2004 წელს სოფელ ეცერში ჩატარებული სისხლიანის სპეცოპერაციის გამოძიება, რომელიც აფრასიძეების საქმის სახელითაა ცნობილი, ფინალურ ეტაპამდე მივიდა. როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, აფრასიძეების საქმის განხილვას ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოც შეუდგა და მხარეებთან კომუნიკაციაც დაიწყო, რასაც სტრასბურგიდან თბილისში გამოგზავნილი წერილიც ადასტურებს, რომელიც აფრასიძეების ადვოკატებმაც ჩაიბარეს. საქართველოს მთავარი პროკურატურა ჯერ კიდევ 2015 წლის აპრილ-მაისში ამბობდა, საქმის გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობდა და მალე გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვისაც ცნობილი გახდებოდა. დაახლოებით 1 წლის შემდეგ აფრასიძეების თემამ კვლავ წამოიწია და დღეს, 2016 წლის აპრილში, კითხვა - დაიჭერენ თუ არა აფრასიძეების საქმეზე მაშინდელ შს მინისტრს გია ბარამიძეს, კვლავ აქტუალური გახდა. მართლაც, სულაც არაა გამორიცხული, ,,ოცნებას'' კიდევ ერთი ბობოლა ნაციონალის ,,თავი'' სწორედ წინასაარჩევნოდ ჰქონდეს შემონახული და მალე ამ საქმის სკანდალური დეტალები გავიგოთ.
2004 წელს განვითარებული მოვლენები კი ისედაც თავიდან ბოლომდე სკანდალურია - თავისი ფიგურანტებით, თავად სპეცოპერაციის მიმდინარეობითა და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებით. აფრასიძეების ოჯახის აყვანის ბრძანება 2004 წლის მარტში გაიცა. შტურმში წინასწარგადმოსხმული დესანტი, ათზე მეტი ვერტმფრენი და ასობით სამართალდამცავი მონაწილეობდა. ოფიციალური ვერსიით, ეჭვმიტანილებს დანებება შესთავაზეს, თუმცა აფრასიძეებმა სამართალდამცავებს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შედეგადაც, ევგენი აფრასიძის გვამი ალმოდებულ სახლში დაიწვა, ხოლო ბავშვები და ქალები არ დაზარალებულან. სხვა აყვანილებთან ერთად, დააკავეს რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ მურავიოვიც, რომელსაც რუსული მხარე ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან ეძებდა. სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ ევგენი და ომეხ აფრასიძეები, გოჩა აფრასიძე მძიმედ დაიჭრა, ის და მისი ძმა შმაგი კი დააკავეს და გაასამართლეს. მათ 19 და 20 წელი მიესაჯათ, თუმცა ამნისტიით ჯერ სასჯელი გაუნახევრდათ, ხოლო 2013 წელს პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.
თუმცა აფრასიძეების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა. მათ შორის ყველაზე სკანდალური იყო მონათხრობი, რომლის მიხედვით, ევგენი და ომეხ აფრასიძეები პოლიციას ხელებაწეულნი ჩაბადნენ, თუმცა ისინი მაინც დახვრიტეს. მართალია, აფრასიძეების ახლობლების ნაწილი მამა-შვილის დანებებას გამორიცხავს, თუმცა დოდო აფრასიძე, დაღუპულების მეუღლე და დედა ისტორიას სულ სხვაგვარად ყვება და პირდაპირ გიორგი ბარამიძის ბრალეულობაზე საუბრობს: ,,ვინ ჩაატარა სპეცოპერაცია, ვინ მოკლა ჩემი შვილი და ქმარი? თავად ბარამიძე მოყვეს, რა და როგორ მოხდა. მას ავიწყდება ხოლმე, რასაც ამბობს. ადრე ამბობდა, ისეთი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, ძლივს გადავრჩიო. ახლა ამბობს, საერთოდ არ ვყოფილვარ იქო. რეალურად კი, სახლზე შეტევა დილაადრიან დაიწყო: ცა ვერტმფრენებით იყო გადაჭედილი. არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა, ისე წამოვიდა ტყვიები, რომლებიც სახლში წვიმასავით ცვიოდა.
მარტო ჩვენს სახლს კი არა, მთელ უბანს გაუხსნეს ცეცხლი, 12 ვერტმფრენი და ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა სპეცოპერაციაში. ცეცხლი გაიხსნა ჰაერიდანაც და მიწიდანაც. სნაიპერი კოშკზე იყო ასული და იქიდანაც ისროდა. ჩემი მეუღლე გარეთ ხელებაწეული გავიდა, ჩაბარების ნიშნად, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია და სროლა განაგრძეს. იღლიაში აქვს ტყვია მოხვედრილი და წინააღმდეგობას თუ უწევდა და ხელები არ ჰქონდა აწეული, ეს როგორ მოხდა?! გოჩამ და ომეხმა დაჭრილი ევგენი სახლში ცოცხლად შემოიყვანეს, მაგრამ ბარამიძის ბრძანებით, სპეცოპერაციის შემდეგ სახლს ცეცხლი გაუჩინეს და გადაწვეს. კარებთან ვნახეთ მისი ძვლები, როგორც ჩანს გამოსვლას ცდილობდა, მაგრამ ვერ მოასწრო...
მანამდე, სპეცრაზმის წევრები სახლში შემოვიდნენ და გადასაფარებლები გაიტანეს, მივხვდი, რომ ჩემი ოჯახის წევრები მკვდრები იყვნენ. ერთ-ერთი პოლიციელი მომიბრუნდა და მეუბნება, ქმარი მოგიკალით, შვილი მოგიკალით, სახლი გადაგიწვით, ახლა შეგიძლია, მშვიდად იცხოვროო. მერე მეზობლისგან გავიგე, ხელებშეკრული ომეხი ეზოში გაუყვანიათ და ჩემი შვილიშვილის თვალწინ დაუხვრეტიათ. გოჩაც დახვრიტეს, მაგრამ შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. ექიმმა ნახა, რომ გული უცემდა და გადაარჩინა. ომეხს თითზე ბეჭედი ეკეთა, რომელიც ვერაფრით მოაძრეს, ამიტომ თითი მთლიანად წააჭრეს. მას გულზე ოქროს გულსაკიდი ჰქონია, ბევრი იწვალეს, მაგრამ ვერ მოხსნეს, მერე მიცვალებულს ფეხი დაადგეს და ისე წააგლიჯეს...'' ასეთი იყო სპეცოპერაციის დეტალები, რომელთაც დაქვრივებული ქალი და შვილმკვდარი დედა ღიად, საჯაროდ, მედიაში ყვებოდა. კიდევ უფრო მძაფრად იხსენებდა სპეცოპერაციის დღეს ფილტვში დაჭრილი გოჩა აფრასიძე:
,,თავი ამაწევინეს და მაყურებინეს, როგორ ხვრეტდნენ ომეხს, რომელიც ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მთელი მჭიდით სულ დაფლითა. დავინახე, როგორ იღებდნენ ამ ყველაფერს კამერით. ვერტმფრენით გადამიყვანეს ქუთაისის საავადმყოფოში და ბორკილებიც არ მომხსნეს, ისე გამიკეთეს ოპერაცია, ანესთეზიის და ყოველგვარი გამაყუჩებლის გარეშე გამჭრეს და გამკერეს... განა ყველა დეტალს სააკაშვილი კარნახობდა ბარამიძეს? ისიც იმან უკარნახა, მიცვალებულს თითი მოაჭერით, გაძარცვეთ და ჯერ კიდევ ცოცხალი ევგენი ცეცხლში დახრუკეთო? ყველაფერს მთელი სოფელი ხედავდა და ამას სად გაექცევა ბარამიძე?
პირველი ის ხალხია ციხეში შესაყრელი, ვინც ძვლებზე ვითომ ექსპერტიზა ჩაატარა და მე- 18-19 საუკუნეში გარდაცვლილების ძვლებზე დაასკვნა, 4 წლის წინ გარდაცვლილების ძვლებიაო. იმ დღეებში ჩვენთან ჩამოსული იყო გამომძიებელი ვახტანგ ჯაფარიძე, რომელმაც დაითანხმა ომეხი, პოლიციას ჩაბარებოდა. ეს რომ შეიტყვეს, მისი ცოცხლად აყვანა აღარ აწყობდათ. თვითონ აღიარონ ყველაფერი, ველოდები,'' - აცხადებდა გოჩა აფრასიძე, ხოლო ოჯახის ადვოკატები, გელა ნიკოლაიშვილი, ირმა ჭკადუა და მალხაზ ჯანგირაშვილი ვარაუდობდნენ, რომ საქმის გამოძიებისას მაშინდელი სამი მაღალჩინოსნის, მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ბარამიძის ბრალეულობა გამოიკვეთებოდა და არც იმას გამორიცხავდნენ, რომ შესაძლოა, გიორგი ბარამიძე დაკავებინათ კიდეც.
2012 წლის არჩევნების შემდეგ, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც აცხადებდა, მთავარია, აფრასიძეების საქმეზე ის გაირკვეს, ჰქონდა თუ არა სიცოცხლისთვის საშიშ გადამეტებას ადგილი სამართალდამცავების მხრიდანო:,,თუ წარმოვიდგენთ, რომ აფრასიძეები საბრძოლველად გამოვიდნენ და მძიმედ შეიარაღებულ შინაგან საქმეთა მინისტრს შეიარაღებულები დაუპირისპირდნენ, მაშინ, რა თქმა უნდა, სიტუაცია სხვაგვარ შეფერილობას იძენს, მაგრამ თუ დამტკიცდა ის, რაც საყოველთაოდ მუსირებს, რომ ევგენი აფრასიძე შვილიშვილთან ერთად ხელებაწეული გამოვიდა და იგი ტყვიების ჯერით ჩაცხრილეს, ეს დანაშაულის შემცველი ქმედებაა“.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მთავარ პროკურატურაში დაიკითხნენ გულუას სახელობის სპეცრაზმის ყოფილი წევრები და მათი ხელმძღვანელი ზურაბ ქაჯაია, არსებობს ჩვენებები და სპეცოპერაციის მიმდინარეობის დამადასტურებელი ფაქტები, რაზეც დღეს მხარეები არ საუბრობენ.
გავრცელებული კულუარული ინფორმაციით, აფრასიძეების სისხლიანი ტრაგედია გახსნილია და არაა გამორიცხული, გიორგი ბარამიძეს ბრალი წაუყენონ და დააპატიმრონ.
,,ვერსია'' დოდო აფრასიძესაც დაუკავშირდა, რომელიც წლებია შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი ბარამიძის დასჯას ითხოვს: „წლებია ველოდებით გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას, გია ბარამიძე დასაჭერი კი არა, დასახვრეტია იმ ყველაფრის გამო, რაც მაშინ მოხდა. ევგენი ხელებაწეული გამოვიდა მაშინ სამართალდამცველების წინაშე, მაგრამ არ დაინდეს, სახლიც გადაგვიწვეს ბარბაროსულად და გაგვანადგურეს“.
აფრასიძე ამბობს, რომ სპეცოპერაციის დროს მიღებული სტრესის შემდეგ, შმაგი აფრასიძის მეუღლე ინდირას ფსიქიკური პრობლემები შეექმნა და ის დღემდე მკურნალობს: ,,ინდირას იმ უბედურების დღეს ეგონა, რომ ბავშვიც დაიწვა. ამ ყველაფერს ვერ გაუძლო და ფსიქიკური პრობლემები გაუჩნდა, დღემდე ცუდადაა და მკურნალობს“.
დოდო აფრასიძის ინფორმაციით, პროკურატურას გიორგი ბარამიძე არც ბოლო დღეებში დაუკითხვას:,,ჯერჯერობით, სიმართლე გითხრათ, ახალი არაფერი ვიცი, ჩვენთვის არ დაუძახიათ და არც რაიმე სიახლის შესახებ გაგვიგია. რატომ არ კითხავენ ბარამიძეს, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, უფრო სწორად, ამაზე საუბარს არ ვაპირებ, თქვენ ჩემზე კარგად იცით. ყველამ თავიდანვე იცოდა, რომ მან დანაშაული ჩაიდინა და დასაჭერი იყო, ისიც არ ვიცი, გამოიძება რეალურად რა ეტაპზეა მისული''.
,,ვერსია'' აფრასიძეების ერთ-ერთ ადვოკატს, ირმა ჭკადუასაც ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ გამოძიებას მისთვის არავითარი სიახლე არ უცნობებია და გვირჩია, ოფიციალურ განცხადებებს დავლოდებოდით.
შს ექსმინისტრმა და პარლამენტარმა გიორგი ბარამიძემ ,,ვერსიასთან'' ვრცელი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სულაც არ გამორიცხავს, მის წინააღმდეგ დაკითხული 200 პოლიციელიდან ვინმეს ეთანამშრომლა. ბარამიძის თქმით, იგი აფრასიძეების სკანდალური საქმის გარდა, მეტი ,,სიბინძურის'' ამოტივტივებასაც ელის: ,,დიდი ხანია მოვითხოვ, ამ საქმეს თავი დაადგან, გამოიძიონ, მეც დამიბარონ და თუ რამე კითხვა აქვთ, მკითხონ. ეს საქმე ასე ხელოვნურად რამდენი ხანია, ჰაერშია გამოკიდებული და ათას რამეს ამბობენ ჩემზე, თითქოს რაღაც დანაშაულში ვარ გარეული. დღესაც ვადასტურებ, რომ დეპუტატის იმუნიტეტის გამოყენების გარეშე, მზად ვარ, მივიდე და რაც აინტერესებთ, ყველაფერი ვუთხრა. ამ დრომდე პროკურატურიდან არავინ დამკავშირებია და იქ რომ მივსულიყავი, არც ეგ დაიმალებოდა. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაკითხეს. ყველას პირდაპირ ეუბნებოდნენ, დაადე ხელი ბარამიძეს, თქვი, რომ მან რაღაც გიბრძანაო. ვიღაცას შეიძლება მართლა რაღაც ათქმევინონ... რეალურად, ამ სპეცოპერაციის დროს მე შს მინისტრი ვიყავი და ამიტომ მაბამენ ამ საქმეს, თორემ ფიზიკურად იქ არ ვყოფილვარ, არც სხვა რამ გამიკეთებია ამ საქმეში, გარდა იმისა, რომ პოლიციელებმა დავალება მიიღეს, ეჭვმიტანილები დაეკავებინათ და თუ წინააღმდეგობას გაუწევდნენ, კანონით გათვალისწინებული ძალა გამოეყენებინათ. საინტერესოა, ვინ მიყურებდა და მხედავდა სპეცოპერაციის დროს ეცერში, როცა სატელევიზიო კადრებიც კი არსებობს, როგორ დავხვდი ეცერიდან წამოსულ ვერტმფრენს კოპიტნარის აეროპორტში ვანო მერაბიშვილთან ერთად!? მერე იმ ვერტმფრენში, რომლითაც დაკავებულები ჩამოიყვანეს, მე და მერაბიშვილი ჩავსხედით და ეცერში გავფრინდით, რათა ხალხს დავლაპარაკებოდით, დაგვეწყნარებინა. ამის გაკეთება საჭიროდ ჩავთვალეთ, რადგან, ბუნებრივია, ხალხი აფორიაქებული იქნებოდა, თან იქ უამრავი საქმე იყო - ხალხს უნდა დავლაპარაკებოდით, იარაღი ამოგვეღო. მერე მესტიაში ჩავფრინდით და ხალხს იქაც ვესაუბრეთ. არც ვიცოდი, ამის დამადასტურებელი კადრები თუ არსებობდა, ერთი წლის წინ ვნახე ტელეეთერში. სწორედ ამიტომ არ მიბარებს პროკურატურა - არ უნდათ ამ საქმის ობიექტურად გამოძიება და სურთ, ხან ერთმა ჟურნალისტმა დამირეკოს, ხან მეორემ - ხან იქ აგორდეს ეს თემა, ხან აქ და ჩანდეს, თითქოს მე რაღაც დანაშაულში ვიყავი გარეული. ეს ყველაფერი ჩემთვის ტალახის სროლის მიზნით გრძელდება. ნამდვილად არ გამოვრიცხავ, ამ საქმის წამოწევას და არც იმას, რომ სხვა სიბინძურეებიც გამოაგდონ ჩემს წინააღმდეგ.
ასე რომ, რამდენი კადრი და სიბინძურეც უნდათ, ავრცელონ - მეუღლეს უკვე გაშორებული ვარ, წელიწადნახევარია და რაც უნდათ, გამოაქვეყნონ. არაბუნებრივ კადრებს ნამდვილად ვერ გამოაქვეყნებენ და ისე, პირადი ცხოვრება, რა თქმა უნდა, მაქვს. დიდი ხანია მაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება მსგავსი რაღაცის გაკეთება, უბრალოდ, არ ვიცი, ამას კონკრეტულად როდის აპირებენ. მქონდა ინფორმაცია, რომ ეს თემა წინასაარჩევნოდ წამოიწევდა და ამიტომაც ვითხოვდი, დროზე დავეკითხე და ყველაფერი გარკვეულიყო''.