„ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი თავისუფალ დემოკრატებს ნაციონალების სატელიტს უწოდებს და ბურჭულაძე-ნაციონალების გარიგების დეტალებს ამხელს
,,ოცნების'' აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პარტიულ და საკანონმდებლო შემადგენლობაში რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს და გაჯანსაღების პროცესს უკავშირებს პარტიის რიგებიდან არმაზ ახვლედიანის წასვლასაც. კობახიძე ირწმუნება, რომ კარსმომდგარ ყრილობაზე პოლიტსაბჭოს თითქმის ნახევარი შეიცვლება, ის სუსტი საპარლამენტო მიმართულებები გაძლიერდება, რასაც კონსულტაციებისას ხაზი თავად ბიძინა ივანიშვილმა გაუსვა და ნაციონალური მოძრაობა, სატელიტებიანად, პოლიტიკაში ფაქტორი ვეღარ იქნება. ირაკლი კობახიძე ყოფილ თანაგუნდელებს შორის ნაციონალების სატელიტებს ასახელებს და 22 მაისს ჩანიშნული შუალედური არჩევნების შესახებ სკანდალურ ინფორმაციას გვიმხელს.
- თამაზ მეჭიაურის განცხადებები მორიგი სკანდალის მიზეზი გახდა. პირდაპირ გკითხავთ - მეჭიაური იქნება თუ არა მომავალ პარლამენტში და ნიშნავს თუ არა პრემიერის ორი დღისწინანდელი რისხვა, რომ მეჭიაური ვეღარ მოხვდება ,,ოცნების'' გუნდში?
- მუდმივად ერთი და იგივე პასუხების გაცემა მიწევს საარჩევნო სიის თემატიკაზე, ჩვენ ამაზე პრინციპული პოზიცია გვაქვს - დღეს არც ერთ სახელსა და გვარს არ ვაკონკრეტებთ, არც დადებით, არც უარყოფით კონტექსტში. ამასაც თავისი ობიექტური საფუძველი აქვს, ეს ჩვენი შიდა სამზარეულოა, ხოლო ზოგადი პოზიცია ისედაც გახმოვანებული გვაქვს.
- ზოგადად, რა ეტაპზეა მთავარი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სიის ფორმირება?
- მზა სია, როგორც ასეთი, არ არსებობს და ამაზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს. საბოლოო სახეს სია უშუალოდ არჩევნების დანიშვნის შემდეგ, ანუ ზაფხულში მიიღებს.
- სიამდე ახალ სახეებს არ წარადგენთ?
- აუცილებლად. სწორედ სიის შედგენამდე ვგეგმავთ ახალი სახეების წარდგენას, ეტაპობრივად. 14 მაისს პარტიის ყრილობა ტარდება და როცა პოლიტსაბჭოს შემადგენლობას ავირჩევთ, ახალი სახეები მათ შორისაც იქნებიან.
- პოლიტსაბჭოს რაც შეეხება, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი უდიდესი ნაწილი შეიცვლება, ამ ორგანოს კი, ცნობილი ,,შეწყალების სკანდალის'' გამო, აუცილებლად დატოვებს ორი ქალბატონი - კობახიძე და ბესელია. ამ ინფორმაციის დადასტურება შეგიძლიათ?
- სახელები და გვარები ცნობილი 14 მაისს გახდება. ვადასტურებ, რომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობის დაახლოებით ნახევარი შეიცვლება, თუმცა არა მთლიანად. მის შემადგენლობაში მოქმედი წევრებიც დარჩებიან. სხვათა შორის, დღეს არც პოლიტსაბჭოს საბოლოო სახეა დაზუსტებული. კანდიდატთა საბოლოო სია კი ყრილობაზე დელეგატებს წარედგინებათ დასამტკიცებლად.
- გაიაზრეთ თუ არა თქვენი შეცდომები, უსმენთ თუ არა ხალხს, რომელსაც აღარ სურს ,,მეჭიაურების'', ,,ჯაჭვლიანებისა'' და სხვების ხილვა პარლამენტში და რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს ამჯერად ,,ოცნება'' საარჩევნო სიის შედგენისას?
- არსებობს გარკვეული ფორმალობა, გვაქვს კოლეგიური ორგანოები, სადაც მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება, მთავარი ორგანო სწორედ პოლიტსაბჭოა. პოლიტსაბჭოზე და არა ინდივიდუალური განხილვის რეჟიმში გადაწყდება, ვინ დააკომპლექტებს სიას. საბჭოს, რომელიც 14 მაისს დამტკიცდება, სიის ფორმირების მანდატი ექნება და სწორედ ის გახდება პასუხისმგებელი ამ პროცესზე. ჩვენს გეგმებში შედის პარტიული და პერსონალური კვლევებიც. არ გამოვრიცხავთ იმ პირების რეიტინგების გადამოწმებასაც, ვინც მაჟორიტარულ არჩევნებსა თუ პარტიულ სიაში იქნებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამომრჩეველს, რომ თვისობრივად განვაახლებდით ჩვენს გუნდს, მათ შორის საპარლამენტო შემადგენლობასაც და ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ. რაც შეეხება კონკრეტულ კრიტერიუმებს, ზუსტად ვიცით, რა მიმართულებები საჭიროებს გაძლიერებას პარლამენტში. ეს არის კანონშემოქმედებითი, საფინანსო-ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის მიმართულებები. ეს ის სამი მიმართულებაა, რომელსაც გაძლიერება ნამდვილად სჭირდება და ჩვენთვის პრიორიტეტული სწორედ ეს სფეროებია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ მიმართულების სპეციალისტები იქნებიან წარმოდგენილნი პარლამენტში.
- ამ სამი მიმართულების გაძლიერება, სავარაუდოდ, იმასაც ნიშნავს, რომ ამ მიმართულების დღევანდელი ხელმძღვანელები ,,ოცნებიდან'' შეიცვლებიან?
- ჩვენი გეგმები და მიდგომა, რიგ შემთხვევაში, ჩანაცვლებასაც გულისხმობს. ჩვენი მიზანი განახლება და გაძლიერებაა და რაც საჭიროა, ამისთვის ყველაფერი გაკეთდება.
- რა დოზით მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილი სიის ფორმირებაში და დაესწრება თუ არა ექსპრემიერი ,,ოცნების'' ყრილობას?
- პირველადი კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან ნამდვილად გვქონდა, სიის ფორმირების პრინციპებთან დაკავშირებით. სწორედ აქედან წამოვიდა ეს სამი მიმართულება, რომელთა გაძლიერებაც საჭიროა. რაც შეეხება ყრილობას, დიდი იმედი გვაქვს, რომ 14 მაისს ივანიშვილი ამ ღონისძიებას დაესწრება.
- პიარულად, როგორ გაქვთ გაწერილი ეს ნახევარი წელი არჩევნებამდე. როდის და რა ღონისძიებებს გეგმავს სახელისუფლო პარტია?
- გვაქვს გრძელვადიანი პიარსტრატეგია, რომლის შედეგებსაც ჩვენი ამომრჩეველი მალე იხილავს. ჩავაბარებთ ანგარიშსაც, რადგან ბევრი გვაქვს სათქმელი მოსახლეობისთვის. მთელი ეს დრო, სატელევიზიო სივრცეში, ძირითადად, ნეგატივი ტრიალებდა, რამაც გარკვეული განწყობა წინასწარ შექმნა მოსახლეობაში, თუმცა მარტივად შევძლებთ ამ განწყობის ჩვენს სასიკეთოდ შემობრუნებას. მარტო პიარი საქმეს ვერ უშველის, თუ სათქმელი არ არსებობს. სათქმელი კი ძალიან ბევრია, რადგან აბსოლუტურად ყველა მიმართულებით პროგრესი გვაქვს: ადამიანის უფლებებითა და დემოკრატიის განვითარებით დაწყებული, ინფრასტრუქტურით დასრულებული. ადამიანის უფლებების ნაწილში პროგრესზე საუბარიც ზედმეტია, რადგან საქმე ფუნდამენტურ ნახტომთან გვაქვს. სწორედ ადამიანის ღირსების შელახვაზე იდგა წინა რეჟიმი. ეს ნაციონალების მთავარი საყრდენი იყო.
- ეს იყო მთავარი საყრდენი, რომლითაც თქვენ გაიმარჯვეთ და ხელისუფლებაში მოხვედით, 4 წლის მერე, 2016 წელსაც იგივე უნდა ვისმინოთ?
- მარტო ერთ მიმართულებას, დემოკრატიულ განვითარებას არ ვეხებით, ეკონომიკის კუთხითაც ბევრია სათქმელი. რეალურად, აქაც პროგრესი გვაქვს და ამის დადასტურებაც მარტივია. ამ ხნის განმავლობაში გვესმოდა მანიპულირება რიცხვებით, სტატისტიკით მაშინ, როცა სურათი რადიკალურად განსხვავებულია, რასაც ხალხსაც დავუმტკიცებთ. რადიკალური პროგრესი გვაქვს სოციალური მიმართულებითაც, როგორც ჯანდაცვის, ისე განათლების სფეროებში. ელემენტარულად, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, 2012 წელთან შედარებით, გაორმაგებულია - 2012 წელს 1 600 000 ლარი იყო, ახლა კი 3 200 000 მილიონი ლარია. განათლების სფეროში ბიუჯეტის 50%-ზე მეტი ზრდა გვაქვს. რაც შეეხება საგარეო მიმართულებას, აქაც რადიკალური პროგრესი შეიმჩნევა.
- აი, ამ ნაწილში, სპიკერები გყავთ შესაცვლელი, რადგან 4 წლის მერე, პარტიის ყრილობის წინ, ,,ოცნების'' მიმართ მთავარი კითხვა ისევ ის არ უნდა იყოს, პროდასავლურ კურსს ატარებთ თუ არა!
- სპიკერებს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი კურსი, რომელიც არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც გამყარებულია.
- საქმით განსაკუთრებით მას მერე გამყარდა, რაც თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები გაყარეთ კოალიციიდან?
- ირაკლი ალასანია და რესპუბლიკელები არ ქმნიდნენ გარანტიას ჩვენი პროდასავლური კურსისა. ერთადერთი ძალა, რომელიც დღეს ამის გარანტიას ქმნის საქართველოში, ,,ოცნებაა''. ნაციონალური მოძრაობა კი ყველაზე ანტიდასავლური ძალა იყო ბოლო 25 წლის განმავლობაში და ამ რეალობის საწინააღმდეგო მითები იქმნებოდა. ამ სტერეოტიპებს ამკვიდრებდნენ როგორც ნაციონალები, ისე მათი სატელიტები და ამტკიცებდნენ, რომ ისინი პროდასავლური ძალები არიან.
- ნაციონალების სატელიტში ვის გულისხმობთ?
- ირაკლი ალასანიას თავისუფალ დემოკრატებს.
- და მათი სატელიტობის შესახებ როდის გაიგეთ, 2 წელი ხელისუფლებაში არ გესხდათ მაშინ?
- მათ ჰქონდათ ერთი დღის წესრიგი, დღეს კი სრულიად სხვა დღის წესრიგი აქვთ, რამაც მათ სხვა ბანაკისკენ უბიძგა. ეს ძალიან ღიად ჩანს. ელემენტარულად, შეგვიძლია სატელევიზიო ეთერს შევხედოთ, ვინ რამდენჯერ და რა ტიპის გადაცემებსა და შოუებში ზის და რა ტიპის გამოსვლები აქვს. მაგალითად, შალვა ნათელაშვილი ნაციონალების მეორე სატელიტია. რეალურად, ვისაც რა პოზიცია უნდა ჰქონდეს, ,,ოცნების'' წევრებისთვის სახელების შერქმევას და მათთვის ანტიგმირების დაძახებას თავი უნდა დაანებოს. ამის უფლება არც ნაციონალებს აქვთ და არც იმ ადამიანებს, ვინც დღეს პოლიტიკაში მოსვლის განაცხადს აკეთებს. მათ არ უნდა ისაუბრონ იმ ხალხზე, ვინც 2012 წელს თავი გადადო მაშინ, როცა თავად პოზიციაც კი არ დაუფიქსირებიათ.
- პაატა ბურჭულაძეს გულისხმობთ?
- დიახ. 2012 წელს, როცა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა და ქვეყანაში პოლიტიკური ომი იყო, პაატა ბურჭულაძეს საკუთარი პოზიცია საერთოდ არ დაუფიქსირებია, ის არც იქეთ იყო, არც აქეთ. დღეს კი ფაქტია, რომ 22 მაისისთვის ჩანიშნული საკრებულოს შუალედური არჩევნების კანდიდატი, ერთ-ერთ ადგილობრივ ოლქში, პაატა ბურჭულაძემ და ნაციონალებმა ერთობლივად წარადგინეს. ახლა სხვას ვერაფერს დავაკონკრეტებ.
- რატომ არ აკონკრეტებთ ან თქვენ რა იცით, რომ ეს სიმართლეა?
- 22 მაისს რომ ჩავტოვებთ 2%-ში, ამის მერე დავაკონკრეტებთ ბევრ რამეს. თუმცა ახლა ზუსტად ვიცი, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და მათ ერთად შეარჩიეს კანდიდატურა. ყველაფერი იმისკენ მიანიშნებს, რომ ბურჭულაძის ფონდი მისი საარჩევნო მიზნების შესაფუთად იყო საჭირო. რაც შეეხება ,,ოცნების'' იმ წევრებს, ვისაც დღეს აუგად მოიხსენიებენ, 2012 წელს მათ თავი გადადეს ცვლილებებისთვის.
- თუ ასეა, ალასანიაც ხომ თქვენთან ერთად იბრძოდა და თავი გადადო?
- ვინ როგორ გადადო თავი, ეს სხვა თემაა. ჩვენი გუნდისა და ფრაქციის წევრებმა კი 2012 წელს გმირობა ჩაიდინეს და სხვისი სალაპარაკო ეს ხალხი არ არის.
- ისე, თავად ნაციონალებში მიმდინარე პროცესებს როგორ აფასებთ - გიორგი ვაშაძე, ,,გირჩი'', ,,ივერია'' და სხვები, რეალურად, ერთ ფრონტზე არიან და ,,ოცნების'' წინააღმდეგ ბრძოლა სტრატეგიულად გაშალეს თუ ყოფილი სახელისუფლო პარტია მართლა იშლება?
- ნაციონალური მოძრაობა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ეს თავადაც იცის. ამის დამალვას კი პიარმექანიზმების მეშვეობით ცდილობენ, თუმცა რეალურად, მუხტის აწევა საკუთარ აქტივისტებშიც კი ვერ შეძლეს. მაგალითად, მათი აქტივი გარდაბნის არჩევნების შემდეგ, სრულიად დემოტივირებული იყო და მუხტის ასაწევად მერე გაყალბებული რეიტინგების გამოქვეყნებაც დასჭირდათ. მათ მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს ჩვენი კვლევებიც, რომელთა მიხედვით, ნაციონალებს აქვთ ბარიერის გადალახვის შანსი, თუმცა ვფიქრობ, ამ პარტიაში ჩამოყალიბების პროცესი ჯერ არ დასრულებულა - რეგრესის შანსი გაცილებით მაღალია, ვიდრე პროგრესის. ამიტომ გარწმუნებთ, რომ 2016 წლის არჩევნების მერე ნაციონალური მოძრაობა ქართულ პოლიტიკაში ფაქტორი აღარ იქნება. ,,გირჩი'', ვაშაძე და სხვები ისევე, როგორც მათი დანარჩენი სატელიტები და განაყოფები კი არავის აინტერესებს.