პოლიტიკური მოძრაობა “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ელიტური კორუფციის კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს და “ქართულ სიტყვას” თბილისის კეთილმოწყობისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობირივად გაფლანგვის ფაქტებს აწვდის:
- სამწუხაროა, რომ ყველა დიქტატორი და ავტორიტარი ხალხს თავს გზებისა, სახურავების შეკეთებით, ფასადებით, შადრევნებითა თუ ყვავილებით აწონებს. მაგალითად, ჰიტლერიც ასე იქცეოდა, მაგრამ ტრაგედიაა, რომ ადამიანები ვერ აცნობიერებენ, თუ რა თანხებზეა ლაპარაკი. ეს ფასადური ცვლილებებიც ნასესხები ფულით ხორციელდება. საქართველოს საგარეო ვალი კი, დღევანდელი მონაცემებით, 10 მილიარდ დოლარს აჭარბებს, რომელსაც ჩვენი შვილიშვილებიც ვერ გაისტუმრებენ.
საგარეო ვალი პრეზიდენტმა 2021 წლამდე გადაავადა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცენტის გადახდის გარდა, ზემოხსენებული თანხა ერთი-ორად გაიზრდება, არა?
- ახლახან ამ უნიათო ხელისუფლებამ საგარეო ვალის მომსახურეობისთვის ნახევარი მილიონი აიღო, ანუ დამატებით ვალს იმიტომ ვიღებთ, რომ პროცენტები გადავიხადოთ. შესაბამისად, გზებსა თუ გაზონებს სესხით ვაკეთებთ. ყველა ნორმალურმა პოლიტიკოსმა და ეკონომისტმა იცის, რომ გზას აგებს ეკონომიკა, ამასთან, სახლს ხურავს, ყვავილებს რგავს, სწავლას, განათლებას აწესრიგებს. ამ ქვეყანაში ეკონომიკა არაა და მაშინ, რითი კეთდება ყველაფერი ეს? ამასწინათ, ბიზნესმენთა დაჯილდოება გაიმართა. ვინ დააჯილდოვეს? რა თქმა უნდა, - კომპანია “ვისოლი”. ის, რომ “ვისოლი” სააკაშვილის ძმის საკუთრებაა, ვიცით, “მხედრიონელი” რომაა “ზარალა”, ესეც გასაგებია, მაგრამ საგანგაშოა, რომ ნომერ პირველი დამსაქმებელი, 2010 წლის მონაცემებით, ბენზინგასამართი სადგურების ქსელი “ვისოლი” აღმოჩნდა. ის უნდა გვიხაროდეს, რომ რომ სხვას ბენზინს ვუსაღებთ? ხელისუფლებამ ამით დასცინა ქვეყანას, თქვენ რომ “ზარალას” აკრიტიკებთ, მე მას ორდენს ვაძლევო. რადგან ბენზინგასამართ კომპანიას აჯილდოვებს, ამით სააკაშვილი ყველას აგებინებს, რომ საქართველოში ეკონომიკა არ არსებობს და ქვეყანაში მთავარი მეწარმე სხვისი პროდუქციის გამყიდველია. მოსახლეობა ინფორმირებული არაა, თუ რა უჯდება სააკაშვილს ერთი ფანტანის შენახვა, ან ფასადების გადაღებვა რამდენი დაჯდა, ვინმემ იცის? რამდენჯერ მივმართე ხელისუფლებას, რომ გამოეცხადებინა ის თანხები, რომელიც ინფრასტრუქტურას ხმარდება, მაგრამ ყური არ მათხოვა. წინასაარჩევნოდ მოსახლეობას დაჰპირდნენ, კორპუსებს გადავხურავთ და ლიფტებს გავარემონტებთო. ეს ყველაფერი კი გააკეთეს, მაგრამ თავიანთი ჯიბეების გასქელების მიზნით, თორემ მოსახლეობის პრობლემების მოგვარება არ ანაღვლებთ!
ისე, მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ხალხი ლიფტით მგზავრობისთვის ფულს იხდის, ანუ გამოდის, რომ ლიფტები ფინანსური მოგების მიზნით გააკეთეს, ესეც მათი ბიზნესია, თან - საკმაოდ სარფიანი. რაც შეეხება გადახურვას, იმ თანხით, რაც ბიუჯეტიდან ამ საქმისთვის გამოიყო, მხოლოდ გადახურვა კი არა, ფასადების შეღებვაც შეიძლებოდა. თბილისში 8 ათასი “სტაიანშჩიკია” და თითოეული “ზემდგომს” 60-70 ლარს უხდის, ეს თანხა 30 დღეზე რომ გავამრავლოთ, თვეში 4 მილიონი ლარი გამოვა, მაგრამ ეს ფული რეგისტრირებული არსადაა. ამ დროს კი, სააკაშვილის ხალხს მოძღვრავს, კორუფციას ვებრძვითო. რომელ კორუფციასთან ბრძოლაზეა ლაპარაკი, როცა ყველა საქმე მასთანაა დაკავშირებული? თუ ადრე მძღოლი პოლიციას “კაპიკებს” აძლევდა ქრთამის სახით, ახლა ჯარიმა ათჯერ მეტია, ანუ ქრთამის აღება დააკანონეს.
...1997 წლის 1 აპრილს ქუთაისში, ოტია იოსელიანსა და სხვა ცნობილ ადამიანებთნ ერთად, ხეების დარგვა დავიწყეთ... მე და ოტია იოსელიანმა საუკეთესო ჯიშის ხეები დავრგეთ, მაგრამ რად გინდათ - ახლახან ეს ხეები ძირფესვიანად ამოძირკვეს და მათ მაგივრად პალმები დარგეს იმიტომ, რომ ამ პალმების შემოტანით დიდი ფული მოიგონ.
კერძოდ, რა თანხაზეა საუბარი?
- ქუთაისში, დავით აღმაშენებლის პროსპექტზე დარგული პალმების საქართველოში ჩამოტანით, სულ მცირე, 100-200 ათასი დოლარის მოგება დარჩათ. მეტიც, “დედა ენის” ძეგლთან რომ ბაღი გააკეთეს, ის 17-18 მილიონი დაჯდა. არადა, ეს სამუშაოები 2 მილიონს არ უნდა ასცილებოდა. გაუმაძღრობა გამიგია, მაგრამ ამისთანა - არა!.. როგორც ვიცი, პრეზიდენტის დედამ 2008 წლის 8 აგვისტოს, გაქანებული ომის დროს, ტექნიკური უნივერსიტეტის ორი კორპუსი, სტადიონთან ერთად, იყიდა, რაშიც 300 ათასი დოლარი გადაიხადა. იმავე წელს გიული ალასანიას ქალაქის მერიამ 120 ათასი ლარი აჩუქა. როცა შევეკითხეთ, ფული რატომ მიეცითო, გვიპასუხეს, მეწარმეა და დავეხმარეთო. ნეტავ, გიული ალასანიაზე უკეთესი მეწარმე ვერავინ მოძებნეს? თუ სხვა უნივერსიტეტებს ყველაფერი წაართვეს, “შავი ზღვის უნივერსიტეტს” რატომ დაეხმარნენ? დღეს საქართველოს პარლამენტი, რეალურად, პრეზიდენტის მეგობრების ბიზნესმენთა კლუბი, ამიტომ, მას პოლიტიკური ფუნქცია აღარ აქვს. ძალიან მაინტერესებს, როგორი ხელშეკრულებააა გაფორმებული აზერბაიჯანულ “სოკართან”, ანუ რამდენად ვყიდულობთ მისგან გაზს? საქართველოს კარგი ხელისუფლება რომ ჰყავდეს, გაზი სამჯერ იაფი უნდა იყოს, მაგრამ ყველაფერი, რაც საქართველოში მარეგულირებელ სადგურებთანაა დაკავშირებული, რუსებმა იყიდეს. ამიტომ, ფასს ჩვენ კი არა, რუსები აწესებენ. სინამდვილეში, სააკაშვილი და მისი გუნდი ქვეყანას კი არ ალამაზებენ, არამედ, ძარცვავენ და აპარტახებენ. ექსპერტების დასკვნით, რუსულმა კომპანიამ ბოლნისის ოქროს საბადოებიდან 2 მილიარდის მოგება გაიტანა. დღეს გეგენავების, თარგამაძეების, რურუების, ბოკერიების, შარანგიებისა და ბეჟუაშვილების კლანების საკუთრებაა ჩვენი მიწა-წყალი!
ბატონო თემურ, ხმა დადის, გაზონების და ყვავილნარების მოწყობითაც სერიოზული ფული “კეთდებაო”...…
- როგორ უბრუნდება საქართველოს პრეზიდენტს ენა, როცა ამბობს, 3 ათასი ლარი 4-სულიანი ოჯახისთვის წლის განმავლობაში საკმარისიაო? თუ ასეა, რატომ აძლევს თვეში სამი ათასზე ორჯერ მეტ ხელფასს ქალაქის მერსა და 3,4-ჯერ მეტს მინისტრებს? ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება, რომ ხელფასი და პრემია ოცჯერ მეტი იყოს პენსიაზე. რაც შეეხება გამწვანებას, ყვავილების ყიდვა ათჯერ მეტი უჯდებათ, ვიდრე თვითღირებულებააა, მაგრამ ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავს იმ თანხას, რასაც ამ საქმეზე ხარჯავს. მათი ვინაობაც, ვინც ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწყობითაა დაკავებული, გასაიდუმლოებულია, ანუ ამFფირმების სახელწოდებები პერმანენტულად იცვლება და, ჩივილი რომ მოგინდეს, ვერაფერს გახდები. გეტყვიან, ეს ფირმა ჩემი აღარაა, სხვისიაო. ქალაქის გასალამაზებლად თვეში 40 მილიონს ყოფენ, ანუ კეთილმოწყობა ხელისუფლებისთვის კორუფციის დიდი წყაროა. ყვავილების ნებისმიერ მაღაზიაში შედით - საქართველოში, ასე ვთქვათ, მოწეულ ერთ ყვავილსაც ვერ ნახავთ. არადა, საქართველო ყვავილების ქვეყანაა, მაგრამ ყველა ყვავილი ჰოლანდიიდან შემოდის, რითიც ბობოლები ხეირობენ. სოფლები საკონცენტრაციო ბანაკებად იქცა, მაღაზიებში მხოლოდ უცხოური პროდუქცია იყიდება და ამას ვეძახით საქართველოს მომავალს? გამოვფიზლდეთ, ხალხო! დღეს ისინი ხეირობენ, ვინც ქვეყნის მტერია და ეროვნულ თვითმყოფადობას გვაკარგვინებს! ნუთუ, ესაა საქართველო?! ამათ ინტელექტიც მოსპე, ბიზნესი “დაარეკეტეს”. მწერალს და მეცნიერს ეუბნებიან, დაჯექი სახლში, შენი მეცნიერება და მწერლობა არ გვჭირდებაო. ამათ უნდათ, რომ საქართველო გახდეს საერთაშორისო მასშტაბის ქვეყანა? აღარ გვინდა ამდენი ტყუილი, ხალხს თვალებში ნაცარს ვეღარ შეგვაყრიან, საკმარისია!