"ქართული ოცნება" შეიძლება ომარ ნიშნიანიძემაც დატოვოს. ამბობს, რომ ახალმა წევრმა, დავით კოღუაშვილმა თავისი განცხადებებით "ქართული ოცნების" მთელი სამყარო ამოატრიალა. ფიქრობს, რომ პარტია ნაკლებად ენდობა მასთან ერთად მებრძოლ ხალხს და რეგიონებში მათ მომხრეებს.
ომარ ნიშნიანიძე: "ოცნების" დატოვებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, თუმცა ჩემი პარტიის მიმართ გარკვეული კრიტიკული შენიშვნები მაქვს. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" გავემიჯნო, ისეთ ბანაკში გადავიდე და იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს ვუღალატო, რომელსაც "ოცნება" 2012 წლიდან დღემდე აცხადებს.
პარტიის სტრუქტურულ ნაწილში რაღაცებს არ ვეთანხმები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გავიქცე და გადავპორტირდე სხვა პარტიაში. თუნდაც, თამაზ მეჭიაურთან წავიდე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილს, ქვეყანას ან "ქართული ოცნების" ძირითად იდეებს ვუღალატებთ. ჩვენ შორს არსად არ მივდივართ. თუმცა, საბოლოოდ ეს გადაწყვეტილი არ მაქვს და ამასთან დაკავშირებით მექნება კონსულტაციები.
"რ": თუ გაქვთ ინფორმაცია, თამაზ მეჭიაურის პარტიაში ვინ იქნება გაწევრიანებული?
ო.ნ: ვერაფერს გეტყვით, მსურველები არიან, თუმცა კონკრეტულად ვინ იქნება, ჯერჯერობით ნამდვილად ვერ გეტყვით. ამაზე საუბარი ჩვენ გვქონია, თუმცა მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები ამ პიროვნებებთან, არ ვიცი. მე ვამბობ, რომ შეიძლება გადავდგა ეს ნაბიჯი და გადავიდე მეჭიაურის პარტიაში თუ "ქართული ოცნება" კიდევ გადადგამს ასეთ ნაბიჯებს და ასეთ ოდიოზურ პიროვნებებს შემოიყვანს პარტიაში, იძულებული ვიქნები, არჩევანი გავაკეთო. ჯერჯერობით კი მე არ მიღალატია "ქართული ოცნებისთვის".
"რ": აქვს თუ არა თამაზ მეჭიაურს პარტიის ჩამოყალიბების შემდეგ პარლამენტში შესვლის შანსი?
ო.ნ: ბატონი თამაზი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის აზრს გამოხატავს. მთავარია, ამ აზრს როგორ გარდაქმნის. შეძლებს თუ არა პოლიტიკაში ამის რეალიზებას, ეს სხვა ამბავია. მას წარმატებებს ვუსურვებ, მით უმეტეს, რომ არ ვარ ანტიპათიურად განწყობილი და ვგულშემატკივრობს მას და შეიძლება ხვალ და ზეგ მის პარტიაშიც მიხილოთ. ასე რომ, ვერ გეტყვით, შეიძლება ყველაფერი მოხდეს.
"რ": როდის შეიძლება ველოდოთ ქართული ოცნებიდან თქვენს წასვლას?
ო.ნ: მე არ მინდა, განაწყენებული კაცის იმიჯი მქონდეს. თუმცა თუ არ დააფასებენ ჩემს აქტიურობას, განათლებას და ჩემზე უარესს მოიყვანენ, რა თქმა უნდა, გული დამწყდება და, ბუნებრივია, სათანადო რეაქციაც მექნება. ახლა მოლოდინის რეჟიმში ვარ, რას მეტყვიან.
მე გარკვეული კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმართ. თუმცა, ვაგრძელებ მასთან ურთიერთობას და გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმისგან თავს ვიკავებ, მაგრამ არაფერი არ არის გამორიცხული.
"რ": უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, "ქართული ოცნების" რა ნაბიჯები იწვევს თქვენს უკმაყოფილობას?
ო.ნ: ეს არის პარტიის ერთგულ წევრთა იგნორირება, გარკვეული დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ყრილობის გამო, ასევე ახალი, შემომატებული წევრების განცხადებები და ა.შ.
მე ერთხელ უკვე გამოვთქვი ეჭვი, ამ განცადებებით ხომ არ გვაჩვევენ რაღაცას, ხომ არ მივდივართ ხავერდოვანი რევოლუციისაკენ, ხომ არ შევიცვალეთ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები?! მე არ შემიცვლია, მაგრამ ხომ არ ვუღალატეთ იმ იდეას, რითაც შეკრული ვიყავით 2012 წელს?! ამის ეჭვეი მიჩნდება და ვფიქრობ, პასუხი უნდა მივიღო. ეჭვის საფუძველს მაძლევს გარკვეული განცხადებები, მაგრამ დასაბუთებული და არგუმენტირებული ეჭვი ჯერ არ მაქვს. ველოდები ახსნა-განმარტებას, სათანადო რეაგირებას ჩვენი პარტიის ლიდერების მხრიდან.
"რ": "ოცნების" სხვა წევრებსაც თუ აქვთ უკმაყოფილება და შეიძლება თუ არა ზოგიერთმა მათგანმა პარტია დატოვოს?
ო.ნ: ჯერ არც მე დამიტოვებია პარტია. სიებთან დაკავშირებითაც არაფერი ისმის. ვერც უარს მეუბნებიან, რადგან ამ შემთხვევაში არგუმენტებით უნდა დაასაბუთონ გადაწყვეტილება. ჭკუა მაკლია, გონება, ერთგულება თუ რა, ამასაც ვერ გვეუბნებიან. ჩვენისთანა მებრძოლ ადამიანებს უნდა ეძებდნენ "ოცნებაში". ამას მხოლოდ ჩემზე არ ვამბობ, არამედ იმ ადამიანებზე, რომლებსაც "ქართულ ოცნებაში" ჩემზე დიდი დამსახურება აქვთ.
"რ": როგორ შეაფასებდით "ქართული ოცნების" მიერ ყრილობაზე წარმოდგენილ ახალ წევრებს?
ნ.ო: პარტიის მშენებლობის მიმართ მე ყოველთვის სკეპტიკურად განწყობილი ვიყავი. წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც მოვიარეთ რეგიონებში "ქართული ოცნების" ოფისები, დაგვხვდა დაკეტილი და გაყინული ოთახები. ვნახეთ დაკონსერვებული პარტია, რის გამოც ძალიან კრიტიკული პოზიცია დავაფიქსირე. ამის შემდეგ გვპირდებოდნენ, რომ დაიწყებოდა მოძრაობა და დღეს-ხვალ ამუშავდებოდა ყველაფერი. და, აი, მოვიდა ყრილობა. რომელმაც, მართალი გითხრათ, დიდი იმედები ვერ მომცა. შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო.ახალ წევრებზეც გეტყვით ორიოდ სიტყვას. კოღუაშვილის განცხადებას მე ვერ ვუწოდებ პატარა ბავშვის ხუმრებას ან დაჩქარებულ გამოსვლას, რითაც ზოგიერთი ცდილობს გარკვეულწილად ჩამორეცხოს მას პარტიის წინაშე დანაშაული. მე სწორად ამას დავარქმევდი მის ქმედებებს, რადგან უამრავი ჩვენი თანამებრძოლი და გულშემატკივარი, შეიძლება ითქვას, საპირისპირო ბანაკისკენ გაახედა კოღუაშვილის გამონათქვამებმა. ამიტომაც ჩვენ არ უნდა ვეცადოთ მისი ნათქვამების გამართლება.
"რ": გარდა დავით კოღუაშვილისა, ყრილობაზე წარდგენილმა კიდევ რომელმა წევრებმა გამოიწვია თქვენი უკმაყოფილება?
ო.ნ: მართალი გითხრათ, ვერ გეტყვით, რადგან დიდი ცნობადობა არა აქვთ. ცოტა ხნის წინ მამაუკა მგელაძე გავიცანი და ერთი შეხედვით საინტერესო პიროვნება ჩანს. მთავარია, ისეთი საინტერესოები არ აღმოჩნდნენ, როგორიც დავით კოღუაშვილი აღმოჩნდა და "ქართული ოცნების" მთელი სამყარო ამოატრიალა.
"რ": თქვენ თქვით, რომ რეგიონებში "ქართული ოცნების" ოფისები დაკეტილი იყო, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პარტია რეგიონებში არ ასრულებდა თავის მოვალეობას და უფუნქციო იყო?
ო.ნ: გარკვეულ პერიოდში სამუშაო ტემპი მართლაც შენელებული და გაჩერებული იყო. სწორედ ამიტომ ავტეხე მე განგაში, რის შემდეგაც ეს გარკვეულწილად შეიცვალა, თუმცა ჯერჯერობით ჩემთვის სასურველ დონეს მაინც ვერ მიაღწია. იმედი მაინც არის, რადგან ჯერ არის იმის დრო, რომ ყველაფერი გამოსწორდეს.
ჩემს კრიტიკულ დამოკიდებულებას ის განაპირობებს, რომ მაქვს სურვილი, პარტია იყოს ძლიერი და საპირწონე ნებისმიერ სხვა პარტიასთან დამოკიდებულებაში. მე ახლაც არ მეპარება ეჭვი, რომ "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. მე მისი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ გარკვეული სვლები სულაც არ იყო საჭირო. მაგალითად, სამეგრელოში, სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ვინც ეს ვერ გათვალა, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელიც ის არის. რატომ არ ვეძებთ იმ ჩვენს ადგილობრივ მხარდამჭერებს იმავე სამეგროლოში, რომლებიც, თუ საჭირო იყო, თავად გალახავდნენ მათ. მაგრამ უფრო ღირსეულები იქნებოდნენ და ხელს ჩვენკენ ვერ გამოიშვერდნენ. ამიტომ, არ იყო აუცილებელი ჩვენი მთელი სახელმწიფო ძალების ჩართულობა ასეთ უმნიშვნელო საკითხებში.
"რ": კორცხელში მომხდარ ინციდენტს როგორ შეაფასებდით?
ო.ნ: მე ეჭვი არ მეპარება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან იყო პროვოკაცია, მაგრამ ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ ამაზე. საცემები ისინი დიდი ხნის წინ იყვნენ. თავის დროზე რომ გვეცემა და დასასჯელები დასჯილიყვნენ, მაშინ ეს ინციდენტებიც ნაკლები იქნებოდა ახლაც და არჩევნების დროსაც. მე ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას, ჩემი სურვილია, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს, თორემ გასალახები ისინი, რა თქმა უნდა, არიან. მათ რომ სირცხვილის გრძნობა ჰქონდეთ, საერთოდ არ გამოჩნდებობდნენ ხალხში, მაგრამ მათ არ აქვს ეს გრძნობა და აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ.
"რ": რატომ ან ვისი ბრძანებით იყვნენ მობილიზებული კორცხელში ის ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს?
ო.ნ: ჩვენ ვერ დავუშლით ჩვენს მხარდამჭერებს იქ ჩასვლას, იგივე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები კორცხელში თბილისიდან იყვნენ ჩასული. რახან ხელისუფლება ვართ, ჩვენი მხარდამჭერები არ შეიძლება ყოფილიყვნენ ჩასულები?! "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა შეაგინეს, ასე რომ ვთქვათ, წააქეზეს ჩხუბისკენ და ჩვენ დავცხეთ, მაგრამ იცით რა არის?! შეიძლებოდა ადგილობრივ მოსახლეობაში ჩვენს მომხრეებს თავად გადაეწყვიტათ ეს საკითხი და შედეგიც სხვა ყოფილიყო. ზოგადად ჩვენი სტილია ასეთი, რომ ჩვენთან ერთად მებრძოლ ხალხს, ჩვენს მომხრეებს რეგიონებში ნაკლებად ვენდობით. არადა, ძალიან ერთგული ხალხი ჰყავს "ქართულ ოცნებას", ამას დაფასება უნდა - თურაშაულის პატრონი ტყეში პანტას არ უნდა ეძებდეს.