ყველაზე ძვირად ღირებული ქართული სარეკლამო სახეები

ყველაზე ძვირად ღირებული ქართული სარეკლამო სახეები

სარეკლამო ბიზნესი ჩვენთან ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა, თუმცა არსებობენ გამოკვეთილი სახეები, რომლებიც მომხმარებლისთვის ამა თუ იმ სარეკლამო კამპანიასთან, ბრენდთან ან რეკლამირებულ პროდუქტთან ასოცირდებიან. თუ სარეკლამო სახე ამართლებს და რეკლამა სწორად მუშაობს, კომპანია ცდილობს, მასთან ექსკლუზიური კონტრაქტი გააფორმოს და ჰონორარიც გაზარდოს.

უცხოეთში, ჩვენგან განსხვავებით, ამ საკითხზე ყოველთვის ღიად საუბრობენ და სიამაყითაც კი ასახელებენ რეკლამაში მონაწილეობისთვის მიღებულ გასამრჯელოს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეს ინფორმაცია რატომღაც კონფიდენციალურია, "ეკოპალიტრა" შეეცადა გაერკვია, მაინც ვინ არის ყველაზე ძვირად ღირებული ქართული სარეკლამო სახე.

საშა კაცმანი (სარეკლამო კომპანია "მეტროს" დამფუძნებელი): "რთულია გადაჭრით თქმა, ვინ არის ძვირად ღირებული. უმჯობესი იქნება გავმიჯნოთ ძვირფასი და ძვირად ღირებული სარეკლამო სახეები. ეს დამოკიდებულია კომპანიის კონკრეტულ მიზანზე, რომელიც რეკლამირებას ეწევა, თუ რა არის მისთვის უპირატესი. რეკლამაში ცნობილი ადამიანის გამოყენებას აქვს პლუსები: ცნობადობა, საზოგადოების დამოკიდებულება პიროვნების მიმართ, ავტორიტეტი და სხვა. რეკლამაში მისი გამოჩენა ქმნის ეფექტს და როგორი დამოკიდებულებაც არის ამ ადამიანის მიმართ, იგივე დამოკიდებულება გადადის მის მიერ რეკლამირებული პროდუქტის მიმართაც.

ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კონტრაქტი ქართული სარეკლამო ბაზრის ისტორიაში კახი კალაძესთან გაფორმდა. თუმცა მიმაჩნია, რომ ძვირფასი სარეკლამო სახე ბატონი კახი კავსაძეა. მისი დათანხმება სარეკლამო სფეროში თანამშრომლობისთვის არ იქნებოდა ადვილი. ის ხალხს უყვარს, ენდობიან, უპირობო ავტორიტეტია, თავის სფეროში გენიოსია და ბანკის გათამაშების იმიჯისთვის საკმაოდ კარგი სახეა. წარმატებულ სარეკლამო სახეებს შორის აღსანიშნავია დუტა, შოუმენი, რომელიც რასაც კი ხელს მოჰკიდებს, ყველაფერი მუშაობს. პირადად მომიწია მასთან თანამშრომლობამ. წარმოიდგინეთ, რეკლამა დაიგეგმა დღის განმავლობაში და ღამით გადავიღეთ, რეპეტიციების გარეშე. მასზე მოთხოვნაა და არ გამიკვირდება, თუ მალე რადიოშოუსაც წაიყვანს. მაგრამ სარეკლამო ბაზარზე მასთან ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს "ჯეოსელს". ეს ცუდი არ არის და იმას ნიშნავს, რომ ბაზარი ვითარდება და კომპანია ცდილობს, ვინმეს იმიჯი ექსკლუზიურად გამოიყენოს. მით უფრო, რომ პატარა ქვეყანაში არსებობს სარეკლამო სახეების, ხმების დეფიციტი.

უცხოეთში იკვლევვენ, ვინ არის ყველაზე შესაფერისი სახე მოცემულ მომენტში მათი ბრენდების რეკლამირებისთვის. განსაკუთრებით ხშირად ცნობილ სახეს რეკლამაში პარფიუმერიისა და სამოსის მწარმოებელი ბრენდები იყენებენ. გარემო ფაქტორებიც მოქმედებს სარეკლამო სახეზე, მის იმიჯზე. მაგალითად, ავტოგოლების შემდეგ კალაძის სახე შესაძლოა ისეთი მოთხოვნადი აღარ იყოს სარეკლამო ბაზარზე. სარეკლამო კამპანიას აქვს მიზნები და ორიენტირებულია შედეგებზე. გსურს თუ არა, სახეზე დამოკიდებული ხდები. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში "ნაიკის" სახე მაიკლ ჯორდანი იყო და ბრენდი მასზე დამოკიდებული გახდა. კომპანიები ძალიან დიდხანს ფიქრობენ, სანამ ვინმესთან კონტრაქტს გააფორმებენ. ზემოქმედება ორმხრივია, ბრენდის იმიჯიც გადადის სახეზე. რაც შეეხება სარეკლამო ჰონორარებს, საქართველოში გაცილებით ნაკლებს უხდიან, ვიდრე იმსახურებენ. ჩვენ ბაზარი დიდი არ არის და მარკეტინგული კამპანიები შეზღუდულია. კომპანიებს აქვთ ბევრი საქმე და ცოტა ფული".

ნიკა ლომიძე (სარეკლამო კომპანია "ზებრას" დამფუძნებელი): "საქართველოში რეკლამის დამკვეთების 90% ითხოვს, მის რეკლამაში გამოვიყენოთ ახალი სახე, რომელიც არ არის "გაცვეთილი". ანუ ცნობილ სახეზე მოთხოვნა ნაკლებია. სხვა ქვეყნებში კი თუ სარეკლამო რგოლში სახეს იყენებ, ბევრს ნიშნავს - რგოლი ძვირად ღირებულია, პოპულარული და ეფექტურია.

ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და პატარაა სარეკლამო ბაზარიც. ამიტომ თუ რომელიმე ცნობილი მსახიობი ერთი კომპანიის პროდუქციის რეკლამირებას გააკეთებს, კონკურენტი კომპანია მასთან თანამშრომლობას აღარ მოისურვებს. ან თუ პიროვნება წამლის რეკლამას აკეთებს, მას ბანკის რეკლამაში აღარ გადაიღებენ. ამიტომ ძვირად ღირებული სარეკლამო სახე მგონი არც არსებობს ქართულ სარეკლამო ბაზარზე. დუტა ძვირად ღირებული სარეკლამო სახეა მხოლოდ ერთი კომპანიისთვის. იგივეს თქმა შემიძლია კახი კალაძეზეც. კახი კავსაძე საერთოდ ცალკე თემაა. ის უდიდესი მსახიობია და მისი სარეკლამო სახედ გამოყენება შესაძლოა ბევრი კომპანიას სურდეს. იგივე შეიძლება ითქვას მურმან ჯინორიასა და სხვა ბუმბერაზ მსახიობებზე. ბევრი ისეთი მსახიობი გვყავს, მხოლოდ რომ გამოჩნდნენ ეკრანზე, უკვე რაღაცას ნიშნავს ჩვენი მომხმარებლისთვის. მაგრამ მგონი ამასაც ვერ ვაფასებთ სათანადოდ. კახი კავსაძე უყვარს ყველას და მისი გამოჩენა ეკრანზე დადებით ემოციებს იწვევს. მისი გაკეთებული რეკლამა სწორად მუშაობს. მან რაც უნდა მითხრას ეკრანიდან, უკვე მომწონს, მჯერა და მსურს.

პოლიტიკურ სახეებზე მოთხოვნა მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა საარჩევნო, პოლიტიკური ან სოციალური კლიპი კეთდება. ისე კი რატომაც არა, საინტერესო იქნებოდა, პოლიტიკური სახეები სხვა სახის რეკლამებშიც გვეხილა. ამერიკაში ობამას სარეკლამო ბანერის გამო სკანდალი ატყდა და ეს იმის დასტური იყო, რომ რეკლამამ თავისი საქმე უკვე გააკეთა. აქ ასეთ ხულიგნურ იდეებზე კომპანიები არ მოგვყვებიან. კრეატიულ და თამამ იდეებზე იშვიათად თუ წამოვა კომპანია.

ჰონორარები ძალიან ინდივიდუალური საკითხია. არ არსებობს რამე დადგენილი ტარიფი ან ზღვარი. ჰონორარის სიდიდე ჩვენთან იმაზეა დამოკიდებული, რის რეკლამას იღებ. მაგალითად, ნიკო გომელაური "ნატახტარის" კლიპში იმდენად მორგებულია და კარგი, რომ უნდა გადაეხადათ 2-3-ჯერ იმაზე მეტი, რაც გადაუხადეს. არის შემთხვევები, როცა სარეკლამო რგოლში მონაწილეობისთვის მსახიობებს 200-300 დოლარსაც უხდიან. საქართველოა და სარკლამო ბიუჯეტი არ არის ისეთი მასშტაბური, როგორიც სხვა ქვეყნებში".

დათო ჯაში (სარეკლამო კომპანია "ბატერფლაის" ხელმძღვანელი): "ქართულ სარეკლამო ბაზარზე ყველაზე ძვირად ღირებული სახე ალბათ მაინც დუტაა. არის ასეთი მიმართულება სარეკლამო მარკეტინგში, სადაც აქცენტი კეთდება სახეებზე. მაგალითად კომპანია "პეესპეს" სარეკლამო კამპანია მთლიანად ამაზეა ორიენტირებული. თუმცა ეს მიმართულება იმით არის ცუდი, რომ კომპანიის იმიჯის შედარება ხდება იმ ადამიანის იმიჯთან, ვინც რეკლამაში მონაწილეობს. მოთხოვნაა მოდელებზე, მათ ჰონორარს ის განსაზღვრავს, რამდენად გაყიდვადია ეს მოდელი სამოდელო ბაზარზე. ჩვენს რეალობაში მინიმალური სარეკლამო ჰონორარი შესაძლოა იყოს 200 დოლარი, მაქსიმალურის განსაზღვრა რთულია. ყოფილა შემთხვევები, ქართველი მომღერლებისთვის რეკლამაში მონაწილეობისთვის რამდენიმე ათასი ლარიც გადაუხდიათ. რაც შეეხება კახი კალაძეს, ჩემი აზრით, მისმა სარეკლამო იმიჯმა ვერ იმუშავა, რადგან ვიღაცისთვის შესაძლოა სულაც არ იყო კალაძე მისაბაძი მაგალითი. ინფორმაცია კალაძის სარეკლამო კონტრაქტზე დახურულია. დუტა მაღალანაზღაურებადი სარეკლამო სახეა, მაგრამ ერთ კონკრეტულ კომპანისთან ასოცირდება და სხვისთვის მისი სახე არ იქნება მისაღები. კახი კავსაძეც ძვირად ღირებული სარეკლამო სახეა, მაგრამ დაღვინებული კაცის იმიჯი აქვს და იძულებული ხარ, რეკლამა მის იმიჯს მოარგო. ამიტომ უმჯობესია რეკლამირებისთვის გამოიყენო კარგი გარეგნობის მქონე მსახიობი, რომელიც ნაკლებად ცნობილია, ვიდრე ცნობილი და მაღალანაზღურებადი სახე".

კახი კავსაძე (მსახიობი): - რა ღირს კახი კავსაძის სარეკლამო სახე, ამის თქმა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც რეკლამაში ფულს იხდის. პირადად მე მინდა, რომ კახი კავსაძე ბევრი ღირდეს, რომ მეტი გადამიხადონ.

როგორ ფიქრობთ, იმდენს გიხდიან, რამდენიც რეალურად ღირს თქვენი გამოჩენა სარეკლამო რგოლში?

- ჩემს განცვიფრებას საზღვარი არ აქვს. გინდათ, ჩემი თავი შევაფასო? ეს ალბათ ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს უნდა ჰკითხოთ. შესაძლოა ერთი შვილიშვილისთვის უფრო ძვირად ვფასობ, ვიდრე მეორისთვის. შესაძლოა შვილთაშვილმა უფრო ძვირად შემაფასოს. რა კარგი კითხვაა, კაცო! ეგ უნდა ჰკითხოთ ბანკირებს, სუპერმარკეტების მფლობელებს, მათ, ვინც ნავთობს განაგებს. ჰკითხეთ ერთი: კახი კავსაძემ რომ თქვენი პროდუქციის რეკლამა გააკეთოს, რამდენს გადაუხდით-თქო და იქნებ ღირდეს მათი პასუხი დასაფიქრებლად. ისე კი ერთი ეკონომიკური თეზისი ვიცი, რუსულად ვიტყვი, რადგან ქართულად ისე არ ჟღერს: "Экономика должна быть экономной". გახსოვთ, ეს რომელმა გენიალურმა მმართველმა თქვა?..