რამდენი მკვდარი სული და უმისამართო ამომრჩეველია 2016 წლის საარჩევნო სიაში

რამდენი მკვდარი სული და უმისამართო ამომრჩეველია 2016 წლის საარჩევნო სიაში

იუსტიციის სამინისტროვერსიასექსკლუზიურად პასუხობს

როგორია ამომრჩეველთა სია 2016 წლის არჩევნებისთვის, რა პრობლემები და ხარვეზებია მასში, გვყავს თუ არა 200 000 ,,უმისამართო'', შესაბამისად, ხმის მიცემის უფლებადაკარგული ამომრჩეველი და ნახევარ მილიოზე მეტი შიდამიგრანტი, რომელიც ქალაქიდან სოფელში მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ დაბრუნდება - ,,ვერსია'' ამ საკითხებზე უკვე წერდა და მასალას იუსტიციის სამინისტროდან გამოხმაურებაც მოჰყვა. ჩვენს კითხვებსა და ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ამომრჩეველთა სიაში არსებობს, ვრცელ, საინტერესო განმარტებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტის დირექტორი, მამუკა სამხარაძე აკეთებს.
- ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც რეგისტრაციის მისამართი არ აქვს, დაახლოებით 200 000-ია. შესაბამისად, მათ არ გააჩნიათ საარჩევნო ხმის უფლება. როგორ უნდა მისცენ ხმა ,,უმისამართოებმა''? 
- რასაკვირველია, არ გვყავს 200 000 „უმისამართო“, აქ ტერმინებისა და ციფრების აღრევასთან გვაქვს საქმე. სამართლებრივი თვალსაზრისით, ტერმინი „უმისამართო“ არ არსებობს. აქ შეიძლება საუბარი იყოს რეგისტრაციიდან მოხსნილ, იურიდიული ძალის დოკუმენტის არმქონე, ან მისამართის გარეშე რეგისტრირებულ პირებზე. მათი ოდენობა კი, 1-ლი თებერვლის მდგომარეობით, 189 518 შეადგენს. მათგან 30 379 პირი უმისამართოდაა რეგისტრირებული. მოქმედი კანონით, მათ არავითარი პრობლემა არ აქვთ, ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. დარჩენილი 159 139 პირიდან, 98 646 რეგისტრაციიდან მოხსნილია, ხოლო სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, 60 493 იურიდიული ძალის მქონე არც ერთ დოკუმენტს არ ფლობს. რეგისტრაციიდან მოხსნილი პირებიდან 12 000 პირს რეგისტრაცია გაუქმებული აქვს ემიგრაციის, ანუ საზღვარგარეთ მუდმივად საცხოვრებლად წასვლის ნებართვის მიღების საფუძველზე. რეგისტრაციიდან მოხსნის გამო ხმის უფლების შეზღუდვა წლებია მოქმედებს, ხოლო გაუქმებული დოკუმენტების გამო სიაში მოხვედრის აკრძალვა 2014 წლიდან დაწესდა. რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩეველი საარჩევნო სიაში ვერასდროს ხვდებოდა, ეს არ არის სიახლე. გამონაკლისი იყო მხოლოდ 2012 წლის არჩევნები, თუმცა არ არსებობს რაიმე სახის ინფორმაცია, რამდენი ადამიანი მივიდა მაშინ საარჩევნო უბანზე. რაც შეეხება უსაბუთო პირებს, მათ იმ უბრალო მიზეზის გამო არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას, სახელმწიფო მათ იდენტიფიცირებას ვერ ახდენს. ამიტომ, აქ ერთადერთი გამოსავალი სწორედ საბუთის აღებაა, რაც 15 თებერვლიდან უფასო გახლავთ. 
- არსებობს საფრთხე, რომ პარტიებმა, მათმა აქტივისტებმა ეს სეგმენტი მიიწერონ, ანუ ხმის სანაცვლოდ მათ რეგისტრაციის მისამართი მისცენ, ანდაც გამოაცხადონ, რომ სახელმწიფო მათ სპეციალურად არ აძლევს ხმის უფლებას, რადგან ხელისუფლების მხარდამჭერები არ არიან. როგორ უნდა აიცილოთ თავიდან მსგავსი მანიპულაციები? 
- ბოლო სამი წელია, იუსტიციის სამინისტრო ამ მხრივ მთელ რიგ სამუშაოებს ატარებს. დაცულობის ერთ-ერთი გარანტია, ელექტრონული პირადობის გაცემაა, რადგან ამ დროს მოქალაქის ყველა ჩანაწერი, უზუსტობები სწორდება და ამომრჩეველზე გაიცემა უტყუარი მონაცემების მქონე პირადობის გაუყალბებელი მოწმობა. მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, იუსტიციის მინისტრის სხვადასხვა ბრძანების საფუძველზე, 760 000-მდე ელექტრონული პირადობის მოწმობა გაიცა უფასოდ, ან შეღავათიანი ფასით და მათ შორის იყვნენ რეგისტრაციიდან მოხსნილი, იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტების მფლობელი პირები. მიმდინარე წელსაც, ამ ორი ჯგუფის მიმართ იუსტიციის მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც, 15 თებერვლიდან მიმდინარეობს აქცია და უკვე 52 973-მა პირმა მოგვმართა უფასოდ დოკუმენტის აღების მოთხოვნით. ეს კარგი შედეგია, მით უმეტეს თუ ტენდენცია შენარჩუნდება. ეს აქცია გაგრძელდება 2016 წლის 30 ოქტომბრამდე. ასევე, 98 646 რეგისტრაციიდან მოხსნილი პირიდან 17 000-მდე ადამიანს ახალი მოწმობა აქვს და მათ სახელზე ახალი დოკუმენტის გაცემა საჭირო არ არის, უბრალოდ, ახლა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. არჩევნებამდე დაახლოებით ნახევარი წლით ადრე, მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოაგვარონ პრობლემა ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. სერვისების განვითარების სააგენტოს არ შეუძლია, კონკრეტული პირები შეიყვანოს პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში ან ამორიცხოს ისინი ამ სიიდან - ეს არ გახლავთ ჩვენი პრეროგატივა. 
- კიდევ ერთი მსხვილი პრობლემა შიდამიგრანტების თემაა. მედიისთვის ცნობილი მონაცემებით, ეს 650 000 ადამიანია, რომელსაც რეგისტრაციის და ფაქტობრივი სხვადასხვა მისამართი აქვთ. მათგან ბევრს კი არ აქვს საშუალება, სპეციალურად არჩევნებისთვის ტრანსპორტირების ხარჯები გაიღოს. რა არის გამოსავალი ასეთი პირებისთვის? 
- ოფიციალურად, ასეთი სახის რეესტრს არცერთი სახელმწიფო უწყება არ აწარმოებს. შესაბამისად, ამ ციფრის დადასტურებას ან უარყოფას ვერ შევძლებთ. თუმცა, ერთი შეხედვით, ეს რიცხვი ძალიან დიდია. სააგენტოს მონაცემების შესაბამისად, ყოველთვიურად, საშუალოდ, 7 000-მდე პირი გადის ახალ, ფაქტობრივ მისამართზე რეგისტრაციას. 
- ცნობილია ისიც, რომ ჯერ კიდევ 2012 წლიდან გამოცხადდა დამისამართების პრობლემის მოგვარება და მისამართების ელექტრონული რუკის შესწორება. რა ეტაპზეა ეს სამუშაო, თუ გაქვთ მონაცემები, რამდენია დუბლირებული, არარსებული მისამართები და .. 
- დამისამართების პროექტი აქტიურად გრძელდება ყველა რეგიონში. შეიქმნა ერთიანი მისამართების რეესტრი, რომელიც დაფუძნებულია გეოგრაფიული ობიექტების სრულად აღწერისა და მონაცემების ელექტრონულ რუკებზე დატანის პრინციპზე. გასული წლიდან, დამისამართების სისტემაში დაინერგა თბილისის სამისამართო ერთეულები, დაზუსტდა ბათუმის, ზუგდიდის, თელავის, გორის, ლანჩხუთის, ბოლნისის, ფოთის, სამტრედიის, ქობულეთის, სენაკის, ოზურგეთის, ზესტაფონის, ახალციხის, გურჯაანის, საგარეჯოს, ხაშურისა და მცხეთის მისამართები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ერთობლივი ძალისხმევით გეგმავენ ამ პროექტის გაგრძელებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. 2014 წლის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიაში 3000-ზე მეტი გაორებული ჩანაწერი ამოირიცხა საარჩევნო სიიდან. 2016 წლის არჩევნებისთვის ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბრიდან დაიგეგმა კონკრეტული აქტივობები: 1. გარდაცვლილ და არასრულწლოვან პირთა ფოტოსურათების შედარება საარჩევნო უფლების მქონე ყველა პირის სურათებისთვის. 2. გაორებების მაქსიმალური იდენტიფიკაცია და აღმოფხვრა. 3. გარდაცვალების ისეთი ფაქტების გამოვლენა, რომელიც არ არის რეგისტრირებული სააგენტოს მიერ. 4. უსურათო, ან უხარისხო სურათების მქონე მონაცემების მაქსიმალურად შემცირება. 5. შეუსაბამობა სქესში და არასწორად მიბმული სურათების გასწორება. 6. საკონსულო სამსახურების მიერ გაცემული დოკუმენტებზე, ჩვენს მონაცემთა ბაზაში არარსებული სურათების მოძიება და განთავსება. ეს პროექტი ისევ მიმდინარეობს, თუმცა უკვე არსებობს კონკრეტული შედეგები - იდენტიფიცირებული და აღმოფხვრილია გაორებები, გამოვლენილია გარდაცვალების ფაქტები, აღდგენილია რამდენიმე ასეული უხარისხო ფოტოს შემცველი ან უსურათო მონაცემი და ა.შ. 
- ყბადაღებული ,,მკვდარი სულების'' თემა სიაში კვლავ თუა აქტუალური. რა მონაცემები გაქვთ ამ მხრივ? 
- რაც შეეხება ე.წ. მკვდარ სულებს, სააგენტოში პირის გარდაცვალების აღრიცხვა სამედიცინო დაწესებულებებიდან ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოწოდების საფუძველზე ხდება. ამ მიმართულებით პრობლემები არ არის. ძველ ისტორიაზე ბევრი ვიმუშავეთ და მუდმივად ვმუშაობთ. მაგალითად, წელს გამოვითხოვეთ სოციალური მომსახურების სააგენტოდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროდან ისეთი ადამიანების მონაცემები, ვისაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არ აუღია პენსია ან დევნილის დახმარება, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ შესაძლოა, ეს ადამიანები გარდაცვლილები ყოფილიყვნენ. დევნილ პირებთან მიმართებაში განსაკუთრებით კრიტიკულად დგას საკითხი, რადგან თუ ადამიანი საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გარდაიცვალა, მაშინ ამ ინფორმაციის მოწოდება ავტომატურ რეჟიმში ვერ ხდება, რადგან იქ არ არის ჩვენი სამედიცინო დაწესებულებები. ჩვენ გავაკეთეთ ე.წ. სავარაუდო გარდაცვლილ პირთა წრე, სადაც 600 ადამიანამდე შევიდა. გასული წლის ბოლოს, ყველა ამ ადამიანის მისამართზე მივედით და მათგან დაახლოებით 210-მდე პირი მართლაც გარდაცვლილი აღმოჩნდა, 131 - ცოცხალი. დანარჩენი მისამართების მოძიება ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა. რეალურად, პრობლემურია ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ ან საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გარდაცვალების ფაქტების აღრიცხვა. გარდა ამისა, პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს გარდაცვალების ფაქტების დადასტურების უფლებამოსილების მიცემას თვითმმართველობებისთვის, ასევე სანქციას 500 ლარის ოდენობით, ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ამ ინიციატივის მიზანია, უფრო გაფართოვდეს გარდაცვალების ფაქტების აღრიცხვის პროცესში ჩართულ სახელმწიფო უწყებათა თუ პირთა წრე. 
- და ბოლოს, შევაჯამოთ, როგორია საარჩევნო სია 2016 და თქვენ სააგენტოს როდის უწევს ბოლო, განახლებული სიის მიწოდება ცესკო-სთვის? 
- სააგენტო ვალდებულია წელიწადში ოთხჯერ მიაწოდოს საარჩევნო სია ცესკოს: 1-ელ თებერვალს, 1-ელ მაისს, 15 ივლისს და 1-ელ ნოემბერს. ასევე, პოტენციურ ამომრჩეველთა სია სააგენტომ ცესკო-ს შესაძლოა, არაგეგმურად, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გადასცეს. წელს ცესკო-ს ბოლო, განახლებული სია, სადაც 3 543 732 პირი იყო, 1-ელ თებერვალს მივაწოდეთ. სააგენტო არ გახლავთ არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია. არჩევნებს ჩვენ არ ვატარებთ - ჩვენი მოვალეობა პოტენციურ ამომრჩეველთა სიის ფორმირება და ცესკო-სთვის მისი მიწოდებაა.