მზად ვართ!

მზად ვართ!

მართალია, საქართველოს მოქალაქეებმა ჯერ კიდევ გასულ წელს შეიტყვეს, რომ ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმს არ ააცდენდნენ, თუმცა ამან მაინც ვერ გაანელა ის სიხარული, რაც გასულ კვირას ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის რეალურად ამოქმედებამ მოგვგვარა.

ბუნებრივია, ახალი ამბავი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქ-ნმა კალანდაძემ გვამცნო და განგვიმარტა. ეს უკანასკნელი გადაწყვეტილებას კიდეც მიესალმა და იმედიც დაიტოვა, რომ „გამარტივებული სავიზო რეჟიმი მოქალაქეებზე დადებითად აისახება.“ რაც მთავარია, ქ-ნმა კალანდაძემ შეგვაგულიანა: „მზად ვართ მოქალაქეების შენიშვნებისა და შეკითხვების მისაღებად“ (შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრიც მზად არის „საგადასახადო კოდექსში“ მოქალაქეებისგან შენიშვნებისა და შეკითხვების მისაღებად).

რაც შეეხება გამარტივებულ სავიზო რეჟიმს (რომელიც ისეთი ზარ-ზეიმით დააქუხა ჩვენმა საერთო მაუწყებელმა ელმედიამ, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ევროპაში გასამგზავრებლად მხოლოდ ჩემოდნის ჩალაგებაღა დაგვრჩენია): ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ შეთანხმებით მცირდება იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისთვის 90-დღიანი ვიზის მისაღებადაა აუცილებელი. ვიზები განაცხადის შეტანიდან 10 დღის ვადაში გაიცემა, საფასური კი, 60 ევროს ნაცვლად, 35 ევროთი განისაზღვრება.

თუმცა ისიცაა, რომ სტუდენტებს, ჟურნალისტებს, 12 წლამდე ასაკის ბავშვებს, უმწეო ადამიანებს, პენსიონერებს (ეს ორი კატეგორია განსაკუთრებით ხშირად მგზავრობს ხოლმე ევროპაში), სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ლეგალურად მცხოვრები მოქალაქეების უახლოეს ნათესავებს ის 35 ევროც დაეზოგებათ. შესაბამისად, იმედი დავიტოვოთ, რომ ევროკავშირთან დაახლოება, ყოველ შემთხვევაში, განჭვრეტად მომავალში მაინც, 35 ევროს დაზოგვის დონეს გასცდება.