ბიზნესმენთა ფედერაცია ვანო ჩხარტიშვილს სასამართლოში უჩივის!

ბიზნესმენთა ფედერაცია ვანო ჩხარტიშვილს სასამართლოში უჩივის!

დიდი გარიგება გერგეთის 3-ში და ბაზისბანკში ჩადებული ქონება, რა მატერიალური ზარალი მიაყენა ჩხარტიშვილმა ფედერაციას და რას ურჩევს გიორგი ისაკაძე დაპირისპირებულ მხარეებს?

საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისგან გერგეთის ¹3-ში მდებარე შენობის დაბრუნებას ითხოვს. ეს შენობა 2008 წლამდე ბიზნესმენთა ფედერაციის საკუთრებაში იყო. 2008 წელს კი ჩხარტიშვილმა ფედერაციას გარიგება შესთავაზა - გერგეთის ¹3-ში მდებარე შენობა მას გადაეცემოდა, ველ შენობას დაანგრევდა და ამავე ადგილზე, მრავალსართულიან კორპუსს ააშენებდა, სადაც 700 კვ. ფართს ფედერაციას გადასცემდა. შეთანხმება ჩხარტიშვილის კუთვნილ კომპანია ეს ჯი კომპანისადა ბიზნესმენთა ფედერაციას შორის გაფორმდა, რომელსაც იმ პერიოდში გიორგი ისაკაძე ხელმძღვანელობდა. სხვათა შორის, ეს ჯი კომპანიშიისაკაძეს 10%-იან წილი, ხოლო 90% - ჩხარტიშვილის საკუთრებაში არსებულ სონატა ალიანს ჯორჯიას ეკუთვნოდა...

ბიზნესმენთა ფედერაციის სადაო შენობა

საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციამ 2015 წლის დეკემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და შპს “ეს ჯი კომპანისგან” გერგეთის ¹3-ში მდებარე შენობის დაბრუნება მოითხოვა.

“ვერსიის” ინფორმაციით, დაახლოებით, ორიოდე თვის წინ, ბიზნესმენები შეიკრიბნენ და ჩხარტიშვილის წარმომადგენელი დაიბარეს, რათა მხარეებს შორის მორიგების გზით, შენობა დაებრუნებინათ. ჩხარტიშვილმა ბიზნესმენებს შეუთვალა, დრო მომეცით და ყველაფერს მოვაგვარებო, მაგრამ  პარალელურად, “ბაზისბანკიდან” 5-მილიონიანი კრედიტი მოითხოვა და ფედერაციის შენობა იპოთეკით დატვირთა. ბანკმა კრედიტი კი დაუმტკიცა, მაგრამ ჩხარტიშვილს საკრედიტო თანხა არ აუთვისებია. მიზეზის გარკვევისას მხოლოდ კულუარული ინფორმაცია მოვიპოვეთ, რაზეც ბიზნესწრეებში ხუმრობენ, თითქოს კრედიტის დასამტკიცებლად “ბაზისბანკში” მისულმა ჩხარტიშვილმა, უეცრად განაცხადა, ბატონი ბიძინა მირეკავსო და იქვე უპასუხა კიდეც - ბატონო ბიძინა, უკვე ყველაფერი მოგვარდაო. “ბაზისბანკის” წარმომადგენლები ჩხარტიშვილის ანკესს წამოეგნენ და კრედიტი დაამტკიცეს... თუმცა თუ დაამტკიცეს, მაშ ვინ იყო ის “უჩინარი”, ვინც თანხის გაცემა დაბლოკა თუ დააბლოკინა? არადა, შენგელაიას “შერეკილების” არ იყოს, ნეტა ვინ იყო ის შავი კაციო, ტრიფონი რომ კითხულობს, ზუსტად ასეა “ბაზისბანკის” საქმე - ნეტა ვინ იყო ის ბიძინა, ვისაც ჩხარტიშვილი ელაპარაკა?!  

საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის ადვოკატი, გოჩა გოგიშვილი “ვერსიასთან” საუბრისას აცხადებს, რომ ფედერაციასა და “ეს ჯი კომპანის” შორის, ხელშეკრულება 2008 წლის 10 აპრილს გაფორმდა. ადვოკატმა “ვერსიას” ხელშეკრულების ასლი გადასცა, რომლითაც ირკვევა, რომ ეს არის ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ბიზნესმენთა ფედერაციამ საკუთრების უფლება გადასცა “ეს ჯი კომპანის” თბილისში, გერგეთის ¹3-ში მდებარე უძრავ ქონებაზე. ხელშეკრულების გაფორმების დროს, ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ისაკაძე იყო, რომელმაც “ეს ჯი კომპანის” დირექტორთან, მამუკა ღვინიაშვილთან ერთად, ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

ხელშეკრულებაში არსებობს პუნქტი, რომლითაც ირკვევა, რომ: მყიდველი (შპს ეს ჯი კომპანი”) ნასყიდობის საგნის ადგილას ააშენებს მრავალსართულიან შენობას და ამ შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, ნასყიდობის საგნის ღირებულებიდან რეგისტრირებულ კავშირს - საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციას, წილის გადახდის სანაცვლოდ, რაც შეადგენს 728 000 ლარს დღგ- გარეშე, გადასცემს უძრავი ქონების გადაცემის მომენტისთვის არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით აღნიშნული ღირებულების შესაბამის საოფისე ფართს”.

ამ ხელშეკრულებაში არსებული სწორედ ეს პუნქტი ქმნის გაუგებრობას და აჩენს კითხვებს, რის გამოც ადვოკატი გოჩა გოგიშვილი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება კაბალურია:

ამ ხელშეკრულებაში მითითებული თანხა 728 000 ლარი, მყიდველმა, ანუ ეს ჯი კომპანიმ დამატებითი ღირებულების გადასახადის - დღგ- გარეშე უნდა გადაიხადოს, არადა, ამ ტრანზაქციას დღგ ეხება. სამწუხაროდ, არც დღგ- თანხა გადახდილა და არც აღმასრულებელ დირექტორს უთქვამს ვინმესთვის, რომ დღგ- თანხა წარმოიშვა, რომელიც გადასახდელია. ამ წლების მანძილზე, საგადასახადომ ფედერაციას უამრავი ჯარიმა-საურავი, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარის ფარგლებში დაარიცხა. ამ ტრანზაქციიდან გამომდინარე, ბიზნესმენთა ფედერაციას ადევს საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა. სამართლებრივად საკმაოდ მძიმე სურათია და ამ ხელშეკრულების გამო, ბიზნესმენთა ფედერაცია დღეს უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. გარდა ამისა, ხელშეკრულებაში ვადები გათვალისწინებული არ არის, ანუ არსად არ წერია, როდის უნდა დაეწყო ეს ჯი კომპანის მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა ან როდის დაასრულებდა მშენებლობას. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ვიდრე ბიზნესმენთა ფედერაციას ახალ შენობაში კუთვნილი ფართი საკუთრებაში გადაეცემოდა, შესაბამისი საოფისე ფართი ეს ჯი კომპანის იჯარით უნდა დაეთმო. ხელშეკრულებაში წერია, რომ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის დაწყებამდე, მხარეებს შორის იჯარის ხელშეკრულებაც უნდა გაფორმებულიყო: მყიდველი იღებს ვალდებულებას, ნასყიდობის ადგილზე მშენებლობის დაწყებამდე საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციას გაუფორმოს იჯარის ხელშეკრულება”. თუმცა განმარტებული არ არის, სად, რა პირობებით, როგორ და რა ვადით უნდა გაფორმებულიყო იჯარის ხელშეკრულება. მხოლოდ ის წერია, რომ ამასთან დაკავშირებით მხარეებს ცალკე ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინათ, რაც არასდროს გაფორმებულა”.

ადვოკატ გოჩა გოგიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ბიზნესმენთა ფედერაციამ სამართლებრივი დავა დაიწყო, გიორგი ისაკაძემ შპს “ეს ჯი კომპანიში” თავისი კუთვნილი წილი გაასხვისა და 90%-იანი წილის მფლობელს, ანუ “სონატა ალიანს ჯორჯიას” გადასცა. რაც შეეხება სარჩელს, გოჩა გოგიშვილის თქმით, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია, ამ ხელშეკრულების მოშლას ითხოვს:

მიუხედავად ხელშეკრულებაში არსებული კაბალური და უცნაური პირობებისა, ბიზნესმენთა ფედერაციამ გაითვალისწინა, რომ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომი მიმდინარეობდა, რასაც მოგვიანებით, ეკონომიკური კრიზისიც მოჰყვა. კეთილსინდისიერების შემთხვევაში, ამ ფაქტორებს ობიექტურად შეეძლო მშენებლობის შეფერხება. ამდენი წლის მანძილზე ფედერაცია ელოდა, რომ ეს ჯი კომპანი ვალდებულებას შეასრულებდა, მაგრამ დღეს აშკარაა, რომ ლოდინს აზრი აღარ აქვს. ვინაიდან მეორე მხარე ვალდებულებას არ ასრულებს, ბიზნესმენთა ფედერაცია ხელშეკრულებიდან გასვლას ითხოვს, რასაც შედეგად ქონების უკან დაბრუნება უნდა მოჰყვეს. თუმცა პრობლემა ის არის, რომ სადავო ქონება, ანუ ბიზნესმენთა ფედერაციის შენობა იპოთეკითაა დატვირთული, ამიტომ სასარჩელო მოთხოვნაში, თანხის გადახდასა და ზიანის ანაზღაურებასაც ვითხოვთ”.

კაბალური ხელშეკრულების დეტალები

2003-2008 წლებში, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციას გიორგი ისაკაძე ხელმძღვანელობდა. ვერსია ბიზნესმენთა ფედერაციის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ისაკაძეს დაუკავშირდა, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების დროს, შპს ეს ჯი კომპანის 10%-იან წილს ფლობდა:

- გიორგი, როგორ დადგინდა, რომ 2008 წელს, ფედერაციის საკუთრებაში არსებული შენობის რეალური ღირებულება 728 000 ლარი იყო და საერთოდ, ასეთ პირობებზე ხელი რატომ მოაწერე?

- ჯერ ერთი, არ ვთვლი, რომ ცუდი პირობები იყო. მეორე - ყველა დაინტერესებულ პირს მივმართავ, რომ თუ ამ საკითხთან დაკავშირებით, რამე ეჭვი აქვთ, საგამოძიებო სტრუქტურებს მიმართონ. თუმცა, შევახსენებ, რომ ყველა გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა ბიზნესმენთა ფედერაციის საბჭოს თანხმობა, რომელსაც რამდენიმე ადამიანი აწერს ხელს და რომლითაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. სხვა დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ, ეს ეხება, დაახლოებით, 20-30 ბიზნესმენს, რომლებიც დღეს ამ თემის ირგვლივ გაერთიანდა. რეალურად, ეს თემა რეინკარნირდა და ფედერაციის კუთვნილი შენობა მხოლოდ მას შემდეგ გაახსენდათ, რაც მამუკა ხაზარაძესა და ივანე ჩხარტიშვილს შორის დავა დაიწყო.

- ამ ბიზნესმენებს შორის დავა ბიზნესმენთა ფედერაციის შენობაზე დაიწყო?

- არა, მათ შორის საკმაოდ სერიოზული დავა მიმდინარეობს და ბიზნესმენთა ფედერაციის შენობა ამ დავაში აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია. ეს სულ სხვა თემის გაგრძელებაა, რომელიც შესაძლოა, ნებისმიერ დროს სულ სხვა პრიზმაში გადავიდეს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ დავას, ზუსტად იმის გამო, რომ აბსოლუტურად არ მაინტერესებს, რა ტიპის დავები მიმდინარეობს მათ შორის,  მივიღე გადაწყვეტილება, რომ “ეს ჯი კომპანიში” არსებული აბსოლუტურად ნომინალური წილი, ანუ 10%, რომელიც რეალურად არ მეკუთვნოდა და არაფერში არ გამომიყენებია, უსასყიდლოდ გადამეცა მესაკუთრისთვის. ამის საქმის კურსში რამდენიმე ადამიანია, თუმცა ვინ არიან ისინი და რა უძღოდა ჩემს ქმედებას წინასწარ, ახლა ამას არ მოვყვები, რადგან ეს პრივატული საუბარი იყო.

- ხელშეკრულება გაფორმდა ფედერაციასა და ეს ჯი კომპანის შორის, რომლითაც კომპანიას უნდა გადასცემოდა ფედერაციის კუთვნილი შენობა, სანაცვლოდ კი მრავალსართულიანი კორპუსი აშენებულიყო, მაგრამ ხელშეკრულებაში ვადები მითითებული არ არის, რატომ?

- რამდენადაც იმ პერიოდში ურთიერთობა მქონდა ვანო ჩხარტიშვილთან, ვიცოდი, რომ ამ პირობის შესრულებას აპირებდა. ვანო ჩხარტიშვილის მხარეს არ წარმოვადგენ და არ ვიცი, რა ფორმით აპირებს პირობის შესრულებას, ანუ შენობას დააბრუნებს, თუ თანხას გადაიხდის, მაგრამ ვიცი, რომ მხარეები ერთმანეთთან პოზიციების დასაახლოებლად ივლიან. ისე უვლიათ, რომ იმის იქეთ წასულან! ეს არის ჩემი პოზიცია ამ საკითხზე.

- ხელშეკრულებაში ვადები რომ მითითებული არ იყო, ამაზე არ დაეჭვდი?

- არანაირად არ დავეჭვდი ერთი, მარტივი მიზეზის გამო, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ არცერთ შემთხვევაში, ბიზნესმენთა ფედერაცია თანხის, ან ფართის გარეშე არ დარჩებოდა. ამაში არც მაშინ მეპარებოდა ეჭვი და არც დღეს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ. შესაბამისად, ამ და მათ უკან მდგომი სხვა ადამიანებისთვისაც, რომლებიც საქართველოში მედიააქტივებს ფლობენ და ამ თემით არიან დაინტერესებულნი, მოვუწოდებ, რომ მათი ეჭვი ბევრი საშუალებით შეიძლება გაქარწყლდეს - მიმართონ საგამოძიებო სტრუქტურებს. თუმცა შემიძლია დავადასტურო, რომ ბიზნესმენთა ფედერაცია და შენობა, აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია ამ დავაში, რომლის უკან ძალიან ბევრი დავა მიმდინარეობს, სადაც რამდენიმე, საკმაოდ სერიოზული ბიზნესსუბიექტი მონაწილეობს. მე ამაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. დარჩა რაიმე კითხვა? მიმართონ ოფიციალურ სტრუქტურებს!

- გიორგი, ბიზნესმენთა ფედერაციის შენობის ღირებულება რომ 728 000 ლარით განისაზღვრა, არც ამან დაგაეჭვა?

- არა, რადგან ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ “ეს ჯი კომპანი” საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციას წილის გადახდის სანაცვლოდ, რაც შეადგენს 728 000 ლარს დღგ-ს გარეშე, გადასცემს უძრავი ქონების გადაცემის მომენტისთვის არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით აღნიშნული ღირებულების შესაბამის საოფისე ფართს. გიმეორებთ, არსებული საბაზრო ფასის გათვალისწინებით! შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ არსებულ მომენტში, ნაკლები ღირებულება იქნება, ნაკლებს გადაიხდის, მეტი იქნება - მეტს, მაგრამ ამ თანხის ქვემოთ ვერავინ ჩამოვა. ვინმე ამას ეჭვქვეშ აყენებს? მე ასე არ ვფიქრობ. კიდევ ერთხელ ვამბობ, “ეს ჯი კომპანის” მესვეურებს სურთ, რომ ეს თემა პრობლემის გარეშე ამოწურონ, მაგრამ იცით, რას გეტყვით? უნდათ, ამოწურონ, უნდათ, ნუ ამოწურავენ! თუ ბიზნესმენთა ფედერაციის მესვეურებს კითხვები აქვთ, შესაბამის სტრუქტურებს მიმართონ.

- ხელშეკრულებაში 728 000 ლარი დღგ- გარეშეა მითითებული, 2008 წლიდან დღემდე, ბიზნესმენთა ფედერაციას საგადასახადო დავალიანება ერიცხება, რის გამოც ამ ორგანიზაციას დიდი ზარალი მიადგა, მაგრამ ფედერაციაში ამის შესახებ რატომ არ იცოდნენ?

- ამის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი არსებობს. რეალურად, ფედერაციას საგადასახადოსთან ურთიერთობაში პრობლემა წარმოეშვა და მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა.

- ვანო ჩხარტიშვილმა ბიზნესმენთა ფედერაციის შენობის ყიდვა გადაწყვიტა, რისთვისაც ეს ჯი კომპანი შექმნა, სადაც 10%-იან წილს შენ ფლობდი, ხოლო 90%-იან წილს მისივე საკუთრებაში არსებული სონატა ალიანს ჯორჯია”. პარალელურად, ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი იყავი და გააფორმე ხელშეკრულება ეს ჯი კომპანისთან”. მრავალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად საძირკველიც კი არ არის გათხრილი და არავითარი პერსპექტივა არ ჩანს, აშენდება თუ არა ოდესმე. მაპატიე, მაგრამ ვერ ვიჯერებ, რომ ასეთ ხელშეკრულებას ხელი შენ მოაწერე...

- დიახ, ამ ხელშეკრულებას მე მოვაწერე ხელი და ამაზე ნებართვა მქონდა ბიზნესმენთა ფედერაციის საბჭოს წევრებისგან.

- რატომ დადგა დღის წესრიგში ამ შენობის გაყიდვა?

- ეს ძველი ისტორიაა, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის პერიოდს უკავშირდება და ახლა ამ თემაზე საუბარი უხერხულია... პრობლემას რაში ხედავენ, აფერა ჰგონიათ? მესმის, რომ შენ სიტუაციაში გარკვევას ცდილობ, მაგრამ გეუბნები, რომ აფერა არ არის! თუ ფიქრობენ, რომ აფერაა, საგამოძიებო სტრუქტურებს მიმართონ. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ბიზნესმენთა ფედერაცია შენობის აქტივის, ან თანხის გარეშე არ დარჩება, რადგან როდესაც ამ ხელშეკრულებას ვაფორმებდი, ამის დასტური მივიღე, მაგრამ საბოლოოდ, ეს მათი გასარკვევი საკითხია. იყო თუ არა ეს ხელშეკრულება უნაკლო? იურისტი არ ვარ, მაგრამ ბიზნესმენთა ფედერაციის საბჭოს რამდენიმე წევრისგან სრული უფლებამოსილება მქონდა მიღებული და ამას რამდენიმე ბიზნესმენი აწერს ხელს. აქ ყველაზე პრობლემური იყო ურთიერთობა საგადასახადოსთან, მაგრამ იქნება ეს საგადასახადოსთან ურთიერთობა, იჯარა, ან დღგ-ს თემა, თუ თვლიან, რომ ამის გამო ზიანი მიადგათ, ამისთვის უამრავი სტრუქტურა არსებობს, რომლებსაც შეუძლიათ მიმართონ და ზარალის ანაზღაურება მოითხოვონ.

- უკვე მიმართეს და 2015 წლის დეკემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. სწორედ ამ პერიოდში, ეს ჯი კომპანიში 10%-იანი წილი დათმე. ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან კავშირშია?

- დიახ, აბსოლუტური კავშირია ამ ორ ფაქტს შორის, თუმცა სარჩელის მომზადებამდეც მქონდა მათთან კომუნიკაცია. შესაბამისად, ორივე მხარემ იცის, რომ ამ ყველაფერში არ ვმონაწილეობდი და არავითარი სარგებელი არ მქონია.

- ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი 2008 წელს დატოვე, მაგრამ ეს ჯი კომპანიში წილს 2015 წლამდე ინარჩუნებდი?

- მას შემდეგ, რაც გადადგომის შესახებ განვაცხადე, უფლებამოსილება შპს “ეს ჯი კომპანიზე” გადავიდა. მე ერთი დღე არ გამიტარებია გერგეთის ¹3-ში მას შემდეგ, რაც ბიზნესმენთა ფედერაციამ საქმიანობა დაასრულა. თუმცა არის სხვა დეტალი, რომელიც საგადასახადოსთან ურთიერთობას უკავშირდება. იურისტებთან, რომლებიც იმ პერიოდში ამ საკითხში იყვნენ ჩართულნი, ცხადია, ურთიერთობა მქონდა და მედიაციასაც ვცდილობდი. ერთი რამ დადასტურებით შემიძლია გითხრა, 2015 წლის ბოლომდე, ბიზნესმენთა ფედერაციიდან არავინ დაინტერესებულა ამ საკითხით. გიმეორებ, ეს დავა ჩემთვის გასაგები ისტორიის ნაწილია, ეს არის დიდი დავის პატარა თემა, რომელიც აუცილებლად დასრულდება. აი, ის დიდი დავები როგორ დასრულდება, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ამ ძირითადი, გარე დავის მასშტაბები იმდენად დიდია, რომ პირდაპირ და ღიად მოვუწოდებ ამ ბატონებს, რომლებსაც ამ 7 წლის მანძილზე, ყური არ შეუბერტყავთ და არც ფედერაციის ბედით დაინტერესებულან, ყველა შესაბამის უწყებას მიმართონ და ეს საქმე გაასაჯაროონ!

- ფედერაციამ სარჩელი იმიტომ შეიტანა, რომ ჩხარტიშვილმა ბაზისბანკში კრედიტი აიღო და ეს შენობა იპოთეკით დატვირთა?

- ერთი წამით, ეს ამბავი მე იმ მხარისგან გავიგე, რომელიც ჩივის და ამ ეტაპზე, მეტის თქმა არ შემიძლია. სიტუაციის გალამაზება საჭირო არ არის, რადგან ჩხარტიშვილსა და ხაზარაძეს შორის ბოლოს და ბოლოს ყველაფერი გაირკვევა. ვგულისხმობ იმას, რომ რომელიღაც ბანკში ჩადებული ქონება მათი დაპირისპირების ინსპირაცია არ ყოფილა. დაპირისპირების წყარო და ინსპირაცია გაცილებით დიდი დავებია, რასაც გაცილებით სხვა ფესვები და სხვადასხვა მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც ამ თემაში არიან ჩართულნი. მე გაუგებარი დაპირისპირების ნაწილი არ გავხდები, მაგრამ ვაპირებ, ბატონ გოჩა გოგიშვილს ოფიციალურად ვუპასუხო, რომელმაც წერილობით მომმართა. თუმცა არ მგონია, იმაზე მეტი გავიმეორო, რაც ახლა შენ გითხარი.

- მართალია, ეს ჯი კომპანიში 10%-იან წილს ფლობდი, მაგრამ ამ კომპანიის სახელით, ვანო ჩხარტიშვილისგან ოფიციალურად არ მოგითხოვია, რომ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაეწყო?

- ვადასტურებ, რომ მისგან ოფიციალურად ასეთი რამ არ მომითხოვია.