რატომ ცდილობდა სტალინი ომის დაწყების თარიღის საიდუმლოდ შენახვას

რატომ ცდილობდა სტალინი ომის დაწყების თარიღის საიდუმლოდ შენახვას

დღემდე დამაჯერებელი პასუხი არ არის გაცემული კითხვაზე: იცოდა თუ არა იოსებ სტალინმა, რომ ნაცისტური გერმანია, 1941 წლის 22 ივნისს, თავს დაესხმოდა საბჭოთა კავშირს. ერთი აზრი არ არსებობს იმის თაობაზეც, ემზადებოდა თუ არა სტალინი გერმანიასთან ომისთვის. ამ თემაზე ვიმსჯელებთ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვახტანგ გურულის მასალებზე დაყრდნობით. ისტორიკოსები და პოლიტიკოსები ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას ორ ჯგუფად იყოფიან. ორივე მხარეს თავისი არგუმენტები აქვს. თუმცა, როგორც ცნობილია, ჭეშმარიტება მხოლოდ ერთია. ამ ჭეშმარიტების პოვნა კი ძალზე გაძნელდა. ამის მიზეზი შემდეგია, – იოსებ სტალინის გარდაცვალებამდე (1953) ზემოხსენებული კითხვები ცხადია, არც დაისმებოდა. კითხვებზე ობიექტური პასუხის ძიება სწორედ სტალინის გარდაცვალების შემდეგ უნდა დაწყებულიყო. ამ პროცესს ხელი შეუშალა საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სათავეში ავანტიურისტი ნიკიტა ხრუშჩოვის მოსვლამ. ხრუშჩოვი არც დაინტერესებულა საკითხის ობიექტური შესწავლით და პოლიტიკური მოსაზრებებით 1941 წლის ყველა წარუმატებლობა სტალინს გადააბრალა. ამ დროს თავი იჩინა რუსი ინტელიგენციისა და რუსი სამხედროების (გენერლების, მარშლების) ორგანულმა ზიზღმა სტალინისადმი. პოლიტიკოსებმა და სამხედროებმა კარგად აუღეს ალღო შექმნილ ვითარებას და კარიერისტული მოსაზრებებით ჩაებნენ ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ დაწყებულ ცილისმწამებლურ კამპანიაში. სტალინისადმი წაყენებული ბრალდებები უმეტესწილად დაუსაბუთებელია და სიმართლეს არ შეეფერება.

დავიწყოთ იმით, რომ სტალინმა საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის ზუსტი დრო იცოდა. საბჭოთა კავშირის საგარეო დაზვერვა ამ თვალსაზრისით წარმატებით მუშაობდა. საბჭოთა საგარეო დაზვერვის მუშაობა კიდევ უფრო აქტიური გახდა ლავრენტი ბერიას საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად (მინისტრად) დანიშვნის შემდეგ (1938). ლავრენტი ბერია სწორად მიხვდა, რომ საგარეო დაზვერვის მუშაობის ის პრინციპები, რომელიც მეოცე საუკუნის 20-იან წლებსა და 30-იანი წლების შუა ხანებისთვის მოქმედებდა, ვეღარ შეესაბამებოდა არსებულ ვითარებას. ბერიას ინიციატივით, მოხდა საგარეო დაზვერვის რეორგანიზაცია, მთლიანად შეიცვალა საბჭოთა რეზიდენტურები მთელ მსოფლიოში და უპირველესად, ევროპის ქვეყნებში. შედეგმაც არ დააყოვნა. უკვე 1941 წლის გაზაფხულზე საგარეო დაზვერვას რამდენიმე წყაროდან ჰქონდა ინფორმაცია, საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის ზუსტი დროის თაობაზე. ეს ინფორმაციები მოპოვებული იყო როგორც გერმანიაში, ისე სხვა ქვეყნებში (მაგალითად იაპონიასა და თურქეთში). სხვა საკითხია ის, რომ საგარეო დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ომის დაწყების დროის შესახებ, ვიწრო წრემ, სტალინისა და ბერიას გარდა, კიდევ სულ რამდენიმე კაცმა იცოდა. ამ ინფორმაციის განხილვა უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო წრეებშიც კი არ ხდებოდა. ის საიდუმლოდ უნდა ყოფილიყო დაცული. არ შეიძლებოდა ინფორმაციის გადაცემა საბჭოთა კავშირის დასავლეთ საზღვარზე განლაგებული ფრონტისა და არმიის სარდლობისთვის. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ გერმანიის დაზვერვას არ უნდა შეეტყო, ომის დაწყების ზუსტი თარიღი სტალინისთვის ცნობილი რომ იყო. სტალინმა მიზანს მიაღწია: გერმანელებს ეჭვიც არ ეპარებოდათ იმაში, რომ ომის დაწყების თარიღი საიდუმლოდ იყო დაცული. აი, ამიტომ იყო, რომ  საგარეო დაზვერვის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ომის დაწყების შესახებ სასტიკად იყო გასაიდუმლოებული. ინფორმაცია ომის დაწყების ზუსტი დროის შესახებ  საბჭოთა კავშირის დასავლეთის საზღვარზე განლაგებულმა ფრონტის სარდლობამ ომის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათით ადრე მიიღო. ეს ინფორმაცია კიდეც რომ მოხვედრილიყო გერმანიის დაზვერვის ხელში, ნაცისტური გერმანიის უზარმაზარი სამხედრო მანქანა უკვე ამოქმედებული იყო და მისი შეჩერება აღარ შეიძლებოდა. ინფორმაცია ომის ზუსტი თარიღის შესახებ იმიტომაც იყო სასტიკად გასაიდუმლოებული, რომ მისი გავრცელება საბჭოთა კავშირის დასავლეთ საზღვართან მცხოვრები მოსახლეობის პანიკას გამოიწვევდა. მილიონობით ადამიანი მასიურად მიატოვებდა საცხოვრებელ ადგილებს, რაც მოშლიდა ტრანსპორტის მუშაობას, ეს კი ხელს შეუშლიდა გერმანელების წინააღმდეგ საბჭოთა არმიის მოქმედებას. ამრიგად, სტალინის მეორე მიზანი ის იყო, რომ მოსახლეობას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეტყო საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის ზუსტი თარიღი. სტალინმა ამ მიზანსაც მიაღწია. ასე რომ, დღეს ეჭვს არ უნდა იწვევდეს ისტორიული ჭეშმარიტება: იოსებ სტალინმა საბჭოთა კავშირზე გერმანიის ზუსტი თავდასხმის თარიღი იცოდა, მაგრამ თავი ისე ეჭირა, რომ თითქოს არაფრის საქმის კურსში არ იყო. სტალინის ასეთმა მიდგომამ  დააბნია როგორც გერმანიის საგარეო და სამხედრო დაზვერვა, ისე ჰიტლერი და მისი გენერალიტეტი.

ურწმუნოთათვის შეიძლება, დავსვათ ასეთი კითხვა: ნუთუ დღეს კიდევ სჯერა ვინმეს, რომ საბჭოთა კავშირის დასავლეთ საზღვრებთან 200-მდე გერმანულმა დივიზიამ, რამდენიმე ათასმა ტანკმა, უზარმაზარი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებამ (მსუბუქი და მძიმეწონიანი მანქანები) ისე მოიყარა თავი, რამდენიმე ათასი გერმანული თვითმფრინავი დასავლეთის აეროდრომებიდან საბჭოთა კავშირის საზღვართან განლაგებულ საველე აეროდრომებზე ისე გადმოიყვანეს, რომ ამის შესახებ საბჭოთა საგარეო დაზვერვამ ინფორმაცია ვერ მოიპოვა. ეს, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, – სასაცილოა.

ცხადია, სტალინს ჰქონდა გარკვეული ეჭვები საბჭოთა საგარეო დაზვერვის მიერ მოპოვებული ომის დაწყების ზუსტი თარიღის თაობაზე და ეს ბუნებრივია. არ იყო გამორიცხული, რომ საგარეო დაზვერვის რომელიმე რეზიდენტურას, გერმანიის დაზვერვამ რაღაც გზებით, ომის დაწყების თარიღის შესახებ ცრუ ინფორმაცია მიუგდო. ისიც არ იყო გამორიცხული, რომ იგივეს მოიმოქმედებდა ინგლისის დაზვერვა. ცხადია, მოწინააღმდეგის დაზვერვის მიერ მოგდებულ ინფორმაციაზე პოლიტიკის აგება დამღუპველი იქნებოდა. ამიტომაა, რომ სტალინი ითხოვდა ინფორმაციის მრავალგზის გადამოწმებას. თანაც, უმეტეს შემთხვევაში, ძალზე ორიგინალური მეთოდით. მაგალითად, როდესაც სტალინმა შეიტყო, რომ გერმანელები საბჭოთა კავშირს 1941 წლის ივნისში დაესხმოდნენ თავს, საგარეო დაზვერვამ მიიღო სრულიად მოულოდნელი დავალება: საბჭოთა დაზვერვას უნდა შეემოწმებინა, რომ გერმანიის ფაბრიკები სამხედრო უწყების დავალებით ამზადებდნენ თუ არა დიდი რაოდენობით ზამთრის ტანსაცმელს, რომლის გარეშეც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გერმანია ომს ვერ შეძლებდა. ომის დაწყებამდე სტალინს უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ გერმანიის ფაბრიკები არმიისთვის ზამთრის ტანსაცმლის დამზადებას არ აწარმოებდნენ. სტალინი დაეჭვდა. ცხადია, იმხანად მას არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჰიტლერი „ბარბაროსას“ გეგმის მიხედვით, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის დამთავრებას 6-8 კვირაში გეგმავდა და ამდენად, მისი ვარაუდით, თბილი ტანსაცმელი გერმანიის ჯარებს არ უნდა დასჭირვებოდა. ცნობილია, რომ ჰიტლერი მწარედ მოტყუვდა. 

დაუსაბუთებელია იოსებ სტალინისადმი წაყენებული ბრალდება იმის თაობაზე, რომ თითქოს ის სათანადო ყურადღებას არ უთმობდა გერმანიასთან ომისთვის მზადებას. ომის წინა წლების საბჭოთა კავშირის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი სამხედრო შეკვეთებს ხმარდებოდა. მთელი დატვირთვით მუშაობდნენ სამხედრო ქარხნები. სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში მუშავდებოდა ახალი პროექტები. დიდი ყურადღება ექცეოდა სურსათის, სამხედრო შეიარაღებისა და აღჭურვილობის რეზერვების შექმნას. ყოველივე ეს, რადგან ქვეყნის თავდაცვასთან იყო დაკავშირებული, სასტიკად იყო გასაიდუმლოებული და ამ საკითხებზე ღიად და საჯაროდ ცხადია, ვერავინ ისაუბრებდა. წარმოუდგენელია, რომ ვინმეს მაშინ გაემჟღავნებინა ინფორმაცია, თუ ყოველწლიურად რამდენი თვითმფრინავი, ან ტანკი მზადდებოდა საბჭოთა კავშირში. შეიძლება ამითაც იყო განპირობებული, რომ იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ომისთვის მზადება სათანადოდ არ მიმდინარეობდა. როგორც აღვნიშნეთ, სინამდვილეში ეს ასე არ იყო. ამის დასადასტურებლად მოვიტანთ ერთ მრავლისმეტყველ მაგალითს: 1941 წლის მაისში, ესე იგი, საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმამდე ერთი თვით ადრე, დასრულდა საბჭოთა არმიის შეიარაღებისა და საბრძოლო საჭურვლის ზუსტი აღრიცხვა. სტალინმა ზუსტად იცოდა, რამდენი ვაზნა, შაშხანა, ავტომატი, ქვემეხი, ტანკი და თვითმფრინავი იყო ქვეყანაში. ზუსტად იცოდა ისიც, სპეციალურ საწყობებში რა რაოდენობით იყო დაცული შესახვევი მასალა (ბამბა და მარლა), ასევე იოდი და სპირტი. თუ ომისთვის მზადება არ მიმდინარეობდა, მაშინ ზემოხსენებული ინფორმაცია რატომ მაინცდამაინც ერთი თვით ადრე (1941 წლის მაისში) დაიდო სტალინის მაგიდაზე. ცხადია, ასეთ უზარმაზარ სამუშაოს ერთ და ორ კვირაში ვერ დაასრულებდნენ. ბრძანება შემოწმების თაობაზე 2-3 თვით ადრე მაინც უნდა ყოფილიყო გაცემული. 1940 წლის ბოლოსა და 1941 წლის დამდეგს სტალინის მაგიდაზე აღმოჩნდა, ასევე, ინფორმაცია გერმანიის სატანკო მრეწველობის თაობაზე.  სპეციალისტებთან საუბარში სტალინს უთქვამს, რომ გერმანიის ტანკები, მართალია, კარგი მანქანებია, მაგრამ მათი სისუსტეა ის, რომ კორპუსი მოქლონებითაა შეკრული. ჩვენი ტანკების კორპუსი კი ელექტროშედუღებითაა შეკრული. პირდაპირი დამიზნებით ყუმბარის მოხვედრას მოქლონი ვერ გაუძლებს და გერმანული ტანკების კორპუსი დაიშლება. ელექტროშედუღებით შეკრული ტანკის კორპუსი კი გაცილებით მდგრადი იქნებაო. როგორც ვხედავთ, სტალინი დიდი ყურადღებით ადარებდა ერთმანეთს გერმანულ და საბჭოთა ტანკებს და ცხადია, იმიტომ, რომ ომისთვის ემზადებოდა.

ყოველივე შეიძლება, დავასრულოთ სტალინის სიტყვებით: „მე ვიცოდი რომ ომი დაიწყებოდა, მაგრამ ვფიქრობდი, მომეგო დაახლოებით ექვსი თვე”. სტალინს თავის მართლება არ უყვარდა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მისი სიტყვები ჭეშმარიტებას შეესაბამება.