„ისე, როგორც ფანჯარა“

„ისე, როგორც ფანჯარა“

თუკი საზოგადოების ერთი ნაწილი შეფრთიანებულია (მოტივზე: „ამ დღეს ველოდი, მოვესწარ, ვიცინი, აღარ ვსტირი მე“), მეორე ნაწილი (სავარაუდოდ, უფრო მცირერიცხოვანი) „ნაცმოძრაობის“ გენმდივნისთვის წინასწარი ორთვიანი პატიმრობის მისჯას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

ბუნებრივია, მომხდარი ყველაზე მკვეთრად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შეაფასეს: ბრიფინგებიც გამართეს და სასამართლო პროცესსაც დაესწრნენ. არც კომენტარები დაიშურეს და განგაშის ზარებიც შემოჰკრეს. მაგალითად, პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ვანო მერაბიშვილის დაჭერა ქვეყნისთვის თვითმკვლელობაა, დავით დარჩიაშვილი კი დარწმუნებულია, რომ  „ევროპისკენ წვალებით გაღებული ფანჯრები სათითაოდ იკეტება და ლურსმნებით იჭედება.“

ამ შეფასებების მიუხედავადაც, დაკავებულის თანამებრძოლები ოპტიმისტურად და საბრძოლველად არიან განწყობილნი. კერძოდ, დავით ბაქრაძე კვლავაც იმ იდეის ერთგულია, რომ, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს.

ჰოდა, რაკი  ერთგულია, გვაიმედებს, რომ ბრძოლა გაგრძელდება. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ეს ის ბ-ნი ბაქრაძეა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში (პარლამენტის თავმჯდომარის რანგში) მოგვიწოდა, ოკუპანტისგან თავი საკუთარი ძალებით და თქვენს ხელთ არსებული საშუალებებით დაიცავითო (რის გამოც „ჩანგლების მბრძანებლის“ ტიტულიც დაიმსახურა), ბუნებრივად, იბადება მეტად პრაქტიკული კითხვა: ბრძოლა ჩანგლებით გაგრძელდება თუ რამე სხვა ყოფითი იარაღით?!