რა საიდუმლო წესებს იცავდა ქართველი კაცი ჩურჩხელის გაკეთებისას

რა საიდუმლო წესებს იცავდა ქართველი კაცი ჩურჩხელის გაკეთებისას

ის, რომ ქართველი კაცის ყოფიერებაში ვაზის მოვლას, ყურძნის დაკრეფას, დაწურვას, ღვინის დაყენებას ძალიან დიდი, მისტიკური მნიშვნელობა, დატვირთვა ჰქონდა, არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. გარდა ამისა‚ ქართველი კაცი ღვინის ჭურჭელსაც განსაკუთრებულად არჩევდა და ამზადებდა. ჩურჩხელაში კი‚ რომელიც დღეს მხოლოდ გემრიელი ნუგბარია, სინამდვილეში, ასევე დიდი საიდუმლო და მისტიკა იყო ჩადებული. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი.

ბატონო ნოდარ, დღეს ყანწს ქართულ სუფრაზე განსხვავებული სასმისის ფუნქცია აქვს. თუმცაროგორც ცნობილია, ძველად მასში სულ სხვა საიდუმლო იყო ჩადებული. და, საერთოდ, არის თუ არა ყანწი ქართული სასმისი?

– ყანწი იმდენად გვიან შემოვიდა საქართველოში, რომ‚ როგორც სასმისი‚ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონშიც კი არ გვხვდება. ქართველისთვის ღვინის სმაში შეჯიბრება წარმოუდგენელი იყო, თუმცა, მოგვიანებით‚ ძალიან ლამაზი, ინკრუსტრირებული ყანწებიც გაჩნდა. ყანწს უძველესი დროიდან სხვა დანიშნულება ჰქონდა. მაგალითად‚ ბიბლიაში წერია: ყანწი თუ ამ მხარეს არის მობრუნებული, მაშინ იმ ქვეყნის საქმე კარგად არის, ან – პირიქით. ყანწი, ასევე, იყო სიმბოლო სიუხვისა, ამიტომ ზოგიერთ ქვეყანაში სახლებში ჰქონდათ ჩამოკიდებული და ეს მიუთითებდა ამ ოჯახის სიძლიერესა და სიმდიდრეზე.  ყანწს ძალიან ბევრი ფუნქცია ჰქონდა. სამწუხაროდ‚ ჩვენთან ეს ფუნქციები დავიწროვდა და ყანწი ღვინის სმაში შეჯიბრების სიმბოლოდ იქცა. ქართველებს სად ეცალათ იმისთვის, რომ ერთმანეთს სმაში შესჯიბრებოდნენ! ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვაჟკაცობაში და არა ღვინის სმაში. როგორც წესი‚ საღვინე ჭურჭელიც კეთდებოდა ვერცხლისგან ან თიხისგან, ანუ, ეს იყო ვერცხლის თასი და თიხის ფიალა და ორივეს არაჩვეულებრივად საინტერესო დანიშნულება ჰქონდა. როგორც იცით‚ ვერცხლი მთვარის ნიშანი იყო, მთვარე კი, თავისი ზემოქმედებით, სიბნელეში, ღამით იცავდა ადამიანს. ვერცხლის თასში ჩასხმული შავი ღვინო, რომელსაც დღეს წითელ ღვინოს ვეძახით, ანუ – მთვარე და ღამე, საოცარ ჰარმონიას ქმნიდა და ღვინის სმა საკულტო რიტუალამდე მიდიოდა. ბუნებრივია‚ ღვინის სმა ვერ იქნებოდა შეჯიბრება – ეს დაუშვებელი იყო, რადგან ის იქცეოდა რიტუალის მიმართ მკრეხელურ დამოკიდებულებად. რამდენად მისაღები იქნებოდა ეს უკვე ქრისტიანობის დროს, როდესაც ღვინო ქრისტეს სისხლი გახდა, ადამიანები კი ერთმანეთს ქრისტეს სისხლის სმაში ეჯიბრებოდნენ – ესეც საშინელი მკრეხელობაა. ანუ‚ ძველად საქართველოში ღვინის სმის სულ სხვა კულტურა იყო.

ქართველი კაცი იმასაც აქცევდა ყურადღებასსადამდე უნდა ყოფილიყო სასმისი შევსებული?

– დედამიწის ნიშანი იყო 5 რიცხვი: მათ, კუთხეების მიხედვით‚ ოთხი სიმბოლო და ფერი შეესაბამებოდა: ცეცხლი, რომელიც წითელი ფერის იყო; წყალი, რომელსაც შავი ფერი ჰქონდა; ლითონი, რომელიც დასავლეთს გულისხმობდა, მაგარს, მყარს და აღმოსავლეთი იყო მწვანე ფერი. ცენტრი კი იყო მზის ნატეხივით ყვითელი, ესე იგი, სულ გამოდიოდა ხუთი ფერი, ხუთი სიმბოლო. ანუ, თასს შემოავლებდნენ ხოლმე ხუთ წრეს, რომელთაგან ოთხი წარმოადგენდა სამყაროს ოთხ კუთხეს, ხოლო მეხუთე ცისა იყო და მეხუთე წრემდე უნდა დასხმულიყო ღვინო. რადგან ეს ოთხი წრე სამყაროს ოთხ კუთხეს წარმოდგენდა, სასმისი ოთხ წრემდე უნდა გავსებულიყო და მეხუთე უკვე ცის შვიდეულში გადასასვლელი იყო. რაც შეეხება თიხის ფიალას, ის არ კეთდებოდა ჩვეულებრივი თიხით აუცილებლად სამკურნალო თიხა უნდა ყოფილიყო. არა მხოლოდ უძველესი თიხის ჭურჭელი, არამედ, ის კრამიტები, რომლებითაც სახლებია გადახურული, ფხვნილად რომ ვაქციოთ, ისიც კუჭის სამკურნალოდ გამოიყენება, ოღონდ, სხვადასხვა რაღაცეების შეზავების შემდეგ. ადამიანიც ხომ თიხისგან შეიქმნა, ამიტომ, ადამიანისთვის ის თიხაც მარგებელი უნდა ყოფილიყო და არა მხოლოდ ჭურჭელი, რომელშიც სასმელს ჩაასხამდნენ.

ქართველებს განსაკუთრებულად გვიყვარს თათარა, ჩურჩხელები, თუმცა არასდროს გვიფიქრია იმაზე, თუ რა მისტიკას დებდა ქართველი კაცი მის მომზადებაში.

– დასავლეთ საქართველოში ფელამუშს „გულის მჭადისგან“ ამზადებდნენ. როდესაც სიმინდი იფქვება, პირველი ნაფქვავი შუაში გუნდასავით იყრება და სწორედ მას უწოდებენ „გულის მჭადს“ და ის ყველაზე სასარგებლოა. როდესაც ბავშვებისთვის აკეთებდნენ ფელამუშს, სწორედ ამ გულს ამოიღებდნენ და მჭადსაც იმით აცხობდნენ. ეს ტრადიცია ჩვეულებრივ ფქვილზეც გადმოდიოდა. ერთადერთი‚ რასაც აუცილებლად იცავდნენ დასავლეთ საქართველოში, ის იყო, რომ ფელამუში ძალიან  კრიალა უნდა ყოფილიყო, ახლა ცოტა მღვრიეა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანჯუხა თავისი ნოყიერებით კახურ ჩურჩხელას ვერ შეედრება, მასაც თავისი დანიშნულება ჰქონდა. თუ დასავლეთის იმდროინდელ ჭაობიან ადგილებს, რთულ გასასვლელებს ვიგულისხმებთ, ამ ყველაფერზე ძალიან კარგად იყო გათვლილი. ამერიკელებს აქვთ შესანიშნავი გამოკვლევა, ჭაობიან და რთულად გასავლელ ადგილებში ვინ უფრო იოლად გადის, ანუ, უკეთ გადის ის, ვინც უფრო გამხდარი, ხმელი აგებულების არის და ჯმუხია. ჩურჩხელაც, თითქოს, სწორედ ასეთი ხმელი აგებულების ადამიანებისთვის არის გათვალისწინებული. იოანე პეტრიწს მუსიკაში ერთი ძალიან კარგი ტერმინი აქვს ნახმარი – „შეყოვლება“. ეს იყო ისეთივე მთლიანობა, როგორიც სამების მთლიანობაა. სამებაში მამა, ძე და სულიწმიდა ერთდროულად იბადება. ანუ, ეს „შეყოვლება“ არის სამება, სამების რიცხვი კი იყო ცხრა, თუმცა, ცხრა რიცხვი სხვა ერებსაც ჰქონდათ, მაგრამ ქართველების ცხრა სხვანაირი იყო და ძალიან საინტერესო. ცხრა იყო ჩვენი ცენტრი და რადგან შეყოვლება იყო, ამიტომ, ის მარადისობაში უნდა გადასულიყო. მარადისობაში კი მაშინ გადავიდოდა, თუ მუდამ წრეში მოვაქცევდით. 

რას გულისხმობთ?

– მოდი, ცხრა მოვაქციოთ ცენტრში. მაქსიმუმი და მინიმუმი რომ ავიღოთ, ცხრაჯერ ორი იქნება 18, ხოლო ცხრაჯერ ცხრა – 81, 18 და 81 კი ერთმანეთის სიმეტრიულია. ასე გრძელდება მერეც, ცხრაჯერ სამი არის 27, ხოლო მისი მარცხენა მხარე იქნება 72. ასე მივიღებთ მარადისობის წრეს და ეს მარადისობა იყო ცხრა რიცხვში ჩადებული. ამას არ მოვყვებოდი, ჩურჩხელა ცხრა ელემენტისგან რომ არ  შედგებოდეს. სხვათა შორის, რომაელებს, ბერძნებს  ჰქონდათ სპეციალური საკვები, რომელსაც ომში წასულ მხედრებს ატანდნენ, მათ საკვები მძივებივით ჰქონდათ ასხმული და იმით იკვებებოდნენ. მაგრამ, ქართული ჩურჩხელის ანალოგი არსად არ არსებობს. პირველი – ჩურჩხელა რომ შეკრულიყო, მას ფქვილი სჭირდებოდა; საკვებად კარგი და კალორიული რომ ყოფილიყო, მას ნიგოზი, თხილი, ნუში, ან ყურძნის ჩამიჩი უნდა ჰქონოდა, მაგრამ, ეს არ უშველიდა ტყეში გასულ მეომრებს, რომლებიც მტერს ელოდებოდნენ. იქ‚ ვინ იცის‚ რა წყალი იყო და, შეიძლება ის ორგანიზმისთვის მავნებელი ყოფილიყო, ამიტომ, ის რომ გაენეიტრალებინათ და რომ არ ეწყინა ადამიანისთვის, ჩურჩხელაში ამის ელემენტიც იყო ჩადებული, ისევე, როგორც სიცხისა და სიცივის გამაწონასწორებელი ელემენტები. საბოლოო ჯამში, ყველა ეს ელემენტი, ძალიან საინტერესო პროპორციებით თავმოყრილი, ძაფის ჩათვლით, რომელიც იყო მეცხრე, ჩადებული იყო ჩურჩხელაში. დღეს კი დაგვრჩა მხოლოდ ოთხი: ფელამუში, ნიგოზი, ფქვილი და ძაფი, დაგვაკლდა ხუთი და ეს ხუთი სამკურნალოდ შეგვეძლო, გამოგვეყენებინა. რაც შეეხება ცხრა ელემენტს, რამდენიმეს დავასახელებ: ერთი იყო ბროწეულის წვენის ნახარში, რომელიც კუჭისთვის ძალიან სასარგებლოა; მეორე – ატმის ჩირი და ასე შემდეგ. ასეთ ჩურჩხელას გემოც შესანიშნავი ჰქონდა. გარდა ამისა‚ დიდ ყურადღებას აქცევდნენ ჩურჩხელის ამოვლებას: როგორი ტიპის ცეცხლზე უნდა ედუღებინათ, როგორი წყალი უნდა მოეტანათ – ყველაფერს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. რაც მთავარია‚ თათარის მოსადუღებლად აუცილებლად უნდა იყოს შეშის ცეცხლი და, საერთოდ, შეშას ძალიან საინტერესო ბუნება აქვს. ხეს აქვს მრგვალი მონახაზები და, როდესაც ის იწვის, გამოყოფს იმ ინფორმაციულ ველებს, რომლითაც ეს მონახაზები დამრგვალდა. ეს ტორსული, ინფორმაციული ველებია, ამიტომ, როდესაც ქვაბი დაბლა, სიღრმეშია და არა ზედაპირზე, ალი მასში თანაბრად ნაწილდება. მაგრამ, თუ ქვაბს ზევით დავდგამთ, ის მხარე გაცხელდება, რომლისკენაც ალი მიდის და ის მხარე იქნება ცივი, საიდანაც უბერავს ნიავი. ანუ, ქვაბი თანაბრად უნდა გაცხელდეს. თუ ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ დუღილი ცალმხრივად წარიმართოს, ქვაბის ერთ ნაწილში იქნება ნაკლები ინერცია, მეორეში – მეტი და თათარა „აგვიჭრელდება“, ანუ, თუ ერთ მხარეს ამოავლებთ ჩურჩხელას, ადრე გაშრება, მეორე მხარეს – გვიან და ეს შექმნის სხვადასხვა ფენას, მათ შორის კი გაჩნდება ობი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოუვლი ჩურჩხელას. ძველად მას სხვენში კიდებდნენ და მის გვერდზე აუცილებლად დებდნენ სურნელოვან ვაშლს, მსხალს, რადგან, ის ხელს უწყობს ჩურჩხელას, რომ, რაც დრო გადის, კიდევ უფრო გემრიელი გახდეს. სხვენში აუცილებლად უნდა ყოფილიყო გამჭოლი ნიავი. ჩურჩხელებს ძალიან საინტერესოდ – ჯვარედინად ალაგებდნენ, რადგან, არ შეიძლება, ჩურჩხელა ძალიან გამოშრეს ან დალბეს.