რომელ დეპუტატებს წაიყვანს „ოცნებიდან“ და ვის წაართმევს ხმებს უმრავლესობის ყოფილი ლიდერი
არჩევნებამდე 4 თვე, თამაზ მეჭიაურის პარტიის დაარსებამდე კი 2 კვირა რჩება. ყოველ შემთხვევაში, თავად დეპუტატმა ასე დააანონსა მას მერე, რაც ,,ქართული ოცნებიდან'' საბოლოოდ წამოვიდა. არაერთი ფრთიანი ფრაზის ავტორმა პოლიტიკოსმა პარტია დაახლოებით ერთი კვირის წინ, პოლიტსაბჭოს სხდომაზე დატოვა, საკუთარი სურვილით, თუმცა კოალიციას თემატურ უმრავლესობას დღემდე ავსებინებს. ბოლო სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც ჩვენი ინფორმაციით, სიტყვები – ახლა დაყოფის დრო არ არისო, სწორედ მეჭიაურს მიუძღვნა. პოლიტსაბჭოს სხდომიდან გამოსულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ყოფილმა პრემიერმა კურსელს არაპირდაპირ სთხოვა, ამ წინასაარჩევნოდ ახალ პარტიას ნუ შექმნიო, თუმცა, როგორც მეჭიაურის გეგმებიდან ჩანს, ,,ბუნებით მაჟორიტარი'', გავლენიანი კურსელის თხოვნას არ ითვალისწინებს. მეტიც, მისი სავარაუდო პარტნიორების შესახებ უკვე ბევრი საუბრობს. ,,ვერსიამ'' გაარკვია, ვინ იქნებიან მეჭიაურის პარტიის სახეები და ვის წაართმევს საარჩევნო სეგმენტს – ყოფილ პარტიას თუ რადიკალურ ოპოზიციას.
თავად მეჭიაური პარტიულად ,,მრეწველებსა'' და პატრიოტთა ალიანსთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს, თუმცა არჩევნებზე წარდგომას მარტო აპირებს. როგორც ამბობს, მისი პარტია კონსერვატიულ ფლანგს გააძლიერებს. საიდუმლოს არც მისი საგარეო ორიენტირი წარმოადგენს, რადგან დეპუტატისა და ,,ოცნების'' პოლიტიკური გაყრის მიზეზი სწორედ ქვეყნის დეკლარირებული საგარეო კურსი გახდა – თამაზს ნატოსი არ სჯერა! პარლამენტის წევრმა უკვე ისიც დააზუსტა, რომ საპარლამენტო არჩევნებში კენჭს თბილისში იყრის, რადგან ,,რეგიონში დეპუტატად ყოფნა დიდ დროს მოითხოვს''. მისი თქმით, ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც პოლიტიკოსებთან, ასევე სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტთან. სუბიექტები უკვე თავად დაასახელა, რაც შეეხება კონკრეტულ პერსონებს, ვინც მეჭიაურთან თანამშრომლობაზე უარს არ ამბობს, მათ შორის ერთ-ერთი პირველია დეპუტატი ,,ოცნებიდან'', ომარ ნიშნიანიძე. თამაზ მეჭიაურის განცხადებას წასვლის შესახებ, ყველაზე ოპერატიულად სწორედ ნიშნიანიძე გამოეხმაურა და თქვა, ,,პირველად წელიწადნახევრის წინ ვიყვირე, რომ პარტიაში არ იყო კარგი მდგომარეობა. მას მერე მოლოდინის რეჟიმში ვიყავით. ყრილობამაც, სამწუხაროდ, იმედი გამიცრუა, მითუმეტეს, პოლიტსაბჭოს ახალმა შემადგენლობამ, ამიტომაც ისინი კი ვერ გამიშვებენ მე, ვიქნები თუ არა მათთან, ესაა საკითხავი... არ არის გამორიცხული, მიხილოთ თამაზ მეჭიაურის გუნდში იმიტომ, რომ მე ვარ არაკოჰაბიტირებული ძალა''. ნიშნიანიძის ეს შეფასება ერთ-ერთი ყველაზე ზუსტია ამ მომავალი პარტიის მიმართ, რადგან, ჩვენი ინფორმაციით, მეჭიაურის ახალ გუნდს საპარლამენტო უმრავლე¬სობის ე.წ. არაკოაბიტირებული ნაწილი შეუერთდება, რომლის ყოფნა-არყოფნა მთავარ სახელისუფლო პარტიაში, დიდი ხანია კითხვის ნიშნისქვეშ დგას. ესენი არიან: სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე, დავით ლორთქიფანიძე და ომარ ნიშნიანიძე. პარლა¬მენტსგარეთ კი მეჭიაურს მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს დიმიტრი ლორთქიფანიძესთან, ჯონდი ბაღათურიასთან, შალვა ხაჭაპურიძესთან, სოსო მანჯავიძესთან, ზვიად ტომარაძესა და სანდრო ბრეგაძესთან. პარლამენტში და მის გარეთ მყოფ ამ ადამიანებს გამოკვეთილად ნაციონალური მოძრაობის მიმართ შეუწყნარებლობა ახასიათებთ, ისინი კოჰაბიტაციას არაერთხელ გაემიჯნენ და კიდევ ერთი, რაც შეუძლებელია, ვერ დავინახოთ – თამაზ მეჭიაური რადიკალურ ნიშას ირგებს და პირდაპირ ნინო ბურჯანაძის სეგმენტს ,,აჯდება'', მათ შორის, მისი ყოფილი პარტნიორების გადაბირებითაც. რეალურად, სოსო ჯაჭვლიანიცა და ლუკა კურტანიძეც ბურჯანაძის ხელდასხმით მოხვდნენ ჯერ ივანიშვილის პირად, შემდეგ კი საპარლამენტო უმრავლესობის სიაში. ყოფილი დეპუტატი და უფლებათდამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ბურჯანაძის ,,გაერთიანებული დემოკრატების'' მერობის კანდიდატი იყო, ჯონდი ბაღათურია – ალიანსში მყოფი პარტია, სახალხო კრებასთან კარგი ურთიერთობა აკავშირებს შალვა ხაჭაპურიძესაც. სხვათა შორის, სახალხო კრებაში იყო სოსო მანჯავიძეც, რომელმაც ამ გაერთიანების რიგები საკმაოდ მალე დატოვა, შემდეგ ირმა ინაშვილის პარტიაში ვიხილეთ, დღეს კი საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატია და თამაზ მეჭიაურთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. როგორც მანჯავიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, პატივს სცემს დეპუტატ მეჭიაურს და არ გამორიცხავს თანამშრომლობას არავისთან, ვინც ნაციონალების სატელიტობაში არაა ეჭვმიტანილი.
კულუარებზე უკეთ კი ფოტოფაქტები მუშაობს – ნიკოლოზობის დღესასწაული მეჭიაურმა სანდრო ბრეგაძესთან, შალვა ხაჭაპურიძესთან, სოსო მანჯავიძესა და ზვიად ტომარაძესთან ერთად აღნიშნა და შესაბამისი სურათები ინტერნეტითაც გავრცელდა. როგორც ფოტოების ერთ-ერთი გმირი ჩვენთან პირად საუბარში ადასტურებს, მასა და მეჭიაურს შორის რამდენიმე შეხვედრა მართლაც შედგა და გამორიცხული არაა, ახალი პარტიის რიგებში მართლაც ვიხილოთ. სანდრო ბრეგაძე ,,ეროვნულებიდან'' კი ლგბტ თემის წინააღმდეგ ისე თავდაუზოგავად იბრძვის სამოქალაქო სექტორში, როგორც მეჭიაური საპარლამენტო ტრიბუნიდან. ამიტომ მათი პოლიტიკური კავშირი გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს. სხვათა შორის, საპარლამენტო ტრიბუნა კიდევ ერთი პლუსია, რაც მეჭიაურს აქვს, გარდა მაღალი ცნობადობისა და ,,არაკოჰაბიტირებულის'' იმიჯისა. თუ მის გარშემო თავს ჩვენს მიერ ჩამოთვლილი ლიდერები მოიყრიან, ნინო ბურჯანაძე, რომელსაც ნომერ პირველი რადიკალი ქალის სტატუსი ისედაც ირმა ინაშვილმა ჩამოართვა, სრულიად გაკოტრებული დარჩება. თუმცა მეჭიაურის გაძლიერება დიდად არც პატრიოტთა ალიანსს აძლევს ხელს – თუ ინაშვილი-მეჭიაურის პარტიები არ ითანამშრომლებენ, ,,პატრიოტებისთვის'' დეპუტატის ახალი ძალა ყველაზე რეალური კონკურენტი შეიძლება გახდეს ე.წ. რადიკალურ სეგმენტში. ხოლო თუ პატრიოტთა ალიანსს, ბურჯანაძე-დემოკრატებს, მრეწველებს, ეროვნულებსა და მეჭიაურს ერთად ვიხილავთ, მაშინ ეს ყველაზე დიდი საპირწონე იქნება პროდასავლური ფრონტისთვის, სადაც ყველა დანარჩენი, ავტომატურად, ნაციონალების ბანაკის გვერდით დაჯგუფდება და პროდასავლურობის გარდა, ,,ანტინაციონალობის'' მტკიცებაც მოუწევს.