ქართული პარტიის განცხადებების მერე თავი იმდენმა წამოჰყო და სკაიპითაც იმდენი ჩაერთო, რომ ბევრი ვერსია და უპასუხო კითხვა გაჩნდა. ვინ ვისთან და რა მიზნით ერთიანდება, ვინ რაზეა წამსვლელი, ან რამდენად გაყიდის საკუთარ პასიურობას აქტიურ პოლიტიკურ სეზონზე... ისიც გასარკვევია, წინ მოვლენათა განვითარების მკაცრად გაწერილი სახელისუფლებო სცენარი გველის, თუ დიდი ოპოზიციური გაერთიანება სააკაშვილის წინააღმდეგ. ცხადია, ვალერი გელბახიანს ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა არ შეუძლია, მაგრამ იმ კითხვებზე გვპასუხობს, რაც მისი ახლადშობილი მოძრაობისადმი პრეზენტაციიდან რამდენიმე წუთში გაჩნდა. ყოფილი დეპუტატი და ამჟამად ძებნილი ვალერ გელბახიანი “ვერსიასთან” ინტერვიუს ბოლო დროის ყველაზე პოპულარული ფრაზით იწყებს:
საქართველო ისეთ ავადმყოფურ მდგომარეობაშია, ინექციით, ქირურგიული ჩარევების გარეშე, გამორიცხულია, რამე ეშველოს, ამიტომ პოლიტიკაში ახალი ე.წ. ტალღების გამოჩენა ძალიან კარგია. ის იგივეა, მომაკვდავ სხეულში ქიმიას რომ შეუშვებენ და მას რაღაც გამოცოცხლება დაეტყობა.
ალბათ, თქვენს თავს და თქვენს ეროვნულ-სარწმუნოებრივ პარტიასაც ერთ-ერთ “ახალ ტალღად” მოიაზრებთ. ამ დაძაბული პოლიტიკური მარათონის დროს, უეცრად რა მიზნით მოგვევლინეთ?
- ჯერ იმაზე შევთანხდეთ, რომ ეს პარტია კი არა, ყველა დანარჩენისგან სრულიად განსხვავებული მოძრაობაა და განსხვავებული ამოცანებიც აქვს. ჩვენი მიზანი ხელისუფლების შესაცვლელად პოლიტიკური ბრძოლის გარდა ისიცაა, რომ განსაკუთრებული როლი, პროგრამა და იდეოლოგია გვქონდეს.
რაში მდგომარეობს თქვენი განსაკუთრებულობა?
- გაგიმხელთ, რომ შევეცდებით, სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში და საჯარო სამსახურშიც ეკლესიის როლი გაიზარდოს.
მაინც როგორ?
- პროგრამას დაწვრილებით მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ. თუმცა, მისი განხორციელება ამ ხელისუფლების პირობებში მაინც შეუძლებელი იქნება, ამიტომ ჯერ რეჟიმი უნდა შეიცვალოს.
მაშინ, მანამდე თქვენი მოძრაობის წევრებზე ვისაუბროთ - თემურ ხაჩიშვილი, მურმან დუმბაძე, დავით შუკაკიძე... გულშემატკივრებს შორის ვალერი კვარაცხელია ვიხილეთ და უეცრად, სკაიპით საქართველოს ხალხთა კონგრესის პრეზიდენტი, ვლადიმერ ხომერიკი ჩაგერთოთ. ეს ტექნიკური გაუთვალისწინებლობა იყო?
- ხომერიკი პროფესორი კაცია, არავითარი ბიზნესი არ აქვს და არც ის ვიცი, ასეთი ფულიანი რატომ ჰგონიათ. უბრალოდ, რუსეთში დიდი ნაცნობობა აქვს. ასეთი სიტყვები არც ერთ სხვა მოსკოვში მყოფ ქართველზე არასდროს მითქვამს. თუმცა, რატომღაც სურთ, ეს კაცი საქართველოში კრემლის აგენტად წარმოაჩინონ. ესეც პროპაგანდისტული ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია.
გაფინანსებთ, იდეოლოგია თუ რა აკავშირებს თქვენს მოძრაობასთან?
- სამ შვილს გეფიცებით, ხომერიკს არანაირი ფინანსები არ გააჩნია და ჩვენთან მეგობრული ურთიერთობების გარდა არაფერი აკავშირებს. მას ვიცნობ, მისდამი აბსოლუტურად პოზიტიურად ვარ განწყობილი და მიმაჩნია, იმ შეფასებებს არ იმსახურებს, რაც მასზე საქართველოში კეთდება. სააკაშვილი არ უყვარს, იმას არ ნიშნავს, რომ ამის უფლება არ აქვს. ეკონომისტი ადამიანია, ხედავს, საქართველოში ეკონომიკურად რა მდგომარეობაცაა და ამაზე საუბრობს. ფინანსებს რაც შეეხება, ეს აქვს ებრალიძეს, ხუბუტიას, ძასოხოვს, გიორგაძეს.
ახლა თქვენი დამფინანსებელი მეგობრები ჩამოგვითვალეთ?
- ნეტა, ვინმემ ფული მომცეს! უნამუსო კაცი ვიყო, კაპიკს არავინ მაძლევს, არ მენდობიან, ეტყობა. ოლიგარქთან ვიდექი, ვერაფერში გამოვიყენე, მეც მშიერი დავრჩი, ისიც დაიღუპა, ფულს ვინღა მომცემს?! ახლა სერიოზულად... ვინც ჩამოვთვალე, იქიდან არც ერთი ჩემი მეგობარი არაა, უბრალოდ, ვიცნობ და მეტი არაფერი. ეს ხალხი პოლიტსათვისტომოს ხელმძღვანელები არიან და ამიტომ ვახსენე და არა იმიტომ, რომ მძულს, ან მიყვარს რომელიმე მათგანი. არც იმის უფლება მაქვს, რომელიმე განვსაჯო, ყველას თავისი აზრი აქვს.
ეგ არც მითხოვია. სხვათა შორის, თქვენს მოძრაობაშიც ბევრს აქვს არასახარბიელო “ბეგრაუნდი”, თან თავი ერთად ამ გაგანია პოლიტიკური დაპირისპირებისას სულ “პრორუსებმა” მოიყარეთ.
- რაც შეეხება, ამ “პროებს” - პრორუსულებსაც და პროქართულებსაც, პირველ რიგში, მართლმადიდებულური ეკლესია გვაერთიანებს. ამ მოძრაობაში ყველას თავისი საქმე გამოაჩენს.
საქმემ უკვე ყველა გამოაჩინა და ამიტომაც გეკითხებით. რატომ გგონიათ, რომ ხალხის მხარდაჭერის იმედი შეგიძლიათ გქონდეთ?
- ზნეობა ვინმეს საზომით არ იზომება. ვიცი, ყველა ის ადამიანი, ვინც ამ მოძრაობაშია, ღვთისმორწმუნე ქართველია. ვისაც ეს ხალხი არ მოსწონს, იმედია, მათთან სახლში ბევრი ცივი წყალი მოდის და დალიონ. დღეს აქცენტი პრორუსობაზე კი არა, რელიგიურ ერთმორწმუნეობაზე უნდა გავაკეთოთ.
ეს ერთმორწმუნეობა ცხინვალის მისადგომებთან სახეზეა და 2008 წლის აგვისტოშიც სახეზე იყო, ასე რომ რელიგიურ მოტივს დიდად ვერ ჩავეჭიდებით.
- ეს რიტორიკული გადახვევაა. როცა ომი იწყება, იქ რელიგიური-ზნეობრივი მომენტები უნდა გამორიცხოთ.
და ახლა წინ რატომ წამოიწია ამ მომენტებმა?
- რელიგიურ ფასეულობებთან ომი და პოლიტიკა არაფერ კავშირშია. მოდით, საკითხი ასე დავსვათ - არის თუ არა აგრესიული ანტირუსული პროპაგანდა ქართველი ერისთვის სიკეთის მომტანი?
რაც შეეხება “ბეგრაუნდებს”, არ ვიცი, რას გულისხმობთ. მოდით, ამ “ბეგრაუნდში” მოღალატეებზე მეტად გმირები
ამოვიკითხოთ. გმირები სწორედ ისინი არიან, ვიზეც სააკაშვილი იტყვის, მოღალატეაო. იგივე დუმბაძე, რომელიც ქართული ჯარის გენერალი გახდა, აფხაზეთში იომა, ბატალიონის ხელმძღვანელი იყო.
ამასთანავე, უღალატა საკუთარ პარტიას და მისი ლიდერები ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულა. წევრთა შორისაა დავით შუკაკიძე, რომელიც პატარკაციშვილის შტაბს თქვენი ქვეყნიდან გასვლის შემდეგ ხელმძღვანელობდა და აპრილის აქციებისას ფინანსურ მაქინაციებშია ეჭვმიტანილი. ექს-მინისტრ ხაჩიშვილს ტერორიზმში ედება ბრალი. კვარაცხელიამ, რაც უნდა გააკეთოს, ყოველთვის შევარდნაძის “ჩამომყვანად” დარჩება. ეს ყველაფერი კარგად ახსოვს ქართულ საზოგადოებას.
- თქვენი ჭირიმე, რა ახსოვს ქართულ საზოგადოებას? ის, რომ სააკაშვილმა მტრისა და მოღალატის ხატი შექმნა ამ ხალხის სახით? ადამიანები თავიანთი აზრებისთვის არ ისჯებიან.
ისე, ისიც გაჟღერდა, ხელისუფლებასთან გარიგებული ერთ-ერთი პარტია “პრორუსებს” ერთად აგროვებს, რათა 21 მაისს მმართველ გუნდს ყველა ერთად “გაატანინოსო”. ამაზე არ გიფიქრიათ?
- რაღა ვქნა! აბა, ამაზე ისე როგორ გიპასუხოთ, რომ შორს არ შევტოპო?! ვინ მისცა სააკაშვილს უფლება, ვინმე გაიტანოს, ან სიცოცხლე მოუსწრაფოს? თუ პრორუსი ვარ, დავრჩები კიდეც პრორუსად, სააკაშვილი შემცვლის ტანკითა და ხელკეტით?
თუ არ მესროლა, სხვანაირად აზრს ვერ შემაცვლევინებს და სროლის უფლება ვინ მისცა? ძალადობაზე ვერ წავა და თუ წავა, ბრალი მისი! ან ეს პრორუსულობა რას ნიშნავს? კრემლს ჩამოიტანენ და თბილისში დადგამენ, თუ რუსები მოვლენ და ისინი უხელმძღვანელებენ საქართველოს? აი, პროამერიკული კი ყველაფერი პროპროტესტანტულია! საქართველოში პროტესტანტული აგრესიაა გამეფებული და ვითომ ლიბერალური დემოკრატიის სახელით, ჩვენი მართლმადიდებლურ ფასეულობათა სისტემა ნადგურდება.
ამით იმის დემონსტრირებას ახდენთ, რომ თქვენც ამერიკას ებრძვით?
- ამერიკას კი არა, იმ ფასეულობებს ვებრძვი, რაც ძალადობას ეყრდნობა. ფული “ფეშენი” და ყველაფრის განსაზღვრელია. ესაა ყველაზე ტრივიალური.
ამ ყველაფერთან ბრძოლას როგორ აპირებთ, აქციებით?Y
- არა, ბატონო, აქციები ეს პოლიტიკური თემაა. მე პროგრამულ მიდგომებზე გესაუბრებით.
მაშინ, თქვენი მოძრაობა 21 მაისს სახალხო კრების აქციას რატომ უერთდება?
- ეს ჩემი პოლიტიკური დამოკიდებულებაა. რადიკალური შეხედულებების მქონე ყველა ძალას საქართველოში სოლიდარობას ვუცხადებ. დადგა დრო, როცა ხალხმა რაღაც საკუთარი სახელითაც უნდა გადაწყვიტოს და ამას ისეთი გარეგნული ფორმა მისცეს, რომელიც ზოგადსამართლებრივ ჩარჩოში ჩაჯდება. ყველაზე შესატყვისი ფორმა კი სწორედ სახალხო კრებაა.
კი მაგრამ, თქვენ არ იყავით, კრებას რომ აკრიტიკებდით?
- მე კრების ის მოქმედება გავაკრიტიკე, რაც ნოემბერში იყო, თორემ იდეა გადასარევია. ხალხს რაღაც რეზოლუციების გამოსაცხადებლად არ უნდა ეძახდნენ. მას მაშინ უნდა დაუძახონ, როცა ამ რეზოლუციით გათვალისწინებულ ქმედებას განახორციელებენ. ახლა კი, პირველ რიგში, ხალხის განწყობაა შეცვლილი და კიდევ რაღაცებიც.
მაგალითად, ქართული პარტიის მკვეთრად ანტიამერიკული განცხადებები? როგორ ფიქრობთ, ეს რა გეგმის ნაწილია?
- რა თქმა უნდა, უგეგმოდ არაფერი კეთდება. ყველაფერი დეტალებში უნდა გაითვალოს, მაგრამ ამ ხალხის განცხადებები ცოტა უცნაურად მეჩვენება. ჯერ ამბობდნენ, 21 მაისს დაველოდებით, შევხედავთ, რა იქნებაო. როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ხალხი გარეთ გავა და მოვლენები ამიტომაც დააჩქარეს.
ოქრუაშვილს რაც შეეხება, რაღაც მესიანისტური სენი სჭირს. ასე ჰგონია, მის გარეშე არაფერი გაკეთდება, ფანატიზმი კი ყველაფერს ღუპავს. ქართული პარტიის ლიდერების ადგილას რომ ვყოფილიყავი და დამენახა, ბურჯანაძის აქციაზე ხალხი გადის, მეც იძულებული გავხდებოდი, მოვლენებს არ ჩამოვრჩენილიყავი, პირიქით, დამესწრო და ეს 21 მაისი სადღა წავიდოდა? რაც მოხდებოდა, უკვე ყველაფრის მონაწილე ვიქნებოდი, ამიტომ მიმაჩნია, ეს ბუნებრივი შეერთებისკენ რაღაც ნაბიჯია.
არის კიდევ მეორე მხარეც. ამერიკის საელჩოს განცხადების ფონზე, კი ბატონო, მობრძანდითო, საქმე რაღაც შეთანხმებასთან უნდა გვქონდეს. აქ მარტო ამერიკის კი არა, რუსეთის ჩართულობაც აშკარად იგრძნობა. მალე მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ ხელისუფლებას ნდობის არანაირი მანდატი არ აქვს და რომელ არხზეც უნდა გადართოთ, “ევრონიუსი” იქნება ეს თუ სხვა, მიტინგებიდან პირდაპირ ჩართვებს იხილავთ.
ანუ, ახლა მეუბნებით, რომ ქართული პარტია, ამერიკა, რუსეთი და საერთოდ, მთელი დანარჩენი მსოფლიო სააკაშვილის წინააღმდეგ აპირებენ გალაშქრებას?
- ვიცი, რასაც ვამბობ და ამაში მალე დარწმუნდებით! ვიცი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მალე იტყვის, ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართო. რაც მთავარია, გარწმუნებთ, 21-ში ქართული პარტია და კრება გაერთიანდებიან და მათ “რვიანის” დიდი ნაწილიც შეუერთდება, თუნდაც სანიკიძე, კონსერვატორები, ხალხის პარტია.
ამ ყველაფრის ფონზე, 21 მაისს სამოქალაქო დაპირისპირებას თუ ელოდებით?
- ყოველ შემთხვევაში, ვერაფერს გამოვრიცხავ. მოდით, ჩემს ვერსიას “ვერსიას” ვეტყვი: ერთი გასათვალისწინებელი დეტალია - 21-დან 26 მაისამდე ხელისუფლება აღლუმისთვის დაიწყებს მზადებას და რუსთაველს, თავისუფლებასა და სანაპიროს გადაკეტავს, რაც ოპოზიციას თავისუფალი გამოსვლების საშუალებას არ მისცეს. ამან შეიძლება, ხელოვნური კონფლიქტი გამოიწვიოს. თუმცა, ოპოზიციამ ხელისუფლებას 26 მაისს აღლუმი თუ ჩაატარებინა, ჯობია, საერთოდ არ შეიკრიბოს, ქუდი დაიხუროს და სახლში წაბრძანდეს. ქუჩები აქციებით უნდა გადაიკეტოს და არა - აღლუმისთვის განკუთვნილი ტანკებით. საერთოდ, რა ეაღლუმება ხელისუფლებას, როცა მოსახლეობა ეუბნება, ქვეყნის დამღუპველი ხარ, აქედან წაეთრიეო?
და ამ დიდი გაერთიანებებისა და დაპირისპირებების ფონზე თქვენ სად იქნებით? ქვეყანაში ისევ პარტიზანულად შემოდიხართ, ამჯერად ოქრუაშვილთან ერთად და ცხინვალიდან?
- არა, რიგითი უბრალო მოქალაქე ვარ და არა მესია, როგორც ოქრუაშვილი. არც ტანკით და არც თვითმფრინავით არ შემოვალ. მოვალ ფეხით და შევუერთდები მიტინგს. თუმცა საიდუმლოდ დამიტოვეთ, ამას საიდან ვაპირებ. ყოველ შემთხვევაში, ცხინვალიდან ნამდვილად არა. მანამდე, შევხედავ, რა და როგორ იქნება, როგორ განვითარდება მოვლენები, თორემ თავი დასაკარგი ხომ არ მაქვს?!