“ქართული პარტია” “სახალხო კრებას” ხელისუფლებასთან ბრძოლაში გაერთიანებასა და მაისის აქციებზე კოორდინირებულ მოქმედებასთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს. როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა გუშინდელ სატელევიზიო გამოსვლისას აღნიშნა, ”ქართული პარტია” მზად არის, კონსულტაციები დაიწყოს ნინო ბურჯანაძესთან, რათა “სახალხო კრების” მიერ დაანონსებული 21 მაისის აქცია ერთობლივი ძალით გამართონ და საერთო ჯამში ერთად დაამარცხონ სააკაშვილის ხელისუფლება.
ნინო ბურჯანაძე ამ დროისთვის აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
“ქართული პარტიის” პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა “სახალხო კრებასთან” გაერთიანებაზე მოწოდება გუშინ “მაესტროზე” გადაცემა “არგუმენტებში” გააჟღერა.
ეროსი კიწმარიშვილი: “ყველაზე დიდი მოლოდინი უკავშირდება ამ კვირის ბოლოს. ეს არის “სახალხო კრების” დაანონსებული პროცესი, რომელზედაც საუბრობენ, რომ ისინი ამ პროცესების ბოლომდე მიყვანას აპირებენ. დღეს მინდა ამ თემასთან დაკავშირებით ”ქართული პარტიის” პოზიცია გითხრათ. ეს არის ზუსტად ჩამოყალიბებული ჩვენი პოზიცია: ჩვენ ამ რეალობიდან გამომდინარე, ვიცით რა საზოგადოების განწყობა, ვიცით რა ის მოლოდონები, რაც დღეს საზოგადოებაში არსებობს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ქართული პარტია” მზად არის, “სახალხო კრებასთან” და ნინო ბურჯანაძესთან დაიწყოს კონსულტაციები იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც მათ დაანონსეს 21 მაისსა და შემდგომ პროცესებზე. ჩვენ მზად ვართ, დღესვე დავიწყოთ ღია კონსულტაციები იმ პოლიტიკურ ძალასთან, იმ წარმონაქმნთან, რასაც “სახალხო კრება” ჰქვია.”
“სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნონა გაფრინაშვილი “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ ამჯერად ის აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის.
ნონა გაფრინდაშვილი: “მე ვარ პარტიის რიგითი წევრი. ეს განცხადება არ მომისმენია და ამაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი. ”სახალხო კრების” აღმასრულებელის საბჭოს წევრები მოვილაპარაკებთ და მერე გავაკეთებ კომენტარს.”
თუმცა აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 2 კვირის წინ ნონა გაფრინდაშვილი სწორედ “რეზონანსს” უცხადებდა, რომ “ქართულ პარტიასთან” მათი ალიანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგებოდა, თუ პარტიის წარმომადგენლები მათ პროგრამას დაეთანხმებოდნენ.
“რეზონანსი” გუშინ პერმანენტულად ცდილობდა ნინო ბურჯანაძესთან, თუმცა მისგან კომენტარის ჩაწერა ვერ მოხერხდა.
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის მოსაზრებით, “ქართული პარტიისა” და “სახალხო კრების” შესაძლო გაერთიანების შეფასება უპრიანია მაშინ, როცა ცნობილი იქნება პასუხი თავად “სახალხო კრებისგან”.
სოსო ცისკარიშვილი: “შედგება თუ არა ამ პარტიების გაერთიანება - ამაზე პასუხს ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილისგან უნდა ველოდოთ. მიკვირს, რატომ უწვდიან ხელს ქალბატონ ნინოს მაშინ, როცა “სახალხო კრების” საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილია. სწორედ ქალბქტონი ნონა წუხს, რომ “ქართული პარტია” ხელს უშლის საკუთარი ქმედებებით “სახალხო კრებას”. ამ გაერთიანებაზე დადებითი პასუხი უფრო შესაძლებელია, ვიდრე უარის თქმის მოლოდინი. ჩემთვის უცნობია იმ დეტალების არსებობა, რაც ერთ მხარეს აიძულებს მეორე მხარის დათანხმებაში. ის, რომ ძალა ერთობაშია, ეს ბავშვმაც იცის.”
რამდენად შესაძლებელია აღნიშნულმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა ერთმანეთის მიმართ წყენა-უთანხმოებები დაივიწყონ? - პოლიტოლოგი თვლის, რომ გაერთიანებისთვის, თუნდაც ეს ხანმოკლე იყოს, წყენის დავიწყება სრულიად მოსალოდენლია.
“პოლიტიკური ინტერესები ემყარება წყენის დავიწყების უნარს. თუ მუდმივად გაბრაზებული ხარ და მუდმივად უღრენ გარშემო ყველა პოლიტიკურ ძალას, წარმატების დიდი იმედი არ უნდა იქონიო. ეს ყველაფერი პოლიტიკის მახასიათებლია. უბრალოდ, ჩვენთან უფრო მწვავე ფორმებს იღებს ხოლმე.
“თუ მათ მიზანი ერთი აქვთ, ბეცი უნდა იყო, რომ გაერთიანებას არ ეცადო. ვფიქრობ, რომ სწორიც არის, რომ ასეთი გაერთიანება შედგეს, თუმცა არ მაქვს იმედი, რომ ეს გაერთიანება ხანგრძლივი იქნება,” - აცხადებს პოლიტოლოგი.