რა გეგმა აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს და ვინ გახდება თანამედროვე პოლიტიკის კიკუ
2 წელია, ძალს ინტერპარტიული ჯგუფია, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას ცდილობს და ძალს - ხელისუფლება. ამ ხნის განმავლობაში, არასაპარლამენტო ოპოზიცია ქუჩის აქციებითაც იმუქრებოდა, პრეზიდენტის რეზიდენციაშიც იარა, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორსაც შეხვდა და აძახებინა, თქვენს მიერ შეთავაზებული ცვლილებები ჯანსაღი და დემოკრატიულიაო, მაგრამ ,,ოცნება'' მაინც ვერაფერზე დაითანხმა. ვიდრე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, ინტერპარტიულ ჯგუფს საერთოდ არ ხვდებოდა. ახლა კი, როცა პრემიერი გიორგი კვირიკაშვილია, ვითარება შეიცვალა, ოღონდ სადავოა, უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ. ერთი მხრივ, ანტურაჟი იქმნება, რომ ,,ოცნების'' მესამე პრემიერი ოპოზიციას ხვდება და ცვლილებებისთვისაც მზადაა, მეორე მხრივ კი იმ შეთავაზებას, რაც ,,ვერსიის'' ექსკლუზიური ინფორმაციით, ოპოზიციამ მიიღო, ,,ოქროს გალია'' ჰქვია და საუბარი არც სისტემურ ცვლილებაზეა, არც საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე, არც მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებაზე და არც თანაბარ, გნებავთ, სამართლიან საარჩევნო გარემოზე. ოპოზიცია, თავისი 2-წლიანი ძალისხმევით, ,,ოცნებამ'' - არც მეტი, არც ნაკლები - 400 000 ლარად შეაფასა და ახლა მის პასუხს უცდის. პასუხს კი, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ისტორია გასცემს. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს სწორედ მსგავს კოსმეტიკურ ცვლილებებზე დათანხმების გამო, ,,მილიონებზე გაყიდული'' ერთხელ უკვე დაერქვა. ჰოდა, ახლა საკითხი ასე დგას: ნაციონალების ხელისუფლებაზე მილიონ ლარად გაყიდული ოპოზიცია ,,ოცნებას'' 400 000 ლარად მიეყიდება თუ არა?!
ვიდრე ამ 400 000-ლარიანი შეთავაზების დეტალებზე გადავალთ, ბოლო ინფორმაცია, რომელიც ოფიციალური და საჯაროა, ასეთია: ინტერპარტიული ჯგუფისა და ხელისუფლების მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა. პრემიერმა კვირიკაშვილმა თავისი წინადადებები ოპოზიციას ერთი კაცის პირით შეუთვალა, თუმცა უცნობია, პრემიერს საკუთარი პარტია ,,ოცნების'' პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც შაბათს, 16 აპრილს გაიმართა, დაეთანხმა თუ არა. გამოჟონილი ინფორმაციით, ,,ოცნება'' კოსმეტიკურ ცვლილებებზე თანახმაა, თუმცა პრემიერივით გულუხვი არ არის და რაღაცებს ისევ ეწინააღმდეგება - მაგალითად, საარჩევნო ბარიერის 5-დან 4%-მდე დაწევას. არასაპარლამენტო ოპოზიცია, მიხვდა რა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების რესურსი ამოწურულია, საპარლამენტო ოპოზიციას არასამთავრობოებთან ერთად დაელაპარაკა და შესთავაზა, პარლამენტში ერთად გაიტანონ საერთო-პროპორციული არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელი. ამას ტექნიკური ცვლილება მხოლოდ საარჩევნო კოდექსის ერთ მუხლში, ხმების დათვლის ნაწილში სჭირდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ფორუმის გარდა, ამ შეხვედრაზე სხვა საპარლამენტო პარტიები, მათ შორის რესპუბლიკელები და ნაციონალები მივიდნენ და თანხმობა განაცხადეს, 76 ხმის მოგროვება არარეალურად აღარ გამოიყურება. თუ ,,გირჩები'', ნაციონალები, რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები და ფორუმი ამ ინიციატივას გაიტანენ, შესაძლოა, არჩევნები ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარდეს. პოპულარულ ენაზე კი, გერმანული მოდელი, რომელიც არც მაჟორიტარებს აწყენინებს, ასეთია: ამ შერეულ სისტემაში მთავარია, რომ პარლამენტში ადგილების განაწილება საერთო-პროპორციული შედეგებით ხდება ანუ პარტია პარლამენტში იმდენივე ადგილს მიიღებს, რამდენ პროცენტსაც აიღებს. მაგალითად, თუ პარტიამ აიღო 30% და 35 მაჟორიტარი გაიყვანა, 30%-ზე, 150-ადგილიან პარლამენტში, 45 ადგილი მოუწევს. ოღონდ ამ 45 ადგილს ასე დააკომპლექტებს: პირველ 35-ს მაჟორიტარით შეავსებს, რომელთაც იწვალეს და არჩევნები მოიგეს ანუ ისინი არ ჩანაცვლდებიან სიაში ,,ჩასმული'' ბიზნესმენებითა და ,,პარავოზად'' ჩაბმული ხალხით, როგორც ეს 2012 წელს ,,ოცნების'' სიაში მოხდა - მაშინ ივანიშვილმა პარტიული სია პერსონალურად ჩაიბა და ათეულობით ადამიანი ,,გაათრია''. ხოლო მას მერე, რაც ამ 45 ადგილს 35 გამარჯვებული მაჟორიტარი შეავსებს, დანარჩენი 10 კაცი უკვე პარტიული სიიდან დაემატება ანუ პროპორციული სია, ასე ვთქვათ, საკომპენსაციო იქნება. ეს არსებულზე გაცილებით სამართლიანი წესია და პარლამენტში გასული ხალხის რაოდენობაც სხვანაირად დაითვლება - პროპორციული სიით გამსვლელთა რიცხვიდან ანუ 77-დან კი არა, არამედ სრული 150 ადგილიდან და პარლამენტის საერთო რაოდენობას ჯერ მაჟორიტარები შეავსებენ, შემდეგ პროპორციული სიის წევრები.
ფაქტია, არასაპარლამენტო ოპოზიციამ საპარლამენტო პარტიებისგან მიიღო პირობა, რომ მათ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტში ინიცირებას გაუკეთებენ. სავარაუდოდ, სამზადისი ხუთშაბათს, 21 აპრილს დაიწყება და უკვე ნააღდგომევს კანონპროექტის ინიცირება შესაძლებელი იქნება. რეალურად, ეს ცვლილება ,,ოცნების'' უმრავლესობიდან გამოსულ პარტიებსაც აძლევს ხელს და მაჟორიტარებსაც, რადგან ოპოზიციამ, რომელიც ადრე მათ უვარგისობაზე საუბრობდა, ,,დაზადნა'' და ამ გერმანული მოდელით, უპირატეს მდგომარეობაში გამარჯვებული მაჟორიტარები დგებიან.
რას აკეთებს ამასობაში ,,ოცნების'' ხელისუფლება: პრემიერ კვირიკაშვილს ბოლო რამდენიმე დღეა აქტიური პერსონალური შეხვედრები აქვს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომელიც, ასე ვთქვათ, შუამავლის როლს ასრულებს ხელისუფლებასა და ინტერპარტიულ ჯგუფს შორის, თუმცა ეს შეთავაზებები ჯერჯერობით ოფიციალური არაა. პირდაპირ რომ ვთქვათ, ამ ოპოზიციონერის პირით, კვირიკაშვილი ოპოზიციურ განწყობას ტესტავს. ახლა რაც შეეხება თავად შეთავაზებებს, ოპოზიცია, რომელიც მხოლოდ მაჟორიტარული წესის გაუქმებას კი არა, საარჩევნო სისტემასა და ადმინისტრაციის დაკომპლექტებაში ცვლილებებსაც ითხოვდა, იღებს სამარცხვინო, კოსმეტიკურ შეთავაზებას, რომელიც ნამდვილად იმაზე უკეთესია, რაც აქამდე იყო, ოღონდ არასაკმარისი. ეს შეთავაზებებია:
ნაწილობრივი ცვლილება თანაბარი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად, რაც გულისხმობს: უფასო საეთერო დროს და საარჩევნო უბნებზე დაფინანსებულ წარმომადგენლებს. ზემოხსენებული 400 000-იც სწორედ აქედან მოვიდა - სულ 3 700 საარჩევნო უბანი გვაქვს. თითოეულ უბანზე დაფინანსებული წევრის ყოლა 100 ლარი ღირს. ამას საოლქო ორგანიზაციასაც თუ დავამატებთ, დაახლოებით 400 000 ლარი გამოდის. ოღონდ ეს შეთავაზება ყველა პარტიას არ ,,ეძღვნება'' - საუბარია მათზე, ვინც ბოლო არჩევნებში 2%-იანი შედეგი აჩვენა; ასევე პრემიერმა კულუარულ, სურვილის დონეზე შესთავაზა ოპოზიციას, საარჩევნო ბარიერი 5-დან 4%-მდე დაიწიოს, ფინანსური ბარიერი კი 3-დან 2%-მდე, თუმცა ეს უკანასკნელი მხოლოდ სიტყვიერი შეთვლა იყო.
ყოველგვარი მიეთ-მოეთის გარეშე გეტყვით, რომ ეს 400 000-ლარიანი შეთავაზებაც ყველას არ აწყობს. ჯერ ერთი, ადგილობრივ არჩევნებზე 2%-იანი შედეგი კახა კუკავამ და მამუკა კაციტაძემ აჩვენეს და არა ყველა პარტიამ. მათზე უკეთესი შედეგი აჩვენეს და ხალხიც ბლომად გაიყვანეს ნინო ბურჯანაძემ, ირმა ინაშვილმა და შალვა ნათელაშვილმა და ისინი ამ შეთავაზებით არაფერს იღებენ, რადგან ყველაფერი, რასაც ,,ოცნება'' წვრილ პარტიებს ჰპირდება, მათ, როგორც კვალიფიციურ სუბიექტებს, ისედაც აქვთ. ამოცანა გვეკითხება - რაში სჭირდებათ ამ პარტიებს ინტერპარტიული ფორმატის ქუდის ქვეშ, თან არაფერი მიიღონ, თან სხვა, კონკურენტი პარტიები გაითანაბრონ და თან მთელმა ერმა, რომელიც ამ მოლაპარაკების პროცესში გარიგების ნიშნებს დაინახავს, 400 000-ლარად გაყიდული ოპოზიცია ეძახოს?!
ეს შეთავაზება, რა თქმა უნდა, ცუდი არაა, რადგან აბსოლუტურად უსახსროდ დარჩენილ პარტიებს, რომელთა ,,შუა გაკრეფაზე'' ბიძინა ივანიშვილმა მართლა კარგად იზრუნა, აწყობთ კიდეც, მაგრამ რის ხარჯზე?! როცა 10 პარტია ორი წელი იმას გაიძახოდა, საარჩევნო სისტემა შესაცვლელია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება კი კანონის დონეზე ,,მოსაგუდიო'' და ა.შ. ახლა რა გამოდის - მათი არც ერთი სერიოზული მოთხოვნა არ შესრულდა, მაგრამ ცოტა ფულის ხათრით, უნდა გამოვიდნენ და თქვან, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება შედგა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით, კარგ ცვლილებებს გვთავაზობსო? ,,ოცნებამ'' კი ნაციონალების კარგად აპრობირებული პრაქტიკა აქაც გაიმეორა - ოპოზიციას მოლაპარაკებაზე დაუჯდა, წინ მარტო დაფინანსების გაუმჯობესებაზე გამავალი შეთავაზება დაუდო და ნებისმიერ შემთხვევაში, უკვე გამარჯვებულია: თუ ოპოზიცია ამ შეთავაზებებს დათანხმდება, ,,ნახევარ მილიონზე'' გაყიდულების იარლიყი ექნება ,,აკერებული'', ხოლო თუ არ დათანხმება, ,,ოცნება'' მთელ მსოფლიოს ,,მოიწანწალებს'' და ყველას ეტყვის - მე ვეცადე, შევთავაზე, გავაუმჯობესე, ოპოზიციას კი ლაპარაკი არ უნდა, ქუჩისკენ მიიწევს და მე რა შუაში ვარო.
მოკლედ, არჩევნები ომია, ოღონდ ისეთი ომი, რომელიც ყველაფერს არ ჩამოწერეს, ამომრჩეველს, ყველა კვლევის მიხედვით, მაღალი აზრი არც ოპოზიციაზე აქვს და არც ხელისუფლებაზე.
და ბოლოს, ცივილური პოლიტიკური გამოსავალი შექმნილი ვითარებიდანაც მოიძებნება და ის თავად ინტერპარტიული ჯგუფის კვალიფიციური სუბიექტებისგან მოდის. გამოსავალი ისაა, რომ, თუკი შედარებით ძლიერ ოპოზიციურ პარტიებს არ სურთ, ინტერპარტიული ფორმატი დაიშალოს და იარლიყიც ,,აირტყან'', მაშინ თავად უნდა შეუქმნან წვრილ ოპოზიციას ისეთი პირობები, რომ ისინი ხელისუფლების მიერ გამოგდებულ საეთერო დროსა და დაფინანსებას არ ,,დახამდნენ'' და ,,ოცნებისკენ'' ხელებაპყრობილნი არ გაიქცნენ. ამისთვის საჭიროა, კვალიფიციურმა, მსხვილმა და დაფინანსებულმა სუბიექტებმა დანარჩენებთან საარჩევნო ბლოკი გააკეთონ და თავიანთი ბენეფიტები მათაც მიაღებინონ. თუკი ინაშვილს, ბურჯანაძესა და ნათელაშვილს არ სურთ, ფორმატი და ოპოზიციური ერთიანობა დაიშალოს და დანარჩენი, უფულო პარტიები ,,ოცნებას'' შეუთანხმდნენ ანუ 400 000 ლარის სანაცვლოდ ხელისუფლება ,,გააპრავონ'', მაშინ მათ გაერთიანება-დაბლოკება თავად უნდა შესთავაზონ და ერთობლივი ძალებით უარი თქვან ხელისუფლების ამ შეთავაზებაზე.
,,ვერსიის'' მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ერთადერთი პარტია, ვინც დღეს ამ გამოსავალს წვრილ ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, პატრიოტთა ალიანსი და ირმა ინაშვილია. ,,ოცნება'' რომ ამ საარჩევნო სისტემას კარგს არაფერს უპირებს, უკვე ვნახეთ, ჯერი ოპოზიციაზე, რომელიც იმედია, კიკუსავით თუმნად არ გაიხდის.