უკრაინაში სააკაშვილის შავი საქმიანობა გამოაშკარავდა

უკრაინაში სააკაშვილის შავი საქმიანობა გამოაშკარავდა

ყოფილი გენერალური კონსული თეიმურაზ ნიშნიანიძე დააკავეს

საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ამჟამად ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, არასახარბიელოა. 
,,რეფორმატორობით'' სახელგანთქმულმა სააკაშვილმა უკრაინაშიც ისე აურია და დაძაბა ვითარება, რომ ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. საქართველოდან გაქცეულმა ჩინოსნებმა, მამამარჩენალთან ერთად, თავი ვერ გამოიჩინეს. 
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მისი ,,უმწიკვლო'' ვარსკვლავბიჭუნა დავით საყვარელიძე უკრაინაში ახალ პარტიას ქმნის - ეტყობა, მობეზრდა ჩინოსნობა და უნდა, უკრაინას მზაკვრული კანონები შესთავაზოს. ამის შესახებ ,,უკრაინსკაია პრავდას'' ინფორმაციით, კიევის ეროვნულ უნივერსიტეტში ლექციაზე საუბრისას საყვარელიძემ თავად განაცხადა.
,,პარტიაში შევა ყველა ნიჭიერი და არაკორუმპირებული ადამიანი, ვისაც ამ ქვეყანაში რაიმეს შეცვლა უნდა'', - აღნიშნა საყვარელიძემ. იგი არც ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციას, რომ პარტიაში ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილიც გაწევრიანდება. 
მხედველობიდან სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან დაპირისპირებაც არ უნდა გამოგრჩეთ. მან მთელი რიგი პირობები წაუყენა, რომელთა შეუსრულებლობა ე. წ. რეფორმატორთა გუნდის თანამდებობებიდან წასვლას გამოიწვევს. 
,,არც ერთი პირობა რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც მაიდანზე გაიცა, არ შესრულებულა. ჩვენ ყველას გვატყუებენ, პრობლემა არა მხოლოდ იაცენიუკშია. პრობლემაა პოლიტიკურ კლასში და პრეზიდენტის მიდგომაში, ქვეყნის შიდა პროცესებისა და რეფორმებისადმი'', - ასეთია სააკაშვილის ვერდიქტი. 
ოდესის გუბერნატორმა სახალხო დეპუტატებს მოუწოდა, ახალ მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირონ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მოსალოდნელ დანიშვნაზეც. 
ყოველივე ამის შემდეგ კი, 26 მაისს გაჩნდა კითხვა - რატომ ჩხრეკდნენ საქართველოს კონსულის სამსახურებრივ და საცხოვრებელ შენობებს ოდესაში? 
უკრაინის გენერალურ პროკურორ იური ლუცენკოს ინფორმაციით, ჩხრეკა საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამდებობის პირთა მიერ 2012-13 წლებში, უკანონო ფინანსური ოპერაციების საქმეზე წარმოებული სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება.
ფაქტი ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გააპროტესტა. ,,ლიგა.ნეტ''-ის ინფორმაციით, მან მომხდარს ,,სამარცხვინო პოლიტიკური დაკვეთა'' უწოდა და იური ლუცენკოს გამომძიებლების გაყვანა მოსთხოვა. 
,,აი, რა ხდება ოდესის ოლქის ადმინისტრაციაში. მოგვიწია, კარი შეგვეგლიჯა, რომ ჩვენი თანამშრომლები გამოგვეყვანა, რომლებიც ოთახში დაკავებული ჰყავდათ უკანონოდ, ადვოკატის გარეშე, წყლისა და გარესამყაროსთან კომუნიკაციის გარეშე. ეი, თქვენ, მეგობრებო კიევში, სულ გაგიჟდით? ასეთ რაღაცებს ჩრდილოეთ კორეის პროკურატურა აღარ აკეთებს დიდი ხანია'', - განუცხადა სააკაშვილმა ინციდენტის შემდეგ ჟურნალისტებს. 
ვიდეოკადრებში ასახულია გუბერნატორის სიტყვიერი შელაპარაკება პროკურატურის თანამშრომლებთან, საქართველოს ექსპრეზიდენტი ძალიან გაღიზიანებულია და ჩხრეკას უკანონოს უწოდებს: 
,,რასაც თქვენ სჩადიხართ, უკანონობა, იაფფასიანი პოლიტიკური პროვოკაციაა, მე მრცხვენია თქვენს გამო! თქვენ დაქირავებული თაღლითები ხართ, რომლებიც აქ პროვოკაციის მოსაწყობად დაიქირავეს. გაეთრიეთ აქედან თქვენი იარაღიანად და გამოუშვით ჩემი თანამშრომლები'', - ეუბნება მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის წარმომადგენლებს. 
,,აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, მათ შორის, ყოფილი გენერალური კონსულის, თეიმურაზ ნიშნიანიძის სამსახურებრივ და საცხოვრებელ შენობებში. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია შავი დოკუმენტაცია, რომელიც უკანონო ფინანსურ ოპერაციებს ადასტურებს'', - განაცხადეს უკრაინის გენპროკურატურაში. 
უკრაინის გენერალური პროკურატურის და უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ჩხრეკა ფონდ „ოდესის კეთილდღეობისთვის“ ოფისშიც ჩატარდა. უკრაინული მედიის ცნობით, ფონდი მსხვილი ოდესელი ბიზნსმენების კუთვნილი თანხების აკუმულირებას ეწევა და ამ ფონდის ხარჯზე ალექსანდრე ბოროვიკის საარჩევნო კამპანიის, მიხეილ სააკაშვილის მივლინებების და უკრაინის საოლქო ცენტრებში ფორუმების დაფინანსება ხდებოდა. 
სააკაშვილის მარჯვენა ხელი და უკრაინელი „ხაზინადარი“, თეიმურაზ ნიშნიანიძე დააკავეს.