ნაცნობმა არქეოლოგმა მიამბო: - ამას წინათ მეტეხთან ვახტანგ გორგასლის დროინდელ სამარხს ვთხრიდით, უცებ ხოხობი დაეშვა ციდან და სამარხში მოწყვეტით ჩაენარცხა, მღელვარებისგან ყველანი დავმუნჯდითო...
ქართულ ცნობიერებაში საქართველო არა მხოლოდ გმირი წინაპრებით ინახება, არამედ ნადირ-ფრინველითაც, რომლების ჩვენი ქვეყნის სამკაულად გაუჩენია განგებას. კოლხური ხოხობი ერთადერთი ფრინველია, რომელიც მხოლოდ ქართულია და მსგავსი არავის ჰყავს. ამას უძველესი ლეგენდაც ირწმუნება, - ცბიერმა არგონავტებმა ოქროს საწმისთან ერთად ეს ულამაზესი ფრინველიც წაიყვანეს ევროპაში და გაამრავლესო. ახლა კი აღმოჩნდა, რომ შეიძლება ბუნების ეს საჩუქარიც დავკარგოთ... ალბათ ბევრს გაუკვირდება, რომ ამ თემაზე სასაუბროდ ფრინველებზე მონადირესთან მივედი.
თეიმურაზ ლომინაძე: - მონადირეები ყველაზე კარგად ვხედავთ, როგორ იკლებს ნადირ-ფრინველი... ჩვენი უტვინობით თითქოს საგანგებოდ მივერეკებით ჩვენი მიწიდან. ამას წინათ ყური მოვკარი, ბორჯომის ხეობაში სულ 10-12 ირემი იქნება დარჩენილიო. კანონით კი თურმე ამათი დახოცვაც შეიძლება, მთავარია, დიდი ფული გადაიხადო. ალბათ უცხოელ ტურისტებს დაახოცვინებენ. დღეს სამონადირეო მეურნეობები ტურისტი მონადირეების მოზიდვას დიდი მონდომებით ცდილობენ. ისინიც, მოვლენ, დახოცავენ და წავლენ... ან ვინ იტყვის უარს კოლხური ხოხბის მოკვლაზე, ასეთი ლამაზი ჯიშის ხოხობს ხომ მთელ მსოფლიოში ვერ იპოვის. ხასიათიც კი თითქოს აქაურად ამაყი და მკაცრი აქვს. თუ ვინიცობაა, ვინმე მის ბუდეს შეეხო, იქ აღარ დაბრუნდება.
ვის ახსოვს, რომ ჩვენი ფრინველები და მათ შორის, ხოხობიც წითელი წიგნშია შეტანილი?!
დაუჩემებიათ, რა მოხდა, ტურისტმა თუ ნადირობაში ფული გადაიხადა, ყველგან ასეაო. მართლაც ასეა. ევროპაში მილიონობით ხოხობს ხოცავენ ტურისტები, აფრიკაში კი იმდენ ბეჰემოთსა და სპილოს, რომ მთელი აფრიკის ცხოველები გაწყვეტილი უნდა იყოს, მაგრამ ისეთ პირობებს ქმნიან, ნადირ-ფრინველი ისევ მრავლდება. ევროპაში მილიონობით ხოხობი იჩეკება ინკუბატორებში და მერე უშვებენ ბუნებაში. რა დაეტყობა იმათ ბუნებას, სეზონზე მართლაც მილიონი ხოხობი რომ დახოცონ! ჩვენს სამონადირეო მეურნეობებს კი ადგილობრივი ნადირ-ფრინველის გამრავლება აზრად არ მოსდით. ან რატომ გაამრავლებენ, მაგალითად, კოლხურ ხოხობს, როცა ამაზე გაცილებით იოლი ევროპული პარკის ხოხბის ჩამოყვანა და გაშვებაა. გაუშვეს კიდეც, საკუთარი თვალით ვნახე ჩვენთან დახოცილი ევროპული პარკის ხოხობი, რომლის ცნობას არაფერი უნდა, - ისინი ჩვენს ხოხობზე მცირე ზომისანი არიან, კისერზეც თეთრი ზოლი აქვთ მოვლებული... არ ვიცი, ვერ ხვდებიან, ამით რას სჩადიან, თუ არ აინტერესებთ. სადაც ეს ხოხობი ჰყავთ, იქვე კოლხური ხოხობიც ხომ არის. შეეჯვარება ევროპულს და მორჩა! ფრინველს დააბამ, დაუშლი, - არ გამრავლდეო, თუ რას იზამ? სულ ორი სეზონია საკმარისი, რომ ჩვენი ხოხობი გადააჯიშოს და ამ სილამაზესაც სამუდამოდ გამოვეთხოვებით.
ნუ მაშინებთ.
- ნეტავი ვინმეს მართლაც შეეშინდებოდეს და ამაზე დაფიქრდებოდეს. არის ხალხი, რომელიც ფულისთვის არაფერს ერიდება... ფილოსოფოსი არა ვარ, მონადირე ვარ, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ბუნებაში ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული, სიცოცხლე ერთი ჯაჭვია და ყველა სულდგმული ერთმანეთის იმედით არსებობს - სალი კლდეების შურთხიც კი უკან დასდევს ჯიხვებს, საფრთხეს რომ შეამჩნევს, უსტვენს და აფრთხილებს, - თავს უშველეთო. ვინც ამ ჯაჭვს წყვეტს და ვერ ხვდება, რას აკეთებს, უგუნურია და დანარჩენებმა უნდა შევაჩეროთ!
ჩვენ დავუკავშირდით ენერგეტიკისა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს პრესსამსახურს, სადაც განაცხადეს, რომ ამ ევროპული პარკის ხოხობის საქართველოში შემოყვანის ფაქტზე არაფერი იციან, მაგრამ თუკი ასეთი რამ ხდება, აუცილებლად უნდა იყოს გაწერილი სამონადირეო მეურნეობების მართვის წესებში.
ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე სამონადირეო მეურნეობა არსებობს და თითოეული მათგანის მართვის წესების შესწავლა შესაბამისი სამსახურების საქმეა. თუმცაღა მეცნიერ-ორნიტოლოგებში მოძიებული ინფორმაციით, ევროპული ხოხობი (და ასევე სხვა ენდემური ჯიშებისთვის საშიში სახეობებიც) ჩვენში ნამდვილად შემოყვანილია და მათი გამრავლებაც მიმდინარეობს. ინტერნეტსაიტებზე შემაშფოთებელ წერილებს წაიკითხავთ, იმის შესახებ, რომ სამონადირეო მეურნეობები ევროპულ ხოხობს ამრავლებენ, რადგან ეს უფრო იოლი საქმეა, ვიდრე კოლხური ხოხობის გამრავლება და იქვე დასძენენ, რომ მალე ჩვენი ხოხბისგან მხოლოდ ლეგენდა დარჩება(!).
მამალი ხოხობი წონით 1.600 გრამს აღწევს, დედალი კი 800 გრამია. კოლხურ ხოხობს ძლიერი ფეხები, არაჩვეულებრივად ლამაზი ფერის მოკლე ფრთები და გრძელი ბოლო აქვს. მამალს დეზებიც ამშვენებს. იყო დრო, როდესაც ეს ფრინველი მთელ საქართველოში ყოფილა გავრცელებული - კოლხეთის დაბლობზე, მტკვრის, ივრისა და ალაზნის ჭალებში. კოლხური ხოხობი დებს 8-12, ზოგჯერ 18 კვერცხს. იკვებება მცენარეულობით, უფრო სარეველათა თესლით და მწერებით.
ხოხობი რომ ქართული, აბორიგენი ჯიშია, ისიც ადასტურებს, რომ მას ყველა ევროპულ ენაში ფაზანის - ფაზისი, კოლხი ჰქვია.
თურქებმა ქალაქ სამსუნში ჩვენი ხოხბის ძეგლი წამომართეს და გამოაცხადეს, - ხოხობი თურქეთის შავი ზღვის სანაპიროს ქალაქ სამსუნის შემოგარენის მკვიდრიაო. ამ მშვენიერი ფრინველის სამეცნიერო სახელწოდებაა Phasianus colchicus. Phasianus-ი მდინარე ყიზილირმაკის ძველი სახელწოდებაა, ხოლო ცოლცჰიცუს მომდინარეობს დღეს პირისაგან მიწისა აღგვილი შავიზღვისპირული სახელმწიფოს Colhia-სგან.