საიდუმლო, რის გამოც სააკაშვილის რეჟიმმა გენერალი დუმბაძე მოიშორა?!

საიდუმლო, რის გამოც სააკაშვილის რეჟიმმა გენერალი დუმბაძე მოიშორა?!

მეგის ქარდავამქილერებს“ 200 000 დოლარი გადაუხადა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გენერალ-მაიორ რომან დუმბაძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის შეკვეთის ფაქტზე მეგის ქარდავას განზრახ ჯგუფური მკვლელობის შეკვეთის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გამოძიებით დადგინდა, რომ მეგის ქარდავამ შუამავლის მეშვეობით მოსკოვში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას რომან დუმბაძის მკვლელობა შეუკვეთა. 
სუს-ის ინფორმაციით, ოთხივე პირი სასჯელს რუსეთის ფედერაციაში იხდის, ხოლო შუამავალი საქართველოში იქნა დაკავებული და იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო: ,,გამოძიებით დადგენილია, რომ მეგის ქარდავა შუამავლის მეშვეობით რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ მოსკოვში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას დაუკავშირდა და რომან დუმბაძის მკვლელობა შეუკვეთა. 2012 წლის 21 მაისს, ქალაქ მოსკოვში ოთხკაციანმა ჯგუფმა აღნიშნული მკვლელობა გარკვეული თანხის სანაცვლოდ განახორციელა. ოთხივე პირი სასჯელს რუსეთის ფედერაციაში იხდის, ხოლო შუამავალი საქართველოში იქნა დაკავებული და იგი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. რომან დუმბაძე 2004 წლიდან სასჯელს იხდიდა საქართველოში სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. 2008 წლის 27 აგვისტოს იგი შეწყალებული იქნა საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის განკარგულებით. სისხლის სამართლის საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლოების გრიფი. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დეტალები არ ხმაურდება“. 
რა საიდუმლო ინფორმაციებს ფლობდა გენერალი დუმბაძე და რატომ ,,მოიშორეს'' იგი მეგის ქარდავას ხელით? 
,,ვერსიის'' არქივში გენერალ დუმბაძის შესახებ უამრავ ინფორმაცია მოიძებნება - მოღალატედ შერაცხული გენერალ-მაიორი ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა, რომ სააკაშვილი დაუმორჩილებლობას არასოდეს აპატიებდა და, ადრე თუ გვიან, სასტიკად გაუსწორდებოდა. გახსოვთ ალბათ, აჭარაში, ასლან აბაშიძის რეჟიმის დამხობისას, რომან დუმბაძემ უარი თქვა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებების შესრულებაზე და ასლან აბაშიძის უშუალო დაქვემდებარებაში გადავიდა. 
დუმბაძეს 2004 წელს სამშობლოს ღალატის მუხლით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ბათუმის 25-ე ბრიგადის მეთაური 2008 წლის ომის შემდეგ, გენერალ ბორისოვის დახმარებით, ქართველ ტყვეებზე გაცვალეს, ხოლო 2010 წელს, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, გენერალ დუმბაძეს რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა. 
2012 წლის 21 მაისს იგი რუბლიოვსკოეს გზატკეცილზე მოკლეს - მკვლელები მოტოციკლით მიუახლოვდნენ, რაღაც უთხრეს და შემდეგ ორჯერ ესროლეს. რუსეთის მედიის ინფორმაციით, მკვლელობისთვის სასჯელს ოთხი პიროვნება იხდის: თორნიკე კვირიკაშვილი, რომან ბელქანია, ალექსანდრე ბერიშვილი და შოთა ტარუღიშვილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული იყო კიდევ ერთი პირი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. ასევე რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ,,ქილერებს'' 200 000 დოლარი გადაუხადეს. 
სუს-ი აცხადებს, რომ მეგის ქარდავამ მკვლელობა კრიმინალურ დაჯგუფებას შუამავლის მეშვეობით შეუკვეთა. რა ინტერესი ჰქონდა მეგის ქარდავას რომან დუმბაძესთან? სავარაუდოდ, პირადი არავითარი, ის სააკაშვილის რეჟიმის კრიმინალური დაკვეთების შემსრულებელი იყო. ქარდავა იყო ყველგან, სადაც იყვნენ ახალაიები - ბაჩო და დათა ახალაიების ბავშვობის მეგობარი, ბაჩო ახალაიას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეობისას ორთაჭალის მე-7 საპყრობილის დირექტორად დაინიშნა. 2007 წელს - შსს–ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილეა. 2009 წლის ზაფხულიდან, როცა ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრი ხდება, მეგის ქარდავას უკვე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტს იკავებს, 2012 წლის ივლისში, მეგობრები შსს სამინისტროში გადადიან. 4 ოქტომბერს, მეგის ქარდავა, სარფის გავლით, დათა ახალაიასთან ერთად საქართველოდან გაიქცა. 
რომან დუმბაძის მკვლელობა მეგის ქარდავას სამხედრო პოლიციაში სამსახურის პერიოდს ემთხვევა. მაშინ ახალაიებმაც და სააკაშვილ-მერაბიშვილმაც შესანიშნავად იციან, რომ ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია და ხელისუფლების გადაბარება მოუწევთ... როგორც ჩანს, აგვისტოს ომის კვალი ახალ ხელისუფლებას სწორედ რომან დუმბაძესთან მიიყვანდა. მოწმე კი ერთადერთ შემთხვევაშია სასურველი – მკვდარი! გვამები არ ლაპარაკობენ...…სხვათა შორის, აგვისტოს ომზე აღარ ლაპარაკობს საქართველოს ელჩი რუსეთის ფედერაციაში ეროსი კიწმარიშვილიც, რომელიც საკუთარ გარაჟში შუბლგახვრეტილი იპოვეს... თუმცა ეს მხოლოდ ვერსიებია. 
როგორც სუს-ი აცხადებს, ოთხი კაცი – შემსრულებელი - სასჯელს რუსეთის ფედერაციაში იხდის, შუამავალი კი საქართველოშია დაკავებული და სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო. იმედია, სწორედ მისგან შევიტყობთ, ამ ტრაგიკული მკვლელობის დეტალებს და იმასაც რატომ წავიდა ასეთ რისკზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსი, რისი ეშინოდათ მეგის ქარდავასა და მის პატრონებს? 
საინტერესოა ის ფაქტი, რომ დუმბაძის მკვლელობიდან რამდენიმე საათში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გენერალი ქართულმა სპეცსამსახურებმა მოკლეს - რუსეთში მცხოვრები გენერალი თენგიზ კიტოვანი ერთ-ერთი უკანასკნელი იყო, ვინც დუმბაძეს სიკვდილამდე ესაუბრა და ვერაფრით ახსნა, როგორ მოხვდა რომა გზატკეცილზე, რადგან სატელეფონო საუბარში მან უთხრა, რომ გარეთ გასვლას არ აპირებდა. კიტოვანი ამბობდა, რომ იგი გარეთ ვიღაცასთან შესახვედრად ,,გაიყვანეს''. 
აგვისტოს ომის შემდეგ, ყველას გასაოცრად, გენერალმა ბორისოვმა ქართულ ციხეში სამშობლოს ღალატის მუხლით გასამართლებული რომან დუმბაძე გაიხსენა და ტყვეებში გაცვალა. მაშინ ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რომ 2008 წლის 27 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის 69-ე განკარგულებით, რომან დუმბაძე მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა და ძირითადი სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა. მაშ, როდის და რატომ გახდა ასე საშიში სააკაშვილის რეჟიმისთვის ,,მოღალატე გენერალი?'' 
ამ კითხვას პასუხი გაეცემა მხოლოდ მაშინ, როცა ჯერ ,,ვარდების რევოლუციის'', ხოლო შემდეგ 2008 წლის ომის უამრავ შავბნელ ფაქტს ნათელი მოეფინება – რა ხდებოდა აჭარაში 2004 წელს, რატომ გამოაცხადა დაუმორჩილებლობა გენერალმა დუმბაძემ? სააკაშვილმაც, მერაბიშვილმაც და ახალაიებმაც შესანიშნავად იცოდნენ, რომ გენერალი დუმბაძე გენერალ ბორისოვსა და ასლან აბაშიძესთან მეგობრობის წყალობით უამრავ საიდუმლო ინფორმაციას ფლობდა. თუკი თვალს გადაავლებთ გივი თარგამაძისა და ვანო მერაბიშვილის საჯარო გამოსვლებს, იქაც კი წააწყდებით ,,აღიარებით ჩვენებებს'' იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომის დროს გენერალ ბორისოვს საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო კოლოსალურ თანხებზეც კი, რომლის სანაცვლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგენილიყო. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია, მართლა აპირებდნენ გარიგებას რუს გენერლებთან თუ ეს იყო ,,უტკა'' სააკაშვილის რეჟიმისთვის, ვერ გეტყვით. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ამბობენ, რომ გენერალმა ბორისოვმა რომან დუმბაძეს სწორედ ეს, სააკაშვილის რეჟიმის მაკომპრომეტირებელი ინფორმაციები გადასცა. საქმეს გრიფი ,,საიდუმლო'' ადევს.