“დარწმუნებული ვარ, თუ ირაკლი ოქრუაშვილი გახდება ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ის მართლაც არავის დაინდობს”

“დარწმუნებული ვარ, თუ ირაკლი ოქრუაშვილი გახდება ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ის მართლაც არავის დაინდობს”

“ოპოზიციური რვიანი” მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებს წყვეტს. თუმცა აცხადებს, რომ ბრძოლას ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს შეცვლისათვის აგრძელებს. როგორ აპირებს “რვიანი” შეთანხმების მიღწევას მმართველ გუნდთან და რას ფიქრობს რადიკალურად განწყობილი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებზე, “ვერსია” “რვიანში” შემავალი კონსერვატიული პარტიის ლიდერს, ზვიად ძიძიგურს ესაუბრა.   

 

- რვა პოლიტიკურ ორგანიზაციას, იგივე “რვიანს” მიგვაჩნია, რომ იმ პროცესებზე,  რომელიც მაისში რადიკალურად განწყობილი ოპოზიციის მიერ იგეგმება და რაც დღეისათვის სახეზე გვაქვს, პირველ რიგში, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. მაშინ, როცა ხელისუფლება უარს ამბობს საარჩევნო გარემოს  შეცვლაზე და დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმაზე, ფაქტობრივად, კიდევ ერთ არგუმენტს აძლევს ხელში იმ პარტიებს, რომლებიც ამბობენ, რომ აჩევნების გზით შეუძლებელია სააკაშვილის შეცვლა და ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, თურმე რევოლუციაა.

ჩვენ კიდევ ერთხელ, ღიად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკური “რვიანი” ერთგული რჩება იმ პრინციპისა, რომ არჩევნების გზით უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა. თუმცა ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ უფრო მასშტაბურ, პოლიტიკურ კამპანიას გავაგრძელებთ.

 

რას გულისხმობთ მასშტაბურ პოლიტიკურ კამპანიაში?

- მაისის ბოლომდე, როგორც ეს ამ მოლაპარაკებების დაწყების პროცესში დადგენილი იყო, უნდა მივიღოთ კონკრეტული წერილობით პასუხი  პრეზიდენტისაგან საარჩევნო სისტემის მოდელის შესაცვლელად, რა  კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. თუ ეს მოლაპარაკებები ჩაიშლება, პასუხისმგებლობას ვაკისრებთ მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები და ამ გზით, ქვეყნის ისტორიაში ერთხელ მაინც შევცვალოთ ხელისუფლება.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოლაპარაკებებს უშედეგოდ არ ჩაუვლია. ჩვენ მივაღწიეთ საერთაშორისო მხარდაჭერას. თუმცა, როდის გავუშვებთ სააკაშვილს, დილის 7 საათზე, თუ საღამოს 5-ზე, ასე კონკრეტულად, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, მაგრამ საბოლოო ჯამში, შედეგს თანმიმდევრულად მივიღებთ, გავიძლიერებთ პოზიციებს და, საბოლოოდ, ხელისუფლებას მაინც გავხდით იძულებულს დანიშნოს სამართლიანი არჩევნები.

 

თქვენ სურვილს, სამართლიანი არჩევნების დანიშვნის შესახებ, საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ რადიკალურად განწყობილი ოპოზიციის წარმომადგენლები. მათ პოლიტიკურირვიანილეღვის ფოთლის ფუნქციის შემსრულებლადაც მოიხსენიეს. რას უპასუხებდით ამაზე ოპონენტებს?

- “ქართულ პარტიაში” ლეღვის ფოთოლზე, ბადრიჯანზე, კიტრზე უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე პოლიტიკაზე, ამიტომ არის მათი პოლიტიკური განცხადებები რეალობას მოკლებული. ჩემი რჩევა იქნება, უფრო მეტი იმუშაონ საკუთარ თავზე და რიტორიკასაც მეტი ყურადღება მიაქციონ. “სახალხო კრებისა” და “ქართული პარტიის” მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებს იმიტომ ვემიჯნებით, რომ ის შედეგს არ მოიტანს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქუჩაში გამოსული თუნდაც ასი ათასი ადამიანით მიადგებიან სააკაშვილს და აიძულებენ გადადგომას, რის შემდეგაც დავით ბაქრაძე  ჩემი აზრით,  “ქართული პარტია” და “სახალხო კრება” მხოლოდ რიტორიკული და ვერბალური განცხადებებითაა დაკავებული, რეალურად კი, ისინი მიზნის შესრულებას ვერ შეძლებენ. ბევრი რევოლუცია მინახავს, პოლიტიკაში თუ რამე უბედურება მომხდარა, ყველაფერს ჩემს კისერზე გადაუვლია, მივიღე საკმაოდ დიდი გამოცდილება ამ თამაშებში და ამიტომ ვამბობ, “რვიანის” მიერ არჩეული პოლიტიკურ გზა ერთადერთი სწორი გზაა. ჩვენ თანდათანობით მივაღწევთ ხელისუფლებისგან საარჩევნო დათმობებს, თუნდაც ამისთვის დრო დაგვჭირდეს.

 

ამერიკის საელჩოსთან 16 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციაცქართული პარტიისმხრიდან მხოლოდ რიტორიკაა?

- პირველ რიგში, მაინტერესებს, რომელ მათგანს დაებადა მსგავსი იდეა. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ამერიკის საელჩოსთან აქციების გამართვა იმ პირობებში, როცა სახელმწიფო  დეპარტამენტი ბოლო პერიოდში საკმაოდ კრიტიკულ დასკვნებს აქვეყნებს საქართველოს ხელისუფლების მისამართით. მაშინ, როცა ჰილარი კლინტონი პირდაპირ აცხადებს, რომ დემოკრატია საქართველოში არ არის იმ დონეზე, როგორც უნდა იყოს, როცა კეიდენაუ (თინა, სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე, - ავტ.) პირდაპირ ჩართულია საარჩევნო და დემოკრატიული რეფორმების შეცვლის პროცესში, როცა აპატურაი და ნატოს ჯგუფი აცხადებს, რომ საქართველოში უნდა იყოს თავისუფალი მედია და სასამართლო, მიდიხარ და ოპოზიციაში უდგები ამერიკას?! ამერიკის წინააღმდეგ რუსებიც კი არ აკეთებენ მსგავს განცხადებებს, ამიტომ არა მგონია, ვინმეს დაევალებინა მათთვის საელჩოსთან აქციის ჩატარება.კიდევ ვიმეორებ, იმიტომ აკეთებენ ასეთ განცხადებებს, რომ ლეღვებზე საუბარი მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მიმდინარე პროცესების სწორი ანალიზი.

 

საელჩოსთან აქციის დაანონსების შემდეგ მედიასაშუალებებში გაჩნდა მოსაზრება, რომქართული პარტიარუსეთისგან იმართება.

- ჩვენ გვაქვს რუს ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან, საზოგადო მოღვაწეებთან  მნიშვნელოვანი კავშირები და კონტაქტები. თუმცა, “ქართული პარტიის” მიმართ სიმპათიები არც მათ დაუფიქსირებიათ. უბრალოდ, მსგავსი იდეებით ეს ორგანიზაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ პოლიტიკურ უმეცრებას. ერთი ლიდერი პარიზშია,  მეორე გაურკვეველ ადგილასაა და ამიტომ, ალბათ, ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება არ აქვთ. ამ ხნის განმავლობაში ამ  ორგანიზაციამ მხოლოდ ის შეძლო, რომ უპასუხისმგებლო განცხადებების საშუალებით მტრად გადაიკიდა ოპოზიციური პარტიები, ახლა კი ამერიკას ჩაუდგნენ ოპოზიციაში. ვინ წარმოუდგენიათ მოკავშირედ, ჩემთვის გაუგებარია.

 

საკმაოდ მწვავე შეფასებები მოჰყვა ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებს. ბევრმა მასში მუქარა ამოიკითხა. არის თუ არა რეალობასთან ახლოს მისი განცხადებები?

- დარწმუნებული ვარ, თუ ირაკლი ოქრუაშვილი გახდება ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ის მართლაც არავის დაინდობს. მინდა, თქვენს მკითხველს შევახსენო დაახლოებით ოცი წლის წინ მიმდინარე პროცესები. როცა “მრგვალმა მაგიდამ” ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით გამოაცხადა, რომ ის აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და კომუნისტური ხელისუფლების შეცვლას, მას ეროვნული კონგრესი დაუპირისპირდა. მეორე მხარე აცხადებდა, რომ საქართველოს უნდა მიეღო კოლონიის სტატუსი და შემდეგ როგორც კოლონიას, გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა. ზვიად გამსახურდიამ, რაც თქვა ერთი-ერთზე განახორციელა. 1990 წელს არჩევნები ჩატარდა და რამდენიმე დღეში საქართველომ დამოუკიდებლობაც გამოაცხადა.  ჩვენ დაახლოებით იგივე სიტუაციაში ვართ. ერთი ძალა ამბობს, რევოლუციური  გზით გავუშვათ ხელისუფლება და შემდეგ ჩავატაროთ არჩევნებიო. ჩვენ კი საარჩევნო სისტემის შეცვლით ხელისუფლების ცვლილებისკენ მიმავალ გზას ვადგავართ. გვჯერა, რომ როგორც რამდენიმე წლის წინ, ახლაც მშვიდობიანად შევძლებთ დასახული მიზნის მიღწევას.

 

“ქართული პარტიას” და “სახალხო კრებას” არა აქვს იმის რესურსი, რომ ამ ეტაპისთვის სააკაშვილს ბრძოლა წააგებინონ. ვერც ჯარით გადააჭარბებენ მას და ვერც ხალხმრავლობით მოახდენენ შთაბეჭდილებას, რადგან დაახლოებით 2 წლის წინ, იმაზე მეტ ადამაინს მოვუყარეთ თავი, ვიდრე ახლა შეძლებს ორივე პარტია ერთად. თუ რამე ჯადოსნური ჯოხი აქვთ და მალავენ, მაშინ ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ძალიან სწრაფად ჩაივლის ეს ათი დღეც.

 

9 მაისს ხომ უნდა დაწყებულიყო კახეთიდან რევოლუცია?! რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, კახეთში იგივე ხელისუფლებაა, რაც აქამდე იყო. რეგიონებში ჩვენც დავდივართ და ჩვენც ვატარებთ, უახლოეს მომავალში ჩვენც გავაკეთებთ მსგავს აქციებს, მაგრამ რა არის ამაში რევოლუციური გამაგებინეთ.

 

რევოლუციური ტალღის აგორებას ორივე ორგანიზაციაში 21 მაისიდან პროგნოზირებენ. მიუხედავად დაპირისპირებისა, გაჩნდა ეჭვი, რომ ისინი მაინც მოახერხებენ გაერთიანებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს შესაძლებელია?

- მაქვს გარკვეული ეჭვები, რომ რადიკალური ოპოზიციის სტატუსისთვის ებრძვის ერთმანეთს “სახალხო კრება” და “ქართული პარტია”. ანუ სააკაშვილის შეცვლაზე კი არ არის რეალურად საუბარი, არამედ ლაპარაკია, რადიკალი ამომრჩევლის უფროსი ვინ იქნება - ბურჯანაძე თუ ოქრუაშვილი. “სახალხო კრება” დასაწყისში ძალიან კარგი პროექტი იყო, ავტორიტეტიც საკმარისად ჰქონდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინიც ემოციებს აყვნენ. ამიტომაც დიდი იმედი არ მაქვს, რომ 21-ში დაწყებული აქციები და 26-ში დამთავრდება და სააკაშვილი გადადგება. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ორმა ორგანიზაციამ შეძლოს გაერთიანება. ეს უფრო გონივრული ნაბიჯი იქნება მათგან. ისე, ერთ რამეს ვერ მივხვდი, “რვიანს” რომ ეჩხუბებიან, გასაგებია, უნდათ, რომ რევოლუციურ რიტორიკაში ჩაგვრთონ, მაგრამ ერთმანეთთან რა პრეტენზია აქვთ?! აქციები რომ ჩატარდება, ამაში ეჭვი არ მეპარება, რევოლუციებს ვუყურებ 87 წლის შემდეგ, მაგრამ ამ ეტაპზე ვიტყვი ერთს, რევოლუციები ასე არ კეთდება. შარშანწინ აპრილში ოპოზიცია გაცილებით უფრო ორგანიზებული და   კონსოლიდირებული იყო, ვიდრე ახლაა. თანაც დღეისათვის ხელისუფლება გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ეს რადიკალურად განწყობილ ოპოზიციონერებს წარმოუდგენიათ. ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, “ქართულ პარტიასაც” და “სახალხო კრებასაც” ვიხილავ იმ არჩევნებში, რომლებსაც პოლიტიკური “რვიანი” მიაღწევს ხელისუფლებასთან სამართლებრივ ბრძოლაში.