ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საკითხს პრეზიდენტი გადაწყვეტს

ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საკითხს პრეზიდენტი გადაწყვეტს

რა პროცედურები უნდა გაიაროს ცესკო-ში დარეგისტრირების შემდეგ მოძრაობა „ეროვნულების“ ინიციატივამ

ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე ისტერიკა გრძელდება! მიუხედავად იმისა, რომ ქორწინების სახლებს ჯერ ფატიანი კაცები არ მისწყდომიან და არც საკუთარი არატრადიციული სექსუალური კავშირის დარეგისტრირება უთხოვიათ, სახელმწიფო, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთნაირსქესიანთა ქორწინების თემას ყველა შესაძლო ფრონტიდან უტევს. პარლამენტში ოჯახის ცნების განსაზღვრების საკონსტიტუციო ცვლილება ინიცირებულია, დეპუტატები რაიონ-რაიონ დადიან და ხალხთან ერთად საჯაროდ განიხილავენ ამ ცვლილების რაობას, მოძრაობა ,,ეროვნულები'' კი, სანდრო ბრეგაძით სათავეში, ცესკო-ში ამ თემაზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივას არეგისტრირებენ, რაც კიდევ დამატებით სახსრებთან და ადმინისტრაციული რესურსების ხარჯვასთანაა დაკავშირებული _ ანუ ღია კარის სამტვრევად ფულის ხარჯვაც გრძელდება.
ეს საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური ამჯერად რეფერენდუმის თემამ გახადა, რადგან დღეს ყველა იმაზე მკითხაობს, მართლა დარეგისტრირდა თუ არა ცესკო-ში მისი ჩატარების მოთხოვნა, ნიშნავს თუ არა ეს აპრიორი რაიმე გადაწყვეტილებას და ა.შ. ,,ვერსია'' გთავაზობთ იმის განმარტებას და ქრონოლოგიას, რას ნიშნავს და რა ძალა აქვს რეფერენდუმს, რა შედეგები მოყვება მას და ვის ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვა. 
2016 წლის 8 თებერვალს მოძრაობა „ეროვნულების'' ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში შევიდა ზვიად ტომარაძის მიერ მომზადებული კონსტიტუციური კანონპროექტი, კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ამ ინიციატივის მიზანი კონსტიტუციაში იმის ჩაწერა იყო, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით მამაკაცისა და ქალის ერთობაა და არა კაცისა და კაცის, ან ქალისა და ქალის. 
ინიციატორები აანონსებდნენ, რომ, თუ კანონპროექტი ჩიხში მოექცეოდა, ისინი რეფერენდუმს მოითხოვდნენ და არც ხელმოწერების შეგროვება გაუჭირდებოდათ. ამ საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში დარეგისტრირებას მინიმუმ 76 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდებოდა, რეალურად კი, ხელი მეტმა დეპუტატმა მოაწერა, შესაბამისად, პარლამენტმა საკითხი განსახილველად მიიღო. მეტიც, დაიგეგმა საერთო-სახალხო განხილვები კონსტიტუციაში ამ ცვლილების შეტანის თემაზე და დეპუტატებმა გასვლითი შეხვედრები უკვე კახეთსა და რუსთავშიც ჩაატარეს. შეიქმნა სპეციალური საპარლამენტო კომისია, რომელიც ამ განხილვებს ხელმძღვანელობს და სხვადასხვა რაიონის ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებებს მოისმენს. ცხადია, ამ მისვლა-მოსვლასაც ბიუჯეტი აფინანსებს. 
თუმცა ,,ეროვნულები'' არც ამას დასჯერდნენ და ცესკო-ში ამავე თემაზე რეფერენდუმის ჩატარების წინადადება მაინც დაარესგისტრირეს. 28 მარტს გამართულ სხდომაზე, ცესკო-მ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ეს წინადადება რეგისტრაციაში გაატარა. ჯგუფის შემადგენლობა ასეთი იყო: ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი, თეიმურაზ ცისკარიშვილი, დავით კუჭავა. მათ მიერ სარეფერენდუმოდ წარდგენილი საკითხი კი ასეთია _ „გინდათ თუ არა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?“. საკითხის რეგისტრაციაში გატარება ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. ამ ადამიანებმა 3 თვის ვადაში უნდა მოაგროვონ 200 000 ხელმომწერი, წარადგინონ ცესკო-ში, ცესკო-მ გადაამოწმოს ამ ხელმოწერების ნამდვილობა და ინიციატივა პრეზიდენტს გადაუგზავნოს. ეს ყველაფერი დეტალურადაა გაწერილი საარჩევნო კოდექსის 175-ე მუხლში. როგორც კოდექსში ვკითხულობთ, საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს რეგისტრაციაში მიღების დღიდან, ანუ 28 მარტიდან. ამის შემდეგ, ცესკო ამოწმებს ხელმოწერებს და უგზავნის პრეზიდენტს, რომელიც საბოლოო პირია, ვინც რეფერენდუმს დანიშნავს... ან არ დანიშნავს და არგუმენტირებულ უარს ეტყვის საინიციატივო ჯგუფს. რეფერენდუმზე უარის თქმა შეიძლება მხოლოდ ამ საარჩევნო კანონების, ან კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში. თუ პრეზიდენტი უარს არ იტყვის რეფერენდუმზე, მაშინ ეს გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში. რეფერენდუმის ჩატარების ვადები კი მინიმუმ 2 თვიდან მაქსიმუმ 6 თვემდე მერყეობს. რეფერენდუმის შედეგებს იურიდიული ძალა აქვს, იგი კანონს გამოქვეყნებისთანავე უტოლდება და საბოლოოა. ხელისუფლება ვალდებულია, ერთ თვეში რეფერენდუმის შედეგებთან შესაბამისობაში მოიყვანოს კონსტიტუცია და სხვა კანონები. ,,ვერსია'' პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ ამ თემაზე წინასწარი პოზიცია არ აქვს და განმარტებას მხოლოდ მას მერე გააკეთებს, რაც რეფერენდუმის ინიციატივა სხვა დანარჩენ ეტაპებს გაივლის. ასე რომ, გამოგონილ ერთნაირსქესიანთა სკანდალის გაგრძელება-არგაგრძელება პრეზიდენტის ხელთაა.