აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას არავინ აღიარებს

აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას არავინ აღიარებს

აფხაზმა სასულიერო პირებმა დანაპირები შეასრულეს და დიდი საერო-საეკლესიო კრება ჩაატარეს. კრების ჩატარების მიზეზი რუსული მღვდელი ეფრემ  ვინოგრადოვი გახდა, რომელიც აფხაზეთში, კერძოდ კი, ახალი ათონის სვიმონ კანანელის მონასტერში რუსეთის პატრიარქმა მიავლინა.

როგორც გაირკვა, ვინოგრადოვის მივლინება აფხაზეთის ეკლესიის წინამძღოლმა ბესარიონ აპლიამ მოითხოვა. ახალ ათონში ეფრემ ვინოგრადოვი მარტის ბოლოს ჩავიდა. თავიდან მის დანიშვნას ახალ ათონში მოღვაწე სასულიერო პირები დადებითად შეხვდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ კი ისინი აბუნტდნენ. ბუნტოვშიკ" მღვდლებს სათავეში ანდრე ამპარი და დოროთეი დბარი ჩაუდგნენ, რომლებიც ბესარიონ აპლიასთან უკვე ათ წელზე მეტია რაც დაპირისპირებული არიან.

მათ მონასტრის ტერიტორიაზე საპროტესტო მიტინგიც კი მოაწყვეს. ამ ღონისძიებას 400-მდე ადამიანი ესწრებოდა. მათ გააპროტესტეს ეფრემ ვინოგრადოვის ტაძრის წინამძღოლად დანიშვნის ფაქტი. იმავე დღეს დააანონსეს, რომ 15 მაისს მონასტრის ტერიტორიაზე დიდი სახალხო-საეკლესიო შეკრება გაიმართებოდა. ამ კრებამდე კარგა ხნით ადრე, ახალი ათონის მონასტრის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. მათ ტაძრის წინამძღოლად მამა ანდრეი ამპარი აირჩიეს.

ბესარიონ აპლია კარგა ხნის განმავლობაში კომენტარებს არ აკეთებდა. დუმილის მიზეზად მან მძიმე მარხვა დაასახელა და პირობა დადო, რომ აღდგომის შემდეგ აუცილებლად გააკეთებდა კომენტარს. ნააღდგომევს მან დანაპირები შეასრულა და პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ აფხაზურ ეკლესიაში არანაირი დაპირისპირება არ არის. მასთან დაპირისპირებულ სასულიერო პირებს კი გზააბნეულები უწოდა. აპლიამ მათ მიმართ გულმოწყალებაც გამოიჩინა და თქვა, თუ მოინანიებენ, მივუტევებთო.

ანდრეი ამპარი და დოროთეი დბარი კი მონანიებას არ აპირებენ. მათ დანაპირები შეასრულეს და დიდი საეკლესიო შეკრება გამართეს. როგორც აფხაზური საინფორმაციო საშუალებებიდან ხდება ცნობილი, ამ თავყრილობას 2 ათასამდე ადამიანი დაესწრო. კრებას უძღვებოდა არქიმანდრიტი დოროთეი დბარი.

ორგანიზატორებმა კრებაზე გამოიტანეს რამდენიმე საკითხი. ზოგი მათგანი იქნა დაყენებული ღია კენჭისყრაზე. ღია კენჭისყრით იქნა მიღებული შემდეგი საკითხები:

1. საეკლესიოოსახალხო კრებას მიენიჭა აფხაზური ეკლესიის მმართველის ორგანოს სტატუსი სრულყოფილი აფხაზური მართლმადიდებლური ეკლესიის ინსტიტუტის ჩამოყალიბებამდე.

2. შეიქმნა აფხაზეთის მიტროპოლია კათედრით ახალ ათონში.

3. შეიქმნა აფხაზეთის მიტროპოლიის მმართველი საბჭო, რომელიც 12 ადამიანისგან შემდგარ ორგანოს წარმოადგენს. მათ შორის 6 სამღვდელოების წარმომადგენელია და 6 საერო.

4. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მსოფლიო ეკლესიებისადმი მიმართვის თაობაზე, რათა შეიქმნას მართლმადიდებლური კომისია მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენლის თავმჯდომარეობით, რათა განხილულ იქნეს აფხაზური ეკლესიის მიმდინარე სტატუსი და შემდეგ მისი სტატუსი, როგორც დამოუკიდებელი აფხაზური მართლმადიდებლური ეკლესიისა.

ფარული კენჭისყრით იქნენ არჩეულნი მიტროპოლიის საბჭოს წევრები. საეკლესიო მსახურთა მხრიდან ამ საბჭოში შევიდა ოთხი წარმომადგენელი - არქიმანდრიტი

დოროთეი დბარი, მღვდელმონაზონი ანდრია (ამპარი), ბერდიაკვანი დავითი (სარსანია) და ბერი თეოფანე (კრუტიკოვი). ორ ადგილი ვაკანტურად იქნა დატოვებული იმის იმედით, რომ მათდამი დაპირისპირებული მეორე საეკლესიო ჯგუფი ბესარიონის (აპლია) ხელმძღვანელობით ოდესმე 'გონს მოეგება" და მიიღეს მონაწილეობას მათ საქმიანობაში. აღსანიშნავია, რომ ხმის უფლება ჰქონდათ მხოლოდ მონათლულ საერო პირებს, რისთვისაც მათ წინასწარ ჰქონდათ დარიგებული სპეციალური ბარათები შესაბამისი აღნიშვნებით.

ფარული კენჭისყრით იქნა არჩეული საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად დასახელდა ეპისკოპოსობის კანდიდატად ამ ახალი ეკლესიური ორგანიზაციიდან. თავმჯდომარე გახდა არქიმანდრიტი დოროთეი დბარი.

ახალ ათონში გამართული კრება აფხაზეთის ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ეს არც არის გასაკვირი. ბესარიონ აპლია ხომ მათთან დაახლოებული პირია. აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აფხაზეთის პრემიერი სერგეი შამბა, რომელმაც ახალ ათონში გამართულ შეკრებას უკანონო და პიროვნულ ამბიციებზე დაფუძნებული უწოდა.

მისი თქმით, კრების მონაწილეებს აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის  მოპოვება გაუჭირდებათ, ხოლო რუსეთის საპატრიარქოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში პირდაპირ აცხადებენ, რომ ეს პროცესი ნეგატიურად აისახება აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობებზე.

აპლიასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები დარწმუნებული არიან, რომ ადრე თუ გვიან აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება მოხდება. იმ შეკრებაზე ბევრი განცხადება გაკეთდა, რომ აფხაზეთის საკათალიკოსო მერვე საუკუნიდან არსებობდა. აფხაზეთის საკათალიკოსოს არსებობა, ისტორიკოს ზაზა აბაშიძის თქმით, იმაზე მიუთითებს, რომ ის ყოველთვის საქართველოს ნაწილი იყო. აფხაზეთის საკათალიკოსო მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა.ქართველი ისტორიკოსი დარწმუნებით აცხადებს, რომ აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას არავინ აღიარებს. თუ რატომ, ამის შესახებ ზაზა აბაშიძე '“ახალ თაობას" ესაუბრება.  

აფხაზები მიიჩნევენ, რომ ადრე თუ გვიან მათი ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარება მოხდება. თქვენი აზრით, ასეთი რამე შეიძლება მოხდეს?

- ეს გამორიცხულია. მათ ეკლესიას დამოუკიდებლობას არავინ მიანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის საკათალიკოსო საუკუნეების განმავლობაში იყო დამოუკიდებელი. მართალია ის დამოუკიდებელი იყო, მაგრამ მცხეთის ანუ საქართველოს პატრიარქის დაქვემდებარებაში იყო. ეს იყო ავტონომიური ეკლესია. მე მინდა აფხაზებს გავახსენო, ვინ იყვნენ მათი კათალიკოსები. მათი კათალიკოსები პირველიდან დაწყებული, ბოლომდე იყვნენ ქართველები. ბოლო კათალიკოსი იყო ჩემი მოგვარე აბაშიძე. არც ერთი მათი კათალიკოსი არ ყოფილა არაქართველი. გვარებსაც ჩამოვთვლი: ღოღობერიძე, მაჭუტაძე, ერისთავი, ქვარიანი, აბაშიძე და ასე შემდეგ. ასე რომ, არავის არა აქვს უფლება, საქართველოს ეკლესიის ნაწილს მიანიჭოს ავტოკეფალია. ამის უფლება ერთადერთი დედაეკლესიას აქვს. ეს დედაეკლესია არის საქართველოს საპატრიარქო. ჩვენს ეკლესიაში კი ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არც არასდროს დადგება. იცოდეს ყველამ, რომ ჩვენი ეკლესიის მცირე ნაწილს ავტოკეფალია არასდროს არ მიეცემა. 

 

ჩვენ არა, მაგრამ სხვამ ხომ შეიძლება მიანიჭოს? ითქვა, რომ ამის უფლება საქართველოს გარდა კონსტანტინეპოლსაც აქვს.

- ამის გაკეთების უფლება მხოლოდ დედაეკლესიას და კონსტანტინეპოლს აქვს. დანარჩენ არც ერთ სხვა ეკლესიას არა აქვს ამის უფლება. ეს არის მართლმადიდებლური ეკლესიის წესი და კანონი.

კონსტანტინეპოლის მხრიდან აფხაზური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება გამორიცხულია?

- აბსოლუტურად გამორიცხულია. აფხაზებს სხვადასხვა არგუმენტები მოჰყავთ თავის სასარგებლოდ. ეს არანაირ შედეგს არ გამოიღებს. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მათ ეკლესიას არათუ ავტოკეფალია, ავტონომიაც კი არ მიეცემა. 

აფხაზური ეკლესია დღეს ორ ბანაკად არის გაყოფილი. ახალგაზრდა მღვდლები ღვთისმსახურებას ბიზანტიური წესის მიხედვით ასრულებენ. ეკლესიებსაც ბიზანტიურად რთავენ. ისინი ამტკიცებენ, რომ აფხაზეთის ეკლესია ყოველთვის ბიზანტიის ეკლესიას ექვემდებარებოდა.

- თქმით ბევრი რამის თქმა შეიძლება. თუ ასე იყო, მოიტანონ მაშინ ამის დამამტკიცებელი საბუთი. ჩვენ ამ დოკუმენტებს სიამოვნებით გავეცნობით. ჩვენ ერთი რამ ვიცით, რომ მერვე საუკუნიდან არსებობდა აფხაზეთის საკათალიკოსო, რომელიც, როგორც უკვე გითხარით, იყო ქართული საკათალიკოსო. ქართული ლიტურგიული ენით, ქართული ეპარქიებით, ქართველი ეპისკოპოსებით, რა კონსტანტინეპოლზეა ლაპარაკი?! მოიტანონ დოკუმენტები და აგვიხსნან, რის საფუძველზე აკეთებენ ასეთ განცხადებებს. დოკემენტებს ვერ მოიტანენ, რადგან მსგავსი ბუნებაში არაფერი ყოფილა. ეს არის ისტორიული სინამდვილის გაყალბება. ეს ახალი ამბავი არ არის. ამას უკვე საუკუნეებია ცდილობენ. აქამდე არაფერი არ გამოუვიდათ და არც ახლა გამოუვათ რამე. მე არასდროს არ ვყოფილვარ ნაციონალისტი და არც არასდროს ვიქნები. რასაცახლა მე ვამბობ, ეს არის კანონიკურად სიმართლე. კიდევ გავიმეორებ, რომ აფხაზეთის საკათალიკოსო იყო ქართული და დღეს ის ითვლება, როგორც ქართული ეპარქია. 

რა პოზიციას დაიკავებას რუსული ეკლესია? აფხაზებს რუსების დიდი იმედი აქვთ.

- რუსების იმედი სულ ტყუილად აქვთ. რუსულ ეკლესიას აფხაზეთის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების არავითარი უფლება არა აქვს. რუსეთმა ამ მიმართულებით თავისი საქმე გააკეთა. მან თავის დროზე ავტოკეფალია გაუუქმა ქართლ-კახეთის ეპარქიას, ასევე გააუქმა დასავლეთ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ეს ავტოკეფალია ჩვენმა ეკლესიამ აღადგინა. რუსეთს აფხაზეთის ეპარქიასთან დაკავშირებით ვერანაირი პრეტენზიები ვერ ექნება. შეიძლება ძალიანაც უნდათ, მაგრამ ამის უფლება მხოლოდ საქართველოს და კონსტანტინეპოლს აქვს. გაითვალისწინეთ, საეკლესიო ისტორიაში უმნიშვნელოვანესია კანონიკური სამართალი, რომელიც განსაზღვრავს ეკლესიის ყოფას და მის იურიდიულ მდგომარეობას. არასოდეს არ ყოფილა, რომ აფხაზეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიისგან განცალკევებული ყოფილიყოს, ამიტომ ის ცალკე ეკლესია ვერც ვერასდროს იქნება. ჩვენ გვაქვს ასეთი უამრავი მაგალითი. მაკედონიის ეკლესიას დღემდე არავინ არ აღიარებს. უკრაინის ეკლესია არსებობს, მასაც არავინ არ აღიარებს. ასეთივე მდგომარეობაში არის ბელორუსიის ეკლესია.

მათ რატომ არ აღიარებენ?

– იმიტომ, რომ მათ არა აქვთ ამის კანონიკური უფლება.

საეკლესიო კრებაზე აფხაზებმა უამრავი არგუმენტი დაასახელეს, თუ რატომ უნდა იყოს მათი ეკლესია დამოუკიდებელი. თქვეს, ამ მიწაზე დადიოდა სვიმონ კანანელი, ანდრია პირველწოდებული და თუნდაც ამიტომ ვიმსახურებთ ავტოკეფალიასო...

- დიახ, აქ დადიოდა ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი. ეს იყო საქართველოს მიწა-წყალი. ეს მიწა იყო საქართველოს ისტორიული ნაწილი და არა რაღაცა აფსუების აფხაზეთი. დიახ, საქართველოს ეს კუთხეც მოიარეს სვიმონ კანანელმა და ანდრია პირველწოდებულმა. ამიტომაც ვართ ჩვენ მოციქულთა მიერ მოქცეული ქვეყანა. აფხაზეთი და კახეთი არაფრით არ გაირჩეოდა ერთმანეთისგან. ეს იყო ერთიანი ქვეყანა და ერთიანი მიწა.

ჩვენი საპატრიარქო როგორ უნდა მოიქცეს ამ სიტუაციაში?

- მე არ ვიცი, მიმართავენ თუ არა მას აფხაზები. წესით და კანონით, ავტოკეფალიის მოთხოვნით მათ უნდა მიმართონ დედაეკლესიის მეთაურს, ჩვენსმ პატრიარქს. ეს საკითხი პატრიარქმა უნდა გადაწყვიტოს. ის მათ ავტოკეფალიას არ მიანიჭებს. ეს იგივე იქნება, კახეთმა, გურიამ ანდა მესხეთმა რომ მოითხოვოს ეკლესიის ავტოკეფალია. აფხაზეთი კი ისეთივე კუთხეა ს ქართველოსი, როგორც სვანეთი, კახეთი ან სამეგრელო. აფხაზების გაკეთებული განცხადებები ავტოკეფალიაზე, ეს არის ეკლესიის კანონიკის უცოდინარობის უმაღლესი დონის გამოვლინება. საქართველოს ეკლესიას არავითარი რეაქცია არ უნდა ჰქონდეს ამაზე.უნდა იყოს მდუმარება. 

 შეიძლება აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება არ მოხდეს, მაგრამ ხომ შეიძლება სხვა ეკლესიებმა მათთან კავშირი დაამყარონ?

- 15 მართლმადიდებლური ეკლესიიდან მათთან კავშირს არავინ არ დაამყარებს. 

 

თუმცა მისიონერები აფხაზეთში ჩადიან და ძალიან ხშირადაც.

- მისიონერები ყოველთვის დადიოდნენ და მომავალშიც ასე იქნება. მათი მხრიდან აფხაზების შეგულიანებასაც ექნება ადგილი. ეტყვიან, აბა, ეს ქენით და ის ქენითო. რაც არ უნდა ქნან, არაფერი გამოუვათ. მათი აღიარება გამორიცხულია. იმხელა უკრაინის და ბელორუსის ეკლესია არავინ აღიარა და აფხაზებს ვინ აღიარებს. ან რატომ უნდა აღიარონ, თორემ, კი! როცა აფხაზეთისსაკათალიკოსოზე საუბრობენ, ჰგონიათ, რომ იქ მარტო აფხაზეთი შედიოდა. ამ საკათალიკოსოში შედიოდა მთელი დასავლეთ საქართველო. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აფხაზეთის საკათალიკოსო ოყო სრულიად საქართველოსი. თავის დროზე ბიჭვინთიდან გელათში საკათალიკოსო იმიტომ გადმოიტანეს, რომ იქ თურქები შევიდნენ და მათ აფსუები შემოჰყვნენ.