მმართველი გუნდი ოპოზიციის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭისყრაზე ჩაგდებისთვის ამზადებს, უმრავლესობის მიერ ინიცირებული ვერსიის მხარდაჭერას კი, ოპოზიციას სთხოვს.
პარლამენტმა მაჟორიტარული სისტემის გაუქმების თაობაზე, ოპოზიციისა და უმრავლესობის მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა უკვე დაიწყო. ოპოზიციის ვერსია პირველი მოსმენით განხილულია, უმრავლსობის ვარიანტზე მსჯელობა კი, მომავალ სასესიო კვირას გაგრძელდება. კენჭისყრის ჩატარების თარიღი უცნობია, თუმცა, ცვლილებების მხარდაჭერისთვის უმცირესობა უმრავლესობას ულტიმატუმს უყენებს.
როგორც for.g-ს ნაციონალმა, მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, უმცირესობა გადაწყვეტილებას მარტო ვერ მიიღებს, მაჟორიტარული სისტემის 2020 წლიდან გაუქმებას მხარი დაუჭიროს თუ არა.
დეპუტატის მოსაზრებით, უმრავლესობამ უნდა დააკონკრეტოს, საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს თუ არა სამივე მოსმენით.
„ჩვენ გვაინტერესებს, არის თუ არა „ოცნება“ მზად, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები სამივე მოსმენით გაიტანოს?! საკითხის პირველი მოსმენით გატანის შემთხვევაში, ხალხს ვატყუებთ? ასევე გვაინტერესებს, სამი მოსმენის ხმებისთვის იქნება თუ არა საკმარისი ხმები?!“, - აცხადებს მაჭავარიანი.
კანონმდებელის თქმით, მოქალაქეებისთვის ამ ორ მოდელს შორის შესაძლოა, განსხვავება არ იყოს, თუმცა, დებატები იმაზე მიდის, პარლამენტში ვინ როგორ სკამს მოირგებს.
„ოცნებამ“ საარჩევნო სისტემა საკუთარ სკამებს მოარგო. ხონი და ვანი გააერთიანა, რომელსაც ერთმანეთთან საზღვარი არ აქვს. ოპოზიციის მიერ მომზადებული მოდელი მოსახლეობაზეა მორგებული და ხალხს საშუალება ექნება, ის ლიდერები აირჩიოს, რომელსაც ენდობა. ვანელს, ხონელსა და საჩხერელს ეცოდინება, ვინ არის პასუხისმგებელი. სადაც მაჟორიტარი დეპუტატი ოპოზიცინიონერია, მას საქმიანობაში თვითმართველობები ხელს უშლიან“, - აცხადებს მაჭავარიანი.
უმცირესობისგან განსხვავებით, ფრაქცია „თავისუფალ დემოკრატებში“ უკვე იციან, რომ ისინი მხარს როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭერენ.
for.g-სთან საუბარში ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მაჟორიტარული სისტემა შეიცვალოს.
მისი ცნობით, იმისათვს, რომ ეს სისტემა შეცვლილიყო, მისმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა.
„200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა შევაგროვეთ, რომელიც პარლამენტს წარვუდგინეთ. თუ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათზეა. მზად ვართ, რომ მხარი მათ ვარიანტსაც დავუჭიროთ, რათა ხელისუფლებას იმის თქმის საბაბი არ ჰქონდეს, რომ რეფორმის ჩავარდნა სხვას გადააბრალონ. ამ თვალსაზრისით კი, სრული კრახი გვაქვს“,- ამბობს ჩიქოვანი.
ოპოზიციისგან განსხვავებით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი არ უჭერს.
ქუცნაშვილი საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე for.g-სთან საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყნისთვის ყველაზე კარგი შერეული სისტემის არსებობაა.
დეპუტატი ამბობს, რომ ის პროპორციული საარჩევნო სისტემის მოწინააღმდეგე არ არის, თუმცა, არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარება პოლიტიკური საქმიანობის მონოპოლიზებას გამოიწვევს.
„პოლიტიკური საქმიანობა მონოპოლიზირებული არ უნდა იყოს და ამის კეთების უფლება მხოლოდ პარტიებს არ უნდა ჰქონდეთ. ეს სისტემა ამომრჩეველსა და დეპუტატს შორის კავშირს შეამცირებს. დღეს, ამომრჩეველმა იცის, მისი მაჟორიტარი დეპუტატი ვინ არის და პასუხი ვის მოსთხოვს, ხოლო პროპორციული სისტემის შემთხვევაში, სიაში ხალხს პარტიის თავმჯდომარე წერს. სისტემა ხელს წამომადგენლობითობას უნდა უწყობდეს, პროპორციული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში კი, მეორე ტური გამორიცხულია. პირველ ადგილზე გასული მაქსიმალურ შესაძლებლობას იტოვებს“, - აცხადებს ქუცნაშვილი.
დეპუტატი ყურადღებას საკითხის სხვა ასპექტებზეც ამახვილებს და განმარტავს, რომ კონსტიტუციის თანახმად, რეგიონალური პარტიების შექმნა დაუშვებელია, რადგან ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვს.
„სოხუმი და ცხინვალი რეგიონალურ პარტიებს ვერ შექმნიან. ანუ, გამოდის, რომ რეგიონალური პარტიები ვერ შეიქმნებიან და თბილისური პარტიების ფილიალს არ დაიქმევენ. ანუ, საარჩევნო სისტემა ქვეყნის ინტეგრაციას კი არა, დეზინტეგრაციას უწყობს ხელს. ამიტომ, მაჟორიტარული სისტემის არსებობით ცხინვალსა და აფხაზეთში მცხოვრებ პირებს შეუძლიათ, საქართველოს პარლამენტში დეპუტატი იყვნენ“, - ამბობს ქუცნაშვილი, რომელის გადაწყვეტილებას ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია ეხმაურება.
for.g-სთან საუბარში ბუკია აცხადებს, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ზაქარია ქუცნაშვილი მხარს არც აქამდე არ უჭერდა, რადგან საკითხზე უმრავლესობაში სრული თანხვედრა არ არის.
დეპუტატის ცნობით, „კონსერვატორები“ ცვლილებებს მხარს დაუჭერენ და იმ პირობის შეასრულებენ, რაც საზოგადოებას მისცეს.
„113 ხმა მოგროვდება თუ არა, ეს ოპოზიციაზეა დამოკიდებული. ჩვენ დათვლით, ვიტყვით, ცვლილებებს მხარს რამდენი დეპუტატი დაუჭერს. გასაღები ოპოზიციის ხელშია. რაც შეეხება მაჭავარიანის მოთხოვნას, ეს პროცესია და მთავარია, მსჯელობა დავიწყოთ. ეს ყველაფერი ტექნიკის საკითხია და არა - პრინციპის. თუკი პრინციპზე შევთანხმდებით, ტექნიკური საკითხები პრობლემას არ წარმოადგენს. პრინციპზე რომ შევთანხმდებით, ყოფით საკითხებზე შეთანხმება ბევრად უფრო მარტივად მეჩვენება“, - დასძენს ბუკია.
113 ხმის შეგროვებასა და პროცედურულ საკითხებზე აქცენტირებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი.
როგორც for.g-ს კახიანმა განუცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებებს უმცირესობის მხარდაჭერა სჭირდება.
მისი მოსაზრებით, 2016 წლიდან მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარი 113 დეპუტატმა რომც დაუჭიროს, პროცედურულად ამის განხორციელება შეუძლებელია.
„რომც მოვინდომოთ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩავატაროთ, ეს შეუძლებელია. აქამდე სად ვიყავით? - ეს სხვა კითხვაა. აქამდე 113 ხმა ოქრიაშვილთან, ქუცნაშვილთან და რამდენიმე დეპუტატთან ერთად გვიგროვდებოდა? ეს ადამიანები მხარს არ უჭერენ, მაგრამ ეს კენჭისყრის შედეგებზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს, თუკი ცვლილებებს მხარს უმცირესობა დაუჭერს“, - აცხადებს დეპუტატი.
კახიანი ამბობს, რომ საკითხზე ფრაქცია „ქართულ ოცნებაშიც“ განსხვავებული მოსაზრებებია.
„მხარს ჩვენს ინიციატივას ვუჭერ. ოპოზიციის წინადადებას მხარი რომც დავუჭიროთ, ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ამ ინიციატივის მიღება მოხდეს? - კარგ შემთხვევაში ეს რომ აგვისტოს ბოლოს მივიღოთ, არჩევნების 60 დღით ადრე პარტიები კანდიდატურების დასახელებას იწყებენ და ამასობაში ახალი კონსტიტუცია უნდა მივიღოთ, რაც პროცედურულად რთულია“, - აღნიშნავს კახიანი.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას 2016 წლიდან ითხოვს, უმრავლესობა კი, 2020 წლიდან. ცვლილებების გატანას 113 ხმა სჭირდება, უმრავლესობას კი, საკუთარ რიგებში 82 დეპუტატი ჰყავს.