მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში უკვე ასეულობით პედაგოგი დაწინაურდა. მიუხედავად იმისა, რომ სქემა არცთუ დიდი ხნის წინ ამოქმედდა, ამ ეტაპისთვის, 330 პრაქტიკოსი, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მატარებელი გახდა. შედეგად, მათ მდგომარეობა გაიუმჯობესეს როგორც პროფესიულად, ასევე ფინანსურად.
როგორც ცნობილია, 2015-2016 სასწავლო წელი პედაგოგებისთვის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინავლის სქემის პილოტირების წლად არის გამოცხადებული და როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, სასწავლო წლის ბოლოს გაკეთდება ანალიზი თუ რამდენად გაამართლა მოლოდინმა, რა გამოწვევების წინაშე დგას სქემა და რა ცვლილებებს საჭიროებს.
„ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სქემით გათვალისწინებული ყველა აქტივობა შუფერხებლად მიმდინარეობს: მასწავლებელთა დიდი უმრავლესობა დროულად დარეგისტრირდა ელექტრონულ სისტემაში, არ დაყოვნებულა მასწავლებელთათვის სტატუსების მინიჭება და გაზრდილი ანაზღაურების გაცემა. შეფასდა და კრედიტ-ქულები მიენიჭათ ძველ სქემაში ჩართულ მასწავლებლებს. დროულად მოხდა სკოლებში ფასილიტატორებისა და შეფასების ჯგუფების არჩევა, პერმანენტულად მიმდინარეობს მათთან ტრენინგები თუ სამუშაო შეხვედრები, გამოიცა სქემის გზამკვლევის ორი ნაწილი, რომელიც ითარგმნა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ენებზე. დაიწყო 5 კრედიტიანი ტრენინგ-პროგრამა, რომელიც სავალდებულო აქტივობაა პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის და სხვა“ - აცხადებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ექსპერტ-კონულტანტი სოფიკო ლობჟანიძე.
მისივე თქმით, სქემის ერთ-ერთი დანიშნულებაა სკოლებზე პასუხისმგებლობის დელეგირებით სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, რომელიც ურთიერთთანამშრომლობასა და გუნდური მუშაობის პრინციპებზეა აგებული, რაც მასწავლებელთა მიერ ინდივიდუალური და გუნდური პასუხისმგებლობის გაცნობიერებით მიიღწევა. ინდივიდუალურია მისი პირადი პასუხისმგებლობა თითოეული მოსწავლისა თუ სკოლის წინაშე. გუნდური კი გულისხმობს თითოეული მასწავლებლის, როგორც კოლექტივის წევრის პასუხისმგებლობას. სწორედ პასუხისმგებლობის ეს ორივე დონე განაპირობებს თანამშრომლობითი კულტურის დამკვიდრებას სკოლაში, რაც, თავის მხრივ, აუმჯობესებს მოსწავლეთა შედეგებს, ზრდის მასწავლებელთა პროფესიონალიზმს, ხელს უწყობს თანამოაზრეთა გუნდის შექმნას.
მისივე თქმით, კვლევებით ასევე დადასტურებულია, რომ თანამშრომლობით გარემოში მასწავლებელი პოზიტიურად არის განწყობილი საქმისადმი. სქემით გათვლილი აქტივობები კი პირდაპირ თანამშრომლობითი კულტურის დამკვიდრებისკენ არის მიმართული: „მასწავლებლები ეხმარებიან ერთმანეთს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური საქმოქმედო გეგმის შედგენასა და განხორციელებაში, კრიტიკულად აფასებენ ერთმანეთის განხორციელებულ აქტივობებს, აძლევენ განმავითარებელ კომენტარებს და ცდილობენ დაეხმარონ ერთმანეთს პრობლემის გადაჭრაში, სიძნელეების დაძლევაში. სასწავლო პროცესის დახვეწისა და თითოეული მასწავლებლის პროფესიული ზრდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლების ურთიერთდახმარების უნარ-ჩვევების განვითარებას, რასაც ხელი უნდა შეუწყოს სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ფასილიტატორის ინსტიტუტის დაარსებამ“ - აცხადებს ლობჟანიძე.
ხაზგასასმელია, რომ სქემის ფარგლებში ქართველ პედაგოგებთან ერთად, განსაკუთრებული მიღწევები აქვთ არაქართულენოვან პედაგოგებსაც. მარნეულის N2 საჯარო სკოლაში ერთდროულად პირველად ჩააბარა გამოცდა 18-მა არაქართველმა პედაგოგმა. სკოლის რამდენიმე პედაგოგს ორი საგნის სერტიფიკატიც აქვს. ამ ეტაპზე 81 მასწავლებლიდან საგანჩაბარებულია 38, მათ შორის 8 უფროსი პედაგოგია.
„სკოლას ერთი წლის წინ, მხოლოდ ერთი სერტიფიცირებული მასწავლებელი ჰყავდა. გასულ წელს საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდა 21 მასწავლებელი და მათგან თვრამეტმა პედაგოგმა წარმატებით გაიარა საგნის გამოცდა. წლევანდელ გამოცდაზე 23 მასწავლებელი გავიდა და ოცმა მასწავლებელმა ჩააბარა. წინასაგამოცდო პერიოდში მიმდინარეობდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგები. ცენტრიდან მოვლენილმა ტრენერტმა ელმირა ზოგრანიანმა ადგილზე დაატრენინგა მასწავლებლები და შედეგიც მივიღეთ“ - ამბობს მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ხუხუა.
ამავე სკოლის პედაგოგია პროფესიით იურისტი თემურ სუყაშვილი, რომელიც 330 დაწინაურებული პედაგოგიდან ერთ-ერთია:
„2013 წელს, მეგობრის რჩევით გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო პროექტში „ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“. კონკურსის შედეგად მოვხვდი საზღვრისპირა რეგიონში, სოფელ სადახლოში, სადაც ორი წლის განმავლობაში ვასწავლიდი ქართულს, როგორც მეორე ენას. ბავშვებთან მუშაობის და საკლასო გარემოში მოხვედრისთანავე, გავაცნობიერე, რომ მასწავლებლობა იყო ის საქმე, რითაც შევძლებდი საკუთარი ცოდნის რეალიზებას და თვალნათლივ დავინახავდი ჩემი მუშაობის შედეგს.
2015 წლიდან მუშაობა გავაგრძელე მარნეულის N2 საჯარო სკოლაში სახელმწიფო ენის მასწავლებლად. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ამოქმედება. სკოლამ საკუთარი სახსრებითა და მასწავლებლის სახლის მხარდაჭერით აქტიურად დაიწყო პედაგოგების მომზადება, რათა მათ ჩაებარებინათ საგნის გამოცდა. ვინაიდან ჩაბარებული მქონდა პროფესიული უნარების გამოცდა, საგნის ჩაბარების შემდეგ მომენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის პირველ ეტაპს წარმოადგენდა თვითშეფასების კითხვარის შევსება. კითხვარის შევსების დროს, გავაანალიზე ჩემი პედაგოგიური გამოცდილება, შევაფასე ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები და საჭიროებებზე დაყრდნობით შევადგინე სამოქმედო გეგმა. სქემის ამოქმედებამ გამოიწვია მასწავლებლის მოტივაციის ზრდა და პროფესიული განვითარებით დაინტერესება. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი სკოლის პედაგოგების საგნის გამოცდებში მონაწილეობა და მიღწეული შედეგი.
ამჟამად ვაწარმოებ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას და კონსულტირებას ვუწევ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. ეს დამატებითი აქტივობა სხვა სავალდებულო აქტივობებთან ერთად დამეხმარება კრედიტქულების მოპოვებაში. ვფიქრობ, აღნიშნული მიდგომა საბოლოო ჯამში მოიტანს შედეგს, რომ მალე შევძლებ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას“ - აცხადებს თემურ სუყაშვილი.
თბილისის N123-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა მაია ნოზაძემ საგნის გამოცდა 2016 წელს ჩაბარა და მოქმედი სქემის ფარგლებში, უფროსი მასწავლებელი გახდა. პედაგოგი დარწმუნებულია, რომ მასწავლებელი, მუდმივად უნდა ზრუნავდეს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, რათა შეძლოს XXI საუკუნის გამოწვევების გათვალისწინებით წარმატებული მოსწავლის აღზრდა: „მუდმივად ვეძებ სიახლეებს და ვცდილობ კრეატიული იდეებით გავამრავალფეროვნო სასწავლო პროცესი.
სქემის ფარგლებში მასწავლებლები მოტივირებულები ვართ ვიზრუნოთ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და შესაბამისად, მივიღოთ მზარდი ანაზღაურება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარება დამოკიდებულია იმაზეც, რამდენადაა სკოლაში თანამშრომლობითი გარემო. როგორ ხდება ინფორმაციის გაზიარება კოლეგებს შორის, რამდენადაა განვითარებული კომუნიკაცია თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის.
მოქმედი სქემის მიმართ ზოგიერთი მასწავლებელი სკეპტიკურად განეწყო, მაგრამ თუ მასწავლებლები გავითვალისწინებთ ერთმანეთის რჩევებსა და რეკომენდაციებს, ეს პრობლემა დაძლევადი იქნება.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საკუთარი პროფესიული განვითარების მიზნით ვსწავლობ დოქტორანტურაში და მუდმად ვცდილობ მიღებული ცოდნისა და ინოვაციური მიდგომების სასწავლო პროცესში ინტეგრირებაზე.
ჩემი გამოცდილება და ის, რაზეც ვსაუბრობ, დარწმუნებული ვარ სხვა პედაგოგებისთვისაც ნაცნობია. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ წარმატებას და დარწმუნებული ვარ, ამას შეძლებენ“ - აცხადებს პედაგოგი.
თბილისის N190 საჯარო სკოლის დაწყებითი სწავლების პედაგოგი ფიქრია გოდერძიშვილი იმ მასწავლებლების რიცხვს მიეკუთვნება, ვინც დაწინაურების მოკლე გზა გაიარა და ახლახანს მოიპოვა უფროსი მასწავლებლის სტატუსი:
„როდესაც გამოცდებს ვაბარებდით, იმედი გვქონდა, რომ ჩვენი პედაგოგიური ცოდნა და გამოცდილება დაფასდებოდა, მასწავლებელი მიიღებდა მატერიალურ წახალისებას, ექნებოდათ კარიერული წინსვლის მოტივაცია. სწორედ ამიტომ, პედაგოგებმა საჭიროდ ჩავთვალეთ ამ გამოწვევის მიღება, რაშიც მასწავლებელთა სახლში ჩატარებული ტრენინგებიც დაგვეხმარა. ჩვენი აზრით, გამოცდები საკუთარი თავის მობილიზაციის მექანიზმია, თუმცა ის არ უნდა იქცეს შეფასების ერთადერთ კრიტერიუმად. სწორედ ამის შესაძლებლობას ქმნის ახალი სქემა - დღეს უკვე შესაძლებელი გახდა, რომ მასწავლებელი შეფასდეს სკოლაშივე, გაკვეთილების ჩატარების პროცესში, საკუთარი კოლეგების მიერ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვიდეო გაკვეთილები საშუალებას გვაძლევს გავიზიაროთ ერთმანეთის გამოცდილება. ეს კი სქემის მნიშვნელოვანი მონაპოვარია“ - აცხადებს პედაგოგი.