მერაბიშვილის ფარული ხელი ბედუკაძისა და ინაშვილის სკანდალში

მერაბიშვილის ფარული ხელი ბედუკაძისა და ინაშვილის სკანდალში

გლდანის მე–8 დაწესებულებაში პატიმრების წამების ამსახველი კადრების გავრცელებამ, შეიძლება ითქვას, არჩევნების ბედი გადაწყვიტა. მონოლითურმა მმართველმა იმდენად დამანგრეველი დარტყმა მიიღო, რომლის ზემოქმედებაც ჯერ კიდევ გრძელდება. თითქმის შეუმჩნეველი დარჩა დაუმორჩილებლობის ისეთი დემონსტრირება, როგორიც მანამდე წარმოუდგენელი ჩანდა. „ყვითელ მარშრუტკებზე“ ძალადობრივად გადასმულმა და კაბალური ხელშეკრულების ტყვეობაში მყოფმა მძღოლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ პლაკატები მანქანებიდან ერთიანად ჩამოხსნეს, ჯერ კიდევ მმართველი პარტიის წიაღიდან ადამიანებმა გამოსვლა დაიწყეს, დაიწყო თბილისის საკრებულოს „ნაციონალური“ ფრაქციის რღვევა.

რომ არა ეს სკანდალური ჩანაწერები, არჩევნების შედეგები, შესაძლოა, საპირისპირო ყოფილიყო. მით უფრო, რომ NDI–ის კვლევებმა ამომრჩეველი უკვე შეაჩვია „ნაცმოძრაობის“ გამარჯვებას. და სულ რაღაც ორ კვირაში არჩევნების შემდეგ ახალი სკანდალი მომწიფდა. ჩანაწერების ავტორმა სინანული გამოთქვა ფირების სააშკარაოზე გამოტანის გამო. იგი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვდა. ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ბრიუსელში მერაბ ბლადაძესა და ბედუკაძის მეგობარ ჭელიძეს შორის. „ობიექტივის“ ხელმძღვანელის – ირმა ინაშვილის თბილისში დაბრუნებას მისი მედიაკავშირის წევრებმა ეროვნული გმირის დახვედრის ხასიათი მისცეს.

17 ოქტომბერს კი „ფეისბუქში“ ბედუკაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც იგი აცხადებს: „ინაშვილს მე საერთოდ არ ვიცნობდი და არ ვიცოდი ამ ქალბატონის საერთოდ არსებობის შესახებაც კი, მითუმეტეს მისი ამ პროცესში ჩართულობის შესახებ. ვამხილებ და ბოლომდე ჩავყვები მაგ არსებას და განმარტოს, როგორ მოიპოვა მასალები, როგორი გმირია! აგენტიც ვყოფილვარ ესე იგი და გამომიყენეს. („ბედუკაძე ჩემს თვალში, ერთი აგენტია, რომელიც გადმოვიბირეთ და მოიტანა ეს მასალები! ეს ჩვეულებრივი ცნობილი ხერხია! მოვახერხეთ და მოვატანინეთ!!!“ – თქვა ინაშვილმა ლადო ბედუკაძეზე.)“

„საქართველო და მსოფლიო“ შეეცადა, ორივე მხარეს დაკავშირებოდა, თუმცა ირმა ინაშვილმა არ გვიპასუხა, ხოლო „აგენტისთვის“ ერთობ სიტყვაუხვმა ბედუკაძემ ინტერვიუ მოგვცა.

ვლადიმერ ბედუკაძემ ინტერვიუ ჩვენთან შეკითხვით დაიწყო:

- გააკეთა კომენტარი ქალბატონმა ინაშვილმა?

ხვალ გააკეთებს ბრიფინგზე.

- აუცილებლად კითხეთ, რატომ ახდენენ ჩემს დისკრედიტაციას? რას ქვია გამომიყენე?

ირმა ინაშვილის სტატუსი თუ ნახეთ ფაცებოოკ-ზე? თქვენთან დაკავშირებით ამბობს, რომ თუ არაობიექტივი,“ ლადო ბედუკაძე ისევ ციხეში იქნებოდა და წამების კადრებით იქნებოდა დაკავებულიო...

- გაგიჟდა...

რომ არ ყოფილიყო ირმა ინაშვილი, დაობიექტივი“, იმუშავებდა თუ არა ბედუკაძე დღესაც ციხეში და იქნებოდა თუ არა წამების კადრების გადაღებით დაკავებული?

- მე მკითხოს ერთი. კვლავ გიმეორებთ, ამ ქალბატონის ინტერესი იყო და არის ჩემი დისკრედიტაცია. ძალიან შეეშალათ და ვერ გათვალეს. რა უნდა მაგით თქვას? მე ვენდე ერთ ადამიანს, რომელსაც პირდაპირ ასე ვუთხარი, როცა კადრებს ვაძლევდი: გაბარებ ადამიანთა ბედს–მეთქი. ცხვარივით ვენდე და რა გამოვიდა? გამყიდეს ოჯახიანად, მეგობრებიანად. ის 2 მართლა ვაჟკაცი დღეს აქ უნდა ყოფილიყო ჩემთან ერთად. ეს იყო მაგათი გეგმაა?

 ვინ ორი ვაჟკაცი?

- ფარულავა და აკობია!

დათა აკობიასა და ბორის ფარულავაზე საუბრობთ?

- დიახ, რომლებსაც უნდა დაედასტურებინათ ჩემი კავშირი თამაზაშვილთან. აკობიამ ითანამშრომლა კიდეც გამოძიებასთან, ხვდებით, ალბათ...

თქვენ როგორ მოხვდით ბელგიაში?

- მეგობრის დახმარებით, რომელიც დღეს არ ჩანს.

ეს ის მეგობარია, რომელმაც ინაშვილს ვიდეოკადრები გადასცა?

- დიახ.

როდესაც 20 სექტემბერს ყვებოდით, რომ ახალაიასთან იყო მასალები და თქვენთან მხოლოდდაბრაკულიმასალები ინახებოდა, ახლა აღარ ადასტურებთ?

- ვინ თქვა, რომ არ ვადასტურებ?

ის, რომ ბაჩო ახალაიაც მონაწილეობდა პატიმართა წამებაში, ამასაც ადასტურებთ?

– ბაჩო ახალაიაც მონაწილეობდა.

როდესაც ამას ამბობდით, ახალაია ჯერ კიდევ თანამდებობაზე იყო. მაშინ ამის თქმა არ შეგეშინდათ, ახლა რატომ ამბობთ, რომ შესაძლოა თქვენი ლიკვიდაცია მოხდეს?

- ახალაიაა მარტო ბუა?

რატომ ნანობთ ამ ყველაფერს?

– ვთქვი, რომ ვნანობ. მე ამას სამშობლოსთვის ვაკეთებდი. არ მინდოდა ქუჩაში დამცირებული, ღირსებაშელახული ქართველი შემხვედროდა. აუცილებლად უნდა შეწყვეტილიყო ის ცემა, წამება, რაც წლები გრძელდებოდა ციხეებში და რა გამოვიდა? მიშას აგენტი ვარ? „დამავერბოვკეს“ არა? და ვინ აკეთებს ასეთ განცხადებებს? ის ხალხი, ვისაც პრეტენზია აქვს სააკაშვილის რეჟიმის მხილებისა!

თქვენ იმ ინტერვიუში ამბობდით, რომ ინაშვილი დაობიექტივივანო მერაბიშვილთან არიან შეკრულები და წამების კადრების გავრცელება სულაც არ იყო იმისთვის, რომქართულ ოცნებასგაემარჯვა და ხალხი ქუჩაში გამოსულიყო. ამბობთ, რომ სულ სხვა რამის გამო იყო დაგეგმილი. რას გულისხმობთ  ამსხვა რამეში“?

- მე თუ მიშას აგენტი და „დავერბოვკებული“ ვარ, ეგენი ვინ არიან, აბა?! სხვა რამესთან დაკავშირებით დაველოდები ინაშვილის ვრცელ, ყოვლისმომცველ პრესკონფერენციას.

ჟურნალისტი ირმა ინაშვილი თქვენს ბრალდებებს აბსურდსა და ცილისწამებას უწოდებს.

მისი თქმით, თქვენ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებული პირების გარემოცვაში იმყოფებით. მაგალითისთვის, ვინმე ვიქტორ ჭელიძე, რომელიც თაღლითობასა და ქურდობაში არაერთგზისაა მხილებული. „ლადო ბედუკაძე, რომლის ფსიქიკური მდგომარეობა, გასაგები მიზეზების გამო, მძიმეა, სწორედ ჭელიძის გავლენის ქვეშაა. ამიტომ ხშირად ცვლის  ჩვენებებს: ხან ნანობს, რომ ცნობილი კადრები გაავრცელა, ხან გმირობა უნდა. ხან გაუპატიურების ფაქტებს გმობს, ხან ამტკიცებს, რომ .. ცოცხის კადრებში არაა გაუპატიურების სცენა, არამედ მხოლოდ დაცინვის მეთოდი ყოფილა გამოყენებული. მისი მიზანია არა მარტო ირმა ინაშვილზე შურისძიება, არამედ ბედუკაძის, როგორც მოწმისჩახსნაბრიუსელის სარჩელიდან, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ადვოკატი დამნაშავე პირების დასჯას ითხოვს. სააკაშვილსაც და მერაბიშვილსაც გასამართლების შიში აქვთ. ბედუკაძე აქ მხოლოდ ინსტრუმენტია“,– აცხადებს ირმა ინაშვილი.

- ინაშვილი ბოდავს უკვე. ინსტრუმენტი ვინაა, იმასაც ვნახავთ. გიჟიც ვყოფილვარ თურმე...

თქვენი ოჯახი, როგორც ვიცით, სტამბულშია. მათ ბელგიაში არ უშვებენ. სტამბულში ჩასვლას თქვენ ხომ არ აპირებთ?

– ამათაც ეს არ უნდათ?!

მეგის ქარდავა იყო ბელგიაში სტამბულის გავლით. თქვენ ოჯახს ხომ არ შეხვედრია?

– ვინ ქარდავა?

ახალაიას უახლოესი ადამიანი. მისი მეგობარი, კლასელი.

– არა, არ შეხვედრია.

და რით არსებობთ მანდ. ფული გაქვთ?

– დამეხმარა ერთ–ერთი ცნობილი ქართველი მეცენატი, რისთვისაც ვუხდი დიდ მადლობას.

ბიძინა ივანიშვილს ხომ არ გულისხმობთ?

– არა.

ხომერიკის სახელმა გაიჟღერა თქვენთან დაკავშირებით და იმან ხომ არ დაგაფინანსათ?

– არა.

როდემდე აპირებთ ასე ცხოვრებას, თქვენი ოჯახისგან შორს?

– არ ვიცი.

მაინც რა საიდუმლო იმალება ამ სკანდალური ჩანაწერების უკან და რამ დააპირისპირა გუშინდელი მოკავშირეები? ერთის მხრივ, უცნობი ადამიანისთვის ფირის გადაცემა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამას ბედუკაძე ასე განმარტავს: „მე კადრები ირმა ინაშვილისთვის არ გადამიცია. ვენდე ადამიანს, რომელმაც ან მიღალატა და გამყიდა ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, ან ისიც შეცდომაშია შეყვანილი. ეს მან უნდა აღიაროს და გადადგას კაცური ნაბიჯი“.

ვიდრე ამ უცნობს „კაცური ნაბიჯი“ გადაუდგამს, ჩვენ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეგვიძლია: ბედუკაძე ან ირმა ინაშვილის გმირად ქცევამ გააღიზიანა, ან ვერ მიიღო რაღაც სხვა, რის გამოც ეს ნაბიჯი გადადგა. „გამომიყენეს და გადამაგდეს ნაძირალა ჯალათი,ესე უნდათ წარმოჩინდეს ყველაფერი არა??? არ გამოუვათ! არა! ვპირდები“! შემდეგ კი ბედუკაძე პირდაპირ ხელს ადებს ინაშვილს და მის თანამოაზრეებს: „ისინი არიან შეკრულები ივანე მერაბიშვილთან! ეს არის ჩემი ვარაუდი და ვეცდები ფაქტებით დავადასტურო“.

რაში დასჭირდა ვანო მერაბიშვილს სისტემის დამანგრეველი ჩანაწერის გავრცელება? შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ირმა ინაშვილმა თავად განაცხადა, რომ ჩანაწერი მას მერაბიშვილის მოადგილემ გადასცა. თუ ასეა, საიდან და რატომ გამოჩნდა ბედუკაძე, ან რატომ აცხადებს დღეს იგი, რომ პროცესი მერაბიშვილისგან იყო მართული? თუ გავიხსენებთ ბედუკაძის ინტერვიუს კიდევ ერთ ფრაგმენტს, რომელშიც იგი ამბობს „ახალაიას კადრები მე არა მაქვს, მაგრამ ექნება ინაშვილს იმ საათნახევრიან ჩანაწერში, როგორც თვითონ ამბობდა, რომ აქვს“, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს ორ სხვადასხვა ჩანაწერთან.

არსებობს კიდევ ერთი ვარაუდის საფუძველი: მერაბიშვილმა, რომელსაც ივანიშვილი ბოლო დრომდე ნაციონალურ ხელისუფლებაში „ყველაზე დაბალანსებულ ფიგურას“ უწოდებდა, ამ ვიდეოჩანაწერების გავრცელებით „ჩახსნა“ ძმები ახალაიები, რომელთა გავლენა სააკაშვილის კარზე მეტისმეტად დიდი იყო. მეორე ვარაუდი გაცილებით უფრო ტრივიალურია: ბედუკაძეს ამ ჩანაწერების „გალეგალურებისთვის“ დიდი თანხა უნდა მიეღო, მაგრამ ვერ მიიღო. აღარ გადაუხადეს, თუ გადახდილი თანხა სხვის ხელში აღმოჩნდა, ცხადია, არ დაიმალება.

ასეა თუ ისე, ირმა ინაშვილის მიერ აღებული ტაიმ–აუტი ერთობ საეჭვოდ გამოიყურება. როგორ უპასუხებს იგი ბრალდებებს მერაბიშვილთან კავშირისა და „სხვა მიზნების“ შესახებ, რატომაც გაავრცელა ეს ჩანაწერი, ამას, ალბათ ხვალისთვის დაანონსებულ პრესკონფერენციაზე შევიტყობთ.