საარჩევნო სიები მედიისთვის ყოველთვის ყველაზე საინტერესო საკითხია, თუმცა როგორც წესი, პარტიები ცდილობენ, სიები რაც შეიძლება გვიან გაასაჯაროონ. წინა საარჩევნო წლებში, რამდენიმე თვით ადრე, გარკვეული მონახაზი ყოველთვის ვრცელდებოდა. წელს კი, ორივე მთავარი ძალა - ,,ოცნებაცა'' და ნაციონალური მოძრაობაც აცხადებს, რომ რამდენიმე ტაქტიკური გადაწყვეტილების გარდა, კონკრეტული და დაზუსტებული ჩამონათვალი ჯერ არ აქვთ. ,,ვერსია'' რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთ პოლიტიკოსს ესაუბრა და შეეცადა გაერკვია, ვინ დარჩება საპარლამენტო ციებ-ცხელების მიღმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
იმის გამო, რომ ახლა დიდი რეიტინგით ვერც მმართველი ძალა დაიკვეხნის და ვერც ე.წ. მთავარი ოპოზიცია, პირველ ოცეულს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება. ნაციონალების სიის პირველნომრად მედიაში ყოფილი პირველი ლედი, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი უკვე დაასახელეს, თუმცა სავარაუდოდ, ეს ვერსია არასწორია. ანდაც, წინა ხელისუფლებამ ნაცად ხერხს მიმართა და ხალხის რეაქციის გასარკვევად სხვადასხვა ვარიანტებს სპეციალურად უშვებს. არაა გამორიცხული, ,,ვერსიის'' მიერ მოპოვებული ინფორმაციაც სატესტო ვარიანტი იყოს, თუმცა როგორც მედიის კულუარებიდან ვარკვევთ, ნაციონალების სიაში ,,რუსთავი 2''-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია იქნება, არხზე დირექტორის მოვალეობას კი ზაალ უდუმაშვილის ნაცვლად, ნოდარ მელაძე შეასრულებს. მეტიც, გვარამია, როგორც ,,მრავალტანჯული'' ,,რუსთავი 2''-ელი, დღეს ბევრ ნაციონალზე პოპულარულია, ამიტომ შესაძლოა, საარჩევნო სიას სათავეშიც ჩაუდგესო. მით უმეტეს, კულუარული ინფორმაციით, მას მერე, რაც ქიბარ ხალვაშთან დავის დროს მას არხზე დირექტორის უფლებამოსილება შეუჩერდა, აღარც აღუდგენია, რადგან გვარამია საარჩევნო მარათონისთვის ემზადება. ეს ინფორმაცია გვარამიასთან დაახლოებულმა დეპუტატმაც დაგვიდასტურა, მაგრამ თავად ნიკა გვარამია არ ადასტურებს: „კარგით რა, რა ნაციონალების სიის ათეული და რა პარლამენტი?! ორჯერ მინისტრი ვიყავი და ახლა ,,რუსთავი 2''-ის დირექტორი ვარ, რაღა დროს ჩემი პარლამენტია. ეს სრული ბოდვაა. პოლიტიკაში რომ მინდოდეს, როგორმე ვიქნებოდი. არხის დირექტორობის უფლებამოსილების შეწყვეტას რაც შეეხება, ის უბრალოდ დროებით შემიჩერდა, თორემ სულ დირექტორი ვიყავი''. გვარამიას გარდა, ნაციონალების სიაში, სავარაუდოდ, იურისტებს, ზაზა ბიბილაშვილსა და ოთო კახიძეს ვიხილავთ. საუბარია სიაში მერობის დამარცხებული კანდიდატის, ნიკა მელიას ჩასმაზეც, თანაც მოწინავე რიგებში. ასევე, ჩვენი ინფორმაციით, ნაციონალებს აქტიური მოლაპარაკებები აქვთ ინტელექტკლუბის წევრთან, ცნობილ მოაზროვნესთან და ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრ გიორგი ბაქრაძესთან. მისთვის ეს ერთადერთი პოლიტიკური შეთავაზება არ არის, რადგან ,,ოცნების'' სიაში ადგილი ბაქრაძეს ხელისუფლებამაც შესთავაზა. თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ბაქრაძეს სწორედ ნაციონალების სიის ათეულში ვიხილავთ. საინტერესოა ისიც, რომ ათეულს წინა არჩევნების სიის პირველი ნომერი, დავით ბაქრაძე დაასრულებს, რადგან პარტიამ ტაქტიკური გადაწყვეტილება მიიღო - ვეტერანი ნაციონალებისთვის ადგილი მხოლოდ სიის პირველი ათეულის შემდეგ თავისუფლდება.
აი, ,,ქართული ოცნების'' სიას რაც შეეხება, აქ საქმე ცოტა უფრო რთულადაა. ტყუილია საუბარი, რომ კოალიცია სიის ფორმირებას მალე დაასრულებს, რადგან ეს საქმე ჯერ არც დაუწყია და მთელი ინფორმაცია, რაც ამ დროისთვის ვრცელდება, მხოლოდ სურვილებსა და ბიძინა ივანიშვილის პირად განწყობას ემყარება. თუ ვივარაუდებთ, რომ ,,ოცნების'' სიის ფორმირებაში მონაწილეობს პარტიის და კოალიციის პოლიტსაბჭო, მაშინ ჩამონათვალში ძველი სახეების ხილვას ვერ ავცდებით. თუმცა იქნებიან ახალი სახეებიც. მაგალითად, ყოფილი მემარჯვენე, ინტელექტკლუბის პრეზიდენტი გიორგი მოსიძე. მას ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან რეკომენდაცია პირადად დეპუტატმა გედი ფოფხაძემ გაუწია. ასევე, საუბარია ,,რა, სად, როდის'' კლუბის სხვა ცნობილ სახეებზეც. კახეთის მაჟორიტართა სიაში მოხვდება ე.წ. ნარკოკარტელის საქმის ცნობილი ადვოკატი მირიან ნიკოლაძეც, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ, ,,ვერსიას'' ეს ინფორმაცია არაპირდაპირ დაუდასტურა. სიაში, სავარაუდოდ, მთავრობიდან გადმონაცვლებულ არჩილ თალაკვაძეს, შს მინისტრის მოადგილეს ვიხილავთ, რომელიც წარმოშობით ოზურგეთიდანაა და კენჭს სწორედ ამ რაიონში იყრის. ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა, ,,ოცნებამ'' კახა მიქაიასთანაც მოახერხოს მოლაპარაკება და მან კოალიციის სახელით, კენჭი ზუგდიდში იყაროს.
ბორჯომის მაჟორიტარად რჩება გედევან ფოფხაძე. მის გარდა, ,,ოცნება'' კიდევ ბევრ ,,ძველ'' სახეს ვერ შეელევა. მაგალითად, თამაზ მეჭიაურს, რომელიც ასევე მაჟორიტარი იქნება, ირაკლი ტრიპოლსკის, რომლის მიმართ ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და ის სიაში 100%-იანი გარანტიით მოხვდება. სხვათა შორის, სიაში იქნებიან გასული წლის მთავარი, ე.წ. შეწყალების სკანდალის მონაწილე ქალბატონები, ეკა ბესელია და მანანა კობახიძე. როგორც კულუარებში ამბობენ, ბესელია თბილისში, სავარაუდოდ, ნაძალადევში აპირებს კენჭისყრას, მანანა კობახიძე კი ერთ-ერთ რაიონში. ვანის მაჟორიტარის ამპლუაში მოგვევლინება დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე. ხოლო, კულუარული ინფორმაციით, კიდევ ერთი პოლიტიკოსი ქალბატონი ელისო ჩაფიძე ,,ოცნების'' სამეფო კარის ინტრიგას ეთიშება. არსებული ინფორმაციით, თამაშიდან გადის ზაქარია ქუცნაშვილიც, თუმცა საუბარი მაჟორიტარობაზეა და არა პარტიულ სიაზე. საპარლამენტო კულუარებში ქუცნაშვილს ასეთი განაჩენი გამოუტანეს - ქუცნაშვილი ბიძინას არ უყვარს! თამაშს ყაზბეგის მაჟორიტარი მირიან წიკლაურიც ეთიშება. ამის მიზეზი საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლა და რიგ შემთხვევაში, გამსხვილებაა. თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის რაიონები ერთიანდება და საქართველოში ყველაზე მსხვილ საარჩევნო ოლქს ქმნის, რომლის სათავეში, ცალკეული დეპუტატები ქუცნაშვილს ვერ ხედავენ. პარტიულ სიას რაც შეეხება, ჩვენი ინფორმაციით, პრინციპში ადვილი მისახვედრია, რომ მას პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის, რომელიც მაისის ბოლოს დაგეგმილ პარტიულ ყრილობაზე ,,ოცნების'' თავმჯდომარე გახდება. სიის მეორე ნომრად, როგორც ლამის მთელი კოალიცია ვარაუდობს, კახა კალაძე მოგვევლინება. გარდა ამისა, გაჟღერდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის პოსტზე ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად კალაძეც განიხილება. სხვათა შორის, აქამდე აქტიურად საუბრობდნენ მანანა კობახიძის კანდიდატურაზე, თუმცა ბოლოდროინდელი სკანდალების ფონზე, როგორც ითქვა, კობახიძეს პარლამენტის სახედ აღარ დაასახელებენ. სიის მესამე ნომერი დავით უსუფაშვილი იქნება და ჩვენი ინფორმაციით, ეს მისი კატეგორიული მოთხოვნაა ისევე, როგორც ის, რომ კოალიციის სია კვოტირებით დაკომპლექტდეს და არა შიდარეიტინგების შედეგებით. როგორც ამბობენ, რესპუბლიკელებს, როგორც მეორე ძალას კოალიციაში, ,,ოცნების'' შემდეგ, საერთო სიის მესამედის წაღება სურთ. ჩვენი ინფორმაციით, სიის პირველ ათეულში თუ არა, ოცეულში მაინც მოხვდებიან უმრავლესობის დღევანდელი ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე, ფრაქციის ლიდერი გიორგი ვოლსკი და პირველ ათეულში, დიდი ალბათობით, იქნება პარტია ,,ოცნების'' აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რომელიც 2016 წლის არჩევნებში, საარჩევნო შტაბის სავარაუდო უფროსის, კახა კალაძის მარჯვენა ხელი იქნება.
როგორც ერთ-ერთმა დეპუტატმა გაგვანდო, ეს საჭირბოროტო საკითხი კოალიციის წინაშე ზაქარია ქუცნაშვილს დაუყენებია. მან კვირიკაშვილს შესთავაზა, ვიდრე პარტიის ყრილობა ჩატარდება, ურიგო არ იქნება, ფრაქციებმა სიების შიდავარიანტზე იზრუნონ და მაგალითად, ,,ოცნების'' ფრაქციის სიის ფორმირებას გიორგი ვოლსკიმ უხელმძღვანელოსო. ინფორმაცია ზაქარია ქუცნაშვილთან გადავამოწმეთ: ,,დავაყენე საკითხი, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების გამო, საარჩევნო კამპანია ბევრად ადრე დავიწყოთ. რაკი ხელიდან გაყალბების მექანიზმები, ანუ ბიზნესისა და სასამართლოს კონტროლი გავუშვით და უარი ვთქვით, ძალოვნებისთვის პარტიული დავალებების მიცემაზე, კამპანიას 2-3 თვე არ ეყოფა. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გამსხვილდა ქალაქებსგარეთ არსებული საარჩევნო ოლქები. მაგალითად, თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის გაერთიანებით, ყველაზე დიდი საარჩევნო ოლქი მივიღეთ დასახლებების რაოდენობის მიხედვით, ეს 415 დასახლებული პუნქტია. ამიტომ მოკლევადიან საარჩევნო პერიოდზე რომ დავგეგმოთ წინასაარჩევნო კამპანია, ამ დასახლებების ერთ წრეზე ჩამოვლასაც ვერ მოვასწრებთ. ამიტომ დიახ, სწორედ მე დავსვი ეს საკითხი პრემიერის წინაშე, რომელმაც პირდაპირ თქვა, თქვენს ყველა განცხადებას ხელს ვაწერო. ასევე, გამოვთქვი წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისთვის საჭირო მომზადების ჩემეული ხედვა. პირველ რიგში, ის უნდა გავარკვიოთ, ამომრჩეველს ერთიან საარჩევნო პროგრამას ვთავაზობთ თუ ყველა პარტია ცალ-ცალკე იყრის კენჭს. ერთიანი პლატფორმით გასვლის შემთხვევაში, გასარკვევია, კოალიციის ახლებურად ფორმირება მოხდება, თუ ძველი შემადგენლობით ვრჩებით. თუ ვრჩებით კოალიციურ რეჟიმში, გასარკვევია, რა პრინციპით გადანაწილდებიან პარტიები პროპორციულ სიაში - კვოტირებით, თუ რეიტინგის განსაზღვრით. ასევე, თუ კვოტირების საკითხზე ჩამოვყალიბდით, არ ვიცით, ვინ განსაზღვრავს კვოტების ოდენობას, ხოლო თუ რეიტინგის - ვინ ჩაატარებს ამ კვლევებს. პრემიერმა ჩემი შეხედულებები სრულად გაიზიარა''.
სხვა საკითხია ისიც, რომ ჩვენი ინფორმაციით, ჯერჯერობით, დეპუტატები სიის განსაზღვრის ერთიან პრინციპზეც ვერ თანხმდებიან, რადგან მაჟორიტარებს სულაც არ უნდათ კვოტირება და პიროვნული რეიტინგების გაზომვა ურჩევნიათ ისევე, როგორც პარტია ,,ოცნებასა'' და მრეწველებს, ხოლო რესპუბლიკელები ერთიანი სიის დაკომპლექტებას კვოტებით ითხოვენ. საბოლოო სიისა და ზოგადად, კოალიციის ყველა გზა კი მაინც მთაწმინდაზე მიდის - კალაძე-კვირიკაშვილისა და კოალიციის პოლიტსაბჭოს შემდეგ, საარჩევნო სიას ბეჭედი ბიძინა ივანიშვილმა უნდა დაარტყას!