ვანო ჩხარტიშვილის განცხადება, რომელმაც ინგლისელი მოსამართლე შოკში ჩააგდო!

ვანო ჩხარტიშვილის განცხადება, რომელმაც ინგლისელი მოსამართლე შოკში ჩააგდო!

ლონდონის სამეფო სასამართლოს გადაწყვეტილების სკანდალური დეტალები

ინგლისის სასამართლომ ვანო ჩხარტიშვილის გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. გაზეთი “ვერსია” მოიპოვა მართლმსაჯულების მაღალი სასამართლოს (სამეფო სასამართლოს) კანცლერის განყოფილების მოსამართლე პიტერ სმითის გადაწყვეტილება, რომელიც “ბლუ ტროპიკისა” და “კოპელას” სარჩელს ეხება ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ. ესაა საკმაოდ ვრცელი დოკუმენტი, რომელშიც მოსამართლე პიტერ სმითი, დეტალურად განიხილავს საქმეს, თუ როგორ მიითვისა ჩხარტიშვილმა მისი გარდაცვლილი მეგობრის _ პატარკაციშვილის კუთვნილი ქონება და კომპანიები.

იმის გამო, რომ ჩხარტიშვილმა კომპანიების _ “ბლუ ტროპიკისა” და “კოპელას” აქტივები მიითვისა, ინგლისის სასამართლომ ეს კომპანიები დაზარალებულად სცნო, ხოლო ჩხარტიშვილს მატერიალური ზარალის ანაზღაურება დააკისრა. სასამართლოში ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ინტერესებს ადვოკატები ლაშა ბირკაია და კობა კვანტალიანი იცავდნენ. პარალელურად, საქართველოს სააპელაციო სასამართლოში, ჩხარტიშვილის სარჩელზე პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს. მოსარჩელე ჩხარტიშვილი აცხადებს, თითქოს მასა და აწ გარდაცვლილ ბადრი პატარკაციშვილს შორის, ზეპირი ხელშეკრულება არსებობდა, რომლითაც “ბლუ ტროპიკისა” და “კოპელას” აქტივების მესაკუთრე ჩხარტიშვილია...

2013 წელს, ვანო ჩხარტიშვილს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი დაუპირისპირდა, რადგან სწორედ იმ პერიოდში გაირკვა, რომ გარდაცვლილი მეგობრის ქონება _ კომპანიები და ყველა აქტივი, სწორედ ჩხარტიშვილმა მიითვისა! ოფშორულ ზონაში, კერძოდ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულმა ორმა კომპანიამ _ “ბლუ ტროპიკმა” და “კოპელამ” ინგლისის სასამართლოში სარჩელი აღძრა, რომელიც საქართველოში არსებულ უძრავ ქონებას და საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებში არსებულ წილებს ეხებოდა. დოკუმენტების მიხედვით, “ბლუ ტროპიკსა” და “კოპელაში” წილებს ფლობს დისკრეციული სატრასტო კომპანია “ნაილ ტრასტი”, რომლის ბენეფიციარი მფლობელი იყო ბადრი (არკადი) პატარკაციშვილი. ამ სარჩელზე მოპასუხე მხარეს ქართველი ბიზნესმენი და ყოფილი სახელმწიფო მოღვაწე ვანო ჩხარტიშვილი წარმოადგენდა, რომელსაც მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილთან საქმიანი ურთიერთობები ჰქონდა ამ უკანასკნელის სიცოცხლეში.

“ბლუ ტროპიკმა” და “კოპელამ” იურისტ გიორგი ქავთარაძეზე გასცეს მინდობილობები, რომლებითაც მას ფართო უფლებამოსილებები მიანიჭეს და საშუალება მისცეს, მოსარჩელეების ქონება/აქტივები განეგო. ჩხარტიშვილმა გიორგი ქავთარაძეს დაავალა, ესარგებლა მინდობილობებით და ხსენებული აქტივები მოსარჩელეებიდან მოპასუხის საკუთრებაში არსებულ, ან კონტროლირებად კომპანიებზე გაესხვისებინა. მოსარჩელეები აცხადებენ, რომ ამ გასხვისებებში, რომელთა უმრავლესობა პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან ერთ თვეში განხორციელდა, ჩხარტიშვილს ანაზღაურება არ გადაუხდია. ვანო ჩხარტიშვილის დავალებით, გიორგი ქავთარაძემ 2008 წლის 10 მარტს განხორციელებული გარიგებით, გარდაცვლილი ბიზნესმენის ქონება მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გაყიდა, მაგრამ “ბლუ ტროპიკისა” და “კოპელას” ანგარიშებზე ეს თანხა არ გადარიცხულა.

გიორგი ქავთარაძის ჩვენებებიდან (სტილი დაცულია): “აქტივები 2008 წლის თებერვალში, ბადრის გარდაცვალებიდან მალევე გასხვისდა. ვანომ მითხრა, რომ ჯოზეფ ქეი (პატარკაციშვილის დეიდაშვილი) ცდილობდა ბადრის აქტივების მითვისებას. ვანომ თქვა, რომ სწორედ ამიტომ სურდა ბადრის ტრასტებიდან აქტივები გადაეტანა ისეთ კომპანიებში, რომლებსაც ვანო თავად აკონტროლებდა. იმის გათვალისწინებით, რომ “ბლუ ტროპიკზეც” და “კოპელაზეც” მინდობილობები, რომლებიც გაყიდვის უფლებამოსილებას ითვალისწინებდა, ჩვენ გვქონდა, ვანოსთვის შესაძლებელი იყო ჩემთვის მოეცა დავალება აღნიშნულის განსახორციელებლად. როცა 2008 წლის 5 მარტს, მე შპს “საქართველოს საინვესტიციო ჯგუფს” (ბროკერი) დავავალე სს “ფოთის წისქვილქარხანაში” “ბლუ ტროპიკის” 92.85%-იანი აქციათა პაკეტის გასაყიდად გატანა, ეს გავაკეთე ვანოს დავალებით, მაგრამ იმ გაგებით, რომ მე ვმოქმედებდი “ბლუ ტროპიკის” სახელით და იმ ზოგადი შეთანხმების თანახმად, რომელიც ვანოსა და ბადრის შორის არსებობდა, რომ ვანო ბადრისთან იყო შეთანხმებული. იგივე აზრის, მოგონებისა და წარმოდგენის ვარ მოგვიანებით, 2008 წლის 10 მარტს, “პრომეტკოსა” და “ჯეესკოში”, “კოპელას” 66%-66%-იანი წილების ვანოსა და მისი ოჯახის წევრების ბენეფიციურ საკუთრებაში არსებული ოფშორული კომპანიებისთვის მიყიდვაზე”.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ “ბლუ ტროპიკი” ფლობდა სს “ფოთის წისქვილქარხნის” 92.85%-იან წილს, რომელიც ჩხარტიშვილის დავალებით, გიორგი ქავთარაძემ 2008 წლის 5 მარტს გაყიდა. იმავე დღეს, “ფოთის წისქვილქარხნის” აქციები შეისყიდა შპს “სონატა ალიანს ჯორჯიამ”, რომლის მფლობელია სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული, ჩხარტიშვილისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული კომპანია შპს “სონატა ალიანს ინკი”. ბადრი პატარკაციშვილის დეიდაშვილი ჯოზეფ ქეი, ინგლისის სასამართლოში ვანო ჩხარტიშვილის მთავარი მოწმე იყო, რომელმაც  დაადასტურა, რომ 2004 წელს, ბადრი “ფოთის წისქვილქარხნის” შეძენას აპირებდა. პატარკაციშვილს ოფშორული კომპანიის შექმნა სურდა და რომ “ფოთის წისქვილქარხანას”, ჩხარტიშვილთან ერთობლივი საწარმოს პირობებით ყიდულობდა. ჯოზეფ ქეის აღიარებით, პატარკაციშვილს მისთვის არ უთქვამს, რომ ხსენებულ კომპანიაში ჩხარტიშვილს მისცემდა წილებს. მეტიც, პატარკაციშვილს არასოდეს უთქვამს, რომ ვანო უნდა ყოფილიყო “ბლუ ტროპიკის” ან “კოპელას” 50%-იანი წილის მფლობელი!

“კოპელას” საკუთრებაში იყო თბილისში, რუსთაველის 2/4-ში მდებარე უნივერმაღი “თბილისი”, რომელიც ამ კომპანიამ 2004 წელს, შპს “გედეონისა” და ზურაბ ალავიძისგან 90 000 აშშ დოლარად შეიძინა. “კოპელამ” უნივერმაღი “თბილისი” 12 275 000 აშშ დოლარად, შპს “მოვატ ჯორჯიას” მიჰყიდა. “მოვატ ჯორჯიამ” ეს ფული “კოპელას” თიბისი ბანკის ანგარიშზე ჩაურიცხა.Aაქედან 13 დღეში გიორგი ქავთარაძემ 10 მილიონი აშშ დოლარი ჯერ ჩხარტიშვილის კუთვნილი კომპანიის ანგარიშზე გადარიცხა, შემდეგ კი “კოპელას” ანგარიშიდან მოხსნა და ესეც “სონატა ალიანს ინკის” ანგარიშზე ჩარიცხა!

გიორგი ქავთარაძემ ჩვენებაში განმარტა, რომ 900 000 აშშ დოლარი ბადრი პატარკაციშვილმა გადაიხადა. ჩხარტიშვილმა კი საკუთარ ჩვენებაში აღნიშნა, რომ 900 000 აშშ დოლარი მან მოიტანა, რომლის ერთი ნახევარი (450 000 აშშ დოლარი) გიორგი ქავთარაძეს ნაღდი ფულის სახით მისცა, ხოლო მეორე ნახევარი ქავთარაძემ სესხის სახით, “გაერთიანებული ქართული ბანკიდან” აიღო. ამის გამო, ბადრი პატარკაციშვილმა გადაწყვიტა, ინვესტიცია აღარ ჩაედო, ჩხარტიშვილმა კი უნივერმაღი გასაყიდად გაიტანა და 12 275 000 აშშ დოლარად, მყიდველიც იპოვა. საინტერესო ის არის, რომ თანხის ნახევარი _ 450 000 აშშ დოლარი, რომელიც ჩხარტიშვილმა ნაღდი ფულის სახით, გიორგი ქავთარაძეს მისცა, მისი ოფისის სეიფში ინახებოდა. ჩხარტიშვილმა სეიფი გახსნა, 450 000 აშშ დოლარი გამოიღო და ქავთარაძეს გადასცა, რომელმაც ეს თანხა უნივერმაღ “თბილისის” შესაძენად გამოიყენა. საკუთარ ჩვენებაში გიორგი ქავთარაძემ განაცხადა, რომ ეს ფაქტი არ ახსოვდა! მეტი დამაჯერებლობისთვის, ვანო ჩხარტიშვილმა “დააზუსტა”, რომ სეიფიდან გამოღებული ნაღდი ფული _ 450 000 აშშ დოლარი, ტილოს ტომარაში ჩადო და ქავთარაძეს გადასცა... მოსამართლე პიტერ სმითს არ უკვირს, რომ ბიზნესგარიგებები ნაღდი ფულითაც ხორციელდება, მაგრამ მან ზუსტად იცის, რომ საქართველოში ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობა მოქმედებს. შესაბამისად, ვანო ჩხარტიშვილი, როგორც საჯარო პირი, ვალდებული იყო, რომ 2004-2005 წლების ქონებრივ დეკლარაციებში ეს თანხა და ამ თანხით შეძენილი ქონება აესახა. ჩხარტიშვილმა ინგლისის სასამართლოში ამასთან დაკავშირებით, აბსურდული განცხადება გააკეთა: “სეიფში შენახული ნაღდი ფული დეკლარირებას არ ექვემდებარება”(?!), რამაც ინგლისელი მოსამართლე შოკში ჩააგდო. ამის მიუხედავად, მოსამართლე ქართველი პოლიტიკოსის მისამართით დამამცირებელ შენიშვნებს მაინც მოერიდა და საკუთარ დასკვნაში განაცხადა, რომ ჩხარტიშვილმა ეს ჩვენება მოიგონა! სინამდვილეში, მოსამართლეს ეჭვი არ შეპარვია, რომ ეს კონკრეტული ქონება და აქტივები ბადრი პატარკაციშვილის სახსრებით შეიძინეს, რაც გიორგი ქავთარაძემაც დაადასტურა!

სხვა მოწმის ჩვენებასთან შერეულად, ინგლისის სასამართლოში ვანო ჩხარტიშვილის დაკითხვა 4 დღე გაგრძელდა. ჩხარტიშვილი ჯვარედინად დაიკითხა კომპანიების _ “ბლუ ტროპიკისა” და “კოპელას” ადვოკატ ჯოუ სმოუჰას მიერ. ჩხარტიშვილი დაკითხვის დროს ისე “დაიბნა”, რომ ერთსა და იმავე კითხვებზე ურთიერთგამომრიცხავი პასუხები გასცა.

ვრცელი საქმის დეტალურად შესწავლის შემდეგ, მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება _ ესაა ყველაზე სამარცხვინო საქმე საერთაშორისო მართლმსაჯულების ისტორიაში, სადაც საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსანი და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, საკუთარ ქვეყანას ლაფში სვრის! ინგლისის სასამართლოში განხილული ეს კონკრეტული საქმე, საკმაოდ მნიშვნელოვანია! მართალია, ამ საქმეზე მოსამართლის მთავარი ამოცანა იყო, ჩხარტიშვილი მისი მეგობრის ქონების უკანონო მითვისებაში ემხილა, რაც ასეც მოხდა, მაგრამ ეს ვრცელი საქმე იმის აშკარა დასტურიცაა, ოფშორული ზონების გამოყენებით, როგორ გაათეთრა ფული ვანო ჩხარტიშვილმა!