გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 79 551 ლარად ღირებული TOIOTA LANDCRUISER შეიძინა. გარდაბნის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ტანზე იხევს, რომ, არ იცის, ვინ უნდა ისრიალოს ამ ავტოთი, ერთი ისაა, რომ ინფორმაციას ადასტურებს. თუმცა, წინასწარი კეთილი ხალხის ცნობით, ამ ავტოთი გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარემ უნდა ისარგებლოს (გენაცვალეთ მადაში!)
ჰოდა, რაკი თხა თხაზე ნაკლებიო, აჭარის უმაღლესმა საბჭომაც გამოაცხადა ტენდერი ახალი ავტომობილის შესაძენად, რომელშიც 83 000 ლარის გადახდაც კი არ ენანება (მუქთა იყოს, კუბო იყოს, არათუ სამსახურებრივი „ჯიპიო“!), თუკი ის იქნება 2014 წლის, 7-ადგილიანი, მაცივარ-კონდიციონერითა და ორმაგი დამცავი ბალიშებით აღჭურვილი (თმის ბეწვიც რომ არ შეუტოკდეთ აჭარის უმაღლესი საბჭოს მაღალ-მაღალჩინოსნებს!).
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბ-ნი ბერიძე (აი, ის ბატონი, თავი რომ ქოლგის დამჭერით დაგვამახსოვრა და აქეთ შემოგვიწყრა, დიდი ამბავი ასაკით უმცროსმა ასაკით უფროსს ქოლგა რომ დაუკავოსო, თუმცა, ისიცაა, თუ ქოლგასაც ვერ იმაგრებ, სახლში არ ჯობია, დარჩე?!) განმარტავს, რომ ეს ძვირად ღირებული ავტომანქანა სრულიად აჭარის სრულიად უმაღლესი საბჭოს საკუთრებაა და ისარგებლებს ის, ვისაც დასჭირდება (თუმცა, თუ ქოლგის ინციდენტს გავიხსენებთ, ეჭვი კი გვაქვს, ვისაც დასჭირდება).
ამის პარალელურად, ისიც შევიტყვეთ, რომ ხულოს მუნიციპალიტეტი 100 000 ლარად გეგმავს ორი ავტომანქანის შეძენას, თუმცა, გვარწმუნებენ, სასწრაფო დახმარების ავტომანქანებს ვგულისხმობთო.
კარგა ხანია, ვიცით, რომ ეს ჩვენი მაღალჩინოსნები პატივს არ უფრთხიან და ფრიად წარმატებითაც აგრძელებენ წინამორბედთა მიერ დანერგილ ტრადიციას: რაც ზემოთ, მით უფრო მაძღარი, მეორე მხრივ, ისიც ცხადია, რომ ამ პროცესს არც ის შტრიხი აკლია: „უხანავმა რა ნახაო“, თუმცა, მაინც იბადება რიტორიკული კითხვა: უნახავი – უნახავად, მაგრამ, მთლად ასეთი მასშტაბის?!