„ოცნებას“ მერაბიშვილის ბრძანება არ გაუუქმებია – გათიშეთ შსს-ს გლობალური წვდომის სერვერი!

„ოცნებას“ მერაბიშვილის ბრძანება არ გაუუქმებია – გათიშეთ შსს-ს გლობალური წვდომის სერვერი!

8 აპრილს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტისა (კუდ-) და შსს- ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა. პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად ის პირები გამოვლინდნენ, რომლებმაც მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა განახორციელეს. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ამ დანაშაულში მონაწილე 6 პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს. იმ დღესვე, ტელეკომპანია ,,იბერიამ'' სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა - პოლიტიკოსთა პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას დუშეთის რაიონში მდებარე სასტუმრო ,,ბაზალეთში'' იღებდნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ სასტუმროს 203- ნომერში სათვალთვალო კამერა იყო დამონტაჟებული. ,,იბერიის'' გადამღები ჯგუფი სასტუმროს მფლობელსაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მის სასტუმროში პოლიტიკოსებიც დადიან და საზოგადოებისთვის ცნობილი პირებიც, თუმცა ,,საბანი არავისთვის გაუსწორებია'' და არ იცის, ეს სათვალთვალო კამერა კუდ-ის მაღალჩინოსნებმა დაამონტაჟეს თუ არა. 
კუდ-ის მაღალჩინოსნების დაკავებისა და ტელეკომპანია ,,იბერიის'' სიუჟეტმა შს ექს-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ის ბრძანება გაგვახსენა, რომელიც ძალაში 2011 წლის 15 იანვარს შევიდა. ბრძანება სათამაშო ბიზნესის ყველა ტიპის დაწესებულებაში, აფთიაქებსა და სავალუტო ჯიხურებში ისეთი ვიდეოკამერების დამონტაჟებას ითვალისწინებდა, რომლებიც შსს- სერვერთან გლობალურ წვდომაში უნდა ყოფილიყო. სასტუმროებში მსგავსი კამერების მონტაჟს ხელისუფლების მაშინდელი წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფდნენ, მაგრამ დღეს უკვე აშკარაა, რომ ამაოდ.
ბიუჯეტიდან დაფინანსებული თვალთვალი 
ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, საინტერესოა, რა თანხით ფინანსდებოდა კუდ-ი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. უფრო ზუსტად, ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადების სახით, ჩვენივე ჯიბიდან რამდენს ვუხდიდით კუდ-ისა და თბილისის მთავარი სამმართველოს მაღალჩინოსნებს, რათა ჩვენთვის უკანონოდ ეთვალთვალათ. სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ შსს-ს აქვს ცალკე კოდი - 30.00 მინიჭებული, ამის შემდეგ გვხვდება სამინისტროს სსიპ-ებისა და პოლიციის აკადემიის კოდები. მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტი პროგრამულია, კუდ-ის დაფინანსება წაშლილი მაინც არაა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროში ,,ვერსიას'' განუმარტეს, რომ შესაბამისი კითხვით ოფიციალურად უნდა მიგვემართა. ცხადია, ასეც მოვიქეცით და კანონით დადგენილ, 10 დღის ვადაში, შსს-დან პასუხს ველით, თუმცა შესაძლოა, სამინისტრომ გვიპასუხოს, რომ კუდ-ის დაფინანსების შესახებ ინფორმაცია საიდუმლოა. 
მართალია, დაკავებული მაღალჩინოსნები უკანონო თვალთვალს 2011-2012 წლებში ახორციელებდნენ, მაგრამ ეს პროცესი, როგორც ამბობენ, 2008 წლიდან დაიწყო. 2008 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 731 780 200 ლარით დაფინანსდა, 2009 წელს - 568 000 000 ლარით, 2010 წელს - 550 085 600 ლარით, 2011 წელს - 568 238 700 ლარით, 2012 წელს კი - 541 205 400 ლარით. წლების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ეს მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს მთლიან დაფინანსებას ასახავს. ამიტომ იმის დადგენა, კონკრეტულად რა თანხა ხმარდებოდა კუდ-ს, ძნელია. 
გლობალური წვდომა შსს- სერვერთან 
5 წლის წინ, 2011 წლის 15 იანვარს, ძალაში შევიდა შს მაშინდელი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბრძანება, რომლის საფუძველზეც, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში, კაზინოებში, სლოტკლუბებში, ტოტალიზატორებსა და აფთიაქებში ახალი ტიპის სათვალთვალო აპარატურა უნდა დამონტაჟებულიყო, რომელიც გლობალურ წვდომაში (ასე ეწერა ბრძანებაში) იქნებოდა შსს-ს სერვერთან. იმ პერიოდში, ,,ვერსიის'' ექსკლუზიური ინფორმაციით, სათვალთვალო აპარატურის დამონტაჟებას საშუალო და მცირე სასტუმროების მეპატრონეებსაც მოსთხოვეს, თუმცა 2011 წელს, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდნენ. 
ცხადია, სავალუტო ჯიხურებში, კაზინოებში, სლოტკლუბებში, ტოტალიზატორებსა და აფთიაქებში ამ ტიპის სათვალთვალო აპარატურის არსებობა გამართლებულია, რადგან აქ ფულის გათეთრების, აფთიაქებში კი ნარკომანიის რისკი იკვეთება. სასტუმროებში დაცვის სისტემა ისედაც ფუნქციონირებს, მაგრამ მაშინ ისეთი ვიდეოკამერის მონტაჟს სთხოვდნენ, რომელიც შსს-ს სერვერთან უნდა ყოფილიყო წვდომაში. მერაბიშვილის ბრძანება ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟებას ეხებოდა: 
,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების ორგანიზატორები ვალდებულები იქნებიან, ისეთი ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები დაამონტაჟონ, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩაწერილი ინფორმაციის გადატანას ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე (CD-ზე, ჩიპზე და ასე შემდეგ) გამოსახულების ხარისხის დანაკარგის გარეშე. გარდა ამისა, თუ აქამდე კამერის ჩაწერის ხარისხში ვიდეოგარჩევადობა 640480 პიქსელი უნდა ყოფილიყო, ახლა ჩანაწერის გარჩევადობა არანაკლებ 3 მეგაპიქსელი - 2048X1536 უნდა იყოს, ხოლო დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი ადამიანის (ობიექტის) ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას უნდა იძლეოდეს. სავალდებულოა, ვიდეოთვალთვალის აპარატურას ISO სერტიფიკატი ჰქონდეს''. 
ვიდეომეთვალყურეობის სისტემა კაზინოში იმ ადგილზე უნდა დაემონტაჟებინათ, რომელსაც შსს შეარჩევდა. დისტანციური მონიტორინგის განხორციელების მიზნით, აზარტული და მომგებიანი თამაშების ორგანიზატორი ვალდებული იყო, რომ გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა გლობალურ ქსელთან მიეერთებინა. 
მერაბიშვილის ეს ბრძანება იმიტომ გავიხსენეთ, რომ 11 და 14 მარტს, ინტერნეტსივრცეში ცალკეული პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები უკანონოდ გავრცელდა. პროკურატურის მტკიცებით, კუდ-ის მაღალჩინოსნების ბრძანების საფუძველზე, აღნიშნული მასალა ერთ-ერთ სასტუმროში უკანონოდ გადაიღეს. არადა, ,,ვერსიამ'' ჯერ კიდევ 2011 წელს შემოჰკრა განგაშის ზარი და მხოლოდ მაშინდელ ხელისუფლებას კი არა, მესამე სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებსაც მოვუწოდეთ, რომ პირადი ცხოვრება დაცული ყოფილიყო. მართალია, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დაჟინებით გვიმტკიცებდნენ, რომ ვანო მერაბიშვილის ბრძანება სასტუმროებს არ ეხებოდა, მაგრამ დღეს უკვე საწინააღმდეგოში ვრწმუნდებით. 
მცირე ამონარიდი 2011 წელს, ,,ვერსიაში'' გამოქვეყნებული სტატიიდან: 
,,დავუშვათ, ბიზნესმენი სასტუმროში თავის პარტნიორს ხვდება, სადაც ხელშეკრულება უნდა გააფორმოს. თუ ამ სასტუმროში დამონტაჟებულ ვიდეოსათვალთვალო აპარატურას გლობალური წვდომა აქვს შსს- სერვერთან, მისი კომერციული საიდუმლო არ გამჟღავნდება? ან იქნებ, ამ ბიზნესმენს არ უნდა, რომ სახელმწიფო (შინაგან საქმეთა სამინისტრო) საქმის კურსში იყოს და სკრუპულოზური სიზუსტით იცოდეს, ვის და როდის ხვდება, რა მოლაპარაკებას აწარმოებს და რა გარიგებას დებს. 
წარმოვიდგინოთ, რომელიმე პოლიტიკოსი აპირებს, რომ სასტუმროში არცთუ დელიკატური ,,ვიკ ენდი'' მოიწყოს. ამ თემის მორალური მხარის განხილვა არ მინდა, რადგან ეს არც ჩემი, არც - თქვენი და დედამიწის ზურგზე არც ერთი სულიერის საქმე არ არის. შს მინისტრის ბრძანებით დამონტაჟებული ვიდეოთვალი კარგს რომ არაფერს დააკვირდება, ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება. ყველაფერ ამას ისიც დაუმატეთ, რომ წინ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებია ანუ აშკარაა, რომ წინასაარჩევნო კამპანიისთვის ნიადაგი მზადდება. მზადება დიდი ხანია დაიწყო, მაგრამ ამ ბრძანებით, აშკარაა, რომ პოლიტიკური კომპრომატების ომი ახალ ფაზაში გადავა. კაციშვილმა არ იცის, ვის, როდის და რა ჩანაწერს აუფრიალებენ 2012 წელს!.. 
ვერაფრით გამიგია და გულწრფელად მაინტერესებს, რომელ საშტატო ერთეულს გამოყოფენ ვანო მერაბიშვილის უწყებაში, რომელსაც სხვა საქმე არ ექნება, იმის გარდა, რომ 24 საათის განმავლობაში, მხოლოდ სასტუმროებს დააკვირდეს. მერე, სად წაიღებენ ამ ჩანაწერებს, ერთმანეთზე გადააბამენ, ფილმებად აკინძავენ და რომელიმე ეროტიკულ საიტზე ატვირთავენ? იქნებ, ქართული კინოს აღორძინება უკვე იმდენად უიმედოა, რომ ამიერიდან მხოლოდ პორნოფილმების კეთებაში იქნება მისი ხსნა და საშველი?'' 
საინტერესოა, რის საფუძველზე მიიღო შს მაშინდელმა მინისტრმა ამ ტიპის გადაწყვეტილება? რა კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილება ან კანონი უდევს საფუძვლად ვანო მერაბიშვილის ბრძანებას, რომელიც ძალაში 2011 წლის 15 იანვრიდან შევიდა? ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ'' საქართველოს კანონის 24-ე მუხლის დებულებით, შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა მოქმედებდეს. სისტემა გარკვეულ პარამეტრებს უნდა შეესაბამებოდეს და ექსპლუატაციის წესების დაცვით უნდა დამონტაჟდეს. 
საქართველოს ეროვნული ბანკის ბრძანებით, იგივე რეგულაციები გავრცელდა ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში. რაც შეეხება აფთიაქებს, ამ სისტემის დამონტაჟება აუცილებელი იყო, რადგან ძალიან ხშირად, წამლები დამნაშავეთა სამყაროს სამიზნეს წარმოადგენს და ეს მხოლოდ ფსიქოტროპულ საშუალებებს არ ეხება. დამნაშავეები წარმატებით მოიხმარენ სხვადასხვა შემადგენლობის სამკურნალო საშუალებასაც, რაც ნარკომანების თავდასხმის მიზეზია. შესაბამისად, აფთიაქებიც რისკის ჯგუფს განეკუთვნება და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო, რათა შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემები დაემონტაჟებინათ. 
ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ,,ვერსიასთან'' საუბრისას ვანო მერაბიშვილის ამ გადაწყვეტილებას იმით ამართლებდნენ, რომ ტოტალიზატორებში, კაზინოებსა და სლოტკლუბებში, დანაშაულთა ძალიან დიდი პროცენტი, სწორედ ამ ტიპის ვიდეომეთვალყურეობის სისტემების საშუალებით გაიხსნა: 
,,რაც მთავარია, ეს დებულება ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მას მხოლოდ დანაშაულის გახსნის მნიშვნელობა აქვს, რადგან მას პრევენციული ხასიათი აქვს. როდესაც ადამიანმა იცის, რომ მონიტორინგი ხორციელდება, ხშირ შემთხვევაში, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენისგან თავს შეიკავებს... გარწმუნებთ, შინაგან საქმეთა მინისტრის ეს ბრძანება სასტუმროებს არ ეხება! რა თქმა უნდა, ადამიანის პირადი ცხოვრება და თავისუფლება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს აბსოლუტურად სხვა ნორმებით დაცული დებულებებია. მათი არც გამხელის უფლება აქვს ვინმეს, არც რამე ფორმით გამოყენების და ამას არავინ აპირებს. იმედია, არცერთი თანამდებობის პირი და უბრალო მოხელეც კი მსგავს ქმედებას თავში არ გაივლებს!'' 
2011 წელს, მთავრობის მაშინდელმა საპარლამენტო მდივანმა კატეგორიულად უარყო და დაგვარწმუნა, რომ მერაბიშვილის ბრძანება სასტუმროებს არ ეხებოდა, თუმცა როცა ავუხსენით, რომ წყარო ერთ-ერთიო სასტუმროს მფლობელი იყო, რომელსაც აღნიშნული ვიდეოსათვალთვალო აპარატურის დამონტაჟება მოსთხოვეს, ვერ დაუშვა, რომ ოდესმე რომელიმე მაღალჩინოსანი ამ ტიპის მასალას განასაჯაროვებდა. შინაგან საქმეთა ექსმინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბრძანება, რომელიც 2011 წლის 15 იანვრიდან მოქმედებს, ახალ ხელისუფლებას არ გაუუქმებია. შესაბამისად, სავალუტო ჯიხურებში, კაზინოებში, სლოტკლუბებში, ტოტალიზატორებში, აფთიაქებსა და, რა თქმა უნდა, სასტუმროებში დამონტაჟებული ვიდეოკამერები ისევ გლობალურ წვდომაშია ანუ შსს-ს სერვერზეა მიერთებული. 
5 წლის წინ, ,,ვერსიის'' გაფრთხილებას სათანადო ყურადღება არ მიაქციეს, ახლა მაინც დაგვიჯერეთ და შსს-ს გლობალური წვდომის სერვერი გათიშეთ!