გუშინ, 23 მაისს, საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის წარდგენას ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მოწვეული სტუმრები და მსოფლიოს ცნობილი მეცნიერები ესწრებოდნენ. საქართველოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დამფუძნებელი საქართველოს მთავრობაა. პროექტის ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ევროს შეადგენს და მას მთლიანად საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ინსტიტუტის სტუდენტების სწავლასა და პარტნიორ ორგანიზაციებში მათ მივლინებებს სრულად დააფინანსებს ფონდი „ქართუ“.
ტექნოლოგიური ინსტიტუტის იდეა ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიეროკვლევითი კომპლექსის შექმნას გულისხმობს. პროექტის მიზანია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით. შეიქმნება ბაზა თანამედროვე სამეცნიეროექსპერიმენტული კვლევებისთვის, რომელიც აუცილებელია ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და ინტელექტუალურსაგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად. ინსტიტუტს გამოყენებითი მნიშვნელობაც ექნება, ერთერთია მეცნიერული კვლევის უახლესი მეთოდი _ სიმსივნის ადრონული თერაპია. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ მოწვეულია პროფესორი გია დვალი.
ბიძინა ივანიშვილი: - ალბათ, იცით, ამ პროექტის ამაჩქარებელი თერაპია რაც იყო. ეს იქნება ძალიან დიდი საფუძველი, რომ მეცნიერება აღორძინდეს. მოგეხსენებათ, მეცნიერება ძალიან დაბალ დონეზეა, თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ისტორია. გვყავდა და დღესაც გვყავს მსოფლიო მნიშვნელობის ქართველი მეცნიერები, მაგრამ მოგეხსენებათ, დამოუკიდებლობის შემდგომ, ბოლო ეტაპზე, ძალიან რთულ პირობებში ვვითარდებოდით. მეცნიერებამ ყველაზე დიდი დარტყმა განიცადა, ახლა ვცდილობთ, დავიბრუნოთ ტრადიციები და ჩვენი მეცნიერება ავაღორძინოთ. ტექნოლოგიურ ცენტრს დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან ამით ისარგებლებენ ქიმიკოსები, ფიზიკოსები, ჯანდაცვის და სხვა დარგების მეცნიერები და მათ ექნებათ შესაძლებლობა, მეცნიერული უნარები აღორძინდეს საქართველოში.
- პროექტის ღირებულება რამდენია?
- ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ღირებულება დაახლოებით 500 მლნ ევრო იქნება. ცოტა სხვაობაა პროექტებს შორის. შეიძლება განხორციელდეს ამერიკული პროექტი. კოლაიდერზეა მხოლოდ საუბარი, ხოლო მრგვალ შენობაში იქნება ლაბორატორიები, ეს იოლია და მისი მშენებლობა დაიწყება ხვალვე. ის, რაც ნაციონალებმა ბათუმში ააშენეს, იყო სასაცილო. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა თავიდანვე იყო ჩემი, ეს იყო დაახლოებით 8 წლის წინ და სააკაშვილი საოცრად აღფრთოვანებული იყო. პრემიერი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ მსოფლიოში სიმსივნის მკურნალობის უახლესი მეთოდი წარმატებით დაინერგება ჩვენს ქვეყანაში და ეს ინსტიტუტი გახდება ერთერთი ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო საგანმანათლებლო ცენტრი რეგიონში. გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებით გამოყო ამ პროექტის ყველაზე მთავარი კომპონენტის - ნაწილაკთა ამაჩქარებლის მშენებლობის მნიშვნელობა. პრემიერის განმარტებით, ფართო წრეებში კოლაიდერად ცნობილი ნაწილაკების ამაჩქარებლის კომპლექსის მეშვეობით ქართველ მეცნიერებს და მეცნიერთა ახალ თაობებს შეეძლებათ უმნიშვნელოვანესი კვლევების ჩატარება, მათ შორის მედიცინის, კერძოდ კი, ონკოლოგიის ანდრონული თერაპიის მიმართულებით. - ამ მხრივ ჩვენი ტექნოლოგიური ინსტიტუტი იქნება მსოფლიოში მეხუთე იტალიის, შვეიცარიის, იაპონიისა და ავსტრიის შემდეგ, - განაცხადა ბმა პრემიერმა.
მთავრობამ ექსპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობისა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში გამოცდილების გაზიარების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მსოფლიოში წამყვან ისეთ ცენტრებთან, როგორებიც არის ბირთვულ კვლევათა ევროპული ცენტრი, ანდრონული თერაპიის ეროვნული ცენტრი, იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტი და სხვა. - სწორედ მათთან ერთად ხორციელდება ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება გამორჩეულად სასარგებლო და ნაყოფიერი, - აღნიშნა პრემიერმა. ნაწილაკების ამაჩქარებლის მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ ინსტიტუტს ექნება მსოფლიო დონის მასშტაბური კვლევითი ცენტრის დანიშნულება. იგი იმუშავებს ანდრონული თერაპიის მიმართულებით. - ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსოფლიოში სიმსივნის მკურნალობის ეს უახლესი მეთოდი წარმატებით დაინერგება, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ვიცეპრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“, რომელიც სრულად აფინანსებს როგორც ნაწილაკთა ამაჩქარებლის მშენებლობას, ისე შემდგომში თავად ინსტიტუტის მშენებლობას.
- დღეს ჩვენ ვიმყოფებით ადგილზე, სადაც ამაჩქარებლის მშენებლობა დაიწყება, ეს იქნება კონკრეტული ინსტრუმენტი, რაც შესაძლებლობას მისცემს შემდგომში მათემატიკოსებს, ქიმიკოსებს, ფიზიკოსებს, რომ რეალური კვლევები ჩაატარონ, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. იმ მეცნიერებს, რომლებიც ტექნოლოგიურ ინსტიტუტში იმუშავებენ, საშუალება ექნებათ, კვლევები აწარმოონ. ამ ინსტრუმენტების გარეშე პრინციპულად შეუძლებელია ტექნოლოგიური ინსტიტუტი წარმატებული იყოს, რადგან ეს არ არის მხოლოდ შენობა - აუდიტორია, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ლაბორატორიები და შესაბამისი ინსტრუმენტები, ამიტომ არის მნიშვნელოვანი სწორად აწყობილი ციკლი. - დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“, რომელიც სრულად აფინანსებს როგორც ამაჩქარებლის მშენებლობას, ისე შემდგომში ინსტიტუტის მშენებლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - დასძინა დიმიტრი ქუმსიშვილმა
„ახალი თაობა“ ესაუბრა პროფესორ ლარს ბრინკს, რომელიც 10 წლის განმავლობაში ნობელის კომიტეტს თავმჯდომარეობდა. საუბარი საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის, ექსპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობასა და ინსტიტუტის სამომავლო გეგმებს შეეხო.
ლარს ბრინკი, ჩალმერსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი:
- ჩემთვის ძალიან საინტერესოა მოვახდინო პოპულარიზაცია და მხარდაჭერა დამოუკიდებელი მეცნიერების ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
- პროექტის მნიშვნელობაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
- უმნიშვნელოვანესია, თანამედროვე სამყაროში ფუნდამენტური მეცნიერების კვლევა ვაწარმოოთ. გავიგოთ ფიზიკის კანონები. მსოფლიო გადარჩება მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ გავიგებთ, რა რა არის! რა მართავს მსოფლიოს? როგორ ფუნქციონირებს ბუნება? მთელი რიგი მოძრაობებია მსოფლიოში, რომლებიც ძალიან სახიფათოა.
- მაგალითად?
- არამეცნიერულები არიან და არ ესმით, როგორ ფუნქციონირებს თანამედროვე სამყარო.
- კონკრეტულად რა საფრთხეზე შეიძლება იყოს საუბარი?
- თქვენ იცით, რა სიტუაციაც შეიქმნა მსოფლიოში, მსოფლიო იარაღით არის გავსებული. ადამიანები იარაღს მხოლოდ საკუთარი იდეების წინ წამოსაწევად იყენებენ. აქვე უნდა ვთქვა, რომ მეცნიერებასაც იყენებენ ამ თვალსაზრისით, მაგალითად, ბირთვულ იარაღს. მას შემდეგ, რაც ატომური ბომბი ორჯერ იქნა გამოყენებული, მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, ბირთვული საფრთხე დღესდღეობით დაბალანსდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძალიან ადვილია ომის დაწყება შეურაცხადი იდეების საფუძველზე.
- კოლაიდერის მსგავსი ნაწილაკების დაშლით ხომ შეიძლება კიდევ უფრო დამანგრეველ ენერგიამდე მივიდეს მეცნიერება?
- საინტერესო კითხვაა, პირადად მე არ ვფიქრობ, რომ ასე მოხდეს. დარწმუნებული ვარ, რომ მოვლენები ასე არ განვითარდება. ბირთვულ იარაღს ორი გამოყენება აქვს: ბომბი და მშვიდობიანი, ენერგეტიკული პროგრამებისთვის. თქვენ, რამდენადაც ვიცი, არ გაქვთ ბირთვული ობიექტები ქვეყანაში.
- დიახ, არ გვაქვს.
- დასავლურ სამყაროში მთელი რიგი განხილვები ხდება ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებით. თუმცა, სამყარო არ იქნებოდა განვითარების იმ დონეზე, სადაც ვართ, რომ არ გვქონოდა ბირთვული ენერგია. უზარმაზარი ენერგომატარებლების გამომუშავება ხდება ბირთვული ენერგიიდან. ჩინეთში ყოველ სამ თვეში ერთხელ აშენებენ ახალ ბირთვულ ელექტროსადგურს. თავისებურად საფრთხის შემცველად ჟღერს, მაგრამ ეს რეალობაა.
- ბატონო პროფესორო, ამ საუბრის ფონზე საინტერესოა, კონკრეტულად ფიზიკის დარგში, რამდენად მოდიან კვალიფიციური ახალგაზრდა მეცნიერები?
- შეიძლება ატომური ბომბიც იყო მაპროვოცირებელი, მაგრამ ფაქტია, ფიზიკა ერთერთ ყველაზე პოპულარულ საგნად იქცა. მსოფლიოში საუკეთესო ინტელექტუალები 40იან, 60იან და 70იან წლებში მუშაობდნენ ფიზიკის დარგში. ამჟამად კონკურენციას აქვს ადგილი როგორც ფუნდამენტურ, ისე გამოყენებით ფიზიკაში. კვანტური მექანიკის რევოლუცია უკვე იყო. თუმცა, წინ კიდევ ბევრი აღმოჩენაა.
- ეს პროექტი რამდენად წაადგება თუნდაც ჩვენს განათლების სისტემას, მის მოდერნიზებას?
- ძველი სასწავლო პროგრამებით არ შეიძლება უნივერსიტეტებში სწავლების გაგრძელება, ახალი ნაბიჯებია გადასადგმელი. მოსწავლეებს, სტუდენტებს თანამედროვე ცოდნა უნდა მიაწოდო. თუ ამას გააკეთებთ, მთელი საზოგადოების დონე აიწევს, საზოგადოებას ცოდნა უნდა დაუგროვდეს, ეს შემდეგ ყოფაზე აისახება. მაგალითად, ტექნიკურად მაღალი დონის საწარმოები დაიწყებს ქვეყანაში ფუნქციონირებას და ა.შ. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი ამაშიც შეიტანს თავის წვლილს. ეს ინსტიტუტი აამაღლებს და შექმნის საზოგადოების ცოდნის ახალ დონეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ბიძგს მისცემს ახალგაზრდობას. ახალგაზრდები თანამედროვე მეცნიერებაში უნდა მუშაობდნენ. მათ აქვთ ის მნიშვნელოვანი პრობლემები გადასაწყვეტი, რომლებიც სამყაროს წინაშე დგას.
- რამდენად არის სტუდენტების დაინტერესება?
- მე20 საუკუნეში უფრო იყო. ახლა მთელი რიგი მეცნიერებები გაჩნდა გამოყენებითი მეცნიერების სფეროში.
- ბატონო ბრინკ, თქვენ 10 წლის მანძილზე ნობელის კომიტეტის თავმჯდომარე იყავით. თუ შეიძლება, მოგვიყევით ამის შესახებ და რამდენად თამაშობს ის გარკვეულ როლს მეცნიერების განვითარებაში?
- დიახ, მრავალი წელი ვიყავი ნობელის კომიტეტის თავმჯდომარე. რასაკვირველია, ნობელის პრემია სერიოზულ როლს თამაშობს, ხალხს უბიძგებს, რომ იმუშაოს, მიაღწიოს და აღმოაჩინოს. ეს მართლაც მძიმე შეჯიბრია. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად მძიმე. ბევრი ფიქრობს, ხელში ჩავიგდებ ნობელის პრემიას, მაგრამ ასე არ ხდება და დიდი იმედგაცრუებაც ახლავს ამ ყველაფერს, სამწუხაროდ. ნობელის პრემია ძალიან ბევრს ნიშნავს პატარა ქვეყნებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამით ახალგაზრდები დააინტერესო თუნდაც ფიზიკის დარგში. უნდა ვეცადოთ და ახალგაზრდებს მეცნიერების ინტერესი გავუღვივოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეცნიერებაში უნდა ვეცადოთ, რთულ კითხვებს გავცეთ პასუხი. თუნდაც იმას, რატომ არის სამყარო ასე მოწყობილი.
- ამ რთულ კითხვებს მეცნიერებამ რამდენად გასცა პასუხი? რამდენად ღრმად შეაღწია?
- საკმაოდ ღრმად. აინშტაინის ფარდობითობის თეორია იმდენად წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი რამ გახლავთ, სწორედ აქედან ვიცით, რომ დიდი აფეთქების შედეგად შეიქმნა სამყარო. ძალიან უცნაური მატერიებით არის სავსე სამყარო და ჩვენ გვაქვს ამაზე წარმოდგენა. ვიცით, რომ მილიარდობით ვარსკვლავი არსებობს. ასევე ვიცით, რომ, სავარაუდოდ, მილიარდობით პლანეტაა. კითხვა ისმის - სიცოცხლე არის ამ მილიარდობით პლანეტაზე? სადღაც უნდა იყოს. ასევე ისმის კითხვა - რატომ არ ვიღებთ სიგნალს თუ სიცოცხლეა? ამ კითხვაზე პასუხი კი უკვე პრობლემაა. _- სასრულობასა და უსასრულობაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ? - სამყარო მუდმივად იარსებებს, მაგრამ თავისებური საზღვრები მაინც აქვს, რომელიც შემდგომში გააგრძელებს გაფართოებას. სამყარო თავისებურად აქსელერაციას განიცდის, ფართოვდება. ასევე უნდა ვთქვა, რომ სამყაროში იქნა აღმოჩენილი შავი ენერგია, შავი მატერია, 2011 წელს ამ აღმოჩენას ნობელის პრემია მიენიჭა.
„ახალი თაობა“ პიზის უნივერსიტეტის პროფესორს, საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრ გვიდო ტონელისაც ესაუბრა.
- ბატონო პროფესორო, რას უნდა ველოდოთ საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტისგან? რა მნიშვნელობა ექნება ამ ინსტიტუტს ზოგადად მეცნიერებისთვის?
- ცოდნისა და ინოვაციის სფეროში ქვეყნებს, რომელთაც სიტყვა ეთქმით, ადგილი მომავალშიც ექნებათ. ქვეყნის სიდიდესა და მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას მნიშვნელობას არ აქვს. ქვეყნებს, რომელთაც თავიანთი სიტყვა ექნებათ ინოვაციებში, ექნებათ მომავალი. ქართული ინიციატივა დროის ზუსტ მონაკვეთშია გაკეთებული.
- რა მნიშვნელობა ექნება ამ პროექტს მაგისტრანტებისთვის, დოქტორანტებისთვის?
- თქვენ გახდებით საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი ამ თვალსაზრისით. მსგავსი ინიციატივა და ინფრასტრუქტურა იშვიათია მსოფლიოში. თქვენი ქვეყანა ექსკლუზიური კლუბის წევრი ხდება. ამ თამაშს ჰქვია ახალგაზრდა თაობის მომზადება თანამედროვე ტექნოლოგიებში უმაღლესი ცოდნით. გარდა ამისა, ეს ცენტრი ქართველ საზოგადოებას მისცემს საშუალებას, რომ წვდომა ჰქონდეს საუკეთესო ტექნოლოგიებთან. ადამიანებს, ვინც პროფესიონალები გახდებიან, საშუალება ექნებათ, თავიანთი ცოდნა სხვა აქტივობებში ჩადონ. ეს გახლავთ რეალური ინვესტიცია. ეს არ არის მხოლოდ 100 ადამიანისთვის ჩადებული ინვესტიცია. ეს გავლენას მოახდენს მთელ ეკონომიკაზე, მთელ ქვეყანაზე. თქვენი ქვეყნის აქტივი და სიმდიდრე ახალგაზრდობაა, საუკეთესოები დარჩებიან ქვეყანაში და განავითარებენ სხვადასხვა მიმართულებებს. თუ არ მისცემთ ამის საშუალებას, მათ დაკარგავთ და ისინი საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.
- ქვეყანამ პირობები უნდა შეუქმნას ამ ახალგაზრდებს და აქეთკენ გადადგმული ნაბიჯია ეს პროექტი?
- დიახ. განათლება არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ანაზღაურება. საუკეთესო სისტემა გაქვთ, მაგრამ უნდა გააუმჯობესოთ ის.
- ჩვენი განათლების სისტემას იცნობთ?
- დიახ, ქართველი მეგობარი მეცნიერები მყავს და ისინი საუკეთესოები არიან. მათი განათლება უმაღლეს დონეზეა, რომელიც აქ მიიღეს, მაგრამ საჭიროა თქვენი განათლების სისტემის უკეთესი ინტეგრირება განათლების საერთაშორისო სისტემაში.
- ზოგადად ეს ამაჩქარებლები მსოფლიო ტექნოლოგიაში რა წვლილს შეიტანს?
- საქართველოში ჩვენ ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ ექსპერტებთან. საბოლოოდ ამ წვლილის განსაზღვრა ქვეყანამ უნდა მოახდინოს.
- ჰიგსის ბოზონის აღმოჩენაზე მინდა გკითხოთ. ამ აღმოჩენის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მას თანამედროვე სამყაროსთვის?
- ძალიან მარტივია: ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემოა, ჩვენი ჩათვლით, ატომებისგან და მოლეკულებისგან შედგება, მაგრამ სამყარო თავის დასაწყისში აბსოლუტურად სხვა იყო. მატერიას აბსოლუტურად სხვა ფორმა ჰქონდა იმ მომენტამდე, როდესაც ჰიგსის ბოზონი გაიყინა მთელ სამყაროზე. სწორედ იმ მომენტიდან შეიცვალა ყველაფერი. მასა მიანიჭა ელემენტარულ, უმცირეს ნაწილაკებს. თითქოს პატარა დეტალია, მაგრამ მისი ნაწილი ჩვენ ვართ. რომ არა ეს, ატომის შექმნის შესაძლებლობა არ იქნებოდა. ჰიგსის ბოზონი ელექტრონს მასას ანიჭებს. ეს არის ყველაფრის საწყისი. თუ აღნიშნულს გამოვრიცხავთ, სამყარო აბსოლუტურად სხვა იქნებოდა და ჩვენ აქ არ ვიქნებოდით და ამ ინტერვიუს ვერ ჩაწერდით.