რატომ გადაწყვიტა შვედმა მწერალმა მეუღლესთან ერთად საქართველოში დასახლება
ცნობილი შვედი მწერალი თომას ენგსტრემი და მისი მეუღლე მარგიტ რიჩეტი საქართველოში დაახლოებით ექვსი თვის წინ ჩამოვიდნენ. მათ ყველაფერი გაყიდეს, რაც შვედეთში გააჩნდათ და დატოვეს ქვეყანა, რომელიც, მათი აზრით, არასწორი გზით ვითარდებოდა. დასახლდნენ თბილისში და როგორც აღმოჩნდა, ქართულ გარემოს საკმაოდ სწრაფად აუწყვეს ფეხი, მოხიბლულნი არიან ქართული კულტურით, სტუმართმოყვარეობით, ქართველების კომუნიკაბელობითა და განსაკუთრებით, ქართული კლიმატით, რომელიც შვედურთან შედარებით გაცილებით ლმობიერია.
დიდი გამოხმაურება მოჰყვა ცოტა ხნის წინ ქართულ მედიასივრცეში გავრცელებულ ნიუსს, რომელიც თომასის სიტყვებს ციტირებდა: „ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, როცა ვხედავ, როგორ აქვს ევროკავშირის იმედი ქართველს“. ამ სიტყვების ინტერპრეტირება ყველა სააგენტომ თავისებურად მოახერხა, რითიც შინაარსი, ბუნებრივია, დამახინჯდა.
თომასი ინტერვიუს ჩაწერაზე უპრობლემოდ დამთანხმდა და ერთ-ერთ კაფეში დამითქვა შეხვედრა. როცა მივედი, ყველაზე მზიან ადგილას მჯდომი თომასი და მისი მეუღლე, მარგიტი მალევე შევნიშნე, ადგილი სპეციალურად შეერჩიათ, რადგან, როგორც თქვეს, შვედეთში ამგვარი ფუფუნება („მზის სხივებზე ნებივრობა“) იშვიათი მოვლენა იყო.
ინტერვიუში, რომელსაც გთავაზობთ, საუბარია შვედი მწერლის ქართულ შთაბეჭდილებებზე, საქართველოს ევროპის ნაწილად ქცევის მისი თვალით დანახულ პერსპექტივებსა და შესაძლებლობაზე.
- როდის და რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ჩამოსვლა?
- მე და ჩემმა ცოლმა ქვეყნის დატოვება სექტემბერში გადავწყვიტეთ. გავყიდეთ სახლი, ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა, რადგან დავიღალეთ შვედეთისგან, რომელიც, ჩვენი აზრით, არასწორი მიმართულებით მიდიოდა და ამიტომ გამოვიყენეთ ქვეყნიდან წასვლის შანსი. თავიდან უკრაინაში ჩავედით, ქალაქ ოდესაში. მარგიტს ყოველთვის სურდა საქართველოში ჩამოსვლა. ის მზარეულია და აინტერესებდა მრავალფეროვანი ქართული სამზარეულო. ჩემი ვარიანტი უფრო მოლდოვაში ან მონტენეგროში დასახლება იყო.
ერთ ღამესაც, როცა ოდესაში ღვინოს ვსვამდით, მან მითხრა: იცი, რომ შეგვიძლია აქედან პირდაპირი რეისით ბათუმში ჩავიდეთ? ბათუმი რა არის-მეთქი, ვკითხე და საქართველოო, მიპასუხა. ვყოყმანობდი, სახიფათოდ მიმაჩნდა ეს ქვეყანა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დავთანხმდი და წამოვედით. რამდენიმესაათიანი, ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, ჰორიზონტზე ღრუბლები გამოჩნდა, მაგრამ როცა კარგად დავაკვირდით, აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ღრუბლები კი არა, მთები იყო! ძალიან შეგვეშინდა, ჩვენ სამხრეთ შვედეთიდან მოვდივართ, სადაც ყველაფერი მაგიდასავით სწორია, მაგრამ როცა ბოლოს და ბოლოს ბათუმში ჩავედით, პატარა, ლამაზ ქალაქში, დავმშვიდდით. რამდენიმე კვირის შემდეგ თბილისშიც ჩამოვედით, თავიდან მეგონა რომ აქაური საგზაო წესები ჭკუიდან გადამიყვანდა, მაგრამ თანდათან შევეჩვიე და ახლა სახალისოდაც კი მიმაჩნია. საქართველო ძალიან ლამაზი, სტუმართმოყვარე, თავისუფალი ქვეყანაა და ზოგჯერ ვფიქრობ, ამერიკაც სწორედ ასეთი იყო ასი წლის წინ.
- გასაგებია, რომ ქართულმა სამზარეულომ, ბუნების სილამაზემ, სტუმართმოყვარეობამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ რას მეტყვი უარყოფით შთაბეჭდილებასა და მის მიზეზებზე?
- მიუხედავად იმისა, რომ სახალისო ვუწოდე, ცხადია, საგზაო სისტემა აშკარად დასახვეწია. გარემოს დაბინძურების დონეც საკმაოდ მაღალია თბილისში, რაც მეტწილად დიდი, ძვირადღირებული მანქანების დამსახურებაა. სწორედ ასეთი მანქანების მძღოლები იქცევიან ყველაზე ხშირად იდიოტებივით.
კიდევ, კარგი იქნება, მეტი ადამიანი ლაპარაკობდეს ინგლისურად უკეთ, მაგრამ მეორე მხრივ, შესაძლოა მე ვლაპარაკობდე უკეთ ქართულად, რადგან სწორედ მე ვიმყოფები საქართველოში და ვალდებული ვარ, მოვერგო აქაურობას.
ნახევარი წელია აქ ვარ და ყოველ ჯერზე, როცა მეშინია, რომ შეიძლება რამე ცუდი მოხდეს, ბოლოს აღმოჩნდება, რომ პირიქით, ყველაფერი კარგადაა. მაგალითად, ერთხელ ბაკურიანისკენ მივემგზავრებოდით, როცა გზად ნიღბიანი, აჟიტირებული ტიპები შეგვხვდნენ, დარწმუნებული ვიყავი, რომ გაგვძარცვავდნენ, მაგრამ როგორც გაირკვა, უბრალოდ ფესტივალში მონაწილეობდნენ (იცინის).
რა თქმა უნდა, ვხედავ სიღარიბესა და უმუშევრობას, მაგრამ იმასაც ვხედავ, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება. მაგალითად, უკრაინაში გაცილებით დეპრესიული გარემო იყო, ისინი გაცილებით სევდიანები და პესიმისტურად განწყობილები არიან, ვიდრე ქართველები.
- მხოლოდ ერთი მოკლე წინადადების გამოყენება რომ შეგეძლოთ, როგორ აღწერდით ქართველს?
მარგიტი: - მუდამ მზადმყოფი დახმარებისთვის.
თომასი: - ჰო, დამასწარი, მეც მაგის თქმას ვაპირებდი (იცინის)... თუ გაითვალისწინებ ქართველის რჩევას, აუცილებლად მიიღებ სიამოვნებას იმ საქმისგან, რასაც გააკეთებ.
- ქვეყანას როგორ აღწერდით ერთი წინადადებით?
თომასი: - ამერიკა უფრო ჩამოყალიბებული ადამიანებისთვის.
- „ისეთი შეგრძნება გრჩება, თითქოს შესაძლებელია, ქართულ სილამაზეს გემო გაუსინჯო“, - ეს შენი სიტყვებია, თომას. რომელმა მხარემ ან ქალაქმა მოგხიბლა ყველაზე მეტად?
- ძალიან მომეწონა თელავი. ზუსტად არ ვიცი რის გამო, ალბათ ლამაზი ხედების დამსახურებით, მაგრამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თბილისიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ზოგჯერ ძალიან ხმაურიანია.
- აღმოაჩინე რამე მსგავსება საქართველოსა და შვედეთს შორის?
- დღესასწაულებზე როგორც აქ, ასევე შვედეთში ხალხი სოფლებში მიდის, იქ ყველა ოცნებობს საკუთარ სოფელზე. ასევე საერთოა ძლიერი ეროვნული თვითშეგნება, ქართველებსაც და შვედებსაც გული შესტკივათ საკუთარ ქვეყანაზე, შესაძლოა განსხვავებული ხედვა აქვთ, მაგრამ ორივეს სურს პროგრესის მიღწევა. ამასთან საერთოა კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციების მიმართ პატივისცემა, რაც საქართველოში შესაძლოა უფრო ძლიერია, ვიდრე შვედეთში. ქართველებსაც უყვართ ბუნება, შვედებსაც, ამის პარალელურად მანქანებიც ორივე ქვეყანაში ძალიან უყვართ, თუმცა საქართველოში უფრო მეტად (იცინის).
- ყველაზე თვალშისაცემი განსხვავება?
- ქართველები გაცილებით უკეთ ერკვევიან საკუთარ ისტორიაში, მეტი ინფორმაცია აქვთ საკუთარი რელიგიის შესახებ. შვედეთში გაქრისტიანების ისტორია შეუძლიათ ორ წუთში მოგიყვნენ, აქ კი ალბათ საათები დასჭირდება ამ პროცესთან დაკავშირებული ამბების მოყოლას. ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ შვედეთში ხალხი უფრო მდიდარია, ბედნიერების დონე აქ უფრო მაღალია, იმიტომ, რომ ადამიანები ხშირად აკეთებენ იმას, რაც მოსწონთ. ძლიერია ურთიერთკომუნიკაციაც - შეიძლება ქუჩაში შეხვდე ადამიანთა ჯგუფს, რომელიც უბრალოდ ლაპარაკობს. ეს შვედეთში თითქმის გამორიცხულია, იქ ადამიანური კონტაქტი მინიმუმამდეა დასული.
მაგალითად, როცა შვედეთში ბინიდან გამოდიხარ და გესმის, რომ შენი მეზობელიც გამოდის, ჩვეულებრივი მოვლენაა შეყოვნდე და დაელოდო სანამ თვალს მიეფარება, რათა მასთან გამოლაპარაკება არ მოგიწიოს.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავებაა ისიც, რომ რიგითი შვედისთვის იდეალურია იყოს დამოუკიდებელი საკუთარი ოჯახისგან, როგორც კი ამის შესაძლებლობა ეძლევა, ის წყვეტს ურთიერთობას ოჯახთან და იწყებს ურთიერთობას სახელმწიფოსთან, რომელიც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, ფინანსურ კეთილდღეობას, მაგრამ არა იმ სითბოს, რომელიც მხოლოდ ოჯახისგან მოდის.
- შენი აზრით, ქართველებს ევროპული მენტალობა აქვთ?
- კი, ნამდვილად. ვფიქრობ, რომ თუ საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი და სხვა ქვეყნები ევროკავშირის წევრები არიან, საქართველოც აუცილებლად უნდა იყოს მისი წევრი. იმასაც ვფიქრობ, საქართველოს რომ საბჭოთა კავშირიდან თავი სამოცდაათიან წლებში დაეღწია, ის უკვე იქნებოდა ევროკავშირის წევრი. მე მიმაჩნია, რომ ევროკავშირს შეუძლია ბევრი რამ ისწავლოს საქართველოსგან.
- თემა რომ გავაგრძელოთ, შენს Facebook გვერდზე ვნახე ფოტო-პოსტი შემდეგი შინაარსით: „ერთ დღესაც, თუ ძალიან გაუმართლებთ, საქართველო დართავს ევროკავშირს შემოსვლის ნებას“. რას გულისხმობ, რისი სწავლა შეუძლია ევროკავშირს საქართველოსგან?
- ეს, რა თქმა უნდა, სანახევროდ ხუმრობა იყო, მაგრამ სანახევროდ სიმართლეც. მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვედი და დასავლურ პრესაში მუდმივად ვსაუბრობ საქართველოს, მისი დადებითი მხარეების შესახებ, მუდმივად ვაწყდები ჩემი შვედი მეგობრების მიერ მოქექილ, ყველაზე ცუდ სტატისტიკურ მონაცემებს კონტრარგუმენტების სახით და ბევრი მეკითხება: თუ ასეთი კარგი ქვეყანაა, რატომ აქვს ასეთი ცუდი მაჩვენებელი ამა თუ იმ კომპონენტში? ეს გასაგებია, როცა სამშობლოს ტოვებ, სხვა ქვეყანაში სახლდები და მერე აცხადებ, რომ ეს სხვა ქვეყანა უკეთესია, ბუნებრივია, ამგვარ დებატებში ჩაბმა გიწევს საკუთარი აზრის დასამტკიცებლად.
როცა ვაკვირდები, როგორ ცდილობენ ქართველები ბრიუსელიდან მწვანე შუქის მიღებას სხვადასხვა საკითხებზე, ვფიქრობ, რომ იქიდან უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში და ისწავლონ ის, რაც არ იციან. ეს პოსტი იმის დემონსტრირება იყო, როგორ მიყვარს ეს ქვეყანა და არა იმის, რომ საქართველო არ უნდა შეუერთდეს ევროკავშირს. აუცილებლად უნდა შეუერთდეს!
- ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნე: ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე საქართველომ შესაძლოა საკუთარი თვითმყოფადობა დაკარგოსო. რა საფრთხეს გულისხმობ?
- ვფიქრობ, ყველა (და განსაკუთრებით პატარა) ქვეყანა ფრთხილად უნდა იყოს, როცა სურს, შეუერთდეს უფრო დიდი და მდიდარი ქვეყნების კლუბს.
აუცილებლად მიმაჩნია ევროკავშირის ზოგიერთ მოთხოვნაზე უარის თქმა, რათა პატარა ქვეყნებმა შეძლონ თავიანთი კულტურული ფასეულობების შენარჩუნება. ქართველებს უნდა შეეძლოთ სახლის პირობებში ღვინის დამზადება ან ჭაჭის გამოხდა. შვედეთში თუ ამის გაკეთებას შეეცდები, დაგაპატიმრებენ. დასავლეთში ყველაფერი სულაც არ არის თავისუფალი, პროგრესს შეზღუდვები ახლავს.
- შენი აზრით, ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოს კულტურას მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება?
- არ მგონია, ქართველებმა ადვილად დაუთმონ ევროკავშირს რაღაცები, რა თქმა უნდა, ბევრი რამეა შესაცვლელი, ევროკავშირის სტანდარტები ხშირ შემთხვევაში ძალიან კარგია, მაგრამ მიმაჩნია, რომ მოხუცი ქალი ძველ ფურგონში სახლში დამზადებული პროდუქტებით უფლებამოსილი უნდა იყოს აწარმოოს საკუთარი ბიზნესი. არავინ უნდა აუკრძალოს მას საქმიანობა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მანქანა სისუფთავის ევროპულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. სწორედ ამის მეშინია.
მეშინია, რომ ზოგიერთი რეფორმა ღარიბ ხალხს უფრო გაურთულებს ცხოვრებას, რადგან ევროკავშირი ღარიბებისთვის არ არის შექმნილი, ის მდიდრებზეა გათვლილი.
მარგიტი: ქართველები გადაურჩნენ არაბებს, ოსმალებს, ოტომანების იმპერიას, რუსებს. მგონი ცხადია, რომ ისინი მოახერხებენ ტრადიციების შენარჩუნებას ევროკავშირშიც.
- ანუ ამ მხრივ რეალური საფრთხე საქართველოს არ ემუქრება?
- არა, თუმცა აუცილებელია სიფრთხილე მოლაპარაკებების დროს. მაგალითად ესპანეთი ბევრ შეზღუდვას დასთანხმდა მოლაპარაკებების დროს, მაგრამ გაწევრიანების შემდეგ, თითქმის არც ერთი არ შეასრულა, ამის გამო არავის გამოუგდია.
- რამდენად შესაძლებლად მიგაჩნია საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში უახლოეს მომავალში?
- ძალიან ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ უახლოეს მომავალში ეს პროცესი შეუძლებლადაც კი მიმაჩნია. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკურ ელიტას ევროპაში სურს საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. მაგალითად კემერონის, ოლანდის ან მერკელის ნება რომ იყოს, დღესვე მიიღებდნენ საქართველოს, მაგრამ ასე რომ მოიქცნენ, ამომრჩევლებს დაკარგავენ, ევროპელი ხალხი ეჭვის თვალით უყურებს ახალ სამუშაო ძალას, რომელმაც შესაძლოა საქმე მათზე უკეთ, უფრო იაფად შეასრულოს. რამდენიმე წლის შემდეგ, თუ ეს ევროპელი ლიდერები ძალას მოიკრებენ და გაბედავენ გაიტანონ საკუთარი ინიციატივა რისკების მიუხედავად, შესაძლოა საქართველო იქცეს ევროკავშირის წევრად.
მარგიტი: - ევროპაში საქართველოს შესახებ არავინ არაფერი იცის. ესეც ერთ-ერთი დამაბრკოლებელი მიზეზია - ინფორმაციული ვაკუუმი.
თომასი: - ჩვენი დამსახურებით ეს ვაკუუმი შემცირდა, მაგრამ მაინც უზარმაზარია. ამიტომ, ვწუხვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ საქართველო ჯერ-ჯერობით ვერ გახდება ევროკავშირის წევრი.
- საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებითაც პესიმისტურია შენი პროგნოზი?
- არა, ვიმედოვნებ, ნატო-ს შემთხვევაში საქმე სულ სხვაგვარადაა და ძალიან ბედნიერი ვიქნები, როცა საქართველო მის წევრად იქცევა, რადგან ეს, ჩემი აზრით, ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მნიშვნელოვანია.
ნატო-ს განსხვავებული, არადემოკრატიული პროცესი აქვს ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით, რომელსაც საფუძვლად მხოლოდ გეოპოლიტიკური მოსაზრებები უდევს. მაგალითად, უხეშად რომ ვთქვა, ორგანიზაციის მმართველებს შეუძლიათ დასხდნენ, დახედონ რუკას და თქვან: „აჰა, რუსეთს სომხეთში აქვს თავისი ბაზა, კარგი იქნება თუ ჩვენ საქართველოში გვექნება“. ევროკავშირს კი გაცილებით მეტად აღელვებს პოლიტიკური პროცესები, ამომრჩევლები რას იფიქრებენ და ასე შემდეგ.
საქართველოს მთავარი კოზირი სწორედ მისი გეოპოლიტიკური მდებარეობაა. ის ყველაფრის ცენტრშია - ისლამისა და ქრისტიანობის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის გადაკვეთა და ზოგჯერ ვფიქრობ, გარედან მომავალი ამხელა ზეწოლის გამო როგორ არ გაქრა აქამდე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ საქართველო შტორმის ცენტრს ჰგავს, შუაგულ ნაწილს, სადაც ყოველთვის სიწყნარეა.
- იგრძნობა თუ არა საქართველოში პოსტსაბჭოური ანარეკლი, ექო?
- ტუალეტის ქაღალდი და ავტობუსები იგივეა, რაც უკრაინაში იყო, თუმცა რაღაც სერიოზულ კვალს ვერ ვხედავ. სომხეთსაც ვესტუმრეთ რამდენიმე კვირის წინ და მიუხედავად იმისა, რომ ერევანი საკმაოდ მოდერნიზებულია, რეგიონებში გაცილებით უფრო მძიმე ვითარებაა, მკაფიოდ ირეკლება საბჭოთა კავშირის გავლენა. მაგალითად, საზღვარზე გადასვლისას, სომეხი მესაზღვრეები პირქუშ უნიფორმებში გამოწყობილნი, „კალაშნიკოვით“ ხელში გხვდებიან, მაშინ, როცა საქართველოში შემოსვლისას სასიამოვნო გარეგნობის პოლიციელი ქალი გეუბნება: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში“.
პოსტსაბჭოურ ექოდ შეიძლება მივიჩნიოთ საბჭოური არქიტექტურის ძეგლები, რომლებიც ძალიან მიმზიდველი და საინტერესოა. ქართული მენტალობა საბჭოური ნამდვილად არ არის.
მარგიტი: - თუმცა სტალინის მუზეუმი საკმაოდ უცნაური მოვლენაა.
თომასი: - ნამდვილად, ამან ცოტათი გაგვაოცა (იცინის). თუმცა გასაგებია, ეს ტურისტთათვისაა განკუთვნილი, უბრალოდ კარგი იქნება, სადმე იმის ნიშანი იყოს, რომ ამ ადამიანმა მილიონობით კაცი მოკლა. ყველაზე მეტად საბჭოური ანარეკლი ალბათ მაინც გორშია შემორჩენილი. ჯამში კი, ქართველები ძალიან თანამედროვე აზროვნების და განვითარებული ხალხია. ბევრ ისეთ ქვეყანაში ვყოფილვარ, სადაც პოსტსაბჭოური გავლენა გაცილებით უფრო მძაფრად იგრძნობა, ვიდრე აქ, საქართველოში.
- ვიცი, რომ მწერალი ხარ. დაგეხმარა აქაური გარემო ახალი ნაწარმოების შექმნაში?
- კი. ბოლო დროს ვწერ რომანებს აგენტების შესახებ და ჩემი ამჟამინდელი რომანიც აგენტის ცხოვრებას აღწერს, რომლის გზაც საქართველოში იკვეთება და მოვლენათა კულმინაციური კვანძიც სწორედ აქ იკვრება.
- რამდენი ხანი გეგმავთ საქართველოში დარჩენას?
სამუდამოდ. თუ, რა თქმა უნდა, რომელიმე გადარეულმა ქვეყანამ არ მოახდინა თქვენი ოკუპაცია, სამუდამოდ ვაპირებთ აქ დარჩენას (იცინის). ძალიან შეგვიყვარდა ეს ქვეყანა და არსად წასვლას არ ვაპირებთ, შვედეთივითაა, ოღონდ უკეთესი - აქ ისე არ ცივა, როგორც შვედეთში (იცინის). თუ ქვეყანა არასწორი მიმართულებით არ წავა, აქ ვიქნებით. თუ სამწუხაროდ ასე მოხდება, სომხეთში წავალთ, მაგრამ საქართველო ძალიან მოგვენატრება.