არმაზ ახვლედიანი -

არმაზ ახვლედიანი - "ოცნებამ" ყველა შანსი გაუშვა, რეტროგრადი ლიდერები კატასტროფულად თვითკმაყოფილები არიან"

"ჯანსაღ გარემოში პარტია "ქართულ ოცნებას" დამაჯერებელი გამარჯვების მიღწევა ძალიან გაუჭირდება. ამ შემადგენლობით ეს შეუძლებელიც კია. რაც შეეხება "ქართული ოცნების", როგორც პარტიის, განახლებას, ამის სულ უფრო და უფრო ნაკლებ შანსს ვხედავ იმიტომ, რომ "ოცნებამ" ყველა შანსი გაუშვა, რომ რეალური განახლება და სწორი განვითარება აერჩია. პარტია "ქართული ოცნების" ბედი დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, რამდენად შეძლებს სწორი გზით არჩევნებამდე მისვლას. სწორედ ეს განსაზღვრავს პარტიის მომავალს", - აცხადებს პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი არმაზ ახვლედიანი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით არმაზ ახვლედიანი: "ოცნებას" არჩევნების დამაჯერებლად მოგება გაუჭირდება / "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი აცხადებს, რომ პარტიამ რეალურად განახლების შანსი ხელიდან გაუშვა.

"მმართველი კოალიციის პრაქტიკულად დაშლის შემდეგ არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკური კრიზისის ნიშნები კრიზისში გადაიზარდოს. ამ ნიშნებს უკვე ვხედავ და კრიზისამდე არცთუ ისე დიდი გზაა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაუძღვება ახალ ვითარებაში საქმეს პარტია "ქართული ოცნება" და პრემიერ-მინისტრი. რამდენად ეყოფათ უნარი და შესაძლებლობა, რომ არსებულ გამოწვევებს დროულად და ადეკვატურად უპასუხონ. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ვფიქრობ, "ოცნებაში" რეტროგადებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურს და მოხდება ყველა შესაძლო ძალის მობილიზება იმისათვის, რომ ნებისმიერი საშუალებით მოიპოვონ გამარჯვება... თუ ასე გაგრძელდა, "ოცნების" მომავალი ძალიან ბუნდოვანია. მიზეზი ბევრია, მათ შორის ისიც, რომ "ოცნებაში" რეტროგადების ჯგუფმა შეიქმნა სასათბურე პირობები. ამ ვითარებაში ჩატარდა ბოლო პარტიული კონფერენციები რაიონებსა და ქალაქებში. როგორც ჩანს, ამავე სულისკვეთებით და საბჭოთა განწყობით ჩატარდება ყრილობაც", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არმაზ ახვლედიანი.

"ოცნებამ" ვერ მოახერხა ჩამოეყალიბებინა სწორად, საქართველოს დღის წესრიგით მოაზროვნე ადამიანების გუნდი. პარტია "ქართული ოცნება" პარტიად ვერ ჩამოყალიბდა. ის ახლა ხელისუფლებაზეა მთლიანად მიბმული და მხოლოდ ამით საზრდოობს. ძალაუფლების გარეშე "ოცნების" არსებობის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. ამის უმთავრესი მიზეზი თავიდანვე ისაა, რომ "ოცნებას" არ გააჩნდა სტრატეგია და იდეოლოგია", - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვას - "და მაინც, თქვენი აზრით, "ოცნება" შეძლებს ისეთი მაჟორიტარი კანდიდატების წამოყენებას, რომლის დახმარებითაც არჩევნებში უმრავლესობას მოიპოვებს?" - პასუხობს:

"რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, იგი მანკიერ სისტემად იმიტომ კი არ ჩამოყალიბდა, რომ თავისთავად მაჟორიტარული წესი ცუდია, არამედ იმიტომ, რომ საქართველოში პრაქტიკულად ყველა ხელისუფლების დროს და დღესაც მაჟორატარულ სისტემას იყენებენ მანიპულაციებით და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით სასურველი, ლოიალური კანდიდატების ასარჩევად. დღეს "ოცნება" მოახერხებს თუ არა ისეთი მაჟორიტარი კანდიდატების წამოყენებას, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები იქნება, არ ვიცი, ეჭვი მეპარება".

"პარტიის ყრილობის ზუსტი თარიღი არ ვიცი. როგორც თქვენც იცით, აპრილში უნდა ჩატარდეს. "ოცნების" საარჩევნო სიაში პარტიის ლიდერთა განცხადებით ბევრი ახალი სახე იქნება... ახალი და ძველი არაა მთავარი. საქმე ისაა, თუ რას ეძებ და რა გინდა. თუკი ამოცანაა, რომ შემოიკრიბო წინასაარჩევნოდ ჯანსაღად, დემოკრატიულად და სამართლებრივად მოაზროვნე ადამიანების გუნდი, ეს ერთი თემაა და სწორია; ხოლო თუ მიზანია, რომ საზოგადოებას მოაჩვენო, თითქოს განახლებაა, ეს, რა თქმა უნდა, დროებითია და სასიკეთო შედეგის მომტანი ვერ იქნება... მეჩვენება, რომ კოალიაციაში შემავალ სხვა სუბიექტებს არჩევნებში გამარჯვების ცალ-ცალკე შანსი არ აქვთ. თავად "ოცნების" შანსიც მცირეა მიუხედავად იმისა, რომ მის ხელშია სახელისუფლებო ბერკეტი. "ოცნების" ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ რეტროგრადი ლიდერები კატასტროფულად თვითკმაყოფილები და თავდაჯერებულები არიან. ასეთ დროს, როგორც წესი, მარცხი გარდაუვალია", - დასძენს არმაზ ახვლედიანი.

interpressnews.ge