„ახლგაზრდა ბიჭები ქვეყანას შეწირეს და თვითონ სკამებზე მოიკალათეს!“

„ახლგაზრდა ბიჭები ქვეყანას შეწირეს და თვითონ სკამებზე მოიკალათეს!“

რამდენიმე სურათი წოვა და ჩაღმა თუშების ცხოვრებიდან - სპეციალური რეპორტაჟი გიორგი ანწუხელიძის მშობლიური სოფლიდან

როგორც კი ალაზანს ახმეტა-ალვანის დამაკავშირებელი ხიდით გადავკვეთთ, ტყეებით გარშემორტყმულ ტრიალ მინდორზე მოხვდებით, სადაც თუში მეცხვარეების საბალახოდ გამოსულ ფარას შენიშნავთ. ცვრიან ბალახზე წამოწოლილი, ნაბადგადაფარებული მწყემსები თვალს ატყუებენ, ცხვარს კი ძაღლები დარაჯობენ.. მინდორი რომ დამთავრდება, ბარად ჩამოსახლებული თუშების პირველივე სოფელში - ზემო ალვანში მოვდებით. სოფლის ნახევარში წოვათუშები ანუ წოვები ცხოვრობენ, ნახევარში კი ჩაღმა თუშები. ზემო ალვანს რომ გასცდებით, ქვემო ალვანში შეხვალთ, რომელიც მთლიანად წოვა თუშებისგანაა დასახლებული. ორივე სოფლის მოსახლეობა, საერთო ჯამში, 5 ათასამდე ითვლის.
ზემო ალვანის ცენტრში ჯერ კიდევ შემორჩენილია იოსებ ჯუღაშვილის ძეგლი - სტალინის პატივისცემა აქაურ ხანშიშესულებს ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ... აქვეა შუშებჩამტვრეული და სიძველისგან დამახინჯებული კულტურის სახლი, რომლის წინაც ადგილობრივი ,,ბირჟაა''. ალვანელი თუშების ცნობისმოყვარე თვალს სოფელში უცხო ადამიანის გამოჩენა არ გამოეპარებათ და აუცილებლად ჰკითხავე, ვინ ხარ, ვისი შვილი ხარ და საიდან ხარო. ეს ,,პროცედურა'' მეც გავიარე და გაიგეს თუ არა, რომ გაზეთიდან ვიყავი, მაშინვე მთავრობის ლანძღვასა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გადავიდნენ. ამ სოფელშიც, როგორც მთელ საქართველოში, პოლიტიკას მეტად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია... 
მოკლედ, თუშებთან საუბრით გავარკვიე, რომ აქაური ამომრჩევლის ნაწილი პოლიტიკურ პარტიად ჯერ არდარეგისტრირებელ „საქართველოს განვითარების ფონდს“ და მის დამფუძნებელ პაატა ბურჭულაძეს უჭერს მხარს, ნაწილი კი ისევ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, თუმცა მიუხედავად ამისა, თუში ,,მეოცნებეები'' „ოცნებას“ უმოქმედებასა და ბიუჯეტის ფლანგვაში ადანაშაულებენ, ნაციონალურ მოძრაობას კი ბრალს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში სდებენ... 
ზემო ალვანის მცხოვრები გია ბახტურიძე ერთ-ერთი მათგანია, ვისაც „ქართული ოცნების“ იმედი აღარ აქვს და არც მალავს, რომ 2012 წლის ოქტომბრისგან განსხვავებით, ,,ოცნებას'' წელს ხმას აღარ მისცემს: ხო გეუბნებით, არც ერთ პარტიასა თუ ადამიანს ჩვენი დარდი არ აქვს. ჯერ იყო და, ნაციონალები მოვიდნენ და რაღაც გვეშველებაო, მაგრამ რად გინდა?! - ადამიანი ხმას ვერ ამოიღებდა თავისუფლად... ,,ოცნებაა'' და არაფრის გამკეთებელია. გზის გაკეთება დაიწყეს და მგონი, არჩევნებამდეც ვერ დაამთავრებენ, ხო უნდა დაანახონ ხალხს, რომ რაღაცას აკეთებენ და ხმა მიაცემინონ, მაგრამ დამერწმუნეთ, მათ ხმას აღარავინ მისცემს. ისევ ახალი პოლიტიკური ძალა თუ გვიშველის... ჩვენ პაატა ბურჭულაძის იმედი გვაქვს, ერთადერთი ის თუ გვიხსნის ამ უბედურებისგან, რატომღაც მჯერა ამ კაცის... აჰა, ჯერ პენსიის ასაკამდეც არ მიმიღწევია და ყოველგვარი შემოსავლის გარეშე ვარ დარჩენილი. ცხვარ-ძროხა კი გვყავს, მაგრამ ფული ხო გვინდა არსებობისთვის? ან ქარხანა გახსნან, ან რამე დასასაქმებელი ადგილი, რომ ეს ახალგაზრდებიც ,,ბირჟაზე'' არ იდგნენ, ან ქალაქ-ქალაქ არ დადიოდნენ“. 
საუბარში მარტოხელა ქალბატონი ეთერ ბაიხოიძე ერთვება: „ჩემთვის არც ერთ მთავრობას არანაირი სიკეთე არ მოუტანია, მაგრამ სიმართლეც უნდა ითქვას:ახლანდელმა ხელისუფლებამ ის მაინც ქნა, რომ ექიმთან მისვლა შესაძლებელი გახადა - რაღაც პროცენტებით მაინც გვაფინანსებენ და ექიმთან მისვლა შეგვიძლია. მე ისევ ამ ხელისუფლების მხარდამჭერი ვარ. აბა, წინა ხელისუფლების დროს ხმასაც ვერ ამოიღებდი, ეგრევე გაგითავისუფლებდნენ ახლობელს სამსახურიდან, ახლა კი ამის პრობლემა არ დგას. ხალხს უჭირს, მაგრამ ხელი ნელ-ნელა ყველამ უნდა აამოძრაოს. ამ ხელისუფლებამ უკვე ჭამა და მეტს რაღას შეჭამს?! ახალი ხელისუფლება რომ ავირჩიოთ, ახლა ისინი მოუნდებიან ხალხის ფულის ჭამას და ჩვენ ისევ არავის გავახსენდებით.“ 
ზემო ალავნის მკვიდრი ბადრი ალხანაიძე, თანასოფლელებისგან განსხვავებით, თავის პოლიტიკურ არჩევანში ჯერ ჩამოყალიბებული არაა. ამიტომ, არ გამორიცხავს, რომ საარჩევნო ყუთში დახეული ბიულეტენი ჩააგდოს: არც ერთი პარტიის და ადამიანის არ მჯერა. მე ვიცი, რასაც მიიღებენ არჩევნებზე პასუხად - დავხევ ბიულეტენს და ჩავუყრი იმ საარჩევნო ყუთში! ჩემი ცოლი 4 წელია, საზღვარგარეთაა წასული და იქიდან ეხმარება შვილებს. მე თვითონ ავადმყოფი ვარ - სამწუხაროდ, მუშაობა არ შემიძლია. თუ სადმე შერემონტებულ სახლს დაინახავთ, ყველა იმ ოჯახის ერთი წევრი მაინც საზღვარგარეთაა გადაკარგული სამუშაოდ. ყოველი მეორე ოჯახიდან საზღვარგარეთ არიან წასულები და იქ სხვებს მონებად ემსახურებიან. ეს არ არის ცხოვრება და ადამიანობა, ჩვენ გაცხოველებულ ადამიანებს ვგავართ! მარტო ზემო ალვანში არ არის ეს სიტუაცია, ჩადით ქვემო ალვანში და ნახავთ, იქ რა მდგომარეობაშია ხალხი“. 
ზემოდან ქვემო ალვანისკენ მიმავალ გზაზე სახლებს ვათვალიერებ. რამდენიმე, მართლაც, გამოირჩევა. სოფლელების ნათქვამი მახსენდება და ვასკვნი, ამ ოჯახის რომელიმე წევრი, ალბათ, საზღვარგარეთაა და სახლიც იქ ნაშოვნი ფულით გაარემონტა-მეთქი. ამასობაში, საქართველოს ეროვნული გმირების - გიორგი ანწუხელიძის, ზაზა მოზაიძის, კახა აგულიძის და ომარ ქორთოშიძის მემორიალს მივადექი. მემორიალის გვერდით ავტობუსის გაჩერებაა, სადაც ალვანელები მოგროვდნენ და საუბარი თუში გმირების თავგანწირვაზე გამიბეს... 
ადგილობრივი ზეზვა კვიცაიძე იმედოვნებს, რომ გიორგი ანწუხელიძისა და, მის მსგავსად, სხვა ქართველი გმირების მსხვერპლად გაღებული სიცოცხლე უშედეგოდ არ ჩაივლის და საქართველო ერთიანი და ძლიერი, მართლაც, იქნება: სამშობლოს რამდენი გმირი შევწირეთ, მაგრამ ჯერჯერჯერობით საშველი არ დაგვადგა. იმისთვის იწირებიან ჩვენი ახალგაზრდები, რომ შემდეგ, ვიღაც გაუნათლებლები და საქართველოს გამყიდველები ჩაუდგნენ ქვეყანას სათავეში?! ჩვენი ასე გაჩიავება, გაუბედურება და გაგლახაკება ვის უნდა მივაწეროთ, თუ არა ხელისუფლებას, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაფრად ვარგა... ჩვენვე ვტყუით - არასოდეს არავის დაპირება არ უნდა დაიჯერო, მაგრამ ხალხი მაინც იბრმავებს თვალს, უკეთესის მოლოდინში, მაგრამ ის უკეთესიც უარესი ხდება ხოლმე.'' 
,,როდემდე უნდა გაგრძელდეს ხალხის ტანჯვა, როდემდე უნდა ავიტანოთ ამ ხალხის ასეთი უსაქმურობა?! - საუბარში პენსიონერი თამარა ბებო ჩაერთო, - არცერთი ხელისუფლება არ ვარგოდა ამ დრომდე და არც ამის შემდეგ იქნება უკეთესი! ამოიღეთ, ხალხო, ხმა, რისი გეშინიათ! - მიმართა თამარა ბებომ თანასოფლელებს, - ჯერ იყო და, ახალგაზრდა ბიჭები შეწირეს ქვეყანას და მერე, თვითონ სკამებზე მოიკალათეს, იღებენ ხელფასებს არაფრის კეთებაში და ცხოვრობენ მუცლის ხასიათზე, შეურცხვათ ნამუსი. მე კიდე წამალი ვერ მიყიდია, პენსიის ფულით რა უნდა გავაკეთო, რომელი ერთი?!“ 
თამარა ბებოს პათოსი ბევრმა გაიზიარა, ბევრმა კი ხმა არ ამოიღო, მაგრამ აშკარაა, რომ თუშებს ცხოვრება ნამდვილად გაუსაძლის პირობებში უწევთ, რასაც ის საბჭოთა ,,პაზიკიც'' მოწმობს, რომელიც ალვანში ერთ-ერთი ,,მოდური ტრანსპორტია'' - ხალხი რაიონულ ცენტრამდე ანუ ახმეტამდე მისვლას სწორედ ,,პაზიკით'' ახერხებს...