომ იგი არ იყო წარმატებული მინისტრი, მაგრამ უფრო მეტად მგონია, რომ ეს ცვლილებები არჩევნების გამო ხდება," - აცხადებს სიმონ ჯანაშია. 

"ექპერტი განათლების საკითხებში გიორგი გახელაძე კი სანიკიძის გადაყენებას კომპლექსურად დაგროვილ მიზეზებს უკავშირებს. ვარაუდობს, რომ მის შემთხვევაში რამდენიმე ცალკეული მიზეზი არ შეიძლება თამარ სანიკიძის გადაყენების მიზეზი გამხდარიყო. "არ მგონია, მინისტრის გადაყენება ცალკეულ მიზეზებთან იყოს დაკავშირებული, ვთქვათ, თსუ-ში მიმდინარე მოვლენებთან. ვფიქრობ, ეს უფრო კომპლექსურად დაგროვილი საკითხების ერთობლიობა იყო," - აღნიშნავს გიორგი გახელაძე. სანიკიძის გადაყენების მიზეზზე საუბარი "რეზონანსთან" პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრ ზაზა პაპუაშვილსაც უჭირს. ამბობს, რომ პრემიერმა გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, არსებული მოცემულობის გათვალისწინებით მიიღო. "ქალბატონ თამართან საქმიანი ურთიერთობა მქონია და, რასაკვირველია, გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვაობა იყო, მაგრამ ეს ბუნებრივიცაა. თუმცა საკითხს იმ ფორმულირებით არ დავაყენებ, თითქოს მან დაკისრებულ მოვალეობას თავი სათანადოდ ვერ გაართვა. ნუ ჩაგვაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში და ნუ ვისაუბრებთ მისი ცვლილების მიზეზებზე. ალბათ დღევანდელი სიტუაცია ამ ცვლილებას საჭიროებდა," - ამბობს პაპუაშვილი.

"ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელსაც სანიკიძე მინისტრობისას წააწყდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები იყო. თსუ-ში ვნებათაღელვა კანცლერის არჩევნებთან დაკავშირებით დაიწყო და პრაქტიკულდა დღემდე გრძელდება. პროტესტისას იყო ფიზიკური დაპირისპირება სტუდენტთა სხვადასხვა ჯგუფებს შორის, რექტორის კაბინეტისა და სხვა ადმინისტრაციული ოთახების ძალით დაკავება, სასწავლო აუდიტორიების ბლოკირება და ა.შ. ეს ყველაფერი თსუ-ს რექტორის თანამდებობიდან ლადო პაპავას გადადგომით დასრულდა. სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ მაშინ სანიკიძე ამ პროცესებში დაგვიანებით ჩაერთო და ამბოხებულ სტუდენტებსაც მხოლოდ პრემიერის თხოვნის შემდეგ შეხვდა. თსუ-ში ვითარება კი მეტნაკლებად მხოლოდ მას შემდეგ განიმუხტა, რაც სტუდენტებს პრემიერი შეხვდა. ამის შემდეგ განათლების სამინისტრომ, თსუ-ს მოვლენებისა და სტუდენტთა მოთხოვნის გათვალისწინებით, განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მოამზადა, თუმცა ეს ცვლილებები თსუ-ში სტუდენტთა ურთიერთდაპირისპირებული ორი ჯგუფიდან ორივესათვის მიუღებელი აღმოჩნდა და უნივერსიტეტში გარკვეული დაძაბულობა დღემდე შენარჩუნებულია", - აღნიშნავს გამოცემა. 

"პროფესორი ჯემალ მებონია თავის დროზე განათლების მინისტრად თამარ სანიკიძის დანიშვნას გაუგებრობას უწოდებს. მისი თქმით, განათლების სისტემაში წინსვლა ფაქტობრივად არ ყოფილა და ამიტომ სანიკიძის გადაყენება მოულოდნელი არ იყო. "რა გააფუჭა ძველმა ხელისუფლებამ, ყველამ ვიცით, თუმცა ამ მთავრობისგან განათლების მიმართულებით პრინციპულ გარღვევას ველოდით, რაც არ მოხდა. მათ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტები გაუშვეს ხელიდან. პირველი - იყო "ქართული აკადემიის" შეთავაზება, რომ ხელისუფლებას გარდამავალი პერიოდი გაეკეთებინა უმაღლესი განათლების სისტემაში, სადაც ძალიან ბევრი უკანონობა და უსამართლობა ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ განათლების კომიტეტმა მოიწონა წინადადება, ზედა ეშელონებმა დაამუხრუჭეს და ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს. მეორე - როცა უნივერსიტეტი თავიდან დაფუძნდა სსიპ-ად, კანონი მოითხოვდა ისევ ყოფილიყო გარდამავალი პერიოდი, რაც რაღაცის დალაგების შანსს გვაძლევდა. მაგრამ მთავრობა პირდაპირ მოითხოვდა, რომ არანაირი გარდამავალი პერიოდი არ ყოფილიყო. მესამე - ეს იყო კანონპროექტი "უმაღლესი განათლების შესახებ", რომელზეც მეც ვმუშაობდი და თავად თამარ სანიკიძეც იღებდა მონაწილეობას. ერთ თვეზე მეტი ვიმუშავეთ, თითქოს ყველაფერზე შევთანხმდით და უცბად შეწყდა მუშაობა ამ კანონზე. არადა ორი თვე გვჭირდებოდა, რომ კანონისთვის საბოლოო სახე მიგვეცა, მაგრამ დღემდე არ ვიცი, რატომ შეწყვიტა კომისიამ მუშაობა. მეოთხე - ჩვენ განათლების სამინისტროს შევთავაზეთ, რომ უნივერსიტეტს განსაკუთრებული სტატუსი მინიჭებოდა. ამის გამოცდილება აქვთ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, მათ შორის ბალტიისპირეთში, ყაზახეთსა და ბელარუსში. ამ სტატუსით უნივერსიტეტი თავის თავზე იღებდა განათლების გაუმჯობესების საკითხების ძირითად ფუნქციებს. ეს არა მარტო უნივერსიტეტს, არამედ სკოლებსაც შეეხებოდა, თუმცა ეს ამბავიც ჩაიშალა. რა გითხრათ, ბევრი მომენტი იყო ხელიდან გაშვებული და ფაქტიურად წინსვლა განათლების სისტემაში არ ყოფილა. ამიტომ მინისტრის შეცვლა მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ გამოასწორებს არსებულ მდგომარეობას. ზოგადად განათლების კანონია შესაცვლელი", - აცხადებს მებონია.

"ექსპერტი სიმონ ჯანაშია აცხადებს, რომ სანიკიძის განათლების მინისტრობიდან გადაყენების შესახებ საუბარი ადრეც ხშირად იყო. ამ გადაწყვეტილების სწორედ ახლა მიღებას კი იგი წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს. "განათლების მინისტრის შეცვლაზე საუბარი ხშირად იყო. ვფიქრობ, ქალბატონი თამარი განსაკუთრებული გეგმებით არ გამოირჩეოდა და მისი შეცვლა საქმეს არ გააფუჭებს. თამარ სანიკიძის მინისტრობიდან გადაყენების მოტივი შეიძლება ის არის, რომ იგი არ იყო წარმატებული მინისტრი, მაგრამ უფრო მეტად მგონია, რომ ეს ცვლილებები არჩევნების გამო ხდება, რადგან თამარ სანიკიძეს მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა ბოლო მომენტამდე ჰქონდა და ამას რაიმე სხვა ახსნას მე ვერ ვხედავ", - ამბობს სიმონ ჯანაშია.

"პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრისა და უმრავლესობის წარმომადგენლის, ზაზა პაპუაშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის გადაწყვეტილებას ნეგატიურ კონტექსტში არ უნდა შევხედოთ. მისი აზრით, მსგავსი ცვლილება მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლებსაც უნდა შეეხოს, რადგან მიიჩნევს, რომ სიახლეები მნიშვნელოვანია. "ვფიქრობ, რომ ამ საკითხს, როგორც გარკვეულ ცვლილებას ისე უნდა შევხედოთ და არა მაინცადამაინც კრიტიკულად. მართალია, ბევრ მინისტრთან არ მაქვს ურთიერთობა, მაგრამ მაინც მგონია, რომ მინისტრთა კაბინეტი მთლიანად თუ არა მეტწილად მაინც უნდა შეიცვალოს და მნიშვნელოვნად უნდა განახლდეს. პირადად მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, ცვლილებას მივესალმები. მოდით, ამაში ნეგატიურ განწყობას ნუ დავინახავთ," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პაპუაშვილი.

"გიორგი გახელაძე კი ყურადღებას იმ ბარიერებზეც ამახვილებს, რომელიც სანიკიძეს გარკვეული ცვლილებების დროს საკუთარ გუნდშივე ექმნებოდა. "თუ ქალბატონი თამარ სანიკიძის საქმიანობას მთავრობის საქმიანობის კონტექსტში განვიხილავთ, მაშინ ასე ვიტყოდი - არაფრით სხვაზე უარესი არ ყოფილა. ზოგადად არა მხოლოდ სანიკიძე, ყველა მინისტრი მთლიანად მინისტრთა კაბინეტზეა დამოკიდებული, რადგან ავტონომიურად მოქმედება გუნდის თანადგომის გარეშე შეუძლებელია. მნიშვნელოვანი, რაც მისი მინისტრობის პერიოდში გაკეთდა, ესაა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ამოქმედება, რომელიც ამ სისტემაში თვისობრივი ცვლილებაა. დანარჩენ შემთხვევებში მის საქმიანობას ნეიტრალურად შევაფასებდი, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ის ცვლილებები, რასაც განათლების სისტემა საჭიროებდა, მის პერიოდში არ მომხდარა. თუმცა კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ რამდენად მონდომებულიც უნდა ყოფილიყო იგი, გუნდის მხარდაჭერის გარეშე სისტემურ ცვლილებებს ვერ განახორციელებდა," - ამბობს გახელაძე და ამის დასტურად რამდენიმე მაგალითი მოჰყავს. კარგად ვიცი, რა შეფერხებები ექმნებოდა სანიკიძეს მისივე გუნდის მხრიდან, როდესაც ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილება უნდა მომხდარიყო, ასევე ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რაც უშუალოდ მისი დისკრეციაა. ამ ტიპისი სიახლეებზე ბარიერები მას საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ექმნებოდა," - დასძენს გახელაძე.

"სიმონ ჯანაშია ახლად დანიშნულ მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას აქტიურ პიროვნებად ახასიათებს. "თუ ალექსანდრე ჯეჯელავა იმ იდეებით მოვა, რის სწავლებასაც თავისი მართვის სკოლაში ცდილობს, ეს ყველას წაადგება. მთავრობისგან მას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა დასჭირდება, რათა ჰქონდეს უფლება, გააუმჯობესოს გარკვეული მიმართულებები და დაიწყოს ცვლილებები, მაგალითად, სკოლების დამოუკიდებლობასა და უნივერსიტეტების მმართველობასთან დაკავშირებით. ასევე დასჭირდება განათლების სფეროში ზოგიერთ შინაარსობრივ საკითხებში გარკვევა. მინისტრობის დაწყებითი პერიოდი მისთვის ძალიან რთული იქნება. თუმცა, თუ შეძლო საზოგადოების მის გარშემო შემოკრება, შემდგომი ნაბიჯების გადადგმა აღარ გაუჭირდება. ალექსანდრე საკმაოდ აქტიურია, ცდილობს საჯარო გახადოს მისი ცოდნა და აზრები, საერთაშორისო გამოცდილება მართვის სფეროში. ის სპეციალურად ზრუნავდა იმაზე, რომ ცნობილი ყოფილიყო და ვინც თვალს ადევნებდა თანამედროვე ინოვაციური მეთოდების მართვის შესახებ ინფორმაციებს, მას ეს პიროვნება კარგად ეცოდინება", - მიიჩნევს ჯანაშია.

"ალექსანდრე ჯეჯელავას ხედვას პოზიტიურად აფასებს გიორგი გახელაძეც, თუმცა ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა, შესაძლოა, ნოვატორული იდეების განხორციელებაში ხელი შეუშალოს. "ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში ახალ მინისტრს ბევრის გაკეთების შესაძლებლობა არ მიეცემა, რადგან ხელს წინასაარჩევნო პერიოდი შეუშლის. რაც შეეხება უშუალოდ მას, რაც მედიის საშუალებით მისი ხედვა მომისმენია, პოზიტიურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ანუ, მიდგომა გარკვეული საკითხებისადმი დადებითი აქვს, თუმცა საკითხავია, რამდენად მოახერხებს თვითრეალიზებას ასეთ პერიოდში. ეს ძალიან რთულად პროგნოზირებადია. მთავარია, რომ ეს ადამიანი პროგრესული ნამდვილად ჩანს," - აღნიშანვს გახელაძე.

"რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, ზაზა პაპუაშვილი ამბობს, რომ ახალ მინისტრს არ იცნობს და შესაბამისად, მისი ხედვის შესახებ ინფორმირებული არაა. "მას არ ვიცნობ, მაგრამ რადგან პრემიერ-მინისტრმა მიიჩნია, რომ ეს ადამიანი ამ პოსტისთვის შესაფერისი იყო, ე.ი. ღირსეული კანდიდატია და მას აქვს ამ სფეროში ნოვატორული იდეების განხორციელების მისეული გეგმა. მე, მაგალითად, ამ საკითხს ასე ვუყურებ - მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ამ სფეროში რა როგორ განხორციელდება, როგორ შეიცვლება კანონი, რომელიც უვარგისია და ა.შ. ამ ყველაფრის შესახებ კი სწორედ სამინისტროს ხელმძღვანელმა უნდა ისაუბროს. შესაძლოა, მან ეს პრემიერთან საუბრისას მოახერხა კიდეც," - დასძენს ზაზა პაპუაშვილი.

interpressnews.ge