რა განსხვავებაა ამერიკულ და მსოფლიოს სხვა ოფშორულ ზონებს შორის

რა განსხვავებაა ამერიკულ და მსოფლიოს სხვა ოფშორულ ზონებს შორის

როგორ შეფასდაპანამა პეიპერსისჟურნალისტური გამოძიება აშშ- ფინანსურ წრეებში და რატომ აღიქვამენ ამერიკელები დელავერის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიებს არასერიოზულად

ჟურნალისტთა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფ ,,პანამა პეიპერსის'' მიერ მსოფლიოს 72 ქვეყნის ლიდერის პანამის ოფშორულ ზონაში ფულის გათეთრებაში მხილებას აშშ- მსხვილ ფინანსურ წრეებში ცალსახად პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა; მეტიც - კანონმორჩილი და გადასახადების გადამხდელი ამერიკელები ,,პანამა პეიპერსის'' ჟურნალისტებს გამოძიების გაგრძელებასა და სხვა, არანაკლებ ცნობილი ლიდერების მხილებას ურჩევენ. ,,ვერსია'' უკვე წერდა, რომ სხვადასხვა პოლიტიკოსი და ბიზნესმენი საკუთარი კომპანიების დასარეგისტრირებლად ოფშორულ ზონებს იმიტომ ირჩევს, რომ იქ მოქნილი საგადასახადო სისტემა მოქმედებს - გადასახადები საკმაოდ დაბალია, ან თითქმის არაა. ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, ანტიგუა და ბარბუდა, ბაჰამი, ბაჰრეინი, ბარბადოსი, ანდორა, ანგოლა, სეიშელი, პანამა, სამხრეთ კორეა, სინგაპური - ეს მსოფლიოში ცნობილი ოფშორული ზონების მცირე ჩამონათვალია, თუმცა აშშ-შიც არსებობს ოფშორული ზონა და საინტერესოა, რით განსხვავდება ევროპის, აზიის ან თუნდაც შუა აზიის ზონებისგან. სად უფრო ხელსაყრელია ფულის დაბანდება - ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, თუ აშშ- ოფშორულ ზონაში? ,,ვერსიას'' ეკონომიკის ექსპერტი თემურ ბასილია ესაუბრება, რომელიც 10 წელია აშშ-ში ცხოვრობს
- ბატონო თემურ, რით განსხვავდება აშშ- ოფშორული ზონა მსოფლიოში არსებული სხვა ასეთი ზონებისგან? 
- პირდაპირ გეტყვით, რომ აშშ-ში ოფშორული ზონა არ არსებობს. მართალია, დელავერის შტატში არსებულ ზონას ასე უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში, ეს თავისუფალი ეკონომიკური ზონაა. აშშ-ს თავისუფალი ეკონომიკური ზონა ხელისუფლების მიერ საკმაოდ მკაცრად კონტროლდება, ამიტომ ვინმეს მცდელობაც რომ ჰქონდეს, აშშ-ს ეკონომიკურ ზონას გადასახადების დამალვის მიზნით მაინც ვერ გამოიყენებს. დელავერის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში შეღავათიანი პირობები და დაბალი გადასახადებია. ზოგადად, აშშ-ში ბიზნესის წარმოება ისედაც გამარტივებულია, მაგრამ დელავერში ეს პროცესი უმარტივესია. აშშ-ს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დელავერის შტატს ეკონომიკური განვითარება სჭირდებოდა და თავისუფალი ეკონომიკური ზონა სწორედ ამ მიზნით შექმნა, თუმცა დელავერის შტატი აშშ-ს კანონმდებლობას ექვემდებარება და იქ ბიზნესსაც საგადასახადო ორგანოების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ აწარმოებენ. დელავერის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მოგება არაკეთილსინდისიერი გზით რომც მიიღოთ, ამ თანხას აშშ-ში ვერ დახარჯავთ - იქ ფულის გათეთრების წინააღმდეგ უმკაცრესი კანონი მოქმედებს და მისი დარღვევის გამო, ციხეში არაერთი თანამდებობის პირი, მათ შორის უცხოელიც ჩაუსვამთ. მაგალითად, უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პავლო ლაზარენკომ 10 წელი გაატარა აშშ-ს ციხეში, რადგან ფული გაათეთრა. ლაზარენკო, რომელიც უკრაინის პრემიერ-მინისტრი ლეონიდ კუჩმას პრეზიდენტობისას იყო, აშშ-ში ჩამოვიდა და განაცხადა, რომ კუჩმას რეჟიმი სდევნიდა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. აშშ-ს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მისი საქმე შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ სხვადასხვა ანგარიშზე რამდენიმე მილიონი ჰქონდა. იმის გამო, რომ ლაზარენკო ამ თანხას ათეთრებდა, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ციხეში ჩასვეს.
- საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ,,პანამა პეიპერსის'' ჟურნალისტური გამოძიების ერთადერთი მიზანია, სერიოზული ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა, მსოფლიო მასშტაბით, ყურადღება აშშ- თავისუფალ ეკონომიკურ ზონას მიაქციონ და სხვა ზონებიდან თანხა მთლიანად აშშ- ეკონომიკურ ზონაში გადაქაჩონ.
- არა, აბსოლუტურად არასერიოზული ინფორმაციაა. აშშ-ს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოაცხადა ბრძოლა ფულის გათეთრებისა და გადასახადების დამალვის წინააღმდეგ. არაერთი მაგალითი არსებობს, როცა აშშ-მ უდიდესი შვეიცარიული და გერმანული ბანკები იმის გამო დააჯარიმა, რომ ისინი ხელისუფლებას არ აძლევდნენ ინფორმაციას, თუ რა ოდენობის თანხებს ინახავდნენ აშშ-ს მოქალაქეები ამ ბანკებში. ეს გადაწყვეტილება აშშ-ს სასამართლომ მიიღო და ამის შემდეგ შვეიცარიული და გერმანული ბანკები იძულებულნი გახდნენ, ანგარიშები გაეხსნათ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ში ბიზნესს ვეღარ გააგრძელებდნენ. როგორც გითხარით, დელავერის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაშიც აშშ-ს კანონმდებლობა მოქმედებს და ნურავის ეგონება, რომ იქ ვინმე, აშშ-ს საგადასახადო სამსახურების კონტროლის გარეშე, რამეს გააკეთებს. ,,პანამა პეიპერსის'' ჟურნალისტური გამოძიება სწორედ ამგვარი პოლიტიკის გაგრძელებაა, რათა გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, ადამიანებს ისეთი ხვრელების გამოყენება შეეზღუდოთ, როგორიც ოფშორული ზონებია. ვფიქრობ, ,,პანამა პეიპერსის'' ჟურნალისტური გამოძიება აშშ-ს სახელმწიფო პოლიტიკასთან შესაბამისობაშია, რომელიც მიმართულია ასეთი ხვრელები ჩაიკეტოს. ავიღოთ კვიპროსის თავისუფალი ეკონომიკური ზონა, სადაც ყოფილი საბჭოთა კავშირიდან უამრავი ადამიანი ჩადიოდა და კვიპროსის ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ფირმების საშუალებით, უამრავ ფინანსურ ოპერაციას ახორციელებდა. მას შემდეგ, რაც კვიპროსი ევროკავშირის წევრი გახდა, ეს ,,კანტორა'' დაიხურა, რადგან ევროგაერთიანებას სულ სხვა მოთხოვნები აქვს. 
- აშშ- ფინანსურ წრეებში ,,პანამა პეიპერსის'' ჟურნალისტური გამოძიება როგორ შეფასდა? 
- აშშ-ში ცალმხრივად პოზიტიური დამოკიდებულებაა. ამერიკელებს გადასახადების დამალვა კანონმდებლობით ეკრძალებათ და აშშ-ის ხელისუფლების პოლიტიკის ძირითადი მიზანიც ესაა. 
- ბატონო თემურ, დელავერის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ბიზნესის წარმოება მომგებიანია? 
- შემიძლია, ერთი რამ გითხრათ: თუ რომელიმე კომპანიის ბიზნესბარათზე მითითებულია, რომ დელავერშია რეგისტრირებული, აშშ-ში მას არასერიოზულად აღიქვამენ. მესმის, დელავერში ფუნქციონირებს დიდი კომპანიები, რომლებსაც თავისი ოფისები აქვთ, ბანკებიც არიან, მაგრამ თუ საშუალო ბიზნესზე ვსაუბრობთ, დელავერში რეგისტრირებულ ასეთ კომპანიებს უფრო მეტი სკრუპულოზურობით ამოწმებენ, ვიდრე ვაშინგტონში, მერილენდში ან თუნდაც ვირჯინიის შტატში რეგისტრირებულებს. დელავერში რეგისტრირებული ფირმა, თუ ძალიან ცნობილი არაა, დიდი საიმედოობით არ სარგებლობს. 
- ანუ ევროპის რომელიმე მსხვილმა ბიზნესმენმა დელავერის შტატში კომპანიის რეგისტრაცია რომ გადაწყვიტოს, აშშ-ში ეჭვის თვალით შეხედავენ? 
- თუ ძალიან ცნობილი და დიდი კომპანიაა, რა თქმა უნდა, არა, თუმცა თუ დამწყები ან ნაკლებად ცნობილი კომპანიაა, სერიოზულად არ აღიქვამენ. ამერიკელების მიდგომა მარტივია - არსებობს კანონმდებლობა, რომელიც უნდა დაიცვა, არსებობს გადასახადები, რომლებიც უნდა გადაიხადო. ნებისმიერი პირი, რომელიც გადასახადებს არ იხდის, ამერიკელების თვალსაზრისით, დამნაშავეა. 
- ამერიკელებს დელავერის ეკონომიკურ ზონაში რეგისტრირებული კომპანიების მიმართ ასეთი ნიჰილისტური განწყობა იმიტომ ხომ არ აქვთ, რომ აშშ-ში ისედაც დაბალი გადასახადებია? 
- აშშ-ის საგადასახადო სისტემა მთლიანად ბიზნესზეა ორიენტირებული და ევროპასთან შედარებით, გადასახადები ბევრად დაბალია. ამერიკელ ბიზნესმენებსა და ფინანსური წრეების სერიოზულ წარმომადგენლებს თავისუფალი ეკონომიკური ზონები საერთოდ არ სჭირდებათ. თუ აშშ-ში ბიზნესს აკეთებთ, მერწმუნეთ, კომპანიის დელავერში დარეგისტრირება არ დაგჭირდებათ, რადგან შტატებში საკმაოდ მოქნილი საგადასახადო სისტემაა. იმდენად ნორმალური და ხელშემწყობი პირობებია, რომ არავინ შეგაწუხებთ, არც წილში ჩაჯდომას მოგთხოვთ და არც ხელს შეგიშლით. ოღონდ ვინმემ ინიციატივა გამოიჩინოს და კარგი ბიზნესგეგმა წარადგინოს, გარწმუნებთ, ეს ბიზნესგეგმა აუცილებლად განხორციელდება. კომპანიასაც უმარტივესად დაარეგისტრირებთ და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, როდესაც ამ ბიზნესგეგმას ბანკში წარადგენთ, უპრობლემოდ დაგიფინანსებენ, თუ ბანკი დარწმუნდება, რომ თქვენი ბიზნესიდეა მართლაც, მომგებიანია. რაც მთავარია, აშშ-ში საბანკო სესხი, წლიური 15-20%-იანი კი არა, 4% და 5%-იანია. შესაბამისად, თუ ნორმალური და წესიერი ბიზნესმენი ხართ, ოფშორში გაქცევა არ დაგჭირდებათ. 
- სად უფრო ხელსაყრელი და ფინანსურად მომგებიანია კომპანიის დარეგისტრირება - ევროპის, აზიის, შუა აზიისა თუ აშშ- თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში? 
- აშშ-ში, მართლაც, ხელშემწყობი პირობებია ბიზნესისთვის, ამიტომ აქ ინვესტიციას ძალიან ბევრი ახორციელებს. ბიზნესისთვის მთავარი სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოა, თორემ 15%-იანი მოგება ექნება თუ 17%-იანი, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა არც ჰქონდეს. აშშ-ში კი ნამდვილად სტაბილური გარემოა, ოღონდ აქ საკმაოდ ძლიერი კონკურენციაა. შესაბამისად, კონკურენტს გონებით, პროდუქციით, პროდუქციის ხარისხითა თუ ფასებით უნდა აჯობოთ. ჯანსაღი კონკურენცია, თავის მხრივ, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასა და ფასების შემცირებას იწვევს. აშშ-ში მილიარდობით ინვესტიცია იდება, რადგან აქ კაპიტალი ყველაზე უსაფრთხოა!