დავით ყიფიანზე უამრავი რამ დაწერილა. ერთ-ერთ ინტერვიუში კი განაცხადა, ცუდი ხასიათი მაქვსო. შეიძლება იმას გულისხმობდა, რომ ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, მით უმეტეს - ჟურნალისტებთან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარული იყო, მილიონ კაცთან მეგობრობას არ იჩემებდა, მაგრამ ვისთანაც მეგობრობდა, მათთვის უკან არაფერზე დაიხევდა, თანაც ამას ისე აკეთებდა, სხვისი ღირსება რომ არ შეელახა.
ეს ამბავი დავით ყიფიანის გარდაცვალების შემდეგ მისმა სიყრმის მეგობარმა გაიხსენა:
დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მწვრთნელობა დაიწყო. მისი მეგობარი მაშინ უმუშევარი გახლდათ და თავისთან წაიყვანა - ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეების აღმოჩენა, შერჩევა და მსგავსი საქმეები დაავალა. ისიც ჩაერთო მუშაობაში - დადიოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დაბრუნებული კი დეტალურად აცნობდა მოპოვებულ ინფორმაციას დავით ყიფიანს, რომელიც, როგორც მეგობარს ეჩვენებოდა, ყურადღებით ისმენდა მის რჩევებს და ითვალისწინებდა კიდეც. ყოველი თვის ბოლოს "სელექციონერი" მშვიდი სინდისით მიდიოდა მოლარესთან კუთვნილი გასამრჯელოს ასაღებად. ასე გადიოდა დრო.
ერთ დღესაც დავით ყიფიანმა მწვრთნელობას თავი დაანება და მისმა მეგობარმა მხოლოდ ამის შემდეგ გაიგო საოცარი ამბავი: "სამსახურში" მისულმა აღმოაჩინა, რომ მისი თანამდებობა არ არსებობდა. ეს ყველაფერი, თავის სელექციიან-ხელფასიანად, დავით ყიფიანის მოგონილი და დადგმული "კომბინაცია" აღმოჩნდა და "ხარჯსაც" "ყიფო" (როგორც მას ბავშვობის მეგობრები და თანაგუნდელები ეძახდნენ) საკუთარი ჯიბიდან იღებდა, რომ გაჭირვებულ მეგობარს მხარში ამოსდგომოდა.