საქართველოს დედაქალაქი ტურისტებისთვის საკმაოდ ძვირი ადგილია. ერთი დღე თბილისში ორჯერ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ბაქოში, ერევანში და თვით სტამბულშიც კი.
მოგზაურობის ღირებულების ინდექსის მიხედვით, თბილისში მოგზაურობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძვირია. სააგენტო „ნუმბეოს“ მიერ შედგენილი ინდექსის თანახმად, 2016 წლის მონაცემებით, საქართველოში საშუალო დონის მოგზაურის ინდექსი 78.18, ხოლო საშუალოზე მაღალის კი - 53.53-ია. ერთი დღის გატარება თბილისში საშუალო შეძლების მოგზაურს 67 დოლარი უჯდება, უფრო მაღალი დონის მოგზაურს კი - 178 დოლარი.
ინდექსის შედგენისას, სააგენტომ ოთხი კომპონენტი გამოიყენა, მათ შორის, 1-2-ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასები, 3-4-ვარსკვლავიანი სასტუმროს ტარიფები, საშუალო შეძლების მოგზაურის ერთი დღის ხარჯი შესაბამის ქალაქში და საშუალოზე მაღალი დონის მოგზაურის ერთი დღის ხარჯი.
თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია სასტუმროების ფასი: იაფიანი სასტუმროების, ე.წ. ჰოსტელების ღირებულების ინდექსი 137.50-ია, ხოლო 3-4-ვარსკვლავიანი სასტუმროების შემთხვევაში 97.22.
სასტუმროების ფასის ინდექსით თბილისი 700-ზე მეტ ქალაქს შორის, რუკაზე წითლად არის აღნიშნული, რაც საშუალოზე მაღალი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ თბილისი ტურისტებისთვის ორჯერ უფრო ძვირია ქალაქია, ვიდრე ბაქო და ერევანი. ის კი არა, საქართველოს დედაქაქი ფასების ინდექსით სტამბულსაც კი ბევრად აღემატება. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში უცხოელი ვიზიტორების არათუ ნაკლებობა, არამედ სიჭარბეცაა.
„ნუმბეოს“ ინდექსის მიხედვით, ერევანში საშუალო მოგზაურს ერთი დღის გატარება - 34,32 დოლარი, საშუალოზე მაღალი დონის მოგზაურს კი 96,30 დოლარი უჯდება, ბაქოში, შესაბამისად, 30,83 დოლარი და 98,80 დოლარი, სტამბულში - 37,73 დოლარი და 107,95 დოლარი.
ტურიზმის სფეროს სპეციალისტები თვლიან, რომ საქართველოს დედაქალაქი ახლა, ფაქტობრივად, ტურიზმის ცენტრია და ჩამოსული ვიზიტორთა ლომის წილი სწორედ ტურისტებზე მოდის. დროთა განმავლობაში კი მაღალი ფასი, სავარაუდოდ, თავის როლს ითამაშებს ტურისტების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში.
„დღევანდელი მდგომარეობა განპირობებულია იმით, რომ მიწოდება არის უფრო ნაკლები ვიდრე მოთხოვნა, მათ შორის, მაღალი კლასის სასტუმროებზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა საქართველოს ტურიზმის ისტორიაში. ამ ტენდენციებს აქვს ხასიათი, რომ შეიცვალოს. როგორც კი მოთხოვნა იკლებს და შეთავაზება გაიზრდება, სავარაუდოდ მოხდება ფასების კორექცია. 1-2 წელიწადში გაორმაგდება უმაღლესი კატეგორიის სასტუმროების რიცხვი თბილისში, რაც თავისთავად იმოქმედებს ბაზრის მოთხოვნის კორექციაზე. ამ დროს გასათვალისწინებელი იქნება თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ინდუსტრია, რომ შეინარჩუნოს მაღალი მოთხოვნა“, - აცხადებს სათავგადასავლო ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი დავით რექვიაშვილი.
ზოგადად მაღალი ფასი ინვესტორისთვის მიმზიდველია, თუკი ინვესტორი ხედავს, რომ ინდუსტრიას დიდი ამონაგები აქვს, მაგრამ მომხმარებლისთვის ეს შემაფერხებელია. „გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში 5-6 წლის განმავლობაში იყო მზარდი ინტერესი უმაღლესი კატეგორიის სასტუმროების მიმართ და უახლოეს მომავალში ბაზარი უკვე გაჯერდება, შესაბამისად, მათი ფოკუსი გადაინაცვლებს დაბალვარსკვლავიან სასტუმროებზე. რაც შეეხება ტურისტებს (ვინც ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებას და არ ეყრდნობიან სამოგზაურო სააგენტოების რჩევას), მათთვის მაღალი ფასი დამაფრთხობელი შეიძლება აღმოჩნდეს“, - აცხადებს დავით რექვიაშვილი.