რატომ ჰპირდება სომეხ ამომრჩეველს პრეზიდენტობის კანდიდატი ვარდან სედრაკიანი სამცხე-ჯავახეთის შეერთებას

რატომ ჰპირდება სომეხ ამომრჩეველს პრეზიდენტობის კანდიდატი ვარდან სედრაკიანი სამცხე-ჯავახეთის შეერთებას

ჩვენს მეზობელ სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები, სულ რაღაც, ერთ თვეში უნდა გაიმართოს. ერთ-ერთი კანდიდატი ვარდან სედრაკიანია, რომელიც ირწმუნება, რომ, წინასწარი გამოკითხვებით, სწორედ მას უჭერს მხარს სომეხი ამომრჩევლის ყველაზე მეტი რაოდენობა. ბუნებრივია, სომეხი ამომრჩევლის გასარკვევია, ვის მიანდობს თავისი ქვეყნის მესაჭეობას, თუმცა ბ-ნი სედრაკიანი იმ უბრალო მიზეზით მოხვდა ჩვენი ყურადღების ცენტრში, რომ საქართველოსთან მიმართებით მეტად ორიგინალური მიდგომები გამოამჟღავნა: ჯერ ერთი, თავის ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ გაპრეზიდენტებისთანავე აღიარებს აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ დამოუკიდებლობას,  მიიერთებს სამცხე-ჯავახეთს და ქუთაისს აფხაზეთს დაუბრუნებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზების გაგებისთვის პირველწყაროს, ანუ სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატს – ვარდან სედრაკიანს დავუკავშირდით.

ფიქრობთ, რომ სომეხი ამომრჩევლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება თუ ქუთაისის დაბრუნება?

– მე ამაზე დეკემბრის ბოლოსაც ვილაპარაკე, მაგრამ პირველად 2012 წლის ივნისში განვაცხადე, რომ მონაწილეობას მივიღებდი საპრეზიდენტო არჩევნებში. ვერ გავიგე, დამოუკიდებლობა აფხაზეთის და კიდევ რის?

ცხინვალის რეგიონის, თქვენ რომიუჟნაია ოსეტიასუწოდებთ.

– მე ვიფიქრე, კიდევ რამეს ხომ არ ვაღიარებ-მეთქი (იცინის, მეც ვიცინი)?! აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ აღიარებას აქვს თავისი მიზეზი. ეს კომპლექსური საკითხია, თქვენ მხოლოდ ერთი ნაწილი თქვით. როდესაც პრეზიდენტი გავხდები, პირველი განკარგულებით, სომხეთს შემოვუერთებ არცაახს, რასაც თქვენ უწოდებთ ყარაბაღს და ყველა იმ ტერიტორიას, რომელიც ყარაბაღის ომის დროს გათავისუფლდა სომეხი ხალხის ძალისხმევით. მეორე განკარგულებით, სომხეთს მიუერთდება ნახჭევანი, ისიც სომხეთის ტერიტორია იყო, მაგრამ ყარაბაღთან ერთად მისცეს აზერბაიჯანს 1921 წელს.  შემდეგ მოდის აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ აღიარება. რა არის ამ გადაწყვეტილების არსი: თუ ჩვენ, სომხები, ვფიქრობთ, რომ სომეხი ხალხის ბრძოლა ყარაბაღისთვის სამართლიანია, რადგან ყარაბაღელებს არ უნდათ ცხოვრება აზერბაიჯანის შემადგენლობაში და ვუბრაზდებით დანარჩენ სამყაროს იმის გამო, რომ ისინი არ აღიარებენ ყარაბაღის დამოუკიდებლობას, მე სომეხ პოლიტიკოსებს ვეკითხები: რატომ უნდა აღიაროს სამყარომ თქვენი ბრძოლა სამართლიანად, თუ თქვენ არ აღიარებთ სამართლიანად სხვა ხალხების ბრძოლას?!

მაგრამ თქვენი პირველი განკარგულებით ხომ იერთებთ ყარაბაღს და რა შუაშია აქ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება?

– ორი ეტაპია: ჯერ ყარაბაღის დამოუკიდებლობა უნდა ვაღიარო და შემდეგ, რეფერენდუმით ან სხვა საშუალებით, შევუერთოთ სომხეთს. მეორე ვარიანტია პირდაპირი შეერთება. ყარაბაღში ბრუნავს სომხური ფულის ერთეული, ყველაფერი სომხურია, დგას სომხური არმია, მაგრამ ის ოფიციალურად  არ არის აღიარებული სომხეთის მიერ. რატომ უნდა მოიხადოს ჩემმა ვაჟმა, ერევნელმა ბიჭმა, სამხედრო-სავალდებულო სამსახური ყარაბაღში?! მე არ ვარ სომხების დაცვის წინააღმდეგი, მაგრამ, მოდი, გავაფორმოთ ეს ოფიციალურად. როდესაც სხვებისგან ითხოვ სამართლიანობას, თვითონაც უნდა იყო სამართლიანი.

და ამ სამართლიანობის აღდგენის მიზნით, აღიარებთ ჩვენს აფხაზეთსა და ცხინვალსაც. ამის გარდა, კიდევ რას გააკეთებთ?

– ჩემს პირველ  პრესკონფერენციაზე ივნისში ეს საკითხები საერთოდ არ წამომიწევია. მაგრამ, როდესაც თქვენთან არჩევნები ჩატარდა და ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი პრემიერ-მინისტრი, ნოემბრის დასაწყისში მან თქვა, ქართველები ძალიან კეთილი ხალხია და სომხებსაც აძლევენ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების უფლებასო.

ასე არ უთქვამს, მან განმარტა, რაც თქვა. არ დავაბრალოთ ის, რაც არ უთქვამს.

– დავასრულებ. ისე მოხდა, რომ ჩემი მეორე პრესკონფერენცია ჯინაზე ჩავატარე, თუ ასეთი მძიმე ტვირთია საქართველოსთვის სომეხი მოსახლეობა, ისე გავაკეთებთ, რომ სომხებმა აღარ იცხოვრონ საქართველოში.

ჯინაზე გავაკეთე სამცხე-ჯავახეთის სომხეთისთვის მიერთებაზე განცხადებაო, მაგრამ, თუ პრეზიდენტი გახდებით, მოიყვანთ სისრულეში?

– ამას გადაწყვეტენ თავად სომხები: მათი ნებაა, იცხოვრებენ თუ არა საქართველოს შემადგენლობაში. მე არ ვიცი, თქვენ სააკაშვილის მომხრე ხართ თუ ივანიშვილის…

ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე ჟურნალისტი ვარ და კითხვებს გისვამთ.

– მე როგორც ვიცი, ბოლო წლებში ბევრი ფინანსური დაბანდებები მოხდა „ჯავახშკი“ და იქ სომხები უფრო უკეთ ცხოვრობენ, ვიდრე ჩვენთან, სომხეთის სოფლებში. ასე რომ, მათი გადასაწყვეტია, სად იცხოვრებენ. ეს დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლების გაწონასწორებულ პოლიტიკაზე. თუ საქართველო ფიქრობს, რომ სატრანზიტო ქვეყანაა და ამიტომ შეუძლია, გონორით ელაპარაკოს სომხეთს, ცდება.

საქართველო-სომხეთის ურთიერთობა არ ტოვებს დაძაბულის შთაბეჭდილებას, თქვენ რამე სხვა ინფორმაცია გაქვთ? პრეზიდენტი ხშირად ჩამოდის თქვენთან, სულ ახლახან იყო პრემიერ-მინისტრიც და თითქოს ყველაფერმა კარგად ჩაიარა. თქვენ რამე არ მოგეწონათ?

– პრესკონფერენციის დროს გავაკეთე განცხადება, რომ არასწორია სომხეთში წინასაარჩევნო კამპანიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლა. ეს ჩვენს შიდა პოლიტიკაში ჩარევის უხეში მცდელობაა.

რატომ? რა ზემოქმედება შეეძლო საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომეხი ამომრჩევლის არჩევანზე?

– ჩვენ პრეზიდენტობის რვა კანდიდატი გვყავს. მე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, არათანაბარ ვითარებაში აღმოვჩნდი მოქმედ პრეზიდენტთან შედარებით. ალალად მითხარით, რა ისეთი მწვავე საკითხი იდგა საქართველოსა და სომხეთს შორის, რომ აუცილებელი იყო ასე უცბად ჩამოსვლა?! ომია თუ რა ხდება?!

როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი თავისი ინიციატივით ჩამოვიდა? რომ არ მიეპატიჟებინა სომხურ მხარეს, ხომ ვერ ჩამოვიდოდა?

– ვიზიტი ყოველთვის შეთანხმებულია ორივე მხარესთან, მაგრამ არის მორალური მხარეც.  მე რომ ვყოფილიყავი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელიკატურად ვიტყოდი, შევხვდეთ ერთმანეთს მარტში-მეთქი.

ანუ არჩევნების შემდეგ.

– დიახ. არანაირი დოკუმენტისთვის არ მოუწერიათ მხარეებს ხელი. არ ვიცი, თქვენ იცით თუ არა, მაგრამ თქვენი პრემიერ-მინისტრი რამდენიმე საათს იჯდა კაფეში და უსმენდა ჯაზს. რას ნიშნავს ეს?!

არ ვიცი, იქნებ მოეწონა თქვენი კაფე და იქაური ჯაზი. ეს ცუდია?

– პრემიერ-მინისტრმა იმ დღეს დასვენება გადაწყვიტა?! არ გეწყინოთ, მაგრამ ეს პოლიტიკური „სინაგლეა“. სომხეთი, რა, მილიარდერ ივანიშვილის დიდი ვილაა?!

ძალიან უცნაური ინტერპრეტაციაა, მაგრამ თქვენი საქმისა თქვენ იცით.

– მას უნდოდა ეჩვენებინა მთელი სომხეთისთვის, რომ მსოფლიო დგას სომხეთის მოქმედი პრეზიდენტის გვერდით და კვლავ ის იქნება პრეზიდენტი. რადგან, თუ შენ არ იცი, ვინ იქნება სომხეთის პრეზიდენტი 20 დღის შემდეგ, რატომ ხვდები მოქმედ პრეზიდენტს?! თუ ვარდან სედრაკიანი გაიმარჯვებს, მაშინ რას ეტყვის მას?!

მაშინ სტუმრად ჩავა პრეზიდენტ სედრაკიანთან.

– არ მგონია.

რატომ? არ მიიწვევთ?

– პოლიტიკურად ულამაზო იყო მისი ასეთი ჩამოსვლა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ინტერნეტში არის რამდენიმე დამოუკიდებელი საიტი, ყველგან მე ვლიდერობ. 35 პროცენტი მაქვს, სერჟიკ სარქისიანს კი –  მხოლოდ 17 პროცენტი.

ჩვენს ძირითად თემას დავუბრუნდეთ: როგორ აპირებთ ქუთაისის დაბრუნებას აფხაზეთისთვის?

– ქუთაისი იყო აფხაზეთის დედაქალაქი.

ბატონო, იყო.

– იყო ისტორიკოსი აბაევი, სხვებიც, მათგან ვიცით, რომ ლეონ მეორე, აფხაზეთის მეფე, იჯდა ქუთაისში. მე რა, რამეს ვიგონებ?!

მე არ მითქვამს, რომ რამეს იგონებთ. საერთოდაც, დასავლეთ საქართველოს ერქვა აფხაზეთი და ქუთაისი იყო ამ დასავლეთ საქართველოს, ანუ აფხაზეთის დედაქალაქი, მაგრამ მერე რა?

– ლეონ მეორე ფინანსურად და ჯარით დაეხმარა სომხეთს არაბთა ხალიფატის წინააღმდეგ ბრძოლაში. აფხაზეთის მეფეები იყვნენ ბაგრატიდები და ჩვენი მეფეებიც ბაგრატიდები იყვნენ. ლეონ მეორე სომხეთს ეხმარებოდა ფინანსურადაც და ჯარითაც. საბჭოთა ისტორიკოსებისგან ვიცი, რომ ქუთაისი იყო აფხაზეთის დედაქალაქი.

მაშინ რატომ უბრუნებთ მხოლოდ ქუთაისს? ბარემ მთელი დასავლეთი საქართველო დაუბრუნეთ? მე მხარს გიჭერთ, იმიტომ რომ მაშინ ქართველები უმრავლესობაში აღმოვჩნდებით და სეპარატისტული აფხაზეთი ავტომატურად აღარ იარსებებს.

– ესე იგი, მე ვთქვი ის, რაც მოსწონს ქართველ ხალხს.

მე არ მითქვამს, მომწონს-მეთქი. მაინტერესებს, როგორ აპირებთ, დაუბრუნოთ ქუთაისი აფხაზეთს?

– მე ვთქვი, თუ აფხაზებს უნდათ, აღადგინონ თავიანთი ძველი საზღვრები, როგორც ისინი დაგვეხმარნენ მეშვიდე საუკუნეში, ჩვენც მზად ვართ, დავეხმაროთ მათ დღეს-მეთქი. არ მიმაქვს უკან ჩემი სიტყვები, მაგრამ ეს აფხაზების გადასაწყვეტია. მე ხომ არ შემიძლია, მარტო შემოვიდე საქართველოში და დავიპყრო?!

როგორც მივხვდი, თუ აფხაზები გადაწყვეტენ, თქვენ მზად ხართ, შემოხვიდეთ საქართველოში, შეგვებრძოლოთ და დასავლეთ საქართველო დედაქალაქ ქუთაისიანად დაუბრუნოთ აფხაზეთს?

– თუ აფხაზები ამას გადაწყვეტენ. ამას გარდა, თქვენ იცით, რომ სომხეთის უზარმაზარი ტერიტორიაა დღეს თურქეთის შემადგენლობაში.

სწორედ ეს უნდა  მეკითხა: განკარგულებას არ გამოსცემთ, რის მიხედვითაც, სომხეთს უნდა დაუბრუნდეს თურქეთში არსებული ტერიტორიები? თუ თურქეთი ძლიერია და არ მოსთხოვთ?

– მე ეს პუნქტიც მაქვს ჩემს საარჩევნო პროგრამაში. ყოფილი სამივე პრეზიდენტის დროს აპირებდნენ თურქეთთან დიპურთიერთობის აღდგენას: ეს ხან რუსეთს უნდოდა, ხან  – ამერიკას. შარშან კინაღამ მოეწერა ხელი ამ შეთანხმებას. სომხეთის პრეზიდენტები ყოველთვის ამბობდნენ, მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან წინაპირობების გარეშეო. იცით, როგორ პასუხობდნენ თურქები? პირობა პირველი – ყარაბაღი. ჩემს პროგრამაში წერია, რომ არანაირი ურთიერთობა თურქეთთან, არანაირი შეთანხმებები და მოლაპარაკებები, სანამ თურქეთი არ აღიარებს სომხების გენოციდს და არ დააბრუნებს სომხურ ტერიტორიებს.

აზერბაიჯანთან ტერიტორიული პრობლემა გაქვთ, საქართველოსთან აპირებთ ომს, თუ აფხაზები მოინდომებენ ქუთაისის დაბრუნებას, ზედაც, სამცხე-ჯავახეთის მიერთებას, თურქეთსაც ედავებით. სომხეთისთვის ასეთი პოლიტიკა გონივრული იქნება?

– მეორე მხრიდან მივუდგეთ საკითხს: საიდან მოდის ეს პრობლემები? ჩვენ ვინმეს წავართვით ტერიტორიები?!

ამას რაღა მნიშვნელობა აქვს?

– თუ მე ყოველდღე გირტყამთ თავში და ერთ დღესაც თქვენ გადაწყვეტთ, შური იძიოთ, ეს უსამართლო იქნება?!

მოერევით-მეთქი ამდენს? აქვს საამისო სამხედრო ძალა სომხეთს?

–  ძლიერი არის ის, ვინც უფრო ჭკვიანია. საქართველო და აზერბაიჯანი ახორციელებენ ნავთობსადენისა და გაზსადენის პროექტებს, რომლებშიც სომხეთი არ იღებს მონაწილეობას. თქვენი აზრით, ეს სამართლიანია?!

აზერბაიჯანთან ტერიტორიული კონფლიქტი გაქვთ და გასაგებია, ალბათ, თქვენთვის, რომ აზერბაიჯანი სომხეთზე არ გაატარებს თავის ნავთობსა და გაზს?

– ეს სხვა სიმღერაა: საქართველოს ხელისუფლებამ სიბრძნე უნდა გამოიჩინოს.

სომხეთი იტყოდა უარს საერთაშორისო პროექტზე საქართველოს გამო?

– აუცილებლად. იმარჯვებს ის, ვინც შორსმჭვრეტელია. მაპატიეთ, მაგრამ თქვენი პრემიერ-მინისტრი შორსმჭვრეტლის შთაბეჭდილებას არ ტოვებს.

ძალიან შეურაცხყოფილი დარჩენილხართ მისი ვიზიტით.

– ეს არ მოეწონა სომეხ ხალხს. მხოლოდ სერჟიკ სარქისიანს მოეწონა. ცაში დაფრინავდა სიხარულით, მაგრამ ივანიშვილმა მასაც ჩაურტყა: იმედი გვაქვს, სომხეთში სამართლიანი არჩევნები ჩატარდებაო და ჩვენი პრეზიდენტი გაშავდა, რადგან ასეთ რამეს არ ელოდა. რას ფიქრობს ივანიშვილი, როდესაც ლაპარაკობს?!

არჩევნები არ უნდა ჩატარდეს სამართლიანად?

– ჩვენთან ერთპარტიული ქვეყანა, პატარა საბჭოთა კავშირია. ივანიშვილმა თქვა, იმედია, სამართლიანი არჩევნები ჩატარდებაო და წავიდა ჯაზის მოსასმენად. მას ბიზნესში შეიძლება, რამე გამოსდის, მაგრამ პოლიტიკაში…

ექვსი მილიარდირაღაცაა“?

– სომხური გაგებით, რაღაცაა. ერევანში ასეთები ბევრი გვყავს.

მილიარდერები გყავთ?

– იცით, რომ ფულის პრობლემა არ აქვთ სომხებს.