სამთავრობო კულუარებში საუბრობენ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი 2012 წლის 26 მაისის აღლუმის ჩატარებას ქუთაისში, იმ დროისთვის ახლადაშენებული პარლამენტის შენობის წინ გეგმავს. მაგრამ პრეზიდენტის ეს გეგმა რამდენად შესრულებადია, არავინ იცის, რადგან ჯერჯერობით აშენებული არაფერი არ არის. პრობლემები კი საკმაოდ დაგროვდა.
სწორედ ამიტომ პარლამენტის მომავალ შენობას ხან დოჟის სასახლეს ამსგავსებენ და ხან - ბაიკალ-ამურის. თუმცა, 2012 წელს ქვეყნის უმაღლესი ორგანო საერთოდ თუ იქნება და რა სახის, ეს ძნელი სათქმელია, რადგან მშენებლები ცალკე საკანონმდებლო ორგანოს საძირკველს აშენებენ და ცალკე გრუნტის წყლებს ებრძვიან. ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით პოლიტიკოსებისა თუ მედიის წარმომადგენლების მხრიდან ბევრი ითქვა და დაიწერა. ჩვენ ქუთაისს ვითარების ადგილზე გასაცნობად ვეწვიეთ და მშენებლობას ფოტოებიც გადავუღეთ.
პარლამენტის ახალი შენობა, რომელიც ესპანელმა არქიტექტორმა ალბერტო დიეგო კაბომ დააპროექტა, ქუთაისის გარეუბანში - ე.წ. ”ზაოდის” ტერიტორიაზე შენდება, რომელიც არაპრესტიჟულ ქუჩად ითვლება. მართალია, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საკანონმდებლო ორგანოს შენობა პერიფერიაში მდებარეობს, მაგრამ იქ ეს ტერიტორია, როგორც წესი, სრულყოფილი ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი. საქართველოს შემთხვევაში კი ხელისუფლებას ქუჩისა და საცხოვრებელი ბინების ინფრასტრუქტურის მოწყობა მოუწევს, რადგან არსებული კორპუსები მეტად “შელახულია”.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის შენობის მიდამოებში შენდება მთავრობის სასახლე და აშენებულია კონტროლის პალატა. მართალია, ქუჩის ერთ მხარეს “პოლიტიკური გაზაფხული” იქნება, თუმცა, თუ ტერიტორიაზე არსებული ჭაობის დაშრობა არ მოხდა, საქართველოს ჭაობის გარშემო გაშენებული მთავრობა და დეპუტატები ეყოლება.
როგორც ჩვენ ადგილობრივებმა განგვიცხადეს, ისინი პარლამენტის ქუთაისში გადატანით მოხარულნი არიან, რადგან ქუჩა პრესტიჟული გახდება და თან, მას შემდეგ, რაც “ზაოდში” პარლამენტის აშენების შესახებ ინიციატივა გაჟღერდა, ბინების ფასებიც გაორმაგდა.
რაც შეეხება ტერიტორიის ჭაობიანობის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივები აცხადებენ, რომ ამ ადგილს ეს პრობლემა ყოველთვის აწუხებდა და მიმდებარე ტერიტორიაზე დღესაც არსებობს ჭაობი, სადაც ბაყაყი და კუ ბინადრობს.
როგორც აქ მცხოვრებლები ამბობენ, ამ ტერიტორიაზე წარსულში სამხედრო ბატალიონი იყო და ვარაუდობენ, რომ აქ მიწისქვეშა გვირაბები დღემდე უნდა არსებობდეს.
ჩვენ მშენებლობის და ტერიტორიის დათვალიერებას ღობის მიღმა შევეცადეთ. მაგრამ ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რადგან ტერიტორიას საკმაოდ მაღალი თეთრ-ლურჯ ფერებში გაწყობილი გალავანი ისე იცავს, რომ ტერიტორიაზე ჩიტიც ვერ გადაფრინდება. ჩვენ კი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაცვის თანამშრომელმა ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მოგვცა. მისი განცხადებით, ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლა აკრძალულია. მასთან, იმის გარკვევას შევეცადეთ, მშენებლობა მიმდინარეობდა თუ არა ან გრუნტის წყლებს რა მოუხერხეს. დაცვის თანამშრომელმა გვირჩია, მენეჯერს დავკავშირებოდით, რომელიც ადგილზე არ იმყოფებოდა, რადგან მას, თურმე, რამდენიმე მშენებელი ობიექტი ჰქონია ჩაბარებული და იმ დროს ამ ობიექტისთვის არ ეცალა.
ადგილობრივების განცხადებით კი გამოირკვა, რომ, ხელისუფლების მტკიცების მიუხედავად, ადგილი პრობლემატურია. თუმცა, საინტერესო ის არის, ამ ტერიტორიას, მშენებლობის დაწყებამდე, საერთოდ ჩაუტარდა თუ არა სათანადო გეოლოგიური კვლევა? თუკი დღეს იქ არსებულ ვითარებას გავითვალისწინებთ, ადვილი მისახვედრი იქნება, რომ ეს კვლევა არ ჩატარებულა. ფაქტია, რომ წყალმა, სადაც ნახა შესაძლებლობა, იქ ამოხეთქა. ამიტომაც ახლა იქ მთავარი პრობლემა გრუნტის წყლებთან ბრძოლაა.
ჩვენს მიერ გადაღებულ ფოტო მასალებშიც ნათლად ჩანს ეს წყალი, რომელიც პარლამენტის საძირკველიდან, მაქსიმუმ, 20 მეტრში მდებარეობს. ამასთან, ტერიტორიაზე იგრძნობა ჭაობის სუნიც.
უმრავლესობის წევრი ზურაბ მელიქიშვილი კი ამტკიცებს, რომ გრუნტის წყლებზე ინფორმაციას არ ფლობს. ხოლო პარლამენტის ქუთაისში გადატანის ინიციატორი აკაკი ბობოხიძე ადასტურებს, რომ წყლები არსებობდა, თუმცაა დააშრეს.
აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე გადის არხი და ახლა გეგმავენ, რომ ეს არხი მიწისქვეშა გვირაბად გადააკეთონ, სადაც წყალი გაივლის და ზედაპირზე აღარ გამოჩნდება.
მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის მშენებლობა უკვე დაწყებულია, ხელისუფლება ისევ მალავს, ეს მშენებლობა რა ჯდება. თუმცა, აქამდე საუბარი იყო, რომ ეს რამდენიმე ასეულ მილიონსშეადგენდა, ახლა, კი მას გრუნტის წყლების დაშრობის ხარჯებიც მიემატება და საბოლოო ჯამში რამდენი იქნება, კაცმა არ იცის.
როგორც ცნობილია, მშენებლობას კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს. მაგრამ ამ მშენებლობის დეტალებზე ეს უწყებაც ვერაფერს ამბობს.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად არსებობდა მოსაზრება, რომ ქუთაისში მხოლოდ პლენარული სხდომები ჩატარდებოდა. მაგრამ ახლა უკვე იმაზე საუბრობენ, რომ პარლამენტი ქუთაისში გადავა არა ნაწილობრივ, არამედ მთლანად - ყველა მისი შემადგენელი სტრუქტურით. ეს მოხდება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მოსული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ.
რაც შეეხება პარლამენტის შენობას, პროექტის მიხედვით, პარლამენტის შენობა მთლიანად შუშის კონსტრუქციაში იქნება მოქცეული და 4200 მეტრზე აშენებულ ნაგებობას ყველა კუთხიდან შესასვლელი ექნება - სპეციალური კარიბჭე საზოგადოებისთვის და შესასვლელი პარლამენტის წევრებისა და მოწვეული სტუმრებისთვის. შენობას 40-მეტრიანი შუშის გუმბათი ექნება. ასევე, ორგანოში იქნება: 217 კაბინეტი, 11 საკონფერენციო დარბაზი, სასადილო, ბარი, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრეზიდენტის კაბინეტები, ბიუროს დარბაზი და ყველაზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო დარბაზი, რომელსაც 2 ლოჟა ექნება - ჭერი საქართველოს თითოეული რეგიონის რუკით მოიხატება. მიმდებარე ტერიტორია კი მთლიანად გამწვანდება.