ჩერნობილის რადიაციისგან უხილავმა

ჩერნობილის რადიაციისგან უხილავმა "ღვთისმშობლის ფარდამ" გადაგვარჩინა!

ბოლო დროს მოხშირებულმა ბუნებრივმა კატაკლიზმებმა კაცობრიობა სამყაროს აღსასრულზე დააფიქრა. გასულ კვირას თბილისში  ტალახიანი წვიმაც მოვიდა, რაც ზოგიერთმა იაპონიაში დატრიალებულ სტიქიურ უბედურებას დაუკავშირა. "კვირის პალიტრას" საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი მარატ ციცქიშვილი ესაუბრა: 

- მიწისძვრის პროგნოზი ჯერჯერობით შეუძლებელია. იაპონია მაღალტექნოლოგიური ქვეყანაა, მაგრამ საშიშროება მაინც ვერ აიცილა თავიდან.  რომ არა წყალი და ცუნამი, იაპონიაში კატასტროფული არაფერი იქნებოდა! ატომური ბირთვული რეაქტორის დამცავი კედელი არასაკმარისი სიმაღლისა აღმოჩნდა და ათმეტრიანმა ტალღამ იოლად გადაუარა. ასეთი სიძლიერის სტიქია არც მახსოვს. თუმცა, თავის დროზე ჩრდილო კავკასიის სოფლები და ქალაქები შთანთქა ქვესკნელმა.

არსებობდა წინასწარმეტყველებანი იაპონიის დამანგრეველი სტიქიის თაობაზე. ამას რა მეცნიერულ ახსნას უძებნით?

- ნებისმიერი პროგნოზის ფასეულობა დროით იზომება. თუ იტყვი, რომ 20 წლის განმავლობაში რაღაც საშინელება მოხდება, ეს არც არის პროგნოზი, ვინაიდან 20 წელი საკმაოდ დიდი დროა. პირადად მე, თუ შეიძლება ითქვას, კოსმოისტი ვარ - მიმაჩნია, რომ დედამიწამ გაიარა შედარებითი  კეთილდღეობის ფაზა და ახლა ახალ ფაზაში გადავიდა.

ზოგს მიაჩნია, რომ ახალი ფაზა 2000 წლიდან დაიწყო, ზოგი 2005-ს ასახელებს კეთილდღეობის დასასრულად! დანამდვილებით კი არავინ არაფერი იცის. ისიც  კი არ ვუწყით, მზე ერთი ვარსკვლავია თუ ორი. ძველი გადმოცემით, არსებობს მეორე მზე - ნემესიდა, რომელიც ყველაფერს ანგრევს. ამავდროულად, არსებობს ყველაფრის მანათობელი და გამათბობელი მზე, რომელიც სიცოცხლისთვის აუცილებელია. არ გამოვრიცხავ, რომ პერიოდულად დედამიწა ხან ერთი მზის გავლენაში ექცეოდეს, ხან კი მეორის.

ფაქტია, ბევრი რამ შეიცვალა და მეცნიერები ვთანხმდებით, რომ ოდესმე აღსასრულიც დადგება, მაგრამ გააჩნია, ჩვენთვის რამდენად საშიში იქნება. მაგალითად, თუ ვიტყვით, რომ ორი მილიარდი წლის მერე იქნება სამყაროს აღსასრული, ცხადია, ეს დიდ უბედურებას არ გვიქადის. კოსმოგენურად კი ყველას გვაქვს წარმოდგენა, რომ ბოლოს და ბოლოს, ჩვენი მზეც ჩაქრება.

არსებობს სხვა ვერსიებიც. მაგალითად, ზოგი მეცნიერი ამტკიცებს, რომ მზე გაიბერება და აფეთქდება! რასაკვირველია, მზე ენერგიას  იღებს ბირთვული რეაქციებიდან და უხეშად რომ ვთქვათ, მასაც საწვავი სჭირდება. და როცა მზე გამოწვავს საწვავს, ჩაქრება. თუმცა, ფიზიკოსების გათვლით ეს ძალზე შორეულ მომავალში მოხდება.

მეცნიერები ფიქრობენ, როგორ გადაარჩინონ კაცობრიობა თუნდაც იმით, რომ დროებით სხვა პლანეტაზე გადაასახლონ, მაგრამ იაპონიაში განვითარებული მოვლენები კოსმოსური მინიშნებაა იმისა, რომ კაცობრიობის  ყველა ამგვარი მცდელობა განწირულია.

მეცნიერები ხშირად ჩერნობილისა და იაპონიის მოვლენებს შორის ავლებენ პარალელს.

- დიახ, მაგრამ მაინც ორ სხვადასხვაგვარ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ჩერნობილის მოვლენებმა კაცობრიობას ასეთი მინიშნება მისცა: "თუ უვიცები არ იქნებით, საშიში არაფერია". ატომური რეაქტორის "ფუკუსიმას" აფეთქებამ, ფაქტობრივად, გვითხრა: "რაოდენ ჭკვიანურადაც უნდა მოიქცე, მაინც სტიქიაზე ხარ დამოკიდებული". ჩერნობილში ფატალური შედეგი ექსპერიმენტმა გამოიწვია. აინტერესებდათ, რა დონემდე შეიძლებოდა მისულიყო რეაქტორი ისე, რომ შემდგომ ისევ ნორმალურ მდგომარეობას დაბრუნებოდა. აფეთქება სამჯერ მოხდა, მერე ვეღარაფერი მოუხერხეს რეაქტორს, რომელიც გადახურდა, გადნა და გამოყო სხვადასხვა მავნე ნივთიერება, გამოტყორცნა რადიაციული ნაგავი.

იაპონიაში კი მიწისძვრა მოხდა თუ არა, მაშინვე გაჩერდა რეაქტორი. სხვათა შორის, ჩვენმა ერთ-ერთმა დოქტორანტმა დაიცვა დისერტაცია ჩერნობილის თემაზე და მეცნიერულად აღწერა, თუ როგორ სასწაულებრივად გადავრჩით მაშინ - რადიაციული ღრუბელი მართლაც წამოვიდა ჩვენკენ. ჰაერის ძირითადი მასები საქართველოში  დასავლეთიდან მოდის, ე. ი.

ზუსტად ჩერნობილის მხრიდან. მაშინ კი, როცა დიდი აფეთქებები მოხდა, რამდენიმე დღის განმავლობაში ჰაერის მასები ჩვენკენ აღარ წამოსულა! დაახლოებით ასეთი რამ ხდებოდა: მოდიოდა დაბინძურებული ჰაერის ნაკადი და ჩვენთან შემოსვლამდე რომელიღაც უხილავ ფარდას ეჯახებოდა და უკან ბრუნდებოდა... ამ ფარდას  დოქტორანტმა ხატოვნად უწოდა "ღვთისმშობლის კალთა"... რადიაციის შემცველობა წყალში, ჰაერში თუ პროდუქტებში სხვადასხვა დაავადებას იწვევს. ის ხელს უწყობს ნაადრევად დაბერებას, აძლიერებს დაღლილობის შეგრძნებას და სხვ.

როგორც ამბობენ, იაპონიის ცაზე თავმოყრილი ღრუბელი მალე ევროპას გადაფარავს და ჩვენამდეც მოაღწევს. რამდენად რეალურია ეს?

-  არა მგონია, რადიაციულმა ღრუბელმა ევროპა გადაფაროს და ჩვენამდეც მოაღწიოს. ახლახან კიეველმა კოლეგებმა გვაცნობეს, რომ უკრაინამდეც მიაღწია რომელიღაც რადიაციულმა ნივთიერებამ, ჰაერში აღმოაჩინეს აეროვანი იზოტოპის შემცველობა, რომლის არსებობაც სწორედ იაპონიაში განვითარებულ სტიქიურ უბედურებებს უკავშირდება, მაგრამ მისი შემცველობა ჰაერში დასაშვებ ნორმაზე 200-ჯერ ნაკლებია. ამგვარად, საშიშროება არც ევროპას და მით უმეტეს, არც ჩვენ გვემუქრება. ერთადერთი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ის არის, რომ  საშიში საკვები პროდუქტი არ შემოვიდეს ქვეყანაში, მაგალითად, დაკონსერვებული იაპონური ზღვის კომბოსტო, კიბორჩხალა და სხვ. 

მართალია, იაპონიის  კატასტროფამ ატომური  სადგურების საფრთხეზე ჩაგვაფიქრა, მაგრამ მათ კიდევ ასი წლის განმავლობაში ვერაფერი ჩაანაცვლებს, რადგან ნავთობი თანდათან ილევა, ნახშირი კი ძალიან ბევრია, მაგრამ არაეკოლოგიურია და ღმერთმა ნუ ქნას,  ნახშირის ენერგეტიკას მივუბრუნდეთ. ცნობილი ამერიკელი ეკოლოგი ლუის ბატანი ამბობდა, დედამიწაზე ან ადამიანი მიაღწევს იმას, რომ კვამლი ნაკლები იყოს, ან თავად ადამიანი იქნება ნაკლებიო! ასე რომ, ნახშირი არ არის პერსპექტიული საწვავი, ჰიდრორესურსები კი თითქმის ყველა ქვეყანას ამოწურული აქვს. ასე რომ, ატომურ ელექტროსადგურებს ჯერჯერობით ალტერნატივა არა აქვს.

გასულ კვირას ზოგმა ტალახიანი წვიმის მოსვლა იაპონიაში მომხდარ სტიქიურ უბედურებას დაუკავშირა.

- არა, იაპონიასთან ამას კავშირი არა აქვს. აღმოსავლეთიდან შემოიჭრა ჰაერის ნაკადი, რომელიც უდაბური ზონის სილიანი  ნაწილაკებით იყო გაჯერებული. ჩვენთან ეს ჰაერის მასა თურქეთიდან შემოიჭრა, თურქეთში კი აღმოსავლეთის სილიანი და უდაბური ტერიტორიებიდან შევიდა.